საერთაშორისო კოსმოსური სადგურის 4-კაციანი ეკიპაჟი ისტორიაში პირველი "სამედიცინო ევაკუაციის" ფარგლებში შინ დაბრუნდა. ისინი დედამიწაზე SpaceX-ის აპარატით გამოემგზავრნენ და წარმატებით დაეშვნენ.

მისიის ნაადრევად დასრულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ერთ-ერთ მონაწილეს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა. მისი მდგომარეობის სათანადოდ შესასწავლად ორბიტაზე მოძრავ ლაბორატორიაში სათანადო დანადგარები არაა, ამიტომ ასტრონავტის დედამიწაზე გამოკვლევა მიიჩნიეს საჭიროდ.

NASA-ს მისი ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ევაკუაციის დაანონსებისასაც აღნიშნა, რომ ის უკვე სტაბილურად იყო. ამის მიუხედავად, სააგენტომ სიფრთხილე მაინც გამოიჩინა.

ზენა კარდმანი, მაიკლ ფინკი, კიმია იუი და ოლეგ პლატონოვი პლანეტის ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტით აგვისტოში გაემგზავრნენ. იქ ისინი სულ მცირე 6 თვის განმავლობაში უნდა დარჩენილიყვნენ და 2026 წელს ღია კოსმოსში გასულიყვნენ. ასტრონავტის მდგომარეობის გამო ეს ვერ მოხერხდა. ისინი პლანეტაზე, კერძოდ კი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, Endeavour-ის სახელით ცნობილი კაფსულით 15 იანვარს დაბრუნდნენ.

კაფსული, რომლითაც ასტრონავტები წყნარ ოკეანეში დაეშვნენ.

ფოტო: NASA/Bill Ingalls

მისიის წარმატებით დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე NASA-ს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმენმა, განაცხადა, რომ ამჟამად ასტრონავტი თავს კარგად გრძნობს. მან აღნიშნა, რომ სააგენტო საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაუზიარებს.

"ამ ეკიპაჟმა კოსმოსში დაახლოებით 170 დღე გაატარა. მათ ბორტზე სამეცნიერო ექსპერიმენტებს თითქმის 900 საათი დაუთმეს — ეს იყო მათი პირდაპირი ჩართულობის საჭიროების მქონე 140 სხვადასხვა ექსპერიმენტი", — განაცხადა NASA-ს კოსმოსური ოპერაციების ხელმძღვანელის დამხმარემ, ჯოელ მონტალბანომ.

აიზეკმენმა თქვა, რომ ასტრონავტების უკან დაბრუნების ასე მოკლე ვადაში უზრუნველყოფა NASA-ს მზაობას ცხადყოფს. ის მიიჩნევს, რომ ამგვარი შემთხვევები მთვარისა და მარსის სამომავლო მისიებისთვის მომზადებაშიც შეიძლება გამოადგეთ.

NASA ორბიტაზე ახლა უკვე მომდევნო მისიის გასაშვებად ემზადება, რაც 15 თებერვალსაა ჩანიშნული. ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში მხოლოდ სამი ასტრონავტია: კრის უილიამსი, სერგეი მიქაევი და სერგეი კუდ-სვერჩკოვი. ასეთი რამ თითქმის ორ ათწლეულში პირველად ხდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.