მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?
ფოტო: Getty Images
ლესლი სტივენ კოულზი ცნობილი ამერიკელი ბიოგერონტოლოგი იყო. იგი 2014 წელს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი ტვინი გაყინეს და ქილაში მოათავსეს. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ტვინი არიზონას შტატში ინახებოდა, -146°C-ზე.
ტვინმა (უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მისმა ზოგმა ნაწილმა) დღის სინათლე მხოლოდ ათწლეულის შემდეგ იხილა, როცა კრიობიოლოგმა გრეგ ფაიმ მასზე ბიოფსიის ჩატარება დაიწყო. სხვათა შორის, ფაი კოულზის მეგობარი იყო. MIT Technology Review-თან საუბრისას ფაიმ განაცხადა, რომ ექსტრემალურ ტემპერატურაზე გაყინვის მიუხედავად, ტვინი საოცრად კარგად იყო შემონახული.
სიკვდილის წინ კოულზმა მოითხოვა, რომ თავისი ტვინი გაეყინათ და მოგვიანებით გამოეკვლიათ. კოულზი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი პაციენტი იყო, რომელსაც მხოლოდ ტვინის კრიოპრეზერვაცია ჩაუტარდა. ამ პროცედურას ხშირად "ნეიროპრეზერვაციად" მოიხსენიებენ. იგი სიკვდილის მერე პაციენტისთვის თავის მოკვეთას გულისხმობს, რის შემდეგაც სხეულის მხოლოდ ამ ნაწილს ყინავენ.
ზოგადად, ბევრი იმედოვნებს, რომ მომავლის ტექნოლოგიებით მკვდრის გაცოცხლება გახდება შესაძლებელი. ამ მიზნით მრავალი ადამიანი სიკვდილის შემდეგ საკუთარი სხეულის გაყინვას ირჩევს, თუმცა კოულზის მიზანი კიდევ უფრო ექსტრემალური და "მეცნიერული" იყო.
დღესდღეობით კრიოპრეზერვაციის ერთ-ერთი უდიდესი შეზღუდვა გაყინული გვამის გალღობაა. ამ პროცედურას ჯერჯერობით მხოლოდ პატარა ცხოველებზე ატარებენ, თანაც, წარუმატებლად: გამლღვალი ორგანოები დაზიანებულია ხოლმე.
ფაიმ განმარტა, რომ კოულზის ტვინის ნაწილები საკმაოდ კარგად იყო შენახული. გაყინვის წინ ტვინს სპეციალური "კრიოდამცავი" ქიმიური ნივთიერებებიც დაამატეს. ფაი ელოდა, რომ კოულზის ტვინის უჯრედებს ეს ნივთიერებები მნიშვნელოვნად დააზიანებდა, თუმცა მეცნიერი შეცდა. ამან ფაის იმედი მისცა, რომ ერთ დღეს ორგანოს გაცოცხლებასაც შეძლებენ.
მეორე მხრივ, ახალ ნაშრომში, რომელიც ამ დროისთვის რეცენზირებული არ არის, ფაი აღიარებს, რომ ქსოვილები ბოლომდე არ გადარჩენილა. გარდა ამისა, ბევრი მეცნიერი კრიოპრეზერვაციისადმი სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ კოულზის რუხი მატერია პირვანდელ დიდებას ვერასდროს დაუბრუნდება.
კომენტარები