მიაგნეს მტკიცებულებას, რომ 3 მილიარდი წლის წინ მარსის ნახევარი წყლით იყო დაფარული
ფოტო: Goddard Space Flight Center
რაც დრო გადის, მეტად ვრწმუნდებით, რომ მარსის ადრინდელი გარემო ამჟამინდელისგან განსხვავდებოდა — მის ზედაპირზე თხევადი წყალი არსებობდა. ახალი კვლევა ამას კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რადგან მეცნიერებმა მიაგნეს დასტურს, რომ დაახლოებით 3 მილიარდი წლის წინ წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნაწილს ოკეანე ფარავდა.
მეცნიერებმა მარსის მარინერის ხეობა შეისწავლეს, რომელიც მთელს მზის სისტემაში კანიონების უდიდესი სისტემაა. კერძოდ, მისი სიგანე 200 კილომეტრია, სიგრძე კი 4000 კილომეტრს შეადგენს. სპეციალისტებმა ამ უზარმაზარი წარმონაქმნის გეოლოგიური სტრუქტურები გააანალიზეს სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც კოპრატის კანიონი მდებარეობს. მიიჩნევა, რომ ამ ადგილზე ადრე ღრმა ტბა იყო.
გუნდმა განსაკუთრებული ყურადღება მის ისეთ ციცაბო ფერდზე გაამახვილა, რომელიც შიდა მიმართულების დინებებზე მიუთითებს. ყველა ასეთი მინიშნება მეტ-ნაკლებად ერთნაირ სიმაღლეზეა — ნულოვანი დონიდან -3750-იდან -3650 მეტრამდე. ამის მიხედვით ვარაუდობენ, რომ იქ წყლის დონე სტაბილურად ნარჩუნდებოდა და გარკვეულ არეალებში დაახლოებით 1 კილომეტრ სიღრმეს აღწევდა.
თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ წითელი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფერო დატბორილი იქნებოდა, რადგან იქ დაბლობებია. ასეთი გარემო სიცოცხლის განვითარების შანსებს გაზრდიდა, მაგრამ ამის დაზუსტება ჯერ არ შეგვიძლია (იხილეთ: მარსზე მოპოვებული ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანის მისია გაუქმდა).
"მარსს ისე ვიცნობთ, როგორც მშრალ, წითელ პლანეტას. ამის მიუხედავად, ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ ის ადრე ლურჯი იყო, დედამიწის მსგავსად. ასევე, ეს ცხადყოფს, რამდენად ძვირფასია პლანეტისთვის წყალი და რომ ის ოდესმე შეიძლება გაქრეს", — აცხადებენ ავტორები.
მათი ნაშრომი გამოცემაში npj Space Exploration გამოქვეყნდა.
კომენტარები