როცა ტვინიდან სიმსივნეს კვეთდნენ, მევიოლინე გერშვინსა და მალერს უკრავდა
მევიოლინე დაგმარ ტერნერს 53 წლის ასაკში თავის ტვინის სიმსივნე აღმოაჩნდა, რაც ქალის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა. მას ნეიროქირურგიული ოპერაცია ლონდონის საავადმყოფოში ჩაუტარდა.
მსგავსი ნეიროქირურგიული ოპერაციები დიდ სიზუსტეს მოითხოვს. არის შემთხვევები, როცა ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტი გადაადგილების ან ლაპარაკის უნარს კარგავს. იმისთვის, რომ მევიოლინე დარწმუნებულიყო, რომ ექიმებმა მას მოტორული ფუნქციები არ დაუზიანეს, 53 წლის მუსიკოსი ოპერაციის დროს ვიოლინოზე უკრავდა.
მთავარი ქირურგის, პროფესორი კეიომარს აშკარის თქმით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა:
"ჩვენ სიმსივნის 90%-ის მოშორება შევძელით ისე, რომ მოტორული ფუნქციები არ დავაზიანეთ".
ტერნერმა საავადმყოფო ოპერაციიდან სამ დღეში დატოვა და იმედოვნებს, რომ მალე ვაითის სიმფონიურ ორკესტრს დაუბრუნდება. ის ოპერაციით და ნეიროქირურგით ძალიან კმაყოფილი იყო.
"იმის გაფიქრებაც, რომ დაკვრის უნარს დავკარგავდი დამთრგუნველი იყო, თუმცა პროფესორ აშკანს, რომელიც თავად მუსიკოსია, ჩემი წუხილი კარგად ესმოდა. მან გუნდთან ერთად ოპერაცია ფრთხილად დაგეგმა, რათა ამ პროცესში დაკვრა შემძლებოდა", — ამბობს დაგმარ ტერნერი.
კომენტარები