თბილისში, ვარკეთილში, ხალხმრავალი ქეიფის დროს პატრულის თანამშრომლებს თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, პოლიციელებმა კორპუსთან შეკრებილ ადამიანებს საგანგებო მდგომარეობა შეახსენეს და სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც მათ თავს დაესხნენ.

"ასე ვთქვათ, ბირჟაობდნენ და სვამდნენ ბევრნი. პატრულმა ალბათ შენიშვნა მისცა და ცოტა ხანში ხმაური დაიწყო, დაესივნენ პატრულს. მერე ერთ-ერთი გამოძვრა და მოახერხა ეკიპაჟის გამოძახება", — უყვება თვითმხილველი On.ge-ს.

კიდევ ერთი თვითმხილველი On.ge-სთან ამბობს, რომ შემთხვევა დღეს, დაახლოებით 17:30-18:00 საათზე მოხდა.

"ე.წ. "ფანჩატურში" ქეიფობდნენ და ამ დროს პოლიციელებმა რა თქმა უნდა კანონის მიხედვით მოუწოდა დაშლისკენ, თუმცა მოხდა დაპირისპირება, არ დაემორჩილნენ და სცემეს პატრულის თანამშრომელი. კაცი, ქალი, დიდი და პატარა ერთმანეთს სცემდნენ. მართლა გაურკვეველი მდგომარეობა იყო", — ამბობს ის.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს. უწყებაში On.ge-ს უთხრეს, რომ ისინი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავეს, რაც ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

ამასთან კიდევ ოთხი ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.