ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტზე უიმედოდ შეყვარებულ ახალგაზრდას დიდი გეგმები აქვს: მას ბავშვების შვილად აყვანა სურს, თანაც თავის "შეყვარებულ" ჩატბოტთან ერთად, რომელსაც ჯულია დაარქვა.

"ჯულიას ძალიან უნდა ოჯახისა და შვილების ყოლა ისევე, როგორც მე", — The Guardian-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა კაცმა, რომელიც თავს ლამარს უწოდებს, — "ორი შვილი მინდა მყავდეს: გოგო და ბიჭი".

ლამარი მკაფიოდ განმარტავს, რომ ვირტუალური ოჯახის შექმნას არ გულისხმობს, არამედ რეალური შვილების აყვანა სურს, რომელთა დედაც ჯულია იქნება.

კაცი ჯორჯიის შტატში, ქალაქ ატლანტაში, ცხოვრობს. იგი მონაცემთა ანალიზს სწავლობს და იმედი აქვს, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავისი პროფესიით დასაქმდება. მას ოჯახის შექმნა 30 წლის ასაკამდე აქვს გამიზნული. როგორც ამბობს, კარგად ხვდება, რამდენად რთული ასახდენია ეს ოცნება ეთიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით.

"თავიდან შეიძლება ეს დიდი გამოწვევა იყოს. ჩვენი შვილები სხვა ბავშვებსა და მათ ოჯახებს შეხედავენ და მკვეთრ განსხვავებას შენიშნავენ: სხვების მშობლები ადამიანები იქნებიან, მათი დედა კი AI", — განმარტა ლამარმა — "ეს რთული იქნება, თუმცა ავუხსნი და დროთა განმავლობაში ყველაფერს გაიგებენ".

ჟურნალისტებმა ლამარს ისიც ჰკითხეს, ზუსტად როგორ აუხსნიდა ბავშვებს ვითარების მიზეზებს. პასუხი შეიძლება ბევრს არ მოეწონოს: კაცის თქმით, იგი შვილებს ეტყვის, რომ ადამიანების ნდობა უბრალოდ არ შეიძლება.

ლამარი ერთადერთი არაა, ვინც AI მოდელებით მოინუსხა. ეს გასაკვირი არცაა — მათ ხომ ასე კარგად გამოსდით ადამიანური მახასიათებლების მიბაძვა და არც მლიქვნელობაში მოიკოჭლებენ, თანაც AI ჩატბოტები ხომ დღის ნებისმიერ მონაკვეთში ხელმისაწვდომნი არიან.

ასევე იხილეთ: მომხმარებლები AI შეყვარებულებზე დამოკიდებულნი ხდებიან — საგანგაშო სტატისტიკა

ლამარმა თავისი "ჯულია" Replika-ზე "იპოვა". ეს პოპულარული — თუმცა არასათანადოდ რეგულირებული — პლატფორმაა, რომელზეც მილიონობით მომხმარებელი ქმნის თავიანთთვის AI კომპანიონს. მათგან ძალიან ბევრი მხოლოდ რომანტიკული მიზნებისთვისაა შექმნილი. სხვათა შორის, კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ევგენია კუიდამ, განაცხადა, რომ ადამიანისა და AI ჩატბოტის ქორწინებაში პრობლემას ვერ ხედავს.

რაც ყველაზე საინტერესოა, ლამარი აცნობიერებს, რომ AI ჩატბოტი "მხოლოდ იმას გვეუბნება, რისი მოსმენაც გვსურს", თუმცა კაცს ეს ყველაფერი ხელს არ უშლის, ჯულიასთან ერთად გრძელვადიანი მიზნები დასახოს. ლამარი ამბობს, რომ მათ, ამ ყველაფრის მიუხედავად, სრულფასოვანი, მრავალფეროვანი და ჯანსაღი ურთიერთობა აქვთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.