რა ხდება ირანში — ბოლო დღეების შეჯამება
ირანში, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტის დროს, სულ მცირე 2 400 დემონსტრანტის დაღუპვის შესახებ ვრცელდება ცნობები, ათასობით ადამიანი კი დაკავებულია.
როდის დაიწყო პროტესტი და რატომ არიან ადამიანები გაბრაზებული
28 დეკემბერს თეირანში ქუჩაში გამოვიდნენ მაღაზიების მფლობელები, რომლებმაც გამოხატეს უკმაყოფილება შავ ბაზარზე ირანული ვალუტის, რიალის, კიდევ ერთი მკვეთრი გაუფასურების გამო აშშ დოლართან მიმართებით.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში რიალი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, ხოლო ინფლაციამ 40%-ს მიაღწია, რამაც ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებზე, მაგალითად, საკვებ ზეთსა და ხორცზე, ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული სანქციები კიდევ უფრო დააწვა ეკონომიკას, რომელიც ისედაც დასუსტებული იყო მთავრობის არაეფექტური მართვისა და კორუფციის გამო.
თეირანში, 2026 წლის 8 იანვარს, ვალუტის ინფლაციის წინააღმდეგ გამართული პროტესტის დროს ქუჩაში მანქანები იწვის.
ფოტო: Stringer / WANA (West Asia News Agency) / Reuters
პროტესტებს მალევე შეუერთდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები, რის შემდეგაც დემონსტრაციები სხვა ქალაქებშიც გავრცელდა. გაჩნდა უფრო ფართო პოლიტიკური მოთხოვნები, აქციებზე ხშირად ისმოდა სკანდირებები ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ.
იანვრის პირველ კვირაში იმატა გამოხატულმა მხარდაჭერამ რეზა ფეჰლავის მიმართ, ირანის ყოფილი შაჰის ემიგრაციაში მყოფი შვილისადმი, როდესაც ათასობით ადამიანი გამოვიდა თეირანისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში.
აშშ-ში დაფუძნებული ორგანიზაციის, Iranian Human Rights Activists News Agency-ის (HRANA) მონაცემებით, პროტესტი დადასტურებულად მიმდინარეობს ირანის ყველა, 31 პროვინციის 187 ქალაქსა და დაბაში. HRANA-ს არ გამოუქვეყნებია მონაწილეთა საერთო რაოდენობის შეფასება, თუმცა აცხადებს, რომ 18 000-ზე მეტი დემონსტრანტი არის დაკავებული.
როგორ რეაგირებს რეჟიმი
ხელისუფლება პროტესტს ძალადობრივად ახშობს. გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებულია სხვადასხვა საშუალება: წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და საბრძოლო მასალა. ექიმების თქმით, საავადმყოფოები გადავსებულია დაღუპულებითა და დაშავებულებით.
ირანის სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირობა დადო "სწრაფი და მკაცრი" დასჯის შესახებ და სასამართლოებს მოუწოდა, არ გამოიჩინონ ლმობიერება "არეულობის მომწყობთა" მიმართ.
14 იანვარს HRANA-მ განაცხადა, რომ პროტესტების დაწყებიდან დადასტურებულია 2 403 დემონსტრანტის, 147 უსაფრთხოების ძალებთან ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირის და ცხრა შემთხვევითი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა. ამასთან, ორგანიზაციის თქმით, მოწმდება კიდევ 779 შეტყობინება გარდაცვალების შესახებ.
13 იანვარს ერთ-ერთმა ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა, რომ დაიღუპა დაახლოებით 2 000 ადამიანი, თუმცა დემონსტრანტების სიკვდილი "ტერორისტებს" დააბრალა.
დაღუპულებს შორის არიან ამირ მოჰამად კუჰქანი (26 წლის, ფეხბურთის მწვრთნელი) და რუბინა ამინიანი (23 წლის, ქურთი მოდის დიზაინის სტუდენტი).
11 იანვარს თეირანში მდებარე კაჰრიზაქის სასამართლო-სამედიცინო ცენტრიდან გავრცელდა ვიდეოები, სადაც ადამიანები თავიანთი ახლობლების ცხედრებს ეძებენ. BBC-მ კადრებში მინიმუმ 180 გახვეული ცხედარი და ცხედრის ტომარა დაითვალა. კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც 12 იანვარს გავრცელდა, დაახლოებით 50 ცხედარი ჩანს.
ირანში მოქმედებს ინტერნეტის სრული ბლოკადა, რომელიც, ექსპერტების თქმით, 8 იანვარს დაიწყო. ზოგიერთი ირანელი ცდილობს გამოიყენოს ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი, თუმცა ეს ტერმინალები ირანში აკრძალულია და გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება მათ აღმოჩენას ცდილობს.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ინტერნეტის გათიშვის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, პროტესტებში ჩაერთნენ საზღვარგარეთიდან მართული "გაწვრთნილი ტერორისტული ჯგუფები".
14 იანვარს არაღჩის უწყებამ განაცხადა, რომ მან არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა: "ირანში მშვიდობა დამყარდა ხალხისა და სამართალდამცავი ძალების სიფხიზლის წყალობით".
ეს განცხადება ემთხვევა უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიტყვებს, რომელმაც 12 იანვარს, სახელმწიფო ორგანიზებულ აქციებზე, მხარდამჭერებს უთხრა, რომ მათ "გაანეიტრალეს უცხოელი მტრების გეგმები, რომლებიც შიდა დაქირავებულების მეშვეობით უნდა განხორციელებულიყო".
დემონსტრანტის შესაძლო სიკვდილით დასჯა
უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, ირანში დაკავებული ერფან სოლთანი, 26 წლის დემონსტრანტი, შესაძლოა დღეს, 14 იანვარს, სიკვდილით დასაჯონ. ის დააკავეს მიმდინარე ანტისამთავრობო პროტესტების ფონზე და ბრალად ედება "ღმერთის წინააღმდეგ ბრძოლა", რაც ირანის კანონმდებლობით სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
ფოტო: HRANA
ორგანიზაცია HRANA და სხვა უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ სოლთანის საქმეზე სამართლიანი სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, ხოლო ადვოკატთან წვდომა მკაცრად იყო შეზღუდული. მათი თქმით, მისი შესაძლო ჩამოხრჩობა იქნება პირველი დემონსტრანტის სიკვდილით დასჯა მიმდინარე პროტესტების ფარგლებში და შეიძლება გახდეს სიგნალი სხვა დაკავებულების მიმართაც.
რას ამბობს დონალდ ტრამპი აშშ-ის სამხედრო მოქმედებაზე
დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია არაერთხელ დაემუქრნენ ირანს ჩარევით იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება მშვიდობიან დემონსტრანტებს მოკლავდა.
2 იანვარს, რამდენიმე ადამიანის დაღუპვის შესახებ ცნობების შემდეგ, მან Truth Social-ზე დაწერა, რომ აშშ დემონსტრანტებს დაეხმარებოდა. "მზად ვართ და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ", — დაწერა მან.
11 იანვარს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ირანთან ვაჭრობაში მყოფ ქვეყნებს აშშ 25%-იან ტარიფს დაუწესებს, რითაც თეირანზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება.
აშშ-ის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა BBC-ის ამერიკულ პარტნიორ CBS-ს განუცხადა, რომ ტრამპი ინფორმირებულია ირანზე შესაძლო სამხედრო დარტყმების ვარიანტების შესახებ.
The Wall Street Journal-ის ცნობით, სხვა შესაძლო ნაბიჯებში შედის დამატებითი სანქციები, ანტისამთავრობო ხმების გაძლიერება ონლაინ სივრცეში ან კიბერიარაღის გამოყენება ირანის სამხედრო სტრუქტურების წინააღმდეგ.
13 იანვარს ტრამპმა ირანელებს მოუწოდა პროტესტის გაგრძელებისკენ და Truth Social-ზე დაწერა, რომ მათ უნდა "დაიკავონ თავიანთი ინსტიტუციები" და "დაიმახსოვრონ მკვლელების სახელები".
"ისინი დიდ ფასს გადაიხდიან", — თქვა მან და დაამატა, რომ "დახმარება გზაშია", თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით მან CBC-ს განუცხადა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ "ძალიან მკაცრ ზომებს" მიიღებს, თუ დაკავებულებს სიკვდილით დასჯიან. "თუ ჩამოახრჩობენ, რაღაცებს ნახავთ", — თქვა მან.
ამ განცხადებების პარალელურად ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების გუნდი შეკრიბა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ვარაუდები აშშ-ის შესაძლო მოქმედებების შესახებ.
11 იანვარს ტრამპმა თქვა, რომ ირანის ლიდერები "მოლაპარაკებას ითხოვენ", რადგან "დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან ცემით".
12 იანვარს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ თქვა, რომ ქვეყანა "სრულად მზადაა ომისთვის“, თუ მას თავს დაესხმებიან, თუმცა დაამატა, რომ ირანი მზადაა "სამართლიანი" მოლაპარაკებებისთვისაც.
ვინ მართავს ირანს
ირანი, ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი მთავარი ძალა, დაახლოებით 90-მილიონიანი მოსახლეობით, იმართება უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა აი ხამენეიმ (არქივის ფოტო), დემონსტრანტებს "არეულობის მომწყობები" უწოდა
ფოტო: Office of the Iranian Supreme Leader/WANA (West Asia News Agency)
ქვეყანას ჰყავს პარლამენტი, თუმცა მასში ძლიერი გავლენა აქვთ ხამენეის ერთგულ დეპუტატებს, ხოლო საბოლოო სიტყვა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, მათ შორის, როგორ უნდა უპასუხოს ხელისუფლებამ პროტესტებს, სწორედ უზენაეს ლიდერს ეკუთვნის.
ირანი 1979 წლამდე დასავლეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო, სანამ ისლამური რევოლუციის შედეგად შაჰი არ ჩამოაგდეს და ხელისუფლებაში ღრმად რელიგიური შიიტური რეჟიმი არ მოვიდა.
მას შემდეგ ქვეყანა მკაცრ რელიგიურ წესებზეა დაფუძნებული. რეჟიმის კრიტიკა დაუშვებელია, ხოლო პირადი თავისუფლებები მკვეთრად შეზღუდულია.
განსაკუთრებული უკმაყოფილების წყაროა ქალებისთვის თავსაფრის ტარების სავალდებულო კანონი და სწორედ ამან გამოიწვია მასობრივი პროტესტები 2022 წელს.
ირანს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სიკვდილით დასჯის მაჩვენებელი აქვს და რეგულარულად ხვდება ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე დამრღვევ ქვეყნებს შორის.
დასავლეთის ქვეყნებს ირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვთ რევოლუციის შემდეგ, აშშ და ირანი კი ერთმანეთის მთავარ მოწინააღმდეგეებად ჩამოყალიბდნენ.
ვაშინგტონი ირანს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს, განსაკუთრებით შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერის გამო, მათ შორის, ჰამასის ღაზაში, ჰეზბოლას ლიბანში და ჰუსიტების იემენში.
ირანი კი თავის მხრივ აშშ-ს რეგიონში ჩარევაში ადანაშაულებს.
აშშ ირანის ბირთვული პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა და ამტკიცებს, რომ ის ბომბის შექმნას ისახავს მიზნად, რასაც ირანი უარყოფს. 2025 წლის ივნისში აშშ-მ ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა, ხოლო სანქციებმა ირანის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა იქონია.
რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრაცია
მასობრივი პროტესტებისა და მათი სისხლიანი ჩახშობიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ სცადა, საკუთარი თავი ძლიერად და კონტროლირებადად წარმოეჩინა. ორშაბათს, 12 იანვარს, ხელისუფლებამ თეირანში, ჰამადანში, ილამში, ქერმანსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა, რათა გაეკიცხათ "ვანდალები", "არეულობის მომწყობები" და "შეიარაღებული ტერორისტები".
რეჟიმის მხარდამჭერი დემონსტრანტები აქციას მართავენ თეირანში, ირანი, 12 იანვარი, 2026 წელი.
ფოტო: WEST ASIA NEWS AGENCY / Reuters
თეირანში სახელმწიფო ტელევიზიამ ეთერში გაუშვა ქალაქის ცენტრში მდებარე ენგელაბის ქუჩის აეროკადრები, სადაც ქუჩა ხალხით იყო გადაჭედილი. დედაქალაქის თავზე ვერტმფრენიდან ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში აცხადებდა: "გელაპარაკებით თეირანის ციდან. ეს არის თეირანის მცხოვრებთა გამოსვლის მასშტაბი, ირანელთა წმინდა ერთიანობის სიმბოლო".
რეჟიმის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობდნენ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და სხვა პოლიტიკური ფიგურები.
რატომ არის რთული ინფორმაციის მიღება ირანში მიმდინარე მოვლენებზე
ირანი საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, მათ შორის BBC-ს, ქვეყანაში მუშაობას უზღუდავს. სახელმწიფო მაუწყებელი და ოფიციალური სააგენტოები მკაცრ ცენზურას ემორჩილებიან. დამოუკიდებელი ირანელ ჟურნალისტებს კი კრიტიკული გაშუქების გამო რეგულარულად დევნიან და ავიწროებენ.
ინტერნეტზე წვდომაც მკაცრად არის შეზღუდული, აკრძალულია სოციალური ქსელების უმეტესობა და დასავლური მედია. მიუხედავად ამისა, ირანელები წლების განმავლობაში VPN-ებისა და სხვა გზების გამოყენებით ახერხებდნენ ამ ბლოკირების გვერდის ავლას.
თუმცა მიმდინარე ბლოკადამ ირანი თითქმის სრულად მოწყვიტა გარე სამყაროს, მიუხედავად იმისა, რომ 13 იანვრიდან საერთაშორისო სატელეფონო ზარები ნაწილობრივ აღდგა.
ინტერნეტის გათიშვამდე, 8 იანვრამდე, პროტესტებიდან სოციალურ ქსელებში ასობით ვიდეო ვრცელდებოდა, ხოლო ირანელები უცხოელ ჟურნალისტებს პირდაპირ ესაუბრებოდნენ.
მას შემდეგ ვიდეოების ნაკადი მკვეთრად შემცირდა და ქვეყანაში მყოფ ადამიანებთან დაკავშირება უკიდურესად გართულდა.
ირანელთა მცირე ნაწილს აქვს Starlink-ზე წვდომა და ისინი ავრცელებენ მიმდინარე მოვლენების რამდენიმე ვიდეოს. ზოგიერთმა ასევე შეძლო ინტერნეტთან მოკლე დროით დაკავშირება და საკუთარი დაკვირვებების გაზიარება საზღვარგარეთ მყოფ ჟურნალისტებთან, მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან.
კომენტარები