ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. ეს ნიშნავს, რომ ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არხი ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების დროებითი მექანიზმიც გააუქმა. სწორედ ამ მექანიზმის გამო ვერ გადაიფორმა 2017 წელს ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2.

დროებითი მექანიზმის გაუქმების საკითხი გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილების სხვა ნაწილები სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივრონ. ამისთვის მათ სამთვიანი ვადა აქვთ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საზოგადოების ნაწილისთვის ისევე, როგორც არხის თანამშრომლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მომხდარს უკვე გამოეხმაურა ყველა დაინტერესებული მხარე. გაკეთდა პოლიტიკური შეფასებებიც.

ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალხალვაშმა განაცხადა, რომ გამარჯვება სამართლიან და კონკურენტულ ბრძოლაში მოიპოვა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ აღასრულოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მან ტელევიზია დაიბრუნა.

ხალვაშმა აღნიშნა ისიც, რომ არ აპირებს შეეხოს არხის სარედაქციო პოლიტიკას. მისი თქმით, გამოხატვის თავისუფლება რუსთავი 2-ს გარანტირებული ექნება. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება მხოლოდ ერთ ადამიანს, არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელსაც თავისი ადვოკატით, პაატა სალიათი ჩაანცვლა.

დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე

ფოტო: Rustavi 2 Info

გადაწყვეტილებას გამოეხმაურენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე. მათ ხალვაშს მიულოცეს და განაცხადეს, რომ სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როცა ტელევიზია დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

"ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია... სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს", — აღნიშნულია მათ საერთო განცხადებაში.

ნიკა გვარამია

არხის გადაყენებულმა გენერალურმა დირექტორმა სტრასბურგის გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა და განაცხადა, რომ აუცილებლად გაასაჩივრებენ. თუმცა, მანვე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიკერძოებულობაზე ვერ ისაუბრებს.

ფოტო: REUTERS / David Mdzinarishvili

გვარამიამ უპასუხა ქიბარ ხალვაშს და თქვა, რომ არხს მხოლოდ მაშინ დატოვებს, თუ ჟურნალისტები ეტყვიან. მისი განმარტებით, რუსთავი 2-თან დადებულ კონტრაქტში "საკმაოდ სერიოზული გარანტიები აქვს ჩადებული, რომლის გადახდის გარეშეც ვერ გაათავისუფლებენ".

"კონტრაქტი არის ლეგიტიმური და ამ კონტრაქტის ბათილობა კითხვის ნიშნის ქვეშ მესაკუთრის შეცვლის გამო ვერ დადგება... ეს [კონტრაქტი] არის ამ მედიის დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი. მე არ ვაპირებ ამის დათმობას, ეს ჩემთვის არის სიკვდილ-სიცოცხლის საქმე", — განაცხადა მან.

გვარამიამ განაცხადა ისიც, რომ თუ ხელისუფლება გასაჩივრებამდე შეეცდება "არხის წართმევას" ეს "ოპოზიციური მედიის ძალით დახურვის მცდელობა იქნება.

რუსთავი 2-ის თანამშრომლები

გვარამიას მხარდაჭერა გამოუცხადეს არხის საინფორმაციო, პოლიტიკური და გასართობი გადაცემების თანამშრომლებმა. ერთობლივი განცხადებაში მათ აღნიშნეს, რომ დირექტორი არხის სარედაქციო პოლიტიკის მთავარი გარანტია.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს", — აღნიშნავენ ისინი.

ნანუკა ჟორჟოლიანი

ფოტო: Aleksandre Skhulukhia / Facebook

გადაცემა ნანუკას შოუს ავტორმა განაცხადა, რომ ახსოვს როგორ მართავდა ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ს და ეს დაბალ ხარისხსა და "ნიუსების დაბლოკვაში" გამოიხატებოდა.

"ისე, როგორც არასდროს, მახსოვს, ამ არხზე რა გააკეთა. მაშინაც ხელისუფლებამ მოაგზავნა... ეს არხი ისეთი წარუმატებელი, როგორიც ხალვაშის პერიოდში იყო, არ ყოფილა არასდროს... აღარ ვჭამთ ამას, რაც მაშინ ვჭამეთ", — აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მაია ასათიანი

ფოტო: კადრი ვიდეოდან

გადაცემა პროფილის წამყვანმა, მაია ასათიანმა კი საზოგადოებას მიმართა და განაცხადა, რომ ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ რუსთავი 2-სთვის და ეს არის ბრძოლა სამშობლოსთვის.

"დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან სამშობლოს ბედი წყდება, ვიქნებით ტოტალიტარული სახელმწიფო, ყველა ტელევიზია, ყველა რადიო, ყველა გაზეთი ერთ ხმაში ილაპარაკებს თუ კიდევ გვაქვს შანსი, ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ასეთი ტოტალიტარული რეჟიმია რუსეთი, სადაც ყველა ტელევიზია, ყველა ჟურნალისტი ერთი ხმით, ვლადიმერ პუტინის ხმით ლაპარაკობს, ჩვენ არ გვინდა ასეთი ქვეყანა", — განაცხადა მან.

ხელისუფლება

თეა წულუკიანი

ფოტო: იუსტიციის მინისტრო

მმართველი პარტიიდან მომხდარს პირველად იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. ბრიფინგზე, სადაც მან საქმის სარეზოლუციო ნაწილი ჩაიკითხა, განაცხადა, რომ ეს დავა "სრულად სახელმწიფოს გამარჯვებით" დასრულდა.

მანვე აღნიშნა, რომ ვინაიდან რუსთავი 2-ის წილების გადაფორმების შეჩერება გაუქმებულია და არ საჩივრდება, ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია როდის გადაიფორმებს არხს. მისი განმარტებით, ხალვაშს ამის საშუალება გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე მიეცა.

აკაკი ზოიძე

მმართველი პარტიის დეპუტატმა აკაკი ზოიძემ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები დააკმაყოფილა და უხეხრულია იმაზე საუბარი, რომ ამ გადაწყვეტილებით გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა. თუმცა, მან ურჩია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ახალი არხი შეექმნათ.

აკაკი ზოიძე, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"მთელ თქვენს კოლექტივს, ასევე, ახალი ტელევიზიითაც შეგიძლიათ, იგივე გააკეთოთ. ახალი ტელევიზიის გახსნას არანაირი წინააღმდეგობა წინ არ აქვს. ეს იყო ქონებრივი დავა, სადაც არანაირი კავშირი გამოხატვის თავისუფლებასთან, ჩემი აზრით, არ აქვს", — განაცხადა ზოიძემ.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ უნდა რუსთავი 2 იყოს "ისეთი, როგორიც 2-3 წლის წინ, როდესაც ასეთი მიკერძოებულები არ იყვნენ".

თამარ ხულორდავა

ფოტო: თამარ ხულორდავა / Facebook

თამარ ხულორდავამ აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ "ძალიან ცხადად და ნათლად" დაადგინა, რომ საქართველოში ამ საქმეზე მართლმსაჯულება განხორციელდა სამართლიანად.

კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია, ხულორდავა პასუხობს, რომ დავა ეხებოდა საკუთრების უფლებას და ორი საკითხი ერთმანეთში არ უნდა აურიონ.

"ეს იყო დავა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ქართულმა სასამართლომ განიხილა და მიიღო ასეთი გადაყწვეტილება. არ უნდა ავურიოთ ერთმანეთს ორი სხვადასხვა თემა... არ შეიძლება ჩვენ ვამბობდეთ, ერთი მხრივ, რომ საკუთრების უფლების დარღვევა ნორმალურია, თუკი ამას ვამართლებთ იმით, რომ მეორე მხარეს არის რაღაც პოლიტიკური ჯგუფის ან მედიაჯგუფის ინტერესი", — განაცხადა მან.

მამუკა მდინარაძე

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ქართულმა სასამართლომ ჩააბარა კრიტიკული ტესტი სამართლიანობაზე. იმავე აზრზეა მისი თანაგუნდელი გია ვოლსკიც, რომელიც ამბობს, რომ სამართლიანობის თემასთან დაკავშირებით კითხვები აღარ არსებობს.

მდინარაძემ კომენტარის გაკეთებისას ხაზი გაუსვა შეჩერების მექანიზმის გაუქმების საკითხს და განაცხადა: "ძალიან ნიშანდობლივია, რომ ეს გადაწყვეტილება პრაქტიკულად აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება ამ გადაწყვეტილების პათოსსა და შინაარსს".

საპარლამენტო ოპოზიცია

სალომე სამადაშვილი

ფოტო: პირველი არხი

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის იმედგაცრუება იყო. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთვარია, რომ სახელმწიფომ ბოროტად არ გამოიყენოს შესაძლებლობა და მისცეს რუსთავი 2-ს საშუალება, ბოლომდე მიიყვანოს სასამართლო დავა.

მანვე აღნიშნა, რომ თუ ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს ამაზე ხმამაღლა ისაუბრებენ, მათ შრის "საერთაშორისო კონტექსტში".

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცვლელად აფასებს ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე. მისი თქმით, უკმაყოფილოა, თუმცა, როგორც პროდასავლური ოპოზიციის წევრი, არასწორად მიიჩნევს ამ გადაწყვეტილების უკან რაიმე მოტივის დანახვას.

ბაქრაძემ მოუწოდა ხელისუფლებას იხელმძღვანელონ იმავე პრინციპით, რომლითაც ვანო მერაბიშვილის საქმე შეაფასეს. კერძოდ, რადგან იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ მერაბიშვილის საქმეზე დიდი პალატის გადაწყვეტილებას მიიჩნევდნენ საბოლოოდ, ამ შეთხვევაშიც უნდა დაელოდონ, სანამ კომპანია დიდ პალატაში გაასაჩივრებს.

არასაპარლამენტო ოპოზიცია

დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ეცდება გამოიყენოს შექმნილი ვითარება არხის დასახურად. მისი განმარტებით, ქიბარ ხალვაშის ხელში რუსთავი 2 ისეთივე იქნება, როგორც ტელეკომპანია იმედი ყოფილი ხელისუფლების ხელში.

"როდესაც ხელისუფლებებს მიაქვს დიდი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც მანამდე მისგან დამოუკიდებელი იყვნენ, ისინი პრაქტიკულად აღარ არიან, განეიტრალებული არიან", — განაცხადა ბერძენიშვილმა.

გიორგი ბარამიძე

ფოტო: კადრი ვიდეოდან

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე კი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსულ გავლენასა და ბიძინა ივანიშვილის ფულს უკავშირებს.

საზოგადოებრივი მაუწყებელის ინფორმაციით, ბარამიძემ განაცხადა, რომ "დიდი მიამიტობა იქნებოდა გვეფიქრა, როგორც ივანიშვილის ფული, ისე პუტინის შესაბამისი გავლენები არ იქნებოდა ჩართული". ამავდროულად, ის ამბობს, რომ არ სურს ჩრდილი მიაყენოს ევროპულ სასამართლოს.

თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკური პარტია კანონი და სამართალის დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი ამ გადაწყვეტილების სიმძიმეს საბჭოთა კავშირს ადარებს. მისი თქმით, "1921 წლის შემდეგ საქართველოს ასეთი საშინელი დრო არ ჰქონია".

ჩარკვიანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი უზურპატორია, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობას არ დაუთმობენ. მისი თქმით, ბრძოლის ხაზი ახალ რუსთავი 2-ზე გადის.

არასამთავრობო ორგანიზაციები

ნინო დანელია

ნინო დანელია

ფოტო: ნინო დანელია / Facebook

მედიაკოალიციის წევრი ნინო დანელია ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადწყვეტილების შემდეგ ჩაგრულმა ჯგუფებმა, სოციალურმა მოძრაობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ყველა იმ ადამიანმა, ვინც ცდილობდა სიმართლე ეპოვა სალაპარაკო პლატფორმა დაკარგა.

"ძალიან გაუარესებულია ყველა იმ ჯგუფის მდგომარეობა, რომელიც იყო კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ და მას სთხოვდა ანგარიშვალდებულებას ბიუჯეტის ხარჯვაზე, საკუთარ პასუხისმგებლობის შესრულებაზე, ქვეყნის მართვაზე, ქვეყნის განვითარების ხედვაზე", — განაცხადა მან.

ნინია კაკაბაძე

ფოტო: ვახო ქარელი

"პატარა მაუწყებლებს, პატარა გამოცემებს ბევრად უფრო ადვილად მოგუდავენ, როცა არ იქნება რუსთავი 2", — ასე გამოეხმაურა მიმდინარე მოვლენებს მედიაკოალიციის წევრი ნინია კაკაბაძე.

მისი თქმით, რუსთავი 2-ის დაცვა ყველას ვალდებულებაა, არა იმიტომ, რომ ნიკა გვარამია მუშაობს, არამედ იმიტომ, რომ ეს არხი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარანტიაა.

"მაგალითად, TV პირველს, რომელიც ახლა არის გამოკვეთილად კრიტიკული არხი, მას რომ მიადგეს, როცა აღარ იქნება რუსთავი 2, ვინ გაგვაგებინებს ამბავს სინამდვილეში რა ხდება", — განაცხადა მან.

გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე

გიორგი მშვენიერაძე

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელმძღვანელი, გიორგი მშვენიერაძე კი ფიქრობს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით "ხელისუფლების სამარე გაითხარა".

"თავად მათთვის აღმოჩნდება კატასტროფული. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლება, რომელიც არ ექვემდებარება კრიტიკას, ხელისუფლება, რომელიც არ ექვემდებარება განსხვავებული აზრის შესახებ განხილვას, განწირულია სიძულვილისთვის", — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ამავე თემაზე: