ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა ქვეყანა ჩიხში შეყვანა, ლელო კი ახალი ძალაა, რომელიც ქვეყანაში შეცვლის ორპოლუსიანობას.

"ლელო ეიქმნა იმისთვის, რომ ეს ერთი და იგივე მდგომარეობა, რომელშიც წლებია ჩვენი ქვეყანა, დამთავრდეს. სააკაშვილმა და ივანიშვილმა შეყვანა ქვეყანა ჩიხში. ამ ორმა ადამიანმა თავიანთი ამბიციებით და ჯიბრით შეიყვანა ეს ქვეყანა გამოუვალ მდგომარეობაში. მათ არ უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა. კანონი უნდა კანონობდეს. ჩვენ კი ამ მდგომარეობას შევცვლით. ამის მთავარი საწყისი კი სამართლიანი არჩევნებია. დღეს არჩევნების გაყალბების საკითხს, იმ სასამართლოში ვამტკიცებთ, რომელიც ნაციონალებმა ჩააბარეს ივანიშვილს. ეს უნდა შეიცვალოს დაუყოვნებლივ. არ მაინტერესებს ორპოლუსიანობა, ხალხისთვის სულ ერთია ვინ მოვა ხელისუფლებაში მთავარია მათ პრობლემები გადაუჭრას. ესაა დღეს მნიშვნელოვანი", — აღნიშნა ხაზარაძემ.

ლელოს თავმჯდომარის განმარტებით, მას პარტია საკუთარი ბიზნესის დასაცავად კი არ შეუქმნია, არამედ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს დაეხმაროს და ქვეყანა ეკონომიკურად გააძლიეროს.

"ამ სიტუაციაში დათმობა არ იქნება. რა სასჯელიც არ უნდა მომცენ, ხმის ქურდებთან ერთად პარლამენტში არ დავჯდებით. ეს პრინციპის საკითხია. ჩვენი უცხოელი პარტნიორების განცხადებებშიც მკვეთრად ხაზგასმულია, რომ ცესკოსა და ხელისუფლების ურთიერობა გამიჯნული არ იყო. პასუხისმგებლობა კი ეკისრება იმ ხალხს, ვინც არჩევნები გააყალბა", — აღნიშნა ხაზარაძემ.