სტატია გამოქვეყნდა The Atlantic-ში:

1876 წელს, პრინსტონის ახლადდაარსებული კამპუსის გაზეთის, The Princetonian, სარედაქციო წერილში, ავტორი გამოცდებზე ზედამხედველების გამოყენების წინააღმდეგ გამოდიოდა. ზედამხედველობა "მორალური აღზრდის ცუდი საშუალებაა", — წერდა ავტორი. მოეპყარი სტუდენტებს, როგორც წინასწარ დამნაშავეებს, და ზოგიერთი მათგანი ნამდვილად გახდება ასეთი; მოეპყარი მათ, როგორც პატიოსან ადამიანებს, და ისინი ისწავლიან პატიოსნად მოქცევას. ამიტომ, სარედაქციო კოლეგია გვთავაზობს სხვა მიდგომას: "ყველა სტუდენტმა ბოლოში დაწეროს პირობა, რომ არც გაუწევია და არც მიუღია დახმარება, ხოლო პროფესორებმა და მასწავლებლებმა სხვა, უფრო ღირსეულ საქმეს მისდიონ, ვიდრე თაღლითობაზე ნადირობაა".

ეს წინადადება საბოლოოდ განახორციელდა პრინსტონის ცნობილ საპატიო კოდექსში, რომელიც 1893 წელს მიიღეს და მომდევნო 133 წლის განმავლობაში მხოლოდ უმნიშვნელოდ შეიცვალა. როდესაც სტუდენტები დასკვნით გამოცდებს წერენ, პროფესორები ოთახს ტოვებენ. სტუდენტები წერილობით პირობას დებენ, რომ არ მოიტყუებიან. მათ მოეთხოვებათ, შეატყობინონ ყველა დარღვევის შესახებ. ნებისმიერი ბრალდებული სტუდენტის საქმეს კი თანატოლებისგან შემდგარი ჟიური განიხილავს.

პრინსტონის უნივერსიტეტი, 1890-იანი წლები. მაშინ უნივერსიტეტს College of New Jersey ერქვა

ფოტო: National Park Service

საპატიო კოდექსს კარგი ბიოგრაფია ჰქონდა. ფ. სკოტ ფიცჯერალდმა (რომელიც პრინსტონში 1913 წელს ჩაირიცხა, მაგრამ არ დაამთავრა) ერთხელ დაწერა, რომ მისი დარღვევა "უბრალოდ აზრადაც არ მოდის, ისევე, როგორც არ მოდის, გახსნა შენი ოთახის მეზობლის საფულე". კოდექსი გადაურჩა ორ მსოფლიო ომს, 1960-იანი წლების მღელვარებას, უოტერგეიტის გამო გაჩენილ იმედგაცრუებასა და საძიებო სისტემებისა და SparkNotes-ის აღმავლობასაც კი. საბოლოოდ, მას გენერაციული ხელოვნური ინტელექტი შეხვდა.

ახლახან, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით განხორციელებული პლაგიატი ყველასათვის სრულიად აშკარა გახდა, და პრინსტონის ფაკულტეტმა კენჭისყრით გადაწყვიტა, კვლავ შემოიღოს გამოცდებზე ზედამხედველობა. ტექნიკურად, საპატიო კოდექსი ჯერ კიდევ ძალაშია. სტუდენტები კვლავ მოაწერენ ხელს პირობას, რომ არ თაღლითობენ. მაგრამ ახლა პროფესორები დააკვირდებიან, სიმართლეს ამბობენ თუ არა. საპატიო კოდექსი ვეღარ შეძლებს საპატიო სისტემის საფუძველზე ფუნქციონირებას.

თუნდაც პრინსტონში, ცხადია, ზოგიერთი სტუდენტი ყოველთვის იწერდა. თავად ფიცჯერალდი შეშფოთდა, როდესაც უნივერსიტეტის დამთავრებიდან ათი წლის შემდეგ, კამპუსში ვიზიტისას, ფეხბურთის გუნდის ერთ-ერთმა წევრმა უამბო, რომ მისი ოთახის მეზობელი იცნობდა ადამიანებს, ვინც საპატიო კოდექსის დარღვევებზე სხვებს არ ამხელდა. (მოგვიანებით, სხვა კურსდამთავრებულმაც გაუზიარა იგივე ეჭვი ცნობილ მწერალს).

"ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უამრავი ასეთი შემთხვევა იყო", — წერდა ფიცჯერალდი დეკანს. მაგრამ იმ დროს, აკადემიური უსინდისობა შეზღუდული იყო არა მხოლოდ ქცევის კოდექსებით, არამედ, მის განსახორციელებლად საჭირო ძალისხმევითაც. სტუდენტს, ვისაც სხვისი პასუხების გადაწერა სურდა, ასეთი შესაძლებლობა ძნელად ეძლეოდა.

ინტერნეტმა და კომპიუტერულ სამუშაოზე გადასვლამ მნიშვნელოვნად შეამცირა გადაწერის ბარიერები. რატგერსის უნივერსიტეტის ათასობით სტუდენტზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ 2017 წლისთვის სტუდენტთა უმრავლესობა საშინაო დავალების პასუხებს ინტერნეტიდან აკოპირებდა. ხელოვნურმა ინტელექტმა ეს დინამიკა ახალ სიმაღლეებზე აიყვანა. მას შეუძლია, მიბაძოს ნებისმიერ სტილს, შექმნას უნიკალური ესსე და თან შეცდომებიც ჩაამატოს, რომ ადამიანის ნაწარმოებს მიამსგავსოს.

AI-ს აღმოჩენის არსებული დეტექტორები უზადო არ არის. კვლევები თანმიმდევრულად ადასტურებს, რომ მასწავლებლები ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აღმოჩენაში საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებენ. "ეს ცდუნებაა", — ამბობს ენტონი გრეფტონი, პრინსტონის ისტორიის პროფესორი, რომელიც გასულ წელს პენსიაზე გავიდა, — "შემიძლია, წარმოვიდგინო სტუდენტი, რომლის მარცხენა მხარზეც ეშმაკი დგას, მარჯვენაზე კი ანგელოზი".

პრინსტონის უნივერსიტეტის სამაგისტრო კოლეჯი

მას შემდეგ, რაც 2022 წლის შემოდგომიდან გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი, პრინსტონში აკადემიური "უსინდისობის" ზრდა დაფიქსირდა. დისციპლინის კომიტეტმა, რომლის კომპეტენციაშიც სახლიდან შესასრულებელი დავალებები შედის, 2024–25 სასწავლო წელს 82 სტუდენტი ცნო დამნაშავედ, 2021–22 წლის 50-ის წინააღმდეგ. ეს მხოლოდ ის სტუდენტები არიან, ვინც გამოავლინეს; რეალური რიცხვები, ეჭვგარეშეა, გაცილებით მაღალია.

სასკოლო გაზეთის მიერ 501 სტუდენტის მონაწილეობით ჩატარებულ გამოკითხვაში, კურსდამთავრებულთა 30%-მა განაცხადა, რომ ერთხელ მაინც მოუტყუებია, 28%-მა თქვა, რომ დავალებაზე, სადაც ეს აკრძალული იყო, გამოუყენებია ChatGPT, ხოლო 45%-მა თქვა, რომ სხვისი ტყუილი უნახავს, მაგრამ არ გაუმხელია. პრინსტონის ისტორიის პროფესორი მაიკლ ლეფანი ამბობს, რომ კამპუსის მახლობლად კაფეებში იჯდა და თავისი თვალით უყურებდა, როგორ აკოპირებდნენ სტუდენტები ChatGPT-ს პასუხებს და საკუთარ პასუხებად ასაღებდნენ.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით პლაგიატის სიმარტივე, როგორც ჩანს, თავისებურ "ცუდ მორალურ განათლებას" ნერგავს. ნადია მაკუქი, პრინსტონის სტუდენტი და საპატიო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ამბობს, რომ გადაწერა უფრო შესამჩნევი გახდა. სტუდენტები კამპუსის ანონიმურ სოციალურ მედიის აპლიკაცია Fizz-ზე, საჯაროდ აცხადებენ საპატიო კოდექსის დარღვევების შესახებ. ეს კი მათ, ვინც წესებს იცავს, სულელებად აგრძნობინებს თავს.

"ერთგვარი საერთო განწყობაა, რომ საშინაო დავალებებზე ყველა იტყუება და ChatGPT-ს იყენებს", — თქვა მაკუქმა — "სანამ ადამიანები ფიქრობენ, რომ ბევრი იწერს, კიდევ უფრო მეტი გადაიწერს".

პრინსტონის პროფესორები ახლა "სისტემის გადაყენებას" ცდილობენ. ზედამხედველობა მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია. გასულ წელს, სახლიდან შესასრულებელი გამოცდების რაოდენობა პრინსტონში ორ მესამედზე მეტით შემცირდა. მომავალ წელს, ეკონომიკის დეპარტამენტი სტუდენტებს მოსთხოვს, სადიპლომო ნაშრომები სიტყვიერად დაიცვან.

დევიდ ბელმა, ისტორიის პროფესორმა, ასევე შემოიღო სიტყვიერი გამოცდები და მოკლე საშინაო დავალებებიდან გადავიდა Google Docs-ში წერილობით ნამუშევრებზე, რათა ამ დოკუმენტების შექმნის პროცესს ეტაპებად გადახედოს. ისტორიის დეპარტამენტის ერთ-ერთმა კოლეგამ კი სტუდენტებს ნაშრომების წერა ასევე Google Docs-ში დაავალა, რათა მათი მუშაობის პროცესს თვალი ადევნოს.

მოკლედ, რასაც 1876 წლის სარედაქციო წერილმა "ეჭვისა და ზედამხედველობის სისტემა" უწოდა, კვლავ ბრუნდება. "ეს ნამდვილად ცვლის რაღაცას სტუდენტ-ფაკულტეტის ურთიერთობაში", — განაცხადა უილიამ ეპლიმ, კურსდამთავრებულმა სტუდენტმა და ჯგუფის ყოფილმა თავმჯდომარემ, რომელიც საპატიო კოდექსის დარღვევაში ბრალდებულ სტუდენტებს წარმოადგენდა, — "ერთია, როცა ზედამხედველობა თავიდანვე არსებობს. მეორეა — ამ ტრადიციის ქონა, სადაც სტუდენტები თავად ზედამხედველობდნენ გამოცდებს და მათ ენდობოდნენ, რომ საპატიო კოდექსს დაიცავდნენ, შემდეგ კი ეს ყველაფერი ჩამოერთვათ".

ბელი ამბობს, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა სტუდენტების მიმართ უფრო სკეპტიკური გახადა, და ისინი ამას გრძნობენ. როდესაც გადაწერის გასართულებლად დავალებებს ცვლის, სტუდენტებს ესმით, რომ ის მათ არ ენდობა. "გარდაუვლად, ყველა გამოსავალი მეტ-ნაკლებად ზედამხედველობის გაძლიერებასთანაა დაკავშირებული, ეს ერთი საერთო ნიშანია", — განაცხადა მან — "შესაძლოა, მოგვიწიოს, შევეგუოთ სწავლების ამ ახალ სახეს, სადაც პოლიციური სული სუფევს. მაგრამ უსიამოვნო სანახავია, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი".

უმაღლესი განათლების ღირებულების დიდი ნაწილი ეფუძნება ვარაუდს, რომ პლაგიატი გამონაკლისია და არა წესი. დიპლომი მნიშვნელობას კარგავს, თუ დამსაქმებლებსა და სამაგისტრო პროგრამებს არ შეუძლიათ ნდობა, რომ კურსდამთავრებულებმა კოლეჯში ნამდვილად ისწავლეს. სტუდენტებსა და მათ ოჯახებს უნდა სჯეროდეთ, რომ სასწავლო გადასახადები ნამდვილ განათლებას "ყიდულობს". გადასახადის გადამხდელებს კი სჭირდებათ ნდობა, რომ საჯარო სკოლის სტუდენტები ოთხი წლის განმავლობაში სუბსიდირებული სწავლებიდან რაიმე სარგებელს იღებენ. ხელოვნური ინტელექტის უკონტროლო გამოყენება ამ სიგნალებს ანგრევს.

The Princetonian 1876 წელს გვაფრთხილებდა: "ცუდი პოლიტიკაა, ადამიანის ბოროტმოქმედებაში ეჭვობდე, რათა დარწმუნდე, რომ სწავლობს". შეიძლება, ასეა. მაგრამ ალტერნატივა კიდევ უფრო ცუდია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.