© ჟურნალი ინდიგო

თბილისში, ლისის ტბაზე, პალიატიური მოვლის ჰოსპისის მეორე სართულზე, ასეთი წითელი წარწერა მიიქცევს თქვენს ყურადღებას:

DANGER – JOSEPH'S ROOM

თუ კაბინეტის კარს შეაღებთ, მაგიდასთან მჯდარი დაქანცული ექიმი დაგხვდებათ, რომელიც თავის პროფესიულ რუტინაშია დაკარგული. ეს ექიმი სოსო აბესაძეა – ონკოლოგი და პალიატიური მოვლის სპეციალისტი [“JOSEPH” “სოსოს” ინგლისური ვარიანტია].

ექიმს უამრავი საქმე აყრია თავზე: ხან კონსილიუმის ტექსტს აწერს წელს, ხანაც პაციენტების დიაგნოზებს კითხულობს, ზოგს – საშიშს, ზოგს – არც ისე; ხან სატელეფონო ზარებს პასუხობს. ხანაც პაციენტების ახლობლებს ესაუბრება, რომლებმაც საგულდაგულოდ დაუმალეს სასიკვდილო დაავადების დიაგნოზი ოჯახის წევრებს და ამ ინფორმაციის შენახვის ტვირთს ექიმთან ერთად იზიარებენ.

ექიმს დერეფანში 70 წელს მიტანებული ქალბატონი თავის ქალიშვილთან ერთად ელოდება. სოსო აბესაძესთან ის უბნის ექიმმა გაგზავნა.

ხანდაზმულ ქალბატონს სიარული უჭირს. ის ნელი ნაბიჯებით შედის ექიმის კაბინეტში, მაგიდასთან ჯდება და მას თურქული კლინიკიდან წამოღებულ ბოლო გამოკვლევის დიაგნოზსა და ექოსკოპიის პასუხებს აწვდის.

ექიმი დიაგნოზს ყურადღებით ეცნობა. შემდეგ რენტგენის სურათს მზის შუქზე აკვირდება.

პაციენტს მკერდის მეოთხე სტადიის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს.


მისმა ქალიშვილმა ეს იცის, დედას კი – მეორე სტადია ჰგონია; ექიმი მკერდს სინჯავს. პაციენტს მარცხენა ძუძუს ქსოვილების დიდი ნაწილი მუქი ყავისფერი აქვს, ზედაპირი – გამკვრივებული, მარცხენა მკლავი კი – დასიებული. ქალის კლინიკური სტატუსიც უმძიმესია: მე-4 ჯგუფი, რაც მისი სიცოცხლის ხანგრძლივობას, თეორიულად, რამდენიმე თვით განსაზღვრავს. ონკოლოგები ამ დროს ამბობენ, რომ პაციენტს ექვსი თვის სიცოცხლე დარჩენია.

ქალი ამბობს, რომ წლების წინ ქიმიოთერაპია დაუნიშნეს. მკურნალობის ეს სტრატეგია მან სასტიკად უარყო და დანიშნული ქიმიოთერაპიის კურსის ჩატარებაზე თვითონვე თქვა უარი.

– რატომ არ დაეთანხმეთ? – ეკითხება ექიმი.

– ქიმიკოსი ვარ, მაგრამ ქიმიოთერაპია არ მიყვარს... ადამიანები სახეზე რომ იშლებიან, თმები სცვივათ...

ქალბატონი ქრონიკულ ტკივილებს უჩივის.

– სად არის ტკივილები?

– ძუძუში და იღლიაში. ორი გამაყუჩებელი გამიკეთეს და არ გააყუჩა.

– ძილი როგორი გაქვთ?

– ნორმალური.

– უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ ტკივილებს.

– თქვენ რას მირჩევთ?

– გადახვიდეთ მცირეოდენი დოზის მორფინზე – დღეში 30 მილიგრამი, მაგალითად. სიტყვა „მორფინის“ ხსენებაზე ქალბატონი შეცბება.

რას იტყვით, იგივე გამაყუჩებელი რომ დავიტოვო?

– თქვენი ორგანიზმი ისედაც დაუძლურებულია. დამატებით ნიმესილი არ სჭირდება. საქართველოში მიჩნეულია, რომ მორფინი არის ან კიბოს ბოლო სტადიის წამალი ან – სიკვდილისწინა წამალი. სინამდვილეში, მორფინი ტკივილგამაყუჩებელია. ინიშნება მაშინ, როცა ადამიანს ძლიერი ტკივილები აქვს. სწორად დანიშნული მორფინი ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას არ იწვევს, – უხსნის ექიმი პაციენტს.

ქალბატონი ცოტა ხანს ფიქრობს. საბოლოოდ, მორფინის მიღებაზე მაინც უარს ამბობს.


ეს არაა პირველი შემთხვევა ონკოლოგის გამოცდილებაში, როდესაც პაციენტი მძიმე დიაგნოზს ვერ ეგუება. არ იღებს. არ იტარებს იმ მკურნალობას, რომელიც დიაგნოზიდან გამომდინარეობს: ხან მორფინზე ამბობს უარს, ხან – ქიმიოთერაპიაზე, ხანაც ამბობს, რომ სიმსივნური უჯრედები აბაზანაში დაცემის შემდეგ გაჩნდა.

„ტანჯვა-წამების მარეგულირებელი“ – სოსო აბესაძე თავის პროფესიას მოკლედ ასე აღწერს.

პაციენტებისთვის ქრონიკული ტკივილის შემსუბუქებაზე ზრუნვა მან პირველად 12 წლის წინ დაიწყო. მანამდე, თავისი ონკოლოგიური პრაქტიკის განმავლობაში, არაერთხელ უთქვამს: „სამწუხაროდ, თქვენს შემთხვევაში, მედიცინა უძლურია, რამით დაგეხმაროთ“.

2002 წელს კი თბილისში უნგრელი ონკოლოგები ჩამოვიდნენ და პალიატიური მოვლის შესახებ პირველად ასეთი რამ გაუზიარეს ქართველ კოლეგებს:

არ არსებობს პაციენტის ისეთი მდგომარეობა, სადაც პალიატიური მოვლა მას ვერ დაეხმარება.


აქ იგულისხმებოდნენ ადამიანები, ვისაც მძიმე დაავადების ბოლო სტადია ჰქონდათ, ან ისეთი ტკივილები აწუხებდათ, რომელთა გაყუჩება აუცილებელი იყო.

პალიატიური მოვლა ებრძვის არა დაავადებას, არამედ სიმპტომებს,


რომლებიც გაჩნდა, როგორც ამა თუ იმ დაავადების შედეგი. ტკივილი, როგორც უკურნებელი ან ქრონიკული [არამომაკვდინებელი] დაავადების ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, პალიატიური მოვლის ძირითადი სამიზნეა. მტანჯველ ტკივილებს ებრძვიან სახლში ან ჰოსპისში, სადაც გარემო მაქსიმალურად ჰგავს სახლს და სადაც ადამიანი გადადის მაშინ, როცა ტკივილის მართვა სახლის პირობებში რთულდება.

1960-იან წლებში, კიბოს დიაგნოზი ერთ-ერთი ყველაზე საშიში „განაჩენი“ იყო. კიბოთი დაავადებული ხალხის უმრავლესობა საავადმყოფოებში, ტკივილით გატანჯული, ახლობლების გარემოს მოკლებული, ხშირად მარტო, იღუპებოდნენ. ამიტომ, 1967 წლის 13 ივლისს ბრიტანელმა სოციალურმა მუშაკმა და მედდამ სესილი სონდერსმა პირველი ჰოპსისის აშენება დაიწყო. მისი იდეით, ჰოსპისი უნდა ყოფილიყო ადგილი, რომელიც სახლს უფრო მოგაგონებდა, ვიდრე – ინსტიტუციას, სადაც ადამიანი სიცოცხლის ბოლო თვეებს ახლობლების გარემოცვაში, ტკივილის გარეშე გაატარებდა.

თამარ კვიჟინაძე სწრაფი და ენერგიული ნაბიჯებით მიაბიჯებს ვერცხლის ქუჩაზე, თავისი ერთ-ერთი პაციენტის სახლისკენ.

პროფესიით ექთანი და პალიატიური მოვლის სპეციალისტი, თამარი თბილისში ჰოსპისური სერვისების და შინ ზრუნვის სფეროში მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერსონაა. ის საქართველოს საპატრიარქოს ფერისცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრის შინ ზრუნვის სამსახურის კოორდინატორია:

"პალიატიური მოვლა მიზნად არ ისახავს არც სიცოცხლის გახანგრძლივებას, არც გარდაცვალების დაჩქარებას. ჩვენი ძირითადი მისია, გარდაცვალებამდე პაციენტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაა. რა არის ჩვენი პროფესია? ბებიაქალი სიცოცხლეს იღებს.

ჩვენ სიცოცხლეს ვუშვებთ. ჩვენ გამცილებლები ვართ".