2020-ის 20 ფოტო
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2020 ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი იყო ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მართალია, კორონავირუსმა თითქმის ყველა სფერო შთანთქა, თუმცა, არც მის გამოჩენამდე და არც შემდეგ, მსოფლიოს სიმშვიდეში არ უცხოვრია. 2020 თავიდანვე სერიოზული გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ბუნებრივი კატასტროფებით და სამოქალაქო პროტესტებით დაიწყო და ასეც გაგრძელდა.
დღეს წარმოგიდგენთ 20 ფოტოს, რომელიც 2020-ის ისტორიას შეგახსენებთ.
1. პროტესტი ყასემ სოლეიმანის მკვლელობის გამო
2020 წლის იანვრის პირველი ხმაურიანი მოვლენა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის, ქუდსის ძალების ლიდერის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობა იყო. ის აშშ-მ სარაკეტო თავდასხმით მოკლა, რასაც ირანში პროტესტი მოყვა.
სოლეიმანის ლიკვიდაციის გამო ირანმა ერაყში განლაგებული ამერიკული ბაზები 22 ბალისტიკური რაკეტით დაბომბა. გაჩნდა შიშები მესამე მსოფლიო ომის დაწყებაზე, თუმცა პასუხად აშშ-მ ირანს სანქციები დაუწესა.
2. უკრაინული თვითმფრინავის ავიაკატასტროფა ირანში
იმავე საღამოს, როცა ირანმა ამერიკული ბაზები დაბომბა, უკრაინული ბოინგი ჩამოაგდო, რასაც 177 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავიაკატასტროფიდან 4 დღის შემდეგ, მას მერე, რაც ეს ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ გაავრცელა, ირანმა აღიარა, რომ თვითმფრინავი მათ ჩამოაგდო და ეს "ადამიანურ შეცდომას" დააბრალა.
3. ავსტრალიის ხანძრები
2019 წელს ავსტრალიაში დაწყებულმა ხანძრებმა 2020-ში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია და 30 ადამიანის და 2 მილიარდზე მეტი ცხოველის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ დიდ ნაწილს კი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწია. ხანძარმა იმსხვერპლა გადაშენების პირას მყოფი სახეობებიც.
4. კორონავირუსის გამოჩენა – კარანტინი უხანში
იანვარში ავსტრალიის ხანძრებთან ერთად კორონავირუსის ეპიდემია აბობოქრდა — მსოფლიო ყურადღების ცენტრში ჩინეთის ქალაქი უხანი მოექცა, სადაც ვირუსმა იფეთქა. ვირუსის პრევენციის მიზნით იანვრის ბოლოს უხანში კარანტინი გამოცხადდა. 11-მილიონიანი ქალაქის ქუჩები დაცარიელდა და სამყარო შიშმა მოიცვა.
5. MAMBA OUT — გამომშვიდობება ლეგენდასთან
27 იანვარს ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის თვითმფრინავი ავიაკატასტროფაში მოყვა — გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის ბრაიანტი და მისი შვილი.
კობის სიკვდილი არამხოლოდ სპორტულმა, არამედ მთელმა სამყარომ იგლოვა. ლეგენდის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სტენსილები და მემორიალური დაფები გახსნეს.
6. ისევ უხანი — ბრძოლა ეპიდემიასთან
თებერვლის დასაწყისში კორონავირუსი უხანში უკვე მასობრივად იყო გავრცელებული. მკაცრი საკარანტინე შეზღუდვების გარდა, ხელისუფლებამ სავალე ჰოსპიტლების მოწყობა და ახალი კლინიკების მშენებლობა დაიწყო იმისთვის, რომ ინფიცირებულების მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონოდათ. რამდენიმე თვეში იგივე რეალობა დადგა სხვა ქვეყნებშიც.
7. მუსიკის ძალა
ეს ფოტო პროფესიონალი მევიოლინეს, დაგმარ ტერნერის ოპერაციის დროს არის გადაღებული. ტვინის სიმსივნის ამოკვეთის დროს ტერნერი უკრავდა, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ მოტორული ფუნქციები არ დაზიანდებოდა.
9. კორონაპანიკა
როცა კორონავირუსი ეპიდემიად გამოცხადდა და განგაშის წითელი შუქი აინთო, მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ტუალეტის ქაღალდმა არნახული პოპულარობა მოიპოვა, მაღაზიის დახლები კი დეფიციტის მოლოდინის შიშით დაცარიელდა.
9. დარჩი სახლში
კორონავირუსმა არამარტო უხანის, არამედ მთელი მსოფლიოს ქალაქები, ტურისტული ადგილები დააცარიელა და ცხოვრებამ მთლიანად სახლში გადაინაცვლა. თვეების განმავლობაში მსოფლიო, მათ შორის, საქართველოც #დარჩისახლში პრინციპზე გადავიდა.
10. ბრძოლის წინა ხაზზე
კორონავირუსმა ყველაზე მეტად ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლების, ექიმებისა და ექთნების ცხოვრება შეცვალა. წარმოუდგენელი რეჟიმისა და სტრესის ფონზე, ისინი დღემდე იბრძვიან სიცოცხლის გამარჯვებისთვის.
11. სიცარიელე წმინდა პეტრეს მოედანზე
პანდემიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო რომის პაპი წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცულობს. მრევლი ქადაგებებსა და წირვას თვალს პირდაპირ ეთერში სახლიდან ადევნებდა.
12. პრივილეგირებული წირვა სოციალური დისტანციით
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ გაითვალისწინა მსოფლიო რელიგიების უმრავლესობის პრაქტიკა და აღდგომა მაინც ტაძრებში იზეიმა. მთავრობისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, საპატრიარქომ პოზიცია არ დათმო, სამაგიეროდ, დათმო ხელისუფლებამ და მათ პრივილეგირებულად, კანონის გვერდის ავლით, აღდგომის წირვის ჩატარების უფლება მისცა.
13. სოციალური დისტანცია
დისტანცია 2020 წლის მსოფლიოს ცხოვრების სტილად იქცა. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების არაერთი მოწოდების ფონზე, მსოფლიო ახალ წესებზე გადავიდა.
14. ვირუსთან ბრძოლის ქართული ფორმულა
მსოფლიო მასშტაბით გადაღებული ფოტოები მოწმობს, როგორ ერგებოდნენ ქვეყნები ახალ რეალობას და ცვლიდნენ ცხოვრების წესს, საქართველოში კი მოვლენები ტრადიციულად — განსხვავებულად ვითარდებოდა. მაგალითად, შეზღუდვების წინააღმდეგ მებრძოლმა სასულიერო პირებმა კორონავირუსის პრევენციისთვის თბილისის ქუჩები აკურთხეს.
15. ვიდეოკონფერენციების ერა
2020-ში ვიდეკონფერენციების ერა დადგა. თუ გგონიათ, რომ ზუმი მხოლოდ თქვენს თავსატეხად იქცა, უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი ვებგვერდებით სარგებლობდნენ მსოფლიო ლიდერებიც.
16. აფეთქება ბეირუთში
4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. გარდაცვლილია სულ მცირე 204 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000-ზე მეტი, დაშავებულთა რიცხვი კი 6 000-ს აჭარბებს.
აფეთქებას ლიბანში პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგაც მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.
17. პროტესტი ბელარუსში
კორონავირუსის მსგავსად, რთულია შეარჩიო ერთი ფოტო, რომელიც იმ ამბებს ასახავს, რაც ბელარუსში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხდებოდა — მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. პროტესტს ლუკაშენკო აქციების დარბევით, დაპატიმრებითა და რეპრესიებით პასუხობს.
18. I can't breathe — პროტესტი აშშ-ში
8 წუთი და 46 წამი — ამდენი ხანი ახრჩობდა მუხლით პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს, რომელიც დახმარებას ითხოვდა და იმეორებდა: "ვერ ვსუნთქავ". სწორედ ეს სიტყვები გახდა პროტესტის მთავარი მესიჯი, რომელიც მოგვიანებით მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.
19. ჯოს და კამალას ისტორიული არჩევნები
აშშ-ის 2020-ის არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დამარცხდა და გამარჯვება დემოკრატმა ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა მოიპოვეს. ჰარისი პირველი ვიცე-პრეზიდენტი ქალი იქნება აშშ-ის ისტორიაში, ბაიდენი კი ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი. ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას გაყალბებულს უწოდებს.
20. ვაქცინა
და ბოლოს, 2020 ისე დასრულდა, როგორც მთელი წელი ველოდით და გვსურდა — კორონავირუსის ვაქცინა შეიქმნა, თან არაერთი. ფოტოზე კი 90 წლის ქალს ხედავთ, რომელიც პირველი პაციენტი გახდა, ვინც ვაქცინა გაიკეთა.
კომენტარები