ცნობილია, რომელი კომეტა შეიძლება იყოს ყველაზე კაშკაშა 2026 წელს
ფოტო: Dimitrios Katevainis
4 თვეზე ნაკლებ დროში დედამიწას კომეტა C/2025 R3 მოუახლოვდება. პროგნოზირებენ, რომ 2026 წლის ყველაზე კაშკაშა ასეთი სხეული შეიძლება სწორედ ის იყოს და ღამის ცაზე გასაოცარი სანახაობა შემოგვთავაზოს.
იგი 2025 წლის 8 სექტემბერს ასტრონომიული სისტემით Pan-STARRS აღმოაჩინეს. კომეტა ამჟამად ჩვენგან 347 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და მზის გარშემო მოძრაობას 1000 წელზე მეტხანს უნდა ანდომებდეს (ზუსტი ორბიტალური პერიოდი განსაზღვრული არაა). მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ოორტის ღრუბლიდანაა, რომელიც მზის სისტემის მიჯნასთან ახლოს ყინულოვან ობიექტებს აერთიანებს.
C/2025 R3 ჩვენს ვარსკვლავთან უახლოეს ორბიტალურ წერტილამდე (პერიჰელიუმი), მისგან 76.3 მილიონ კილომეტრ მანძილამდე, 20 აპრილს მიაღწევს; 27 აპრილს უკვე დედამიწის ჯერი დადგება, რა დროსაც ჩვენ შორის დისტანცია 70.8 მილიონი კილომეტრი იქნება. შედარებისთვის, ეს მთვარესთან დისტანციას 180-ზე მეტჯერ აჭარბებს.
ზოგი ასტრონომი ვარაუდობს, რომ მზესთან ჩავლისას ამ კომეტის სიკაშკაშე 8 მაგნიტუდას მიაღწევს, ანუ მისი დანახვა მხოლოდ ტელესკოპებითა და ბინოკლებით შეგვეძლება. ამის მიუხედავად, სხვების პროგნოზით, იგი უფრო ელვარე იქნება — 2.5 მაგნიტუდის (რაც ნაკლებია მაგნიტუდა, მით უფრო ნათელია ობიექტი). თუ მართლაც ასე მოხდება, მას შეუიარაღებელი თვალით დავინახავთ.
C/2025 R3-ზე დასაკვირვებლად საუკეთესო დროდ დაახლოებით 17 აპრილი მიიჩნევა, პერიჰელიუმამდე პერიოდი, როცა ახალმთვარეობის გამო ღამის ცა უფრო ბნელია. დედამიწასთან ჩავლისას შეიძლება კომეტა მზემ დაჩრდილოს და ამან მისი დანახვა გაართულოს. არაა გამორიცხული, სამხრეთ ნახევარსფეროდან იგი მაისის დასაწყისშიც გამოჩნდეს.
მისი სიკაშკაშე იმაზეა დამოკიდებული, გაფანტავს თუ არა მეტ სინათლეს C/2025 R3-ის ე.წ. კუდი დედამიწასა და მზეს შორის მოქცევისას. მეორე ფაქტორი ისაა, თუ როგორ აისახება მასზე ვარსკვლავის მეტი და მეტი რადიაცია — სუბლიმირდება თუ არა მასში არსებული აირები და ყინული, რომელიც სინათლეს ირეკლავს.
კომეტის დასაფიქსირებლად თევზების თანავარსკვლავედს უნდა დავაკვირდეთ, პეგასის დიდ ოთხკუთხედს, რომელსაც ელვარე მნათობები ქმნის.

კომენტარები