რატომ გამოირჩევიან მოზარდები რისკიანი ქცევებით — კვლევა
ფოტო: Netflix
მოზარდები რისკიანი ქცევებით გამოირჩევიან — მაგალითად, აშშ-ში მოზარდები უფრო ხშირად იღუპებიან დაზიანებებისგან, ვიდრე პატარა ბავშვები. მაგრამ რატომ? რატომ ხდება, რომ ბიოლოგიური სიმწიფის პერიოდში რისკიანი ქცევებიც მატულობს?
შიმპანზეებზე ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ მოზარდობის პერიოდში რისკიანი ქცევა მის მიმართ მიდრეკილების გამო არ ჩნდება. კვლევების თანახმად, რისკიანი ქცევები ძირითადად ზედამხედველობის შემცირების გამო მატულობს.
მკვლევრებმა მსგავსი პროცესები შიმპანზეებში შეისწავლეს. ადამიანებში ფიზიკური რისკის შესწავლა რთულია, რადგან ეს არაეთიკურია. ამ შემთხვევაში მკვლევრებისთვის შიმპანზეები უკეთესი ალტერნატივაა. ისინი ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი ნათესავები არიან და მათი ცხოვრება ბუნებრივ გარემოში მუდმივად რისკების აღებასთან არის დაკავშირებული.
ფოტო: Arizona State University
შიმპანზეებზე დაკვირვებისას მკვლევარმა ბრაის მიურეიმ შენიშნა, რომ ზოგიერთი მოძრაობა, რომლებსაც ისინი ხეებზე გადაადგილებისას იყენებენ, სხვა მოძრაობებზე მეტად საშიშია.
როგორც წესი, შიმპანზეები ხეებზე ისე გადაადგილდებიან, რომ ტოტებს მკვეთრად ეჭიდებიან. მეორე მხრივ, ზოგ შემთხვევაში შიმპანზეები ტოტებს კიდურებს უფრო მალე უშვებენ. შესაბამისად, ძირს უფრო ხშირად ეცემიან.
სამწუხაროდ, მსგავსი დაშვება ყოველთვის უსაფრთხო არ არის და ზოგჯერ შიმპანზეებისთვის ის ფატალურად სრულდება.
ბრაის მიურეი დაინტერესდა, ხომ არ იყო მსგავსი ქცევები კონკრეტულ მახასიათებლებთან დაკავშირებული — მაგალითად, მსგავსი ქცევა ძირითადად მოზარდ შიმპანზეებს ხომ არ ახასიათებდათ?
ადამიანების შემთხვევაში, ითვლება, რომ რისკზე წასვლა კაცებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ქალებს. ადამიანებში ამას შეიძლება კულტურული ფაქტორებიც განსაზღვრავდეს, მაგრამ მეცნიერები დაინტერესდნენ, როგორი თანაფარდობა იყო ამ მხრივ შიმპანზეებში.
გაბედული ახალგაზრდა შიმპანზეები
მკვლევრებმა უგანდაში ასზე მეტი ველური შიმპანზე შეისწავლეს. მათი ასაკი 2–დან 65 წლამდე იყო.
კვლევამ აჩვენა, რომ შიმპანზეები ყველაზე გაბედულ და რისკიან მოქმედებებს 2–5 წლის ასაკში ავლენენ, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ტოტებზე რისკიანი ხტომის რაოდენობა ნელ-ნელა კლებულობს.
ზრდასრულებთან (15 წელზე უფროსები) შედარებით, პატარა შიმპანზეები სამჯერ უფრო ხშირად ავლენდნენ რისკიან ქცევას. 5-10 წლის ასაკში შიმპანზეებში ასეთი ქცევა (ზრდასრულებთან შედარებით) 2.5-ჯერ უფრო ხშირად დააფიქსირეს, მაშინ როცა 10-15 წლის შიმპანზეებში მხოლოდ ორჯერ უფრო ხშირად. 2 წლამდე შიმპანზეები დროის უმეტეს ნაწილს დედებზე ჩაჭიდებულები ატარებენ, ამიტომ ისინი კვლევაში არ ჩართეს.
შესაბამისად, მოზარდობა შიმპანზეების შემთხვევაში რისკიანი ქცევის მწვერვალს არ ნიშნავს — ის ასაკთან დაკავშირებული თანდათანობითი კლების ერთ-ერთი ეტაპია. გარდა ამისა, ამ მხრივ დიდი სხვაობა ვერც სქესს შორის აღმოაჩინეს.
მკვლევრების თქმით, დასკვნები ემთხვევა ძველ კვლევებს, რომლებიც ფოკუსირებულია აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ რისკებზე.
ექსპერიმენტის ფარგლებში შიმპანზეებს სთხოვდნენ აერჩიათ უსაფრთხო და შედარებით რისკიანი ვარიანტები: მაგალითად, ერთ მხარეს იყო ყუთი, რომელშიც გარანტირებულად იყო ჩვეულებრივი საჭმელი, როგორიცაა თხილი. მეორე მხრეს არჩევანი "იდუმალ ყუთზე" იყო, რომელშიც შეიძლება ყოფილიყო როგორც ძალიან სასურველი ნუგბარი, როგორიცაა ბანანი, ისე ბევრად ნაკლებად საინტერესო ვარიანტი — კიტრი.
შიმპანზეები ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ირჩევენ გარანტირებულ ვარიანტს — თხილს. მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ადამიანებშიც, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ერიდებიან რისკის აღებას.
მთლიანობაში, ორივე კონტექსტში, ხეებსა და ლაბორატორიაში, შიმპანზეები სქესობრივი მომწიფების პერიოდში ყველაზე რისკიანები არ იყვნენ.
ადამიანის შემთხვევაში
შიმპანზეს შემთხვევაში, დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ისინი მეტ თავისუფლებას იძენენ და უფრო დამოუკიდებლები ხდებიან. მიზეზი ძირითადად ისაა, რომ ამ ასაკში დედას შიმპანზის ხელში დაჭერა უჭირს.
ადამიანების შემთხვევაში ეს ასე არ არის. როგორც წესი, ბავშვს ყოველთვის მეთვალყურე ჰყავს — ეს შეიძლება იყოს მშობელი, უფროსი დედმამიშვილი, ბებია, ბაბუა, ნათესავი ან უბრალოდ მომვლელი.
აქედან გამომდინარე, რომ არა მეთვალყურეები, მკვლევრები ვარაუდობენ, ბავშვებიც უფრო მეტად რისკიანები იქნებოდნენ (შიმპანზეების მსგავსად). შესაბამისად, როგორც ჩანს, რისკიანობა არ იზრდება მოზარდობის პერიოდში, — ის ისედაც მომატებულია, უბრალოდ ადამიანის შემთხვევაში მოზარდი მეთვალყურეობისგან მეტად თავისუფლდება.
კომენტარები