მეცნიერებმა 10 მაისს M5.7-კლასის მზის აფეთქება დააფიქსირეს, რომელმაც ჩვენი პლანეტის მზით განათებული მხარის მაღალი სიხშირის რადიოკომუნიკაციები დროებით დაარღვია. M-კლასის მზის აფეთქება მზის ამოფრქვევის მეორე ყველაზე ძლიერი კატეგორიაა (პირველ ადგილზე X-კლასის აფეთქებები გაჰყავთ ხოლმე).

მზის ქარი მზიდან უეცრად წამოსულ ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაკადებს წარმოადგენს. ეს ენერგია სინათლის სიჩქარით მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ მათ დაკვირვებას მეცნიერები მაშინღა ახერხებენ, როცა ისინი უკვე დედამიწამდეა მოსული. დედამიწის ატმოსფერო და მაგნიტური ველი მზის ქარის მავნე გამოსხივებისგან გვიცავს, თუმცა ისინი ხშირად ზედა ატმოსფეროდან მომავალ რადიოკომუნიკაციებს არღვევს. გარდა ამისა, ხშირად სატელიტები და კოსმოსური ხომალდებიც ზიანდება.

ამ მოვლენამ ასევე კორონალური მასის ამოფრქვევაც (CME) გამოიწვია. ეს მზის პლაზმისა და გამოსხივებისგან შემდგარი დაბალი სიჩქარით მოძრავი ღრუბელია, რომელიც ხშირად გეომაგნიტურ ქარიშხლებსა და პოლარულ ციალს იწვევს. უცნობია, მოხვდება თუ არა CME დედამიწას.

შესაძლოა, ამ მოვლენებმა მცირე G1 გეომაგნიტური ქარიშხალი გამოიწვიოს. ზოგადად, ეს ფენომენი სიძლიერის თვალსაზრისით G1-იდან G5 სკალით ფასდება, სადაც G5 ყველაზე ძლიერს შეესაბამება. ამის მიუხედავად, G1 სიძლიერის ქარიშხალმა შეიძლება აშშ-ში (კერძოდ, მიჩიგანისა და მეინის ჩრდილოეთ ნაწილებში) შესამჩნევი პოლარული ციალი მაინც გამოიწვიოს. ამასთან ერთად, შესაძლოა, ამ ყველაფერმა სატელიტურ ოპერაციებსა და გადამფრენ ფრინველებზეც იმოქმედოს.

საინტერესოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მზე განსაკუთრებით აქტიურია. ეს მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარსკვლავმა აქტივობის მაქსიმუმს მიაღწია, ე.ი. თავისი 11-წლიანი აქტივობის ციკლის პიკს. სავარაუდოდ, აღნიშნული მაქსიმუმი 2025 წლის დასაწყისში დასრულდა. ეს ნიშნავს, რომ მზის აქტივობამ თეორიულად შემცირება დაიწყო. მაქსიმუმის დროს ან მასთან მიახლოებულ პერიოდში 5,7 მაგნიტუდის აფეთქებები უჩვეულო ნამდვილად არაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ამ დროს მზის ლაქები მეტად ჩნდება.

მზის ლაქა, რომელმაც ეს კონკრეტული აფეთქება გამოიწვია, 4436-ის სახელითაა ცნობილი. იგი ბოლო დღეებში განსაკუთრებით აქტიურია. წინა კვირას მან მინიმუმ 5 CME მაინც გამოტყორცნა. თუ მომდევნო დღეებში მეტ აფეთქებას უნდა ველოდოთ, შეიძლება დედამიწას მეტი CME და უფრო მაღალი ინტენსივობის გეომაგნიტური ქარიშხლები მოხვდეს.

შეგახსენებთ, რომ პოლარული ციალი მაშინ ჩნდება, როცა მზიდან წამოსული დამუხტული ნაწილაკები დედამიწის ზედა ატმოსფეროს ხვდება, ე.ი. ჟანგბადისა და აზოტის ნაწილაკებს ეჯახება. დამუხტული ნაწილაკების ჟანგბადთან მოხვედრა ცაზე მწვანე ფერს წარმოქმნის, აზოტთან კი — მოლურჯო და მოიისფრო ფერებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.