ამერიკის შეერთებული შტატების 70-ზე მეტ ქალაქში ერთ კვირაზე მეტია ხალხმრავალი აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები პოლიციელის გულგრილობასა და არაადამიანურ ქმედებებს აპროტესტებენ, რა დროსაც აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი დაიღუპა.

მოქალაქეები სისტემაში არსებული რასიზმის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. გამონათქვამებისა და ტვიტების გამო რასიზმში ადანაშაულებენ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც.

მშვიდობიანად დაწყებული პროტესტი არეულობასა და დარბევაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ცეცხლს უკიდებენ მანქანებს და არბევენ მაღაზიებს, პოლიცია კი ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს. მხოლოდ პარასკევს, შაბათსა და კვირას 43 ქალაქში 7 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

პანდემია აღარავის ახსოვს.

ფოტო: Getty Image

8 წუთი და 46 წამი

"ვერ ვსუნთქავ" — ჯორჯ ფლოიდის სწორედ ეს ბოლო სიტყვები გახდა პროტესტის მამოძრავებელი ძალა.

ყველაფერი 25 მაისს, მაღაზია Cup Foods-ის თანამშრომლის პოლიციაში ზარით დაიწყო, რომელმაც იფიქრა, რომ სიგარეტის ყიდვის დროს ჯორჯ ფლოიდმა ყალბი 20-დოლარიანი გამოიყენა.

ფლოიდი მინესოტას შტატ ქალაქ მინეაპოლისში ბოლო რამდენიმე წელი ცხოვრობდა, სადაც ტეხასიდან გადასახლდა. ის დაცვაში მუშაობდა, თუმცა როგორც მილიონობით ადამიანმა, კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგა.

როგორც NBC-სთან Cup Foods-ის მეპატრონე მაიკ აბუმაიალეჰი ჰყვება, ფლოიდი მის მაღაზიას რეგულარულად სტუმრობდა, მეგობრული და სასიამოვნო კლიენტი იყო. ინციდენტის დროს აბუმაიალეჰი არ მუშაობდა და საეჭვო გადახდის დროს მისმა ახალგაზრდა თანამშრომელმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედა.

მედიაში გავრცელებული სტენოგრამის მიხედვით, პოლიციის განყოფილებაში ზარი 20:01 საათზე შევიდა. თანამშრომელმა სიგარეტის კოლოფი უკან მოითხოვა, თუმცა "ფლოიდს ამის გაკეთება არ სურდა". მისივე თქმით, კაცი სავარაუდოდ "ნასვამი" იყო და "საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა".

ზარიდან შვიდ წუთში ადგილზე ორი პოლიციელი მივიდა. ფლოიდი ქუჩის კუთხეში მიყენებულ მანქანაში ორ პირთან ერთად იჯდა.

პროკურატურის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მანქანასთან მისვლისას ოფიცერმა თომას ლეინმა იარაღი ამოიღო და ფლოიდს უბრძანა ხელები ეჩვენებინა. ანგარიშში ნათქვამი არაა, რატომ დასჭირდა ლეინს იარაღის ამოღება. ლეინმა ფლოიდს ხელი მოჰკიდა და მანქანიდან გადმოიყვანა, ეს უკანასკნელი კი ხელბორკილების დადებას ეწინააღმდეგებოდა. თუმცა ხელბორკილების დადების შემდეგ, სანამ ლეინი უხსნიდა, რომ ყალბი კუპიურის გამოყენებისთვის აკავებდნენ, ფლოიდი დამშვიდდა.

მორიგი წინააღმდეგობა მაშინ გაჩნდა, როცა დაპატიმრებულის მანქანაში ჩასმას ცდილობდნენ.

ანგარიშის მიხედვით, დახლოებით, 20:14-ზე ფლოიდი "დაიძაბა, მიწაზე დაეცა და ოფიცრებს უთხრა, რომ კლაუსტროფობია ჰქონდა". ამ დროს ადგილზე მივიდა დერეკ შოვინიც, რომელიც სხვა ოფიცრებთან ერთად ფლოიდის მანქანაში ჩასმას ცდილობდა.

20:19-ზე შოვინმა ფლოიდი მგზავრის სავარძლიდან გადმოიყვანა და მიწაზე დააგდო. ხელებშეკრული ფლოიდი მიწაზე სახით იწვა. სანამ ორ ოფიცერს ის დაკავებული ჰყავდა, შოვინმა ფლოიდს თავზე მუხლი დაადო.

ოთხი პოლიციელი ჯორჯ ფლოიდს აკავებს

სწორედ ამ დროს გამვლელებმა და თვითმხილველებმა ფლოიდის დაკავების გადაღება დაიწყეს. ათობით სხვადასხვა კამერიდან გადაღებული კადრები ფლოიდის სიცოცხლის ბოლო წუთებს ასახავს.

სანამ სხვა ოფიცრები უმოქმედოდ იდგნენ, დერეკ შოვინი დაკავებულ კაცს კისერზე მუხლს აჭერდა. ფლოიდმა რამდენჯერმა თქვა, რომ ვერ სუნთქავდა, იხვეწებოდა გაეთავისუფლებინათ და არაერთხელ წარმოთქვა "დედა" და "გთხოვთ".

დერეკ შოვინი ჯორჯ ფლოიდს კისერზე მუხლს აჭერს

პროკურორის ანგარიშში ნათქვამია, რომ დერეკ შოვინს ფლოიდის კისერზე მუხლი რვა წუთისა და 46 წამის განმავლობაში ედო. დაახლოებით 6 წუთში დაკავებული კაცი გაჩუმდა. ვიდეოებში ისმის ასევე თვითმხილველების თხოვნა, ფლოიდისთვის პულსი გაესინჯათ.

ერთ-ერთმა ოფიცერმა მარჯვენა ხელზე პულსი შეამოწმა, თუმცა "ვერ იპოვა". ოფიცრები ჯერ კიდევ არ ინძრეოდნენ.

20:27-ზე შოვინმა ფლოიდის კისრიდან მუხლი აიღო. უმოძრაოდ მყოფი ფლოიდი სამედიცინო დახმარების მანქანის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ საათში ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.

დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდი ჟანგბადის უკმარისობით გარდაიცვალა.

მშვიდობიანი პროტესტიდან მასობრივ არეულობამდე

მინეაპოლისის პოლიციის უფროსმა, მედარია არადონდომ გაათავისუფლა ოთხივე პოლიციელი, რომელიც ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდა. გარდა ამისა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ მან FBI-ს მოუწოდა, საქმე გამოეძიებინათ, რადგანაც დაკავების ოქმის ჩანაწერები ვიდეოში ნაჩვენები რეალობისგან შორს იყო.

პროტესტი ფლოიდის გარდაცვალებიდან მეორე დღეს დაიწყო. ასობით ადამიანი მსვლელობით პოლიციის მესამე განყოფილებამდე მივიდა, სადაც შოვინი მუშაობდა.

Black Lives Matter — შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია — ეს იყო მათი ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი. ისინი ფლოიდის მიმართ რასისტულ და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებდნენ, იხსენებდნენ ყველა იმ შავკანიანს, რომელიც პოლიციელის ძალადობას ემსხვერპლა.

ქვეყანაში, სადაც მრავალწლიანი სეგრეგაციის შემდეგ პრეზიდენტად შავკანიანი აირჩიეს, ერთგვარად დაუჯერებელი იყო, რომ სამართლადამცავ სისტემაში მსგავსი ფაქტი კვლავ მეორდებოდა.

თავდაპირველად პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ჰქონდა და ორგანიზატორები კორონავირუსის პანდემიის გამო დისტანციის დაცვასაც ცდილობდნენ. თუმცა მალევე განყოფილების კედლებზე საღებავებით წარწერები დატოვეს და პოლიციის მანქანებს ქვები დაუშინეს.

პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენების დროს აქციის მონაწილეები თვალებზე რძეს ისხამდნენ

ფოტო: AP

პროტესტი შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა. მესამე განყოფილებას ცეცხლი მოუკიდეს. პარალელურად, საპროტესტო ტალღამ სხვა ქალაქებსაც გადაუარა.

პოლიცია ცრემლსადენ გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებდა. ქალაქი პროტესტმა მოიცვა. ცეცხლი მოუკიდეს არაერთ შენობას. ქუჩები ვეღარ იცნობოდა.

დერეკ შოვინი

ფოტო: ჰენეპის შერიფის ოფისი

უკვე ოთხშაბათს, შტატის გუბერნატორმა ტიმ ვალცმა მინესოტაში ეროვნული გვარდია გაააქტიურა. განკარგულება გუბერნატორმა მას შემდეგ გასცა, რაც ვანდალიზმისა და დარბევების შემდეგ ქალაქმა დახმარებისთვის მიმართა. ამავე დროს, იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამოძიება მათ პრიორიტეტებშია.

"მოდი, ნათლად შევხედოთ, მინეაპოლისში განვითარებული სიტუაცია ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს აღარაფრით უკავშირდება. უკვე საუბარია სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმაზე, შიშის დანერგვასა და ჩვენი დიდებული ქალაქების დანგრევაზე", — განაცხადა გუბერნატორმა.

დერეკ შოვინი 29 მაისს, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებიდან მეოთხე დღეს დააკავეს. მას ფლოიდის მკვლელობაში ედება ბრალი და 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"როცა მაროდიორობა იწყება, იწყება სროლაც"

მასობრივი არეულობის შემდგომ დღეებში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ულტიმატუმი დააყენა და განაცხადა, რომ მინეაპოლისში არეულობის ჩახშობას სამხედრო ძალით შეეცდებოდნენ. მან დემონსტრანტებს "ავაზაკები" უწოდა და ტვიტერზე დაწერა:

"როცა მაროდიორობა იწყება, იწყება სროლაც".

ამასთან, ტრამპი აკრიტიკებდა ქალაქის დემოკრატ მერს, ჯეიკობ ფრეის:

"არ შემიძლია განზე ვიდგე და ვუყურო, რა ხდება ამერიკის დიდებულ ქალაქში. ლიდერობის უნარის სრული ნაკლებობა. ან ის სუსტი, რადიკალი მემარცხენე მერი ძალისხმევას მოიკრებს და ქალაქს გააკონტროლებს, ან ეროვნულ გვარდიას გავგზავნი და სამუშაოს სწორად შევასრულებ".

მისმა ამ სიტყვებმა დემონსტრანტები კიდევ უფრო გააბრაზა და პროტესტმა უფრო დიდი მასშტაბები მიიღო. ჩიკაგოს მერმა კი ტრამპს გინება გაუგზავნა.

"მისი მიზანია პოლარიზაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის დესტაბილიზაცია და რასისტული მოწოდებების გაღვივება. ჩვენ ვერ მივცემთ გამარჯვების უფლებას. კოდირებით ვიტყვი იმას, რისი თქმაც რეალურად მინდა დონალდ ტრამპისთვის. ეს F-ით იწყება და U-თი მთავრდება", — განაცხადა პრესკონფერენციაზე მერმა ლორი ლაითფუთმა.

ფოტო: AP

ფოტო: AP

პარასკევს, 29 მაისს, ასობით დემონსტრანტი ატლანტის ოლიმპიურ პარკში გავიდა და უკან მხოლოდ ჩამტვრეული ფანჯრები მოიტოვა. იმავე ღამეს აქციის მონაწილეები დაუპირისპირდნენ პოლიციელებს ბრუკლინსა და მანჰეტენზე, რის შედეგედაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.

პროტესტი არ ჩამცხრალა ვაშინგტონში. თეთრი სახლის გარშემო კოცონები დაანთეს და პოლიციის მიმართულებით ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ. როგორც შემდგომში ცნობილი გახდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების სამსახურმა დონალდ ტრამპი და მისი ოჯახი მიწისქვეშა ბუნკერში ჩაიყვანა.

ოთხღამიანი ქაოსის შემდეგ, მინეაპოლისის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა სახლში დარჩენილიყვნენ.

"ის, რაც დაიწყო მშვიდობიან პროტესტად ჯორჯ ფლოიდისთვის, ძარცვად და საშინაო ტერორიზმად იქცა", — დაწერა მან ტვიტერზე.

კომენდანტის საათის მიუხედავად, ღამის დარბევები არ წყდებოდა. დღის განმავლობაში მშვიდობიანი პროტესტიც ტარდებოდა, თუმცა ღამით ვანდალიზმი და ასობით მოქალაქის დაკავება გრძელდებოდა.

ამასთან, საუბრობენ პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზეც. 31 მაისს ფილადელფიაში მშვიდობიანი აქციის წინააღმდეგ პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა. ატლანტაში ორი ოფიცერი კოლეჯის სტუდენტების მიმართ "ძალის გადამეტებისთვის" გაათავისუფლეს. მინეაპოლისში 200-მდე აქტივისტი დააკავეს.

აქციების გაშუქების დროს პოლიციამ პირდაპირ ეთერში დააკავა CNN-ის გადამღები ჯგუფი. შტატის სამართალდამცავებმა ჟურნალისტი, პროდიუსერი და მისი ოპერატორი დააკავეს და ერთ საათში გაათავისუფლეს. CNN-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას პრესის ნიშანს უჩვენებს და ეუბნება, რომ გადამღებ ჯგუფს მათ მიერ მითითებულ სხვა ადგილზე გადაიყვანს, თუმცა მას მაინც აპატიმრებენ.

იმის მიუხედავად, რომ ჩანაწერი პირდაპირ ეთერში გავიდა, პოლიციამ დაკავების მიზეზად გადამღები ჯგუფის დაუმორჩილებლობა დაასახელა. მოგვიანებით შტატის გუბერნატორმა CNN-ის პრეზიდენტს, ჯეფ ზაკერს დაურეკა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა.

კალიფორნიის ქალაქებიდან შეტყობინებები მოდიოდა ქურდობასა და ყაჩაღობაზე. მანჰეტენში ძვირადღირებული მაღაზიების მეპატრონეები ამბობდნენ, რომ მათ საკუთრებაში უცხო პირები შეიჭრნენ.

დემონსტრაციებთან დაკავშირებული ძალადობის დროს აშშ-ში ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა. მისურიში ოთხ ოფიცერს ესროლეს, ბუფალოში კი ორ პოლიციელს მანქანა დაეჯახა.

პოლიციის სოლიდარობა და მოხდილი ჩაფხუტები

ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო ქუჩაში გამოსულებს რამდენიმე ქალაქში სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიციელებმაც. ასობით პოლიციელი მუხლს იდრეკდა და ამით მწუხარებას გამოთქვამდა.

მიჩიგანში პოლიციის შერიფმა თავისი აღჭურვილობა მოიხსნა და მარშის მონაწილეებს შეუერთდა. მან სხვა ოფიცრებსაც მოუწოდა, აღჭურვილობა და ჩაფხუტები მოეხსნათ.

"მსურს ამისგან მსვლელობა შევქმნა და არა პროტესტი", — განაცხადა შერიფმა კრის სვენსონმა.

"ჩვენ მთელი ღამე ვივლით", — მის სიტყვებს ტაშით შეხვდნენ.

ნიუ-ჯერსიში შერიფი ჯო ვისოცკი მარშის მონაწილეებს შეუერთდა და ხელში ბანერიც დაიჭირა.

"ხელგაშლილად შემხვდნენ. ამ ვიდეომ ამერიკაში ყველა კარგი პოლიციელი აღაშფოთა", — განაცხადა ვისოცკი.

ნიუ-ჯერსის პოლიცია დემონსტრანტების გვერდით

ფოტო: AF

ნიურ-იორკის პოლიციის მთავარმა ოფიცერმა აქტივისტების წინაშე მუხლი მოიდრიკა:

"ყველამ ვიცით, მინესოტა შეცდომა იყო. აქ არ არის პოლიციელი, რომელიც ფიქრობს, რომ მინესოტას გამართლება შეიძლება".

ჰიუსტონის პოლიციის უფროსმა კი პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ ისინი ერთად გაივლიდნენ მარშს.

ჰიუსტონში პოლიციელები აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ

ფოტო: AFP

Say His Name — აქციები გრძელდება

ჯორჯს ფლოიდის სოლიდარობის აქციები არაერთ ქვეყანაში იმართება. პოლიციის მიერ აფროამერიკელის მკვლელობას არაერთი ცნობილი ვარსკვლავი და სპორტსმენი გამოეხმაურა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობა შეშფოთებულია ჯორჯ ფლოიდის ამბით. ბრიუსელში საუბრის დროს ბორელმა აღნიშნა, რომ პოლიციამ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.

"ჩვენ გვჯერა ამერიკელების გაერთიანების, ერის განკურნებისა და ასეთ რთულ დროს პრობლემების გადაჭრის უნარის. და მომეცით საშუალება განვმეორდე, რომ ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა. შავკანიანების სიცოცხლეც მნიშვნელოვანია", — განაცხადა ბორელმა.

დიდი ბრიტანეთი

ლონდონი

ფოტო: Getty Images

საფრანგეთი

პარიზი

ფოტო: Getty Images

იტალია

მილანი

ფოტო: Getty Images

სირია

იდლიბი

ფოტო: Getty Images

ახალი ზელანდია

ფოტო: Getty Images

მიუხედავად იმისა, რომ დერეკ შოვინი უკვე დაკავებულია, ჯორჯ ფლოიდის ოჯახის წევრებიც და დემონსტრანტებიც მოითხოვენ, რომ დანარჩენი სამი პოლიციელიც დააკავონ, რომლებმაც კოლეგის შესაჩერებლად არაფერი მოიმოქმედეს და გულგრილობა გამოიჩინეს.

პირველ ივნისს გამართულ აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ანორ კელიმ განაცხადა, რომ პროტესტი შეწყდებოდა, თუ დანარჩენ ოფიცრებსაც დააკავებდნენ:

"ისინი მზად არიან ათასობით ადამიანი დააკავონ, ოღონდ ოთხი ადამიანის დაკავება აირიდონ თავიდან".

აქციები გრძელდება და დემონსტრანტები გაჩერებას არ აპირებენ.