ვის ემუქრება სიკვდილი მოსალოდნელზე ადრე? — ეს შეიძლება კბილების მდგომარეობამაც გვითხრას
ფოტო: grubermichael1/500px/Getty Images
არაერთი კვლევა მიანიშნებს, რომ დაკარგული კბილების რაოდენობა შეიძლება მოსალოდნელზე ადრე სიკვდილს მოასწავებდეს. ახალი ნაშრომის მიხედვით, რაოდენობის გარდა, შეიძლება შემორჩენილი კბილების მდგომარეობაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს.
იაპონიაში მკვლევრებმა 190 282 ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული და სტომატოლოგიური ჩანაწერები შეისწავლეს. მონაწილეთა ასაკი მინიმუმ 75 წელი იყო. მკვლევრებმა თითოეული კბილის მდგომარეობა შემდეგ კატეგორიებად დაყვეს: დაკარგული, ჯანსაღი, დაპლომბილი (სტომატოლოგის მიერ აღდგენილი) და კარიესული.
ანალიზმა აჩვენა, რომ ჯანმრთელი და აღდგენილი კბილები დაახლოებით ერთნაირი ხარისხით უკავშირდებოდა შედარებით მცირე სიკვდილიანობას. რაც მეტი კბილი ჰქონდა ადამიანს დაკარგული ან კარიესული, მით მაღალი იყო სიკვდილის რისკიც. საგულისხმოა, რომ მსგავსი შედეგებია მიღებული სხვა კვლევებითაც.
"ჯანსაღი და აღდგენილი კბილების ჯამურმა რაოდენობამ იმაზე ზუსტად მოასწავა სიკვდილიანობა (ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული), ვიდრე ცალკე ჯანსაღი კბილების რაოდენობამ ან ჯანსაღი, დაპლომბილი და კარიესული კბილების ერთად აღებულმა რაოდენობამ", — ვკითხულობთ ახალ ნაშრომში.
ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ სიკვდილიანობაში იმის ალბათობა მოიაზრება, რომ ადამიანი მოსალოდნელზე მალე მოკვდება მიზეზებისდა განურჩევლად. მიიჩნევა, რომ პირის ღრუს სიჯანსაღე ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთან მჭიდრო კავშირშია, თუნდაც ანთების ან მსგავსი სხვა ფაქტორების გავლენით.
მკვლევრების აზრით, კბილის დაკარგვამ ან კარიესმა შეიძლება ქრონიკულ ანთებამდე მიგვიყვანოს, რომელიც პოტენციურად სხეულის სხვა ნაწილებშიც გავრცელდება. ნაკლები კბილის ქონისას ღეჭვაც რთულია, ამიტომ ამან შეიძლება რაციონზეც იმოქმედოს.
გამოდის, კბილების მოვლითა და დაპლომბვით არამხოლოდ პირის ღრუს ჯანსაღ იერსახეს შევინარჩუნებთ, არამედ შეიძლება შედარებით ადრე სიკვდილიც ავირიდოთ თავიდან.
ნაშრომის ავტორები აღიარებენ, რომ მიგნებებზე შეიძლება ისეთ ფაქტორებსაც ემოქმედა, რომლებიც კვლევის ფარგლებში არ გაუთვალისწინებიათ. მაგალითად, პირის ღრუს არასათანადო მოვლა შეიძლება დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის შედეგი იყოს, რაც ასევე ზემოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვლევის მიგნებები სხვა ნაშრომის შედეგებსაც ემთხვევა. ეს უკანასკნელი ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა გამოცემაში Geriatrics & Gerontology. მკვლევრებმა კვლევა 11 080 ხანშიშესულზე ჩაატარეს და პირის ღრუს მდგომარეობის არაერთი ასპექტი მოიცვეს, იქნება ეს: კბილის ნაკლებობა, ღეჭვის/ყლაპვის პრობლემები, პირის სიმშრალე და მეტყველების სირთულე.
ნაშრომის მიგნებები შემდეგნაირია: ადამიანებს, რომელთაც აქედან სამი ან მეტი სიმპტომი აღენიშნებოდათ, 1,23-ჯერ მაღალი ჰქონდათ ხანგრძლივი მზრუნველობის საჭიროების რისკი; 1,34-ჯერ მეტი ჰქონდათ რისკი იმისა, რომ საკვლევი პერიოდის განმავლობაში მომკვდარიყვნენ. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჯანმრთელი პირის ღრუ უფრო ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების შანსსაც ზრდის.
ნაშრომის ავტორების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამომავლო კვლევებით არამხოლოდ კბილების რაოდენობა, არამედ მათი მდგომარეობაც გაითვალისწინონ. უნდა გაირკვეს, რა იწვევს ნაშრომით გამოვლენილ კავშირს — რატომაა მალე სიკვდილის ალბათობა შედარებით მაღალი იმ ასაკოვან ადამიანებში, რომლებსაც შედარებით ნაკლები კბილი აქვთ.
ნაშრომი გამოცემაში BMC Oral Health გამოქვეყნდა.
კომენტარები