ილონ მასკის ჩატბოტი Grok აშშ-ის სამხედრო სისტემებში ინტეგრირდება
ფოტო: Financial Express
აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის თქმით, მიმდინარე თვეში იგეგმება, რომ ილონ მასკის ჩატბოტი Grok პენტაგონის სისტემებში ინტეგრირდეს. მან ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის სათავო ოფისში ყოფნისას განაცხადა.
"ძალიან მალე ჩვენი დეპარტამენტის ღია და გასაიდუმლოებულ ქსელებში მსოფლიოს წამყვანი ხელოვნური ინტელექტის (AI) მოდელები გვექნება", — თქვა მან.
ჰეგსეტმა AI-ს ათვისებასთან დაკავშირებული სტრატეგიაც დააანონსა. მისი აზრით, ეს ბიუროკრატიულ ბარიერებს შეამცირებს, მეტი ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას მისცემთ, ინვესტიციებზე იქნება ორიენტირებული და ისეთ მიდგომასთან დააახლოებთ, რომლითაც სამხედრო AI სისტემებს შორის წამყვანი პოზიციის დაკავება იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის, დეკემბერში გავიგეთ, რომ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შიდა სამხედრო AI პლატფორმისთვის GenAI.mil საფუძვლად Gemini შეარჩია. ის Google-ის გენერაციული ხელოვნური ინტელექტია.
რაც შეეხება ახალ გადაწყვეტილებას, პიტ ჰეგსეტმა ისიც აღნიშნა, რომ ციფრული და ხელოვნური ინტელექტის განყოფილების ხელმძღვანელი მთელი ძალებით ეცდება, რომ AI-სთვის ყველა შესაბამისი ინფორმაცია სათანადო IT სისტემებში ხელმისაწვდომი გახადოს.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გასულ წელს 200-მილიონდოლარიანი კონტრაქტები გააფორმა Anthropic-თან, Google-თან, OpenAI-სთან და xAI-სთან (ილონ მასკის კომპანია). ეს დაფინანსება მათ მისიების სხვადასხვა ეტაპზე გამოსაყენებელი AI აგენტების შესაქმნელად გადაეცათ.
Grok სოციალურ ქსელ X-შია ჩაშენებული; ბოლო კვირებში ის საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა იმ სექსუალური და ძალადობრივი შინაარსის სურათების გამო, რომელსაც აგენერირებს. მას შემდეგ პლატფორმაზე ფასიანი პაკეტის გამომწერებისთვის გენერაციის ზოგიერთი ფუნქცია შეიზღუდა, თუმცა ინდონეზიამ და მალაიზიამ ამ ჩატბოტზე წვდომა მაინც დროებით შეზღუდა.
უნდა აღინიშნოს, რომ Grok-ის მიერ გენერირებულ მასალას მითქმა-მოთქმა აქამდეც მოჰყოლია. მაგალითად:
- ილონ მასკის Grok AI მცდარ ინფორმაციას ავრცელებს, თითქოს ჩარლი კირკი ცოცხალია
- ილონ მასკის ჩატბოტი ChatGPT-ის პასუხებს იმეორებს — პლაგიატია თუ არა?
კომენტარები