საქართველოს ევროვიზიაზე ასპარეზობა რომ წარმატებებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, ეს ალბათ ისედაც ცნობილი ამბავია. თუმცა, სურათი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, გეტყვით, რომ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსში აქამდე 18-ჯერ მივიღეთ მონაწილეობა, თუმცა, ნახევარფინალიდან გასვლა 8-ჯერ მოვახერხეთ, ბოლო ათი წლის განმავლობაში კი ფინალში მხოლოდ ორჯერ ვიმღერეთ. ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შედეგად ისევ მე-9 ადგილი რჩება, რომელიც შორეულ 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ, 2011 წელს კი ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.

ახლა, როცა მორიგ ფიასკოს მოყოლილ საყოველთაო განხილვაში ვერთვები, არცთუ კომფორტულად ვგრძნობ თავს, რადგან ეს დისკუსიები თავადაც ყოველთვის მაღიზიანებდა და უსარგებლოდ მიმაჩნდა, მით უფრო, რომ მათ ყოველთვის ერთი და მტკიცე დასკვნა მოსდევდა ხოლმე: ჩვენ ღირსეულად წარვდექით, ევროვიზია კი არასერიოზული ან პოლიტიზებული კონკურსია. თუმცა, რადგან ბზიკების ევროვიზიაზე დაბრუნებას მეც დიდი იმედებით შევხვდი, საჭიროდ მიმაჩნია, ჩვენი წლევანდელი წარუმატებლობის შესაძლო მიზეზებზე ვისაუბრო.

ურემი რომ გადაბრუნდებაო..., შეიძლება ვინმემ თქვას, მაგრამ ორი მიზეზი მაქვს: თვითრეფლექსია აუცილებელია, თუ გვინდა სამომავლოდ შეცდომები არ გავიმეოროთ; ამასთან, კონკურსამდე ნეგატიური შეფასებები არაფერს ცვლის, მხოლოდ შემსრულებელზე მოქმედებს უარყოფითად, წელს კი მთავარ შეცდომებზე მეტისმეტად გვიან შევიტყვეთ. და, რაც მთავარია, ეს შეცდომები ადრეც დაგვიშვია, ასე რომ, მათი თავიდან აცილება შეიძლებოდა...

თავიდან დავიწყოთ: სწორი სიმღერა გვქონდა?

ცხადია, ეს ყველაფერს არ წყვეტს, მაგრამ ევროვიზია საბოლოო ჯამში მაინც სიმღერის კონკურსია, ასე რომ, კარგი სიმღერის გამო ტელემაყურებელი ხშირად თვალს ხუჭავს ხოლმე შეუსაბამო დადგმაზე და ზოგჯერ — ცუდ შესრულებაზეც (გავიხსენოთ თუნდაც მეოთხეადგილოსანი ბელგია 2017 წელს). წლების განმავლობაში კი საქართველოს პრობლემა სწორედ ის იყო, რომ საკონკურსო სიმღერას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ვანიჭებდით (მაგალითად, 2019 წელს, როცა წარმომადგენელს და სიმღერას საქართველოს ვარსკვლავის საშუალებით ვირჩევდით, კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, სიმღერები კი მხოლოდ კვირის ბოლოს, ფინალურ შოუზე მოვისმინეთ).

ვერ ვიტყვი, რომ წელსაც ასე უგულოდ მივუდექით საქმეს. საქართველოსთვის წლევანდელი საკონკურსო სიმღერა On Replay გიგა კუხიანიძემ დაწერა. კუხიანიძის დაწერილია ოთხივე სიმღერა, რომლებითაც საქართველომ სხვადასხვა წელს საბავშვო ევროვიზიაზე გაიმარჯვა, მათ შორის, ბზიკების 2008 წლის ჰიტი ბზზ. ამდენად, ქართველი გულშემატკივრების ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა, კუხიანიძისთვის "დიდების" ევროვიზიაც მიენდოთ. მით უფრო, რომ სწორედ მან დაწერა სიმღერა We Don't Sleep, რომლითაც ბზიკები შარშან დეკემბერში საბავშვო ევროვიზიის სცენაზე დაბრუნდნენ. We Don't Sleep მართლა ჰიტად იქცა — გატრენდდა ტიკტოკზე და დიდი გამოხმაურება მოჰყვა სხვა სოციალურ ქსელებშიც, სადაც ევროვიზიის გულშემატკივრები აქტიურად გამოთქვამდნენ სურვილს, ევროვიზია ჯუნიორის პირველი ქართველი გამარჯვებულები წლევანდელ ევროფესტივალზე ეხილათ. ფანების სურვილი შესრულდა — ინტერნეტში "ჰაიპის" პასუხად, ბზიკები საქართველოს წარმომადგენლები გახდნენ და 18 წლის შემდეგ მათი ევროვიზიის სცენაზე დაბრუნება დაანონსდა.

იმ ორი თვის განმავლობაში, სანამ ბზიკების საკონკურსო სიმღერას ველოდებოდით, ბევრი ფიქრობდა, რომ ის We Don't Sleep აღმოჩნდებოდა. მით უმეტეს, რომ კომპოზიცია საევროვიზიო სიმღერის მთავარ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა: გამოსული იყო 1-ელი სექტემბრის შემდეგ და ქრონომეტრაჟით 3 წუთს არ აღემატებოდა. ამასთან, "დატესტილი" იყო აუდიტორიაზეც: კონკურსის ფანებმა მისი ძალიან ამყოლი მელოდია და დასამახსოვრებელი ქორეოგრაფია ერთბაშად აიტაცეს, უკვე ტრენდული სიმღერა კი წლევანდელ ევროვიზიაზე ერთგვარ "ფორას" მოგვცემდა.

თუმცა, ეს მოლოდინი არ გამართლდა და ბზიკებისთვის ახალი სიმღერა დაიწერა, რომელიც, ჩემი აზრით, ბევრად ჩამოუვარდებოდაWe Don't Sleep-ს. სიმღერა რომ მთლად ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულებისგან მოელოდნენ, ეს ბუქმეიკერების რეიტინგზე აისახა, სადაც On Replay-ის პრემიერიდან მალევე მე-18 პოზიციიდან 25-ეზე ჩამოვქვეითდით. მაგრამ პოზიციების დაკარგვა კიდევ წინ გველოდა...

"არაფერი არ იყო შეხამებული"

სიმღერის კონკურსი კია, მაგრამ უკვე ბევრი წელია, ევროვიზიაზე წარმატების მისაღწევად "მთლიანი პროდუქტია" საჭირო: სიმღერა, ცოცხალი შესრულება, სასცენო დადგმა, კოსტიუმებიც კი. ეს ხომ სატელევიზიო შოუა, სადაც ვიზუალურ ნაწილსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. და რადგან სიმღერაზე უკვე ვისაუბრეთ, გეტყვით, რომ ზემოხსენებული სამი სხვა კომპონენტიდან საქართველომ წელს ვერცერთი ვერ გაამწვანა. ეს ცხადი გახდა მაშინვე, როგორც კი რეპეტიციის ვიდეო გავრცელდა: იმავე დღეს, 6 მაისს, ბუქმეიკერებმა, რომლებიც მანამდე ფინალისტობას გვიწინასწარმეტყველებდნენ, საქართველო მე-10 პოზიციიდან მე-13-ზე ჩამოსწიეს. აპრილის შემდეგ კი, პროგნოზში საქართველოს ფინალში გადასვლის შანსები განახევრდა.

უარყოფით შეფასებებს მრავლად შეხვდებოდით სოციალურ ქსელებში და ფორუმებზეც. ევროვიზიის ფანების უმრავლესობა ვერც დადგმამ მოხიბლა და ვერც ყვითელსა და შავში გადაწყვეტილმა კოსტიუმებმა, რომლებიც 2008 წლის გამარჯვებაზე მინიშნებად იყო ჩაფიქრებული. კრიტიკა დაიმსახურეს ეკრანზე გაცოცხლებულმა კიბორგებმაც: ფანების ნაწილმა ჩათვალა, რომ ვიზუალი ხელოვნური ინტელექტით იყო გენერირებული, რის შემდეგაც ჯგუფს განმარტების გაკეთება მოუწია, რომ ანიმაცია ადამიანების მიერ იყო შექმნილი. თუმცა, ამ ახსნას საერთო სურათი არ შეუცვლია.

"სიმღერა დადგმას არ შეეფერებოდა, დადგმა კოსტიუმებს არ შეეფერებოდა, არაფერი არ იყო შეხამებული", — ასეთი გახლდათ ევროვიზიის მიმომხილველი ყველაზე დიდი გამოცემის, Wiwibloggs-ის, ერთ-ერთი კომენტატორის შეფასება, როცა ბზიკები ფინალს მიღმა დარჩნენ.

დადგმა ბევრ რამეს ცვლის — უკეთესობისკენ ან უარესობისკენ

ფოტო: EBU

Wiwibloggs-მა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რაც კიდევ ბევრს მოხვდა თვალში: სცენა, ფაქტობრივად, ცარიელი იყო, ქორეოგრაფია კი — არასაკმარისი. არადა, თუკი წელს რამით მოვხიბლეთ ევროვიზიის გულშემატკივარი, უმთავრესად — ვიდეოკლიპით, სადაც დადგმა ბევრად ეფექტური გახლდათ. ეს იმანაც განაპირობა, რომ კლიპში მოცეკვავეები ჩანდნენ, სცენაზე კი მხოლოდ სამი შემსრულებელი იდგა, რომელსაც სივრცის შევსება უჭირდა.

ახლა თუ დეჟა ვუ გაქვთ, გაგახსენებთ, რომ ზუსტად ეს იყო მთავარი პრობლემა 2023 წელსაც, როცა საქართველოს ირუ წარადგენდა (ასევე საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული, რომელიც კონკურსის ფანებს უკვე უყვარდათ). ირუს სიმღერაც (ასევე გიგა კუხიანიძის დაწერილი) დინამიკური და ენერგიით სავსე იყო, რაც ერთბაშად გაანელა დადგმამ — კონკურსანტი მარტო იყო სცენაზე. ამბავი მაშინაც მსგავსად განვითარდა: რეპეტიციის ვიდეოების გავრცელების შემდეგ, საქართველომ მალევე დაკარგა პოზიციები რეიტინგში. საბოლოოდ, ჩვენს გამოსვლას მაშინ ირუს უნაკლო ვოკალურმა ნამუშევარმაც ვერ უშველა და ფინალს მიღმა დავრჩით.

ამჯერად კი, სამწუხაროდ, ცოცხალი შესრულების ნაწილშიც მოვიკოჭლებდით. თუ 2023-ის ნახევარფინალებში ჟიური არ იყო, რომ ირუს ვოკალი დაეფასებინა, წელს ცუდმა სცენოგრაფიამ მაყურებლის ხმებზე იმოქმედა, არცთუ გამართულმა ვოკალურმა ნამუშევარმა კი — ჟიურის შეფასებაზე.

ორივე მათგანს, დადგმასაც და ვოკალსაც, შეუძლია პერფორმანსი გააუმჯობესოს და საშუალოზე ცუდი სიმღერა მაყურებელს ან ჟიურის იმდენად მაინც მოაწონოს, რომ ფინალში აღმოჩნდეს. ამის მაგალითები ვიხილეთ ბზიკების ნახევარფინალშიც: დეტალური შედეგები ჯერ არ ვიცით, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბელგია ეფექტური სცენოგრაფიით და ტელემაყურებლის ხმების წყალობით გადავიდა ფინალში, პოლონეთი კი, რომელსაც წლის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი წარადგენს, ჟიურის განსაკუთრებულ სიმპათიას დაიმსახურებდა.

რა გვჭირდება სამომავლოდ?

ფოტო: Getty Images

პირველ რიგში, ჩემი აზრით, ახალი ხედვა. უკვე ძალიან ბევრი წელია, ევროვიზიის პროექტზე საქართველოში ერთი გუნდი მუშაობს, რომელსაც, თუკი ერთიმეორის მიყოლებით გამოცდილ წარუმატებლობებს გავითვალისწინებთ, კონსულტანტის დახმარება მაინც ესაჭიროება.

თუმცა, ნინა სუბლატმა, რომელმაც საქართველო 2015 წელს წარადგინა ევროვიზიაზე და მე-11 ადგილი დაიკავა, რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ პოდკასტში გაიხსენა, რომ მან და სოფო ტოროშელიძემ (Eldrine-ის მთავარი ვოკალისტი) უარი მიიღეს შეთავაზებაზე, საკუთარი წვლილი შეეტანათ ევროვიზიაზე წარსადგენი ქართული პროდუქტის პროდიუსინგში.

ასე რომ, წლევანდელი, ზოგისთვის მოულოდნელი და ზოგისთვის მოსალოდნელი მარცხის შემდეგ, იმედს ვიტოვებ, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ევროვიზიისთვის ქართველი მონაწილისა და სიმღერის შერჩევაზეა პასუხისმგებელი, მეტ, განსხვავებული შემოქმედებითი ხედვის მქონე ადამიანს მისცემს შესაძლებლობას.

თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...