ალკოჰოლი, როგორც ჩანს, ჩვენს ცხოვრებასთან ღრმად არის გადაჯაჭვული. ლუდი ან ღვინის ჭიქა მეგობრებთან ერთად. კოქტეილი დღის ბოლოს. სადღეგრძელოები წვეულებაზე.

ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა ინფექციური დაავადებების მიმართ ჩვენს იმუნიტეტს ასუსტებს და კიბოსა და სხვა ქრონიკული დაავადებების რისკს ზრდის, მაგრამ მეცნიერება ზუსტად ამას ამბობს.

"ალკოჰოლი თავისი ბუნებით ტოქსიკურია. ჩვენ ალკოჰოლს ვიყენებთ დეზინფექციისთვის; ვიყენებთ ორგანიზმების მოსასპობად. ამიტომ კითხვა ასეთია: არის თუ არა მისი რაიმე რაოდენობით მიღება უსაფრთხო?" — იკითხა დოქტორმა ენდრიუ ფრიმენმა, დენვერის National Jewish Health-ის გულ-სისხლძარღვთა პრევენციისა და კეთილდღეობის დირექტორმა.

კვლევების მზარდი რაოდენობა ამ კითხვას პასუხობს: "არა".

სინამდვილეში, უახლესი მონაცემები ადასტურებს, რომ ალკოჰოლის მოხმარება პირდაპირ პასუხისმგებელია 62 სხვადასხვა დარღვევაზე, მათ შორის ალკოჰოლთან დაკავშირებულ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე, ფსიქოტიკურ აშლილობაზე, გასტრიტზე, წყლულებზე, პანკრეატიტსა და ღვიძლის ცხიმოვან დაავადებაზე, ასევე უფრო ცნობილ მდგომარეობებზე, როგორიცაა ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი და ღვიძლის ციროზი.

"ეს მდგომარეობები 100%-ით ალკოჰოლის გამო ჩნდება, რაც ნიშნავს, რომ ალკოჰოლის მოხმარების გარეშე ეს დაავადებები საერთოდ არ იარსებებდა სამყაროში", — განაცხადა იურგენ რემმა, ტორონტოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა. რემი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და მეცნიერებთან ერთად აშშ-ში, ევროპასა და გაერთიანებულ სამეფოში ალკოჰოლის შესახებ კვლევას 2003 წლიდან ატარებს.

"კიდევ 30 დაავადებაა, რომელშიც ალკოჰოლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, მათ შორის მკერდის და სხვა სახის კიბო, გულის დაავადება, ინსულტი, დიაბეტი, დემენცია", — დასძინა რემმა — "ეს დაავადებები ალკოჰოლის გარეშეც იარსებებდა, მაგრამ ალკოჰოლის მოხმარება პასუხისმგებელია მათ გარკვეულ ნაწილზე",

ორგანიზმის ინფექციებთან ბრძოლის შესაძლებლობაც ზიანდება. ერთი სასმელიც კი, მოხმარებიდან 20 წუთში, იმუნურ სისტემას ანგრევს და ამცირებს მის შესაძლებლობას, "შემოჭრილებს" გაუმკლავდეს. ქრონიკული ალკოჰოლიზმი შესაძლოა მუდმივად ზემოქმედებდეს კრიტიკულ იმუნურ უჯრედებზე.

ჯანმრთელობისთვის ყველაზე დიდი ზიანი ალკოჰოლის ყოველდღიური ჭარბი მომხმარებლებისთვისაა, ამბობს რემი, მაგრამ აქ ერთი რამ უნდა ვთქვათ: კვლევები ხშირად განსაზღვრავს ჭარბ სმას, როგორც დღეში 40 გრამზე მეტ სუფთა ალკოჰოლს ქალებისთვის და 60 გრამს მამაკაცებისთვის.

ბევრი სასმელი შეიცავს ბევრად მეტ ალკოჰოლს, ვიდრე მომხმარებლებს ჰგონიათ, რაც ჯანმრთელობის რისკებს ზრდის.

ფოტო: Jag_cz/iStockphoto/Getty Images

უბრალოდ წარმოიდგინე, როგორ ასხამს ბარმენი 30 მლ-ს (ან მეტ) სპირტს შენს საყვარელ კოქტეილში — და ამით შეიძლება იმ დღეს "ჭარბი მსმელი" გახდე. საქმე მხოლოდ ძლიერი სასმელებით არ შემოიფარგლება: წითელ და თეთრ ღვინოში, ლუდში, სიდრში, პორტ ვაინში, ვერმუტსა და საკეში — ყველაში ალკოჰოლია.

მაგრამ როგორ მოქმედებს ეს სასმელები შენი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე?

"ჩვენმა გუნდმა ინსტიტუტში შეიმუშავა უფასო აპლიკაცია, რომელიც გიჩვენებს, თითოეული სასმელით სიცოცხლიდან რამდენ წუთსა და დღეს კარგავ", — თქვა რემმა — "ის ასევე გიჩვენებს, რამდენ წუთსა და დღეს მოიგებ, თუ სმას შეწყვეტ".

ალკოჰოლის მოხმარების გარეშე ეს დაავადებები საერთოდ არ იარსებებდა

ჯანმრთელობაზე ალკოჰოლის ზეგავლენის ყველა დამთრგუნველი ამბის მიუხედავად, იმედის სხივი მაინც არის. ალკოჰოლთან დაკავშირებული დაავადებების დიდი ნაწილი შეიძლება შენელდეს, შეჩერდეს და თუნდაც გამოსწორდეს, თუ დროულად იმოქმედებ. აი, რაც მეცნიერებამ დღემდე აღმოაჩინა:

ალკოჰოლი და ინფექციური დაავადებები

სასმელის გავლენის შესახებ ისეთი ინფექციების, როგორიცაა გაციება, გრიპი და Covid-19, წინააღმდეგ ბრძოლის შენს შესაძლებლობაზე თუ არ გსმენია, ეს გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლსა და პნევმონიას შორის კავშირი 1785 წლიდანაა ცნობილი, ფართომასშტაბიანი განხილვა იმუნიტეტზე ლიქიორის გავლენაზე 1990-იან წლებში დაიწყო.

ალკოჰოლი არღვევს ორგანიზმის თანდაყოლილი იმუნური სისტემის, ანუ იმ სისტემის, რომელთან ერთადაც იბადები, მუშაობას, ასევე ნებისმიერ შეძენილ იმუნიტეტს, რომელიც სხვა პათოგენებთან შეხებით განგივითარდა. ძალიან ცოტა ალკოჰოლია საკმარისი, რომ დაუყოვნებლივ დათრგუნო სისხლის ძირითადი თეთრი უჯრედების: მაკროფაგების, ნეიტროფილებისა და ბუნებრივი მკვლელი უჯრედების, შესაძლებლობა, ებრძოლონ ვირუსებს, ბაქტერიულ ინფექციებსა და კიბოს უჯრედებს.

ალკოჰოლის ერთი ეპიზოდმაც (ჩვეულებრივ, რამდენიმე საათში ოთხი ან მეტი სტანდარტული დოზა, დაახლოებით 14 გრამი სუფთა ალკოჰოლი თითოში, ანუ პატარა ლუდი ან ღვინის ჭიქა) შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის იმუნური რეაქცია 24 საათით. დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მოზარდებისა და სტუდენტების პრობლემად მიჩნეული ასეთი ეპიზოდები სულ უფრო მეტად ვრცელდება ზრდასრულებზეც.

საბედნიეროდ, ალკოჰოლის მყისიერი ზეგავლენა იმუნურ სისტემაზე დიდხანს არ გრძელდება. მოხმარების დონეებიდან გამომდინარე, ორგანიზმი რამდენიმე დღიდან ერთ კვირაში აღდგება, ამბობს რემი.

თუმცა ალკოჰოლის ქრონიკულმა მოხმარებამ შეიძლება დათრგუნოს ან გაანადგუროს ბუნებრივი მკვლელი უჯრედები და T-უჯრედები, იმუნური სისტემის ელიტარული საიერიშო ძალა, რაც იწვევს უფრო მაღალ დაუცველობას ისეთი ინფექციებისადმი, როგორიცაა პნევმონია, შიდსი და ტუბერკულოზი. მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი თავშეკავება შეიძლება დაგვეხმაროს, ექსპერტები ამბობენ, რომ ზოგიერთი გაუარესება შეიძლება მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორდეს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს და რამდენ ალკოჰოლს მოიხმარდა ადამიანი. სინამდვილეში, მძიმე ალკოჰოლიკებს შეიძლება გაუჩნდეთ იმუნოდეფიციტი.

ალკოჰოლი და კიბო

ალკოჰოლი აშშ-ში კიბოს გამომწვევი მესამე თავიდან აცილებადი მიზეზია, თამბაქოსა და ჭარბწონიანობის შემდეგ — ეს აშშ-ის ყოფილმა მთავარმა ქირურგმა დოქტორმა ვივეკ მურთიმ განაცხადა. მან 2025 წლის დასაწყისში სპეციალური გაფრთხილება გამოაქვეყნა, რომელშიც ალკოჰოლური სასმელების შეფუთვაზე განახლებული გამაფრთხილებელი წარწერების შემოღებას ითხოვდა.

"ალკოჰოლი კიბოს კარგად დამტკიცებული, თავიდან აცილებადი მიზეზია — ის პასუხისმგებელია აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით კიბოს 100 000 შემთხვევასა და კიბოთი გამოწვეულ 20 000 სიკვდილზე. შედარებისთვის: ალკოჰოლთან დაკავშირებული საგზაო ავარიებს წელიწადში 13 500 ადამიანის სიცოცხლე ეწირება, კიბოთი სიკვდილი კი ამაზე გაცილებით მეტია. მიუხედავად ამისა, ამერიკელების უმეტესობა ამ რისკის შესახებ ინფორმირებული არ არის", — განაცხადა მურთიმ.

კიბოს განვითარებას დნმ-ის დაზიანებისა და ქრონიკული ანთების გაძლიერების გზით, ხელს ყველა სახის ალკოჰოლი უწყობს — ამბობს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. ქალებისთვის ყველაზე დიდი რისკი ალკოჰოლთან დაკავშირებული მკერდის კიბოა. კოლორექტალური კიბო ალკოჰოლთან ყველაზე ხშირად ასოცირებული სიმსივნეა კაცებში.

ყოველდღიური ცხოვრებიდან ალკოჰოლის ამოღება შეაჩერებს ჯანმრთელობის ზიანს, ამბობენ ექსპერტები, სანამ სამუდამო ზიანი არ დამდგარა.

ფოტო: Kondor83/iStockphoto/Getty Images

"თავშეკავება შეაჩერებს ნებისმიერი კიბოს პროგრესს, რომელიც ალკოჰოლის მიერ არის გამოწვეული, მაგრამ ეს გარანტია არ არის", — განაცხადა სინკლეარ კარმა, ჰარვარდის T.H. Chan-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის დოქტორანტმა ბოსტონში, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტთან.

"კიბო წლების განმავლობაში ვითარდება. ამიტომ შეიძლება უკვე გქონდეს კიბო, რომელსაც ალკოჰოლის მიზეზით ჩაეყარა საფუძველი, და ის შეიძლება სმის შეწყვეტის შემდეგაც გამოვლინდეს", — თქვა კარმა — "თუმცა, თუ ჯერ კიბო არ გაქვს და სმას შეწყვეტ, მომავალში ალკოჰოლის გამო კიბოს განვითარებას სრულად გამორიცხავ".

გაინტერესებს, სმის შეწყვეტის შემდეგ რამდენი ხანი უნდა გავიდეს, რომ დარწმუნდე, წარსულში შენი სმა კიბოს განვითარებაში აღარ აისახება?

"დაახლოებით 30 წელი, იგივე, რაც თამბაქოსთვის", — თქვა რემმა — "თუ შედარებით ჭარბად სვამ, ასე წარმოიდგინე: ერთი სასმელი — ერთი ღერი სიგარეტი. შოკისმომგვრელია, არა?"

რა თქმა უნდა, კიბოს მიზეზები მრავალმხრივია. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლის კუთხით კიბო ისეთი დაავადებაა, სადაც "სმის შეწყვეტამ, შეიძლება, კარგი შედეგი გამოიღოს, რადგან ზიანის დიდი ნაწილი გამოსწორებადია", — განაცხადა რემმა — "პრობლემა ის არის, რომ ადამიანების უმეტესობა სმის შეწყვეტაზე მხოლოდ მაშინ იწყებს ფიქრს, როცა უკვე თითქმის დაგვიანებულია".

ალკოჰოლი და ტვინის დაზიანება

ადრე ამბობდნენ, რომ ალკოჰოლი ტვინის უჯრედებს კლავს, მაგრამ თანამედროვე მეცნიერება ადგენს, რომ ის ნეირონებს შორის კავშირებს ანადგურებს, რაც იწვევს ტვინის შემცირებას — განსაკუთრებით მეხსიერებასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ადგილებში.

ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ კვირაში ერთ სასმელთან შედარებით, კვირაში სამი სასმელი დემენციის რისკს 15%-ით ზრდის. თუმცა ალკოჰოლის მიერ გამოწვეული ტვინის დაზიანება ნაწილობრივ გამოსწორებადია, ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მწვავე თუ ხანგრძლივია ტვინზე ზეგავლენა.

"ვიზუალური კვლევები ვარაუდობს, რომ ცერებრალური ატროფია, ტვინის ქსოვილის შემცირება, შეიძლება ნაწილობრივ გამოჯანმრთელდეს სმის შეწყვეტის შემდეგ კვირებიდან თვეებში, გაზომვადი ცვლილებები კი ხშირად პირველ რამდენიმე კვირაში იწყება", — განაცხადა კარმა — "სმისგან თავშეკავებით ასევე შეიძლება გაუმჯობესდეს კოგნიტიური ფუნქციები, როგორიცაა ყურადღება, გადაწყვეტილების მიღების უნარი და მეხსიერება".

თუმცა ქრონიკული ჭარბი სმა და ეპიზოდური ალკოჰოლიზმი, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ტვინის გრძელვადიან ცვლილებებს, რომლებიც დაკავშირებულია დემენციის გაზრდილ რისკთან. "არსებული მტკიცებულებები არ გვიჩვენებს, რომ სმის შეწყვეტა სრულად ათანაბრებს ადამიანის დემენციის რისკს იმ ადამიანთან, ვისაც ჭარბად არასოდეს დაულევია", — თქვა კარმა

ალკოჰოლი და გული

ჰო, მაგრამ გულისთვის ხომ კარგია ალკოჰოლი — მსოფლიოში კაცებისა და ქალების სიცოცხლის მთავარი მომსპობისთვის? მართლაც, ბევრმა კვლევამ დააფიქსირა J ფორმის დამოკიდებულება ალკოჰოლსა და გულის ჯანმრთელობას შორის, რასაც დღევანდელი მეცნიერება ჯერ კიდევ ვერ უარყოფს.

იმ კვლევების თანახმად, ალკოჰოლის დაბალი ან ზომიერი მოხმარება (J-ის მცირე, ბრტყელი ნაწილი) ოდნავ დადებით გავლენას ახდენს გულის ჯანმრთელობაზე. თუმცა რაც უფრო იზრდება დღიური დოზა, იზრდება რისკიც — J-ის სწორ ხაზამდე.

"რისკი მოხმარებასთან ერთად იზრდება, და გულზე სავარაუდო დამცავი ეფექტებიც ძირითადად ქრება იმ ადამიანებში, რომლებიც პერიოდულად ჭარბად სვამენ", — განაცხადა კარმა.

2023 წლის კვლევამ დაადგინა, რომ დღეში სულ ერთი სტანდარტული დოზაც კი ზრდის სისტოლურ წნევას, სისხლის წნევის ზედა მაჩვენებელს. მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის ალკოჰოლი თითქმის ორჯერ ზრდის ღვიძლის სერიოზული დაზიანების რისკს, ხოლო სამჯერ, მუცლის სიმსუქნის ან დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, — ეს დაადასტურა 2025 წლის თებერვლის კვლევამ.

"ვფიქრობ, ახლა საკმარისი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ სმა სასარგებლოზე მეტად საზიანოა", — თქვა ფრიმენმა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის კარდიოლოგმა — "პროფესიული საზოგადოებების უმეტესობა გვირჩევს: არ დაიწყოთ სმა. თუ სვამთ, სვით რაც შეიძლება ნაკლები, ან სრულად შეწყვიტეთ".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.