2008 წლის ნოემბერში 25 წლის გერმანელი კაცი თხილამურებით სრიალებდა, რა დროსაც იგი ზვავმა მოიყოლა. კაცი თოვლის ქვეშ უგონო მდგომარეობაში 15 წუთის განმავლობაში იყო. ამ პერიოდში მის ორგანიზმს ჟანგბადი არ მიეწოდებოდა, რის გამოც მას ჰიპოქსია განუვითარდა. კაცი მეგობარმა გადაარჩინა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ გამოცემა Live Science-ს ბერენდ ფედერზენმა, მიუნხენის უნივერსიტეტის ნევროლოგმა, უამბო.

ჰიპოქსიამ კაცს გრძელვადიანი ჯანმრთელობის პრობლემაც დაუტოვა. საუბარი კონკრეტულ დარღვევაზეა, რომელიც პირისა და ფეხის კუნთების უკონტროლო მოძრაობით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა კაცი საუბრობდა და დადიოდა. ისიც საინტერესოა, რომ პაციენტს იგივე პრობლემა მკლავებში არ ჰქონია.

2008 წლის ინციდენტს რომ დავუბრუნდეთ, საავადმყოფოდან პაციენტი რეაბილიტაციის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მან სუდოკუს ამოხსნა სცადა. ეს მისი ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევი აქტივობა იყო. თავსატეხის ამოხსნის პროცესში მისმა მარცხენა მკლავის კუნთმა ტოკვა დაიწყო. ეს მაშინვე შეწყდა, როგორც კი კაცმა სუდოკუს ამოხსნას თავი დაანება.

დიაგნოზი კლონური კრუნჩხვა იყო, ეს უბრალოდ განმეორებადი მკვეთრი მოძრაობებია. სამედიცინო გუნდმა პაციენტს ტვინის სკანირების პროცედურაც ჩაუტარა, რათა სიტუაციაში უკეთ გარკვეულიყვნენ.

ელექტროენცეფალოგრამით, რომელიც ტვინის ზედაპირზე აქტივობას ზომავს, გამოავლინეს, რომ კრუნჩხვები ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს ცენტრალური და პარიეტალური ნაწილებიდან მოდიოდა. ხოლო მაგნიტურეზონანსული სკანირებით (MRI) ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ სამედიცინო გუნდმა ფუნქციონალური მაგნიტორეზონანსული სკანირება (fMRI) სუდოკუს ამოხსნის პროცესში ჩაატარა. ამ ტიპის სკანირება ტვინის აქტივობებს სისხლის მიმოქცევის საშუალებით ადევნებს თვალს. ექიმებმა აღნიშნეს, რომ პაციენტის ტვინში "ფართოდ გავრცელებული აქტივაცია" დააფიქსირეს. გარდა ამისა, პარიეტალურ ქერქში აქტივობა უჩვეულოდ მაღალი იყო.

ამ ყველაფერთან ერთად, ტვინის ამ რეგიონში ნაკლები დამთრგუნველი ბოჭკო დააფიქსირეს. ამან პაციენტის მარცხენა მკლავში ნერვული უჯრედების მოძრაობა გაასამმაგა, რაც ექიმებმა ზვავისას განცდილი ჰიპოქსიით ახსნეს.

მარჯვენა პარიეტალური ქერქის ზედმეტმა გააქტიურებამ ფოკალური ეპილეფსიური კრუნჩხვები გამოიწვია, რაც ტვინის ერთ ცალკეულ რეგიონზეა ფოკუსირებული. უფრო კონკრეტულად, პაციენტს რეფლექსური ეპილეფსია განუვითარდა. ეს ნიშნავს, რომ კრუნჩხვებს განსაზღვრული სტიმული იწვევს, მაგალითად, ზოგიერთი განათება ან მუსიკა.

ფედერზენმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში კრუნჩხვები იმ სამგანზომილებიანმა გამოსახულებამ გამოიწვია, რომელიც პაციენტმა სუდოკუს ამოხსნისას წარმოიდგინა. კაცს კლონური კრუნჩხვები კითხვის, წერის ან გამოთვლების შესრულების დროს არ ჰქონია. მეორე მხრივ, როცა ექიმებმა კაცს სხვა ვიზუალურ-სივრცითი დავალება მისცეს, მაგალითად, რიცხვების დალაგება ზრდადობის მიხედვით, პაციენტს კრუნჩხვები ისევ დაეწყო.

სამედიცინო გუნდმა პაციენტს ეპილეფსიის სამკურნალო წამლები გამოუწერა. ამის შემდეგ კრუნჩხვები შეწყდა. 2015 წლის მონაცემებით, კაცს კრუნჩხვები აღარ ჰქონია. პაციენტმა სუდოკუს ამოხსნასაც დაანება თავი.

რატომაა ეს შემთხვევა უნიკალური? ეპილეფსია ადამიანების 3,8%-ს ემართება, რომელთაგან დაახლოებით 4-7%-ს რეფლექსური კრუნჩხვები აქვს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაციენტს სუდოკუს ამოხსნისას დაეწყო კრუნჩხვები, თუმცა მსგავსი ტიპის რეფლექსური ეპილეფსია ადრეც გამოვლენილა, მაგალითად, ბანქოს ან ჭადრაკის თამაშისას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.