47 წლის სამოქალაქო აქტივისტი მინსკიდან, ინნა იანუშკევიჩი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში 15 წელია მონაწილეობს. ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ის გენოციდს უწოდებს. ინნას თქმით, აქციის მონაწილეები არც ძალადობის მომხრეები არიან და არც ფაშისტები ნაცისტური დროშებით, როგორც ამას ლუკაშენკო სახელისუფლებო მედიის საშუალებით წარმოაჩენს.

ფოტო: იანა იანუშკევიჩის ფეისბუქ ანგარიში

"აბსურდია წითელი და თეთრი ლენტების კომბინაციის აკრძალვა და მარაზმია ბრძოლა ამ ყველაფერთან [თეთრი დროშები წითელი ზოლით შუაში, ოპოზიციის სიმბოლოა]. ჩვენ არჩევნებზე ხმები მოგვპარეს, ცვლილებებისა და მთავრობის შეცვლის მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა. ჩვენ აღარ გვინდა საბჭოთა კავშირის პაროდიის მატრიცაში ცხოვრება, დაგეგმილი ეკონომიკითა და სამთავრობო კლანებით", — ამბობს აქტივისტი On.ge-სთან.

იანუშკევიჩის თქმით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათმა შვილებმა შიშის გარეშე ნამდვილ ევროპულ და თავისუფალ ბელარუსში იცხოვრონ.

ჩვენ აღარ გვინდა საბჭოთა კავშირის პაროდიის მატრიცაში ცხოვრება, დაგეგმილი ეკონომიკითა და სამთავრობო კლანებით

ინნა იანუშკევიჩი, აქტივისტი

ვიტალი ციგანკოვი რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურის პოლიტიკური მიმომხილველია. მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ის და მისი ცოლი ოლგა საგზაო პოლიციამ [გაი] დააკავა — ოლგას პისტოლეტი თავში დაუმიზნეს, ხოლო ვიტალის სცემეს. ამის შემდეგ ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ფოტო: ვიტალი ციგანკოვის ფეისბუქ ანგარიში

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ბელარუსში მიმდინარე პროცესებს ევროპაში 21-ე საუკუნის ყველაზე მასობრივ პოლიტიკურ რეპრესიებს უწოდებს. On.ge-სთან საუბარში ის ჰყვება, რომ საპრეზიდენტო კამპანიიდან მოყოლებული დღემდე ბელარუსში 30 000 ადამიანი დააკავეს და დღემდე ასე გრძელდება. მაგალითად, 13 დეკემბერს მინსკსა და სხვა ქალაქებში, ბელარუსის უფლებადამცველი ორგანიზაცია VIASNA-96-ის ინფორმაციით, ძალოვანებმა 200-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

"მომიტინგეებს აქციის მიმდინარეობისას არ აკავებენ ხოლმე. მათ მაშინ იჭერენ, როცა მიმოიფანტებიან — ძირითადად, მაღაზიებთან ან მეტროსადგურებთან ელოდებიან. მერე უკვე ეზოებშიც იჭრებიან და ხდება ისეც, რომ შემთხვევით ადამიანებსაც იჭერენ. მათ ფიზიკურად უსწორდებიან, მერე მიდის სასამართლო განხილვები და არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის ბრალდებით 10-15 დღიან პატიმრობას უსჯიან ხოლმე", — გვიყვება ვიტალი.

მისივე თქმით, სასამართლოს იურიდიულ სამართლიანობასთან არანაირი კავშირი აქვს და მოსამართლეები იმას აკეთებენ, რასაც მილიცია უკარნახებს.

აქციების ჩატარების შეცვლილი ტაქტიკა

ადგილობრივი გამოცემა Naviny.by-ს რედაქტორი, პაველ დაბრავოლსკი On.ge-ს უყვება, რომ ძალოვანი უწყებების მიერ დემონსტრანტების დიდი რაოდენობის დაკავების გამო, ტაქტიკა შეიცვალა და ახლა ხალხი ნაწილ-ნაწილ, ჯგუფებად იკრიბება. საბოლოო ჯამში კი გამოდის, რომ მინსკში ერთდროულად რამდენიმე ათეული მიტინგი მიმდინარეობს. ჟურნალისტის თქმით, ეს ტაქტიკა საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, რადგან ძალოვნები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეკრებილ დემონსტრანტებს ვერ უმკლავდებიან. მაგალითად, 13 დეკემბერს, კვირას მინსკსა და სხვა ქალაქებში 120-ზე მეტი მსვლელობა გაიმართა.

საპროტესტო აქცია ტყეში

ფოტო: TUT.BY

"ყველგან ვერ იქნებიან. ამიტომ, ასე უფრო ნაკლებ ადამიანს იჭერენ. თუ, მაგალითად, ამ სტრატეგიამდე, მარშზე 1 000 მომიტინგეს აკავებდნენ, ახლა 200-300 დაკავებული გვყავს", — ამბობს პაველი On.ge-სთან.

ის, ასევე, აღნიშნავს, რომ დაკავებების დროს ძალოვნებისგან არ ხდება გარჩევა, არიან თუ არა ისინი აქციის მონაწილეები და ხდება ისეც, რომ ზოგჯერ ბავშვებსაც იჭერენ მშობლებთან ერთად. მისი თქმით, შემთხვევითი მოქალაქეების დაკავების ფაქტებიც ხშირია. ჟურნალისტი ამ ყველაფერს დაშინების პოლიტიკას უკავშირებს, რაც არ მუშაობს, რადგან, როგორც პაველი ამბობს, გათავისუფლების შემდეგ მომიტინგეები პროტესტის ტალღას ისევ უბრუნდებიან.

ფოტო: ვადიმ ზამიროვსკი/TUT.BY

"მეც დამაკავეს აქციებში მონაწილეობის ბრალდებით, 15 დღე-ღამე გავატარე იზოლატორში. ვიდეოს ვიღებდი სოციალური ქსელისთვის და სადღაც 1-2 კვირის შემდეგ სახლში მომაკითხა მილიციამ. მანახეს ფოტო, სადაც ერთ-ერთ მიტინგზე მუშაობის დროს ვჩანდი. მე, რა თქმა უნდა, არ უარვყავი და ასეთი ისტორიები ძალიან ბევრია", — გვიყვება ის.

გათავისუფლების შემდეგ მომიტინგეები პროტესტის ტალღას ისევ უბრუნდებიან

პაველ დაბრავოლსკი

აღსანიშნავია, რომ პაველი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა 2014 წელსაც დააკავეს.

როგორია ერთი დღე მინსკში?

TUT.BY-ს ჟურნალისტი ბელარუსის ქალაქ გროდნოდან, ალგუნია კომიაგინა On.ge-სთან ბელარუსში არსებულ ორ რეალობაზე ჰყვება. მისი თქმით, ერთი მხრივ, არის საკმაოდ დიდი საპროტესტო განწყობა, კვირაობით მინსკში მიტინგები იმართება, დროდადრო სხვადასხვა პროფესიის ადამიანები იფიცებიან. ამ ყველაფერის გამო არის რეპრესიები — მაღაზიებს ამოწმებენ იმის გამო, რომ ისინი ჯერ კიდევ 26 ოქტომბერს გაიფიცნენ; აივნებსა და ფანჯრებზე დროშების გადმოფენისთვის მოქალაქეებს სასჯელს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლით უსჯიან, მოქალაქეებს სჯიან წარწერების გამო და ყოველ კვირას ასეულობით დაკავებულია.

ფოტო: ალგუნია კომიაგინას ფეისბუქ ანგარიში

ამ ყველაფერის ფონზე კი, ჟურნალისტის თქმით, თითქოს, ქალაქში სიმშვიდეა და ხალხი სამსახურებში, კაფეებში დადის, მაღაზიები ღიაა. რეგიონებში აქციის მონაწილეთა რიცხვმა ოდნავ იკლო. ალგუნია ამას ძალოვნების რიცხოვნობის სიმრავლესა და დემონსტრანტების სიმცირეს უკავშირებს, რადგან ხალხს დაკავებების ეშინია.

ორი პარალელური რეალობა ბელარუსში

ფოტო: ანდრეი მიალეშკა

"პარალელურად, სამთავრობო ტელევიზიებით უწყვეტი პროპაგანდა მიდის — გარეთ, თითქოს, ფულზე მოსყიდული ხალხი დგას. ამ მხრივ, სახელმწიფოს რიტორიკა არ შეცვლილა. გისოსებს მიღმა რჩებიან პოლიტპატიმრები: სამოქალაქო აქტივისტები, ეკონომისტები, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრები, ჟურნალისტები. იმ ხალხის სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, რომლებსაც მილიციის თანამშრომლებზე ძალადობაში ადანაშაულებენ. თუმცა, ამ დრომდე არცერთი სისხლის სამართლის საქმე ძალოვნების წინააღმდეგ არ აღძრულა", — გვიყვება ალგუნია.

"ბელარუსი ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო"

ფრილანსერი ჟურნალისტის, ალეს კირკევიჩის თქმით, ბელარუსში მიმდინარე მოვლენები ხელისუფლების თვალში "ამბოხია". ამიტომ "ამბოხებულების მიმართ" შესაბამის ზომებს იყენებენ: ცრემლსადენ გაზს, ყუმბარებს, რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს. ალესი On.ge-სთან ყვება, რომ პროტესტის დაკავებული მონაწილეების ნაწილს ციხეებში აწამებენ. ის ამბობს, რომ, საბოლოოდ, ასეთი ტაქტიკა ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს და პროტესტს კვებავს.

ფოტო: BELSAT.EU

"იქნება ცვლილებები. ბელარუსი ნამდვილად არ იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო. ექსპერტები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ — ძალაუფლების მშვიდობიანი ტრანზიტიდან გადატრიალებამდე. არავინ იცის, რა მოხდება რეალურად. "ხავერდოვანი რევოლუციის" ვარიანტი, როცა ასობით ათასი ადამიანი უბრალოდ გამოდის ქუჩაში და ხელისუფლება კაპიტულირებს, არ მუშაობს. ამიტომ, რაღაც სხვანაირად უნდა მოხდეს. 2021 წელი ბელარუსისთვის გადამწყვეტი იქნება", — გვეუბნება ის.

მიზანმიმართული "ნადირობა" ჟურნალისტებზე

მომიტინგეების მსგავსად, საპროტესტო აქციებზე ხშირი დაკავებების გამო, მუშაობის სტილის შეცვლა მედიის წარმომადგენლებსაც მოუწიათ. წარწერა PRESS-ის ჟილეტიან ჟურნალისტებს მაშინვე იჭერდნენ, ამიტომ მიტინგების გაშუქება მედიის წარმომადგენლებმა ჟილეტების გარეშე დაიწყეს.

"30 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ჟურნალისტის მოწმობა სულ მიცავდა. აქციაზე თუ ვინმე დამაკავებდა, ვაჩვენებდი პრესბარათს და მაშინვე მანებებდნენ თავს. ახლა არა მხოლოდ აკავებენ, არამედ მიზანმიმართულად "ნადირობენ" მედიის წარმომადგენლებზე. უშუალოდ აქციაში მონაწილეობას გვედავებიან", — გვეუბნება ვიტალი ციგანკოვი.

საპროტესტო აქციების დაწყებამდე, ჟურნალისტების თავიდან მოცილების მიზნით, მათ მასობრივად აკავებენ

ფოტო: TUT.BY

ბელარუსში თავს დაცულად მხოლოდ სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები გრძნობენ. დამოუკიდებელ და კრიტიკულ რეპორტიორებს კი ლუკაშენკოს ხელისუფლება არ წყალობს.

"ჩემს კოლეგას რადიო თავისუფლებადან სახლში მიაკითხეს და აჩვენეს ვიდეო, სადაც ის მომიტინგეებთან ერთად უბრალოდ მიდიოდა. აქციაში მონაწილეობის ბრალდებით მას 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

იყო ასეთი შემთხვევაც — ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი სასტუმროს ნომრიდან იღებდა. ისინი, ასევე, ცხოვრობდნენ იმავე სასტუმროში. ერთ-ერთი ასეთი გადაღების დროს, ძალოვანები შეიჭრნენ და ჟურნალისტები თავიანთი ოპერატორებითურთ არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს", — გვიყვება რადიო თავისუფლებას ჟურნალისტი.

30 წელია ჟურნალისტიკაში ვარ და ჟურნალისტის მოწმობა სულ მიცავდა. ახლა არა მხოლოდ აკავებენ, არამედ მიზანმიმართულად "ნადირობენ" მედიის წარმომადგენლებზე. უშუალოდ აქციაში მონაწილეობას გვედავებიან

ვიტალი ციგანკოვი, ჟურნალისტი

ბელარუსელი ჟურნალისტების თქმით, ამჟამად, მათი ორი კოლეგა: ბელსატის ეკატერინა ანდრეევა და მთავარი ბელარუსული პორტალის, TUT.BY-ის ჟურნალისტები ციხეშია.

ამავდროულად, ბელარუსის სასამართლომ დამოუკიდებელ ონლაინ გამოცემა TUT.BY-ს მედიის სტატუსი ჩამოართვა. როგორც ხელისუფლებაში ამტკიცებენ, სარჩელის საფუძველი რამდენიმე მასალაში გამოკვეთილი არაზუსტი ინფორმაციისთვის გაფრთხილების მიცემა გახდა. მანამდე, ინფორმაციის სამინისტრომ TUT.BY-ს მედიის ლიცენზია დროებით, პირველი ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე ვადით ჩამოართვა.

წარწერა ბანერზე ერთ-ერთი აქციის დროს: ხელები შორს TUT.BY-სგან

ფოტო: TUT.BY

მედიის სტატუსის ჩამორთმევის გამო TUT.BY-ს ჟურნალისტები სახელმწიფო ორგანოებს ოფიციალური ინფორმაციისთვის ვეღარ მიმართავენ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას პრესკონფერენციებში. სასამართლოს გადაწყვეტილება მედიას, ასევე, მიტინგებზე მუშაობის საშუალებას ართმევს.

TUT.BY არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ონლაინ მედია პლატფორმა ბელარუსში, რომელიც 2000 წლიდან მუშაობს. 2019 წლამდე მას მედიის სტატუსი არ ჰქონია.

ამასთანავე, ლუკაშენკოს მთავრობა უცხოურ მედიებსაც მისწვდა და ქვეყნის საგარეო უწყებამ, 2 ოქტომბერს, ყველა უცხოელ ჟურნალისტს აკრედიტაცია გაუუქმა.

ვინ გამოდის ქუჩაში?

პენსიონერების მარში ბელარუსში

ფოტო: TUT.BY

სტუდენტები, პენსიონერები, სახელმწიფო ქარხნებისა და საწარმოების მუშები, ტრანსპორტის თანამშრომლები, მეშახტეები, მასწავლებლები და უბრალოდ მოქალაქეები, რომლებსაც ცვლილებები სურთ — საპროტესტო აქციებსა და საყოველთაო გაფიცვებში სხვადასხვა პროფესიისა და ასაკობრივი კატეგორიის მოქალაქეები მონაწილეობენ.

შშმ პირების მარში მინსკში. წარწერა ფოტოზე: "მე უბრალოდ ბრძანებას ვასრულებდი" — ნიურნბერგში ნაცისტებს არ დაეხმარა!

ფოტო: TUT.BY

მაგალითად, პენსიონერები ქუჩებში იმის სათქმელად გამოვიდნენ, რომ 1994 წელს, ლუკაშენკოს არჩევით, შეცდომა დაუშვეს და გამოსწორებას საჭიროებს. სამოქალაქო აქტივისტ ინნა იანუშკევიჩის თქმით, აქციის სხვა მონაწილეების მსგავსად, მსვლელობის დროს 60-დან 79 წლამდე პენსიონერებიც დააკავეს.

გაიმართა სპეციალური საჭიროების მქონე პირების მსვლელობაც.

სასტიკად ჩაახშეს ქალთა მსვლელობაც. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გაჩნდა გამონათქვამი: "თუ არ დაგაკავეს და ციხეში თუ არ იჯექი, როგორი ბელარუსელი ხარ". ინნა იანუშკევიჩი On.ge-ს უყვება, რომ რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ციხეში მოხვედრის შიში გაუქრა.

ქალთა მარში ბელარუსში

ფოტო: TUT.BY

როდემდე გაგრძელდება აქციები და რა ბედი ელის ბელარუსს?

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ზამთრის მიუხედავად, აქციები გაგრძელდება. შესაძლოა, ფორმა/ტაქტიკა შიგადაშიგ შეიცვალოს, თუმცა, მათი თქმით, პროტესტი არ შეწყდება.

ბელარუსელები ხვდებიან, რომ ქვეყანაში ლუკაშენკოს ხელისუფლება ახლო მომავალში არ შეიცვლება, მაგრამ აშკარაა ისიც, რომ ადგილობრივებს არც არაკანონიერი მმართველის წესებით ცხოვრება სურთ. ლუკაშენკოს ხალხის უმრავლესობა პრეზიდენტად არ აღიარებს.

როგორ დაიწყო ყველაფერი

ბელარუსი ხალხი 9 აგვისტოს გამოქვეყნებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, რომლის თანახმადაც, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო და როგორც თვითონ განაცხადა, გაიმარჯვა. მომიტინგეები ითხოვენ:

  • ლუკაშენკო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგეს და რიგგარეშე არჩევნების მის გარეშე გაიმართოს;
  • გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები;
  • შეწყდეს პოლიციური ძალადობა.

ძალოვნები დემონსტრანტს მისდევენ

ფოტო: ტასი

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან, 9 აგვისტოს დაიწყო. არჩევნებზე მთავარი კონკურენტები სვეტლანა ტიხანოვსკაია და მოქმედი პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო იყვნენ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ლუკაშენკომ ხმების 80% აიღო, ტიხანოვსკაიამ — 10%. მოსახლეობის უმრავლესობამ არჩევნების ეს შედეგები არ ცნო და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩებში უპრეცედენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა.

მარცხნივ ვერონიკა ცეპკალო, სვეტლანა ტიხანოვსკაია და მარჯვნივ მარია კოლესნიკოვა/ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნები

ფოტო: Celestino Arce Lavin / Zuma Wire / Rex / Shutterstock

საპროტესტო აქციებს ლუკაშენკომ მაშინვე რეპრესიები დაუპირისპირა. დემონსტრანტების დაკავებები პროტესტის პირველივე დღიდან დაიწყეს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებდნენ.

არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში ტიხანოვსკაიას ქვეყნის დატოვება მოუხდა. მან თავშესაფარი ლიტვაში მიიღო. მინსკსა და მოსკოვში კი მასზე ძებნა გამოცხადდა. ტიხანოვსკაიას მომხრეები ირწმუნებოდნენ, რომ მან ეს გადაწყვეტილება სამთავრობო ძალების ზეწოლის შედეგად მიიღო.

ტიხანოვსკაიას ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა, რომლის თითქმის ყველა წევრი დაიჭირეს, ნაწილმა კი თავს ქვეყნიდან გაქცევით უშველა.

გამარჯვების მოედანი მინსკში, 16 აგვისტოს გადაღებული ფოტო

ფოტო: TUT.BY

საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ვერონიკა ცეპკალო, ასევე, იძულებული გახდა ქმართან ერთად ბელარუსი არჩევნების დასრულებისთანავე დაეტოვებინა.

ამ დრომდე დაკავებულია საკოორდინაციო საბჭოს წევრი, მარია კოლესნიკოვა. მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია 7 სექტემბერს გავრცელდა.

ოპოზიციურ ორგანიზაციებთან კავშირის გამო, 25 აგვისტოს, საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს ბელარუსელი მწერალი და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი, სვეტლანა ალექსიევიჩი.

აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგებს აშშ და ევროპის ქვეყნები არ აღიარებენ. ისინი ბელარუსის ხელისუფლებას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ.

ევროკავშირმა არჩევნების გაყალბებისა და აქციის მონაწილეების მიმართ რეპრესიების გამო ბელარუსის 40 ჩინოსანს სანქციები ოქტომბერში დაუწესა. სანქციების ჩამონათვალში მოხვდნენ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები, ასევე, ცესკოს მთელი შემადგენლობა.

ნოემბერში ევროკავშირმა ეს სია გააფართოვა და მასში ლუკაშენკო და 14 სხვა მაღალჩინოსანი შეიყვანა. სანქციები მოიცავს ევროკავშირის ტერიტორიაზე მოგზაურობის შეზღუდვასა და საბანკო ანგარიშების გაყინვას.

მინსკში 29 ნოემბერს დააკავეს მოქალაქე, რომელსაც ხელში ცელოფნის პარკი ეჭირა

ფოტო: TUT.BY

ინდივიდუალურ სანქციები ლუკაშენკოს კანადამ და დიდმა ბრიტანეთმაც დაუწესა. სიები გამოაქვეყნეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც.

დეკემბერში, შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ლუკაშენკოსა და კიდევ 14 ბელარუს ჩინოსანს აქტივები გაუყინა და აგრეთვე, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

ევროპის უკანასკნელ დიქტატორად წოდებული ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან, 26 წელია მართავს. მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის თვალში მან ლეგიტიმურობა დაკარგა, ის, ჯერჯერობით, არსად წასვლას აპირებს.

ჯერჯერობით, ისევ გაურკვეველია, რა იქნება მომავალში. სავარაუდოდ, ახალ წელს ბელარუსელებს ტელეეკრანებიდან ისევ ლუკაშენკო მიულოცავს, მაგრამ მთავარია, ბრძოლის განწყობა აქვთ და ის არსად გამქრალა. უფრო მეტიც — On.ge-ს რესპონდენტები ამბობენ, რომ რაც ახლა ბელარუსში ხდება, ასეთი პროცესები მათ აქამდე არ ახსოვთ. მართალია, მთავრობა პროტესტის ჩასახშობად ძალოვან უწყებებსა და ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, მაგრამ მოსახლეობა არ ნებდება. მათ ძალადობრივი მთავრობისგან თავის დაღწევა და თავისუფალ გარემოში ცხოვრება სურთ.