უკვე სათვალავი ამერია, მერამდენე დღეა გამოკეტილი ვარ სახლში.

ევროპაში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.

სადეზინფექციო საშუალებები ჯერ კიდევ მაშინ მოვიმარაგე, როცა ჩემს ქალაქში Covid-19 დაფიქსირებული არ იყო. ძალიან ვფრთხილობდი, მეტროშიც ვცდილობდი, რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი.

ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია, რომ ინფიცირების წყარო შეიძლება უცხო ადამიანი იყოს, რაც მცდარია, რადგან შეიძლება ჩვენივე ოჯახის წევრისგან, მეგობრისგან, თანამშრომლისგან გადაგვედოს.

მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან, Covid-19-ის თვითმკურნალობის პროცესს.

ეს არ არის სირცხვილი. არც ფერი აქვს და არც ანათებს, შეიძლება ყველას შეხვდეს.

დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღიდან იყო მშრალი ხველაც. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია.

მე-3 და მე-4 დღე ალბათ ყველაზე რთული იყო. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ჰაერის ჩასუნთვა-ამოსუნთვა ყოველ ჯერზე ტკივილთან იყო დაკავშირებული.

ვეცდები, აღვწერო შეგრძნება: თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებში და ჟანგბადს ვერ იღებ; ან დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს. არ ვიცი, რამდენად გასაგებად ვხსნი. გარდა ამისა, იყო თავის ტკივილი და თავბრუსხვევა.

დავრეკე პირად ექიმთან, რომელთან ვიზიტები იმ დროისთვის უკვე გაუქმებული იყო და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია შემეძლო. მან მითხრა, რომ მქონდა Covid-19-ის სიმპტომები მქონდა და რადგან რისკ-ჯგუფში არ შევდიოდი, ვერაფერს გამიკეთებდნენ, უნდა დავრჩენილიყავი სახლში.

ვერც გავიდოდი და ჩემთანაც ვერავინ შემოვიდოდა. თავიდან არ მჯეროდა, მეგონა, რომ მე არ დამემართებოდა. თუმცა აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობარიც, რომელიც მადრიდში იყო და ვისთან კონტაქტიც მქონდა 10 დღის წინ, იგივე სიმპტომებით ცუდად იყო. მასაც Covid-19 დაუდგინდა, რისკ-ჯგუფში შედიოდა და ტესტი გაუკეთეს.

მე-5 და მე-6 დღეს მე სუნთქვა კიდევ უფრო მიჭირდა, რასაც დაემატა სიცხეები. ტემპერატურა არც ისე მაღალი იყო - 37.8 , 37.9

სიცხეებს პარაცეტამოლით ვიგდებდი და უჟანგბადობას ინჰალატორით ვებრძოდი, მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. მიჭირდა საუბარი, რადგან ისტერიულად მახველებდა. ამიტომ, ვცდილობდი უმეტესად მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად.

ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე იყო. ორჯერ მქონდა შეტევა და მეგონა, რომ ვიგუდებოდი.

ყოველ დღე გავდიოდი სატელეფონო კონსულტაციებს ექიმთან და როგორც აქამდე, ამ მეუბნებოდა — quedate tranquila en casa (სახლში იყავი მშვიდად).

მაინც გადავწყვიტე კლინიკაში წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე, როგორ უნდა მივსულიყავი ისე, რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმნა. გვიან ღამით, ჩემი ნიღბითა და ხელთათმანით, ფეხით წავედი ჰოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალბათ სულ ორი ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი.

ყველაზე რთული პროცესი მაშინ დაიწყო, როცა ექიმთან მივედი. მკითხა, რატომ გადავწყვიტე მისვლა. ჩემი პასუხი იყო:

— ვიხრჩობი

შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდეც, ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის. შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი რესურსი არ აქვთ იმისთვის, რომ თავი დაიცვან.

გადამიღეს რენტგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი სახლში.

დღეს მე-10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს.

მე-10 დღეს პირში მგრძნობელობა დავკარგე, რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება.

იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები.

ერთადერთი, ის მინდა, რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში.

არც ისეთი მომაკვდინებელია Covid-19. უბრალოდ, მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ, რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები - ბებიები, ბაბუები, მშობლები ან ოჯახის ისეთი წევრები, რომლებსაც სხვადასხვა პათოლოგია აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კარებთან.

მე რამდენიმე დღე ვიყავი ცუდად, მაგრამ არა გაუსაძლისად. ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს, იმისთვის რთულად გადასატანი იქნება.

განეწყვეთ დადებითად. არ აჰყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და ავადმყოფობა უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბევრი სითხე.

ნუ გეშინიათ. მე თუ შევძელი, თქვენც აუცილებლად გაუმკლავდებით".

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 61 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი. კარანტინში მოთავსებულია 3 222 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 237.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მარნეულში ინფიცირებულ პირს, ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, საკოორდინაციო უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. ჩაიკეტა ორივე რაიონის შესასვლელი, რომელსაც სამხედროები და შსს-ს თანამშრომლები აკონტროლებენ. ასევე, გაიშალა საველე ჰოსპიტლები.

ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა, მარნეულსა და ბოლნისში დაიწყოს ტესტირების სპეციალური პროგრამა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სწრაფი ტესტები ქვეყანაში ხვალიდან შემოვა.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, საქალაქთაშორისო გადაადგილება აიკრძალა ყველა სახის ტრანსპორტით, გარდა პირადი ავტომობილებისა. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვები დაწესდა ტაქსებზე. კერძოდ, მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა შეიძლება უკანა სავარძლებზე და ფანჯრები უნდა იყოს ღია.

დღეს, 23 მარტს ცნობილი გახდა, რომ მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ავიახაზები 2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 6 ქალაქიდან ჩამოიყვანს მგზავრებს. მთავრობის მოთხოვნით, ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს €199-ს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდეც, მთავრობას კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებული ჰქონდა არაერთი შეზღუდვა. კერძოდ:

გარდა ამისა, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს მიცემული აქვს რეკომენდაცია დისტანციურ მუშაობაზე. 70 წელზე ზევით მოხუცებს კი თვითიზოლაცია ურჩიეს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05