ფსილოციბინის ერთჯერად მიღებასაც კი ადამიანის ტვინის შეცვლა შეუძლია — კვლევა
ფოტო: Shutterstock
ახალი ნაშრომის თანახმად, ფსილოციბინის ერთი დოზის მიღებამაც კი შეიძლება ტვინში ხანგრძლივი ფიზიკური ცვლილებები გამოიწვიოს, რომლებიც შეიძლება ერთ თვემდეც კი გაგრძელდეს. ცნობისთვის, ფსილოციბინი ფსიქოდელიურ სოკოებში შემავალი ნაერთია.
კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეები მონაწილეობდნენ, რომლებსაც ფსიქოდელიური ნივთიერებები აქამდე მიღებული არ ჰქონდათ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფსილოციბინის მიღების შემდეგ ტვინის "ენტროპია" დროებით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ნერვული აქტივობა უფრო მრავალფეროვანი გახდა, რაც სხვადასხვა საკითხის შესახებ უფრო მრავალმხრივი პერსპექტივის მიღებითაც გამოიხატება. ეს იმაზე შეიძლება მიანიშნებდეს, რომ ნივთიერების გახანგრძლივებულ ეფექტებში შეიძლება თავად ფსიქოდელიური გამოცდილების შინაარსი თამაშობდეს გადამწყვეტ როლს.
ფსილოციბინის მაღალი დოზის მიღებიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ტვინის ენტროპია გაზრდილი იყო. მათ, ვისაც ენტროპია მოემატათ, დღის განმავლობაში ემოციების ჩაწვდომის უნარიც გაეზარდათ. გარდა ამისა, მათ მენტალური ჯანმრთელობა 1 თვის შემდეგაც კი გაუმჯობესებული ჰქონდათ.
მკვლევრებმა ტვინის მონიტორინგის მიზნით რამდენიმე მეთოდი გამოიყენეს, როგორც ფსიქოდელიურ გამოცდილებამდე, ასევე მის დროს და 1 თვის შემდეგაც. უნდა აღვნიშნოთ, რომ 28 ცდისპირიდან არცერთს არ ჰქონია რომელიმე მენტალური დარღვევის დიაგნოზი.
პირველ ეტაპზე ცდისპირებმა ფსილოციბინის 1-მილიგრამიანი დოზა მიიღეს. ნაშრომის ავტორებმა ამას პლაცებო უწოდეს. ამის შემდეგ მეცნიერებმა მონაწილეების ტვინის აქტივობა ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG) ჩაიწერეს, რაც სკალპზე ელექტროდების დამაგრებას და ელექტრული სიგნალების ამ გზით ჩაწერას გულისხმობს.
მომდევნო კვირების განმავლობაში მკვლევრებმა ცდისპირების "ჩაწვდომის უნარი", გუნება-განწყობა და კოგნიტიური უნარები შეაფასეს.
პლაცებოს დოზის მიღებიდან ერთ თვეში მონაწილეებმა ფსილოციბინის 25-მილიგრამიანი დოზა მიიღეს. მკვლევრებმა ტვინის აქტივობას თვალყური EEG-ით მიადევნეს როგორც სესიის დროს, ასევე მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში.
ამან მეცნიერებს საშუალება მისცა, ფსიქოდელიური გამოცდილების ეფექტი პლაცებოს დოზისთვის პირდაპირ შეედარებინათ. 25-მილიგრამიანი დოზის მიღებიდან 60 წუთში EEG-მა ტვინის მაღალი ენტროპია აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ ფსილოციბინის ზემოქმედების ქვეშ ტვინი უფრო მეტ და მრავალფეროვან ინფორმაციას ამუშავებდა.
ერთი თვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ცდისპირების ტვინში ნერვული გზები უფრო მკვრივი და უკეთ ორგანიზებული იყო.
გარდა ამისა, 25-მილიგრამიანი დოზის მიღების დღეს 28 ცდისპირიდან 27-მა აღნიშნა, რომ ეს გამოცდილება ცნობიერების ყველაზე უჩვეულო მდგომარეობა იყო, რაც კი ოდესმე გამოეცადათ. ერთმა ცდისპირმა კი განმარტა, რომ ეს ყველაზე უჩვეულო არა, თუმცა 5 ყველაზე გამორჩეულიდან ერთ-ერთი ნამდვილად იყო.
გარდა ამისა, მათი თქმით, ცდისპირებს 25-მილიგრამიანი დოზის შემდეგ უფრო მკვეთრი ფსიქოლოგიური "ჩაწვდომის" მომენტები ჰქონდათ, ვიდრე პლაცებოს დოზის შემდეგ.
მონაწილეებმა გაუმჯობესებული გუნება-განწყობა 2 და 4 კვირის შემდეგაც დააფიქსირეს. მაგალითად, ზოგმა აღწერა, რომ მომავლის მიმართ უფრო ოპტიმისტურად განეწყო ან პრობლემებს უკეთ უმკლავდებოდ. ცდის ჩატარებიდან 1 თვის შემდეგ მონაწილეებმა კოგნიტიური უნარების შემოწმების ტესტებშიც უფრო მაღალი ქულა აიღეს.
ნაშრომის ავტორები გაუმჯობესებულ მენტალურ მდგომარეობას "ჩაწვდომის" მომენტითაც ხსნიან. მათ ასევე იმედი აქვთ, რომ ფსილოციბინზე დაფუძნებულ მკურნალობას გააუმჯობესებენ, რათა პაციენტებს სხვადასხვა მენტალური პრობლემა შეუმსუბუქდეთ. ამისთვის სწორი დოზის პოვნაა საჭირო, რაც ამ ეტაპზე ზუსტად არაა ცნობილი.
ნაშრომი გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.
შეგახსენებთ, რომ ფსილოციბინის დამოუკიდებლად (ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის გარეშე) მიღება სახიფათოა. ამან შეიძლება ხანგრძლივი ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. გარდა ამისა, საქართველოში ამ ნივთიერების მოხმარება, შენახვა, შეძენა და კულტივაცია ისჯება კანონით.
კომენტარები