ირმა ხეცურიანი ექვსი წლის იყო, როდესაც სამოქალაქო ომის შემდეგ ოჯახთან ერთად აფხაზეთის დატოვება მოუწია. ახსოვს მეზობლის სახლი, ბაღში პირველი გაბრაზებაც და სკოლის კლასელებიც. სადაც ადრე მისი სახლი იდგა, ოჩამჩირეს რაიონის სოფელ ცაგერაში, ახლა ტყე და რუსეთის სამხედრო ბაზაა.

"მენატრება ძალიან. აღვიდგენ ხოლმე კადრებს, რომ ისეთი ვნახო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისეთს ვერასდროს ვნახავ. შინაგანად, ალბათ, იმედი მაქვს, რომ ოდესმე დავბრუნდები. მქონდა ერთხელ შემოთავაზება, მოწვევით წავსულიყავი. ვერ გავრისკე, მეშინია. იმის კი არ მეშინია, რომ რამეს მიზამენ. მეშინია იმის, რასაც ვნახავ. ვერ ვიცნობ იქაურობას".

აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ ოჯახი წყალტუბოში დასახლდა, რასაც შეგუების რთული პერიოდი მოყვა. გაჭირვებისა და სირთულეების მიუხედავად უდარდელი ბავშვობა ჰქონდა. სკოლაში კარგი მოსწავლე იყო, თუმცა თავის მეგობართან ერთად დირექტორის კაბინეტში ხშირად უწევდა ჯდომა.

"ცუდი ბავშვი არ ვიყავი, პირდაპირი ვიყავი. ამას დღეს "გრძელ ენას" ეძახიან და მეუბნებოდნენ რომ სუყველას უტლიკინებდიო, მაგრამ მეგონა, რომ სიმართლეს ვიცავდი. მე თუ ვიცოდი, რომ ჩემი აზრი მქონდა და თუ ვიცოდი, რომ ამით ვინმეს ვიცავდი და ვმფარველობდი, ის უნდა გამეტანა რქებით ბოლომდე".

მეგონა, პირველი და ერთადერთი ვიყავი

18 წლის ასაკში ხერხემალში კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოუჩინეს. დიაგნოზის დასმიდან ორ თვეში სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს, თუმცა არც ის ჰქონდა გაცნობიერებული რა სჭირდა და არც ის რა ელოდა.

"ვინ მაცადა გაცნობიერება. არც მოუციათ დრო, რომ გამეცნობიერებინა... მაშინ დედა იყო ემიგრაციაში და არ გვითქვამს არაფერი ოპერაციის შესახებ. დღემდე არ გვპატიობს. მამიდამ და ვინც მახლდა თან, მათ იცოდნენ. ჩემს შემთხვევაში ყოველი წამი იყო გადამწყვეტი, მე რომ "არა" მეთქვა და გამეწელა, არავინ იცოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები".

არ იცოდა ოპერაციის შემდეგ ეტლში ჩაჯდომა თუ მოუწევდა. ეგონა, რომ სიმსივნეს ამოიჭრიდა, ადგებოდა და გაივლიდა.

ჩემთვის ეტლი ასოცირდებოდა მოხუცთან, რომელმაც ასაკს მიაღწია და სახსრები სტკივა

"ცუდად მივიღე. მაშინ მეგონა, რომ პირველი და ერთადერთი ვიყავი, ვინც ეტლით სარგებლობდა საქართველოში. ჩემთვის ეტლი ასოცირდებოდა მოხუცთან, რომელმაც ასაკს მიაღწია და სახსრები სტკივა. ასე უცბად თუ შეიძლებოდა, რომ 18 წლის გოგო ეტლში ჩამჯდარიყო, არ ჯდებოდა ჩემში".

შშმ პირების მიმართ მაშინდელ დამოკიდებულებაზე საუბრისას, თავის კლასელს იხსენებს, რომელსაც ეტლით მოსარგებლე ძმა ჰყავდა.

"ეტლით მოსარგებლე პირველი ადამიანი, რომელთანაც მქონდა კონტაქტი, როცა ფეხზე დავდიოდი, იყო ეს ადამიანი. მას ცერემბრალური დამბლა ჰქონდა. სანამ გავიგებდი, რომ ჩემს კლასელს ეტლით მოსარგებლე ძმა ჰყავდა, გვიმალავდა ამ ყველაფერს, არ უნდოდა, რომ ეს ვინმეს სცოდნოდა. ძმასთან მქონდა კარგი ურთიერთობა, ჩვეულებრივი, მახსოვს, როგორი ჭკვიანი იყო. მის გარდა ეტლით მოსარგებლე არავინ მინახავს".

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

ოპერაციის შემდეგ დაემატა ახალი თავსატეხი, ბორბლები, რომლებსაც არ უყვარს ბარიერები და კიბეები. მომდევნო ცხრა წელი ფეხზე დასადგომად რეაბილიტაციას გადიოდა და ბევრს ვარჯიშობდა.

"როგორც მცენარეს უვლიან, ისე მივლიდნენ. დედაჩემი იყო ჩემი ძირითადი მომვლელი და ჩემი გამოხტომების მსხვერპლი. დეპრესიაც მქონდა. არ მიყვარს ამაში რაღაცნაირად ჩაღრმავება, რადგან ეს გავიარე და გავიარე იმისათვის, რომ ამას აღარ დავუბრუნდე. ცუდად კი არ მახსენდება, რაღაცები მასწავლა ნამდვილად. არასდროს მქონია მომენტი, რომ ვერ გავიხსენებ, უბრალოდ არ არის სასიამოვნო. არ მომწონს იმ ამპლუაში ჩემი თავი. დღეს ჩემი თავი მომწონს. იმ განვლილმა გზამ მომიყვანა დღემდე".

ცხრა წლის განმავლობაში ბევრს ფიქრობდა ისევ ფეხზე დადგომაზე, მისი და ოჯახის ძირითადი მიზანიც ეს იყო. თუმცა ცხრაწლიანი შრომისა და მცირე შედეგის შემდეგ, მიხვდა რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა.

"ბევრმა არ იცის რა არის ზურგის ტვინის დაზიანება. არც მე ვიცოდი და მეგონა, რომ სამ თვეში და ექვს თვეში გავივლიდი ფეხზე. მაგრამ, რეალურად, არა... უნდა მიიღო ის რაც არის, ამის უარყოფა, გაგდება, გოდება, დეპრესიაში იყო და არაფერი აკეთო, არაფრის მომცემია".

პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

საქართველოში ეტლით მოსარგებლეებთან პირველი შეხვედრა კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ბანაკში ჰქონდა. შეხვდა ადამიანებს, რომლებსაც მიზნები დაისახეს და იცოდნენ რა სფეროში სურდათ მოღვაწეობა. მომდევნო წელს უკვე თვითონ გახდა ბანაკის ტრენერი. ბანაკიდან ჩამოსულს თბილისში, პარაოლიმპიურ კომიტეტში ოფისმენეჯერის ვაკანსია შესთავაზეს. შეარჩიეს, რადგან ორი ენა და კომპიუტერზე მუშაობა იცოდა. დაუმალა, რომ უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.

"ეს იყო პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დედაჩემთან შეტაკებით დაიწყო "თბილისში ვერ გაგიშვებ" და "მარტო ვერ წახვალ". როგორია, ცხრა წელი ოჯახის ყველა წევრი გივლის, გეფერება და შენ მერე განუცხადებ, რომ მიდიხარ".

ოჯახის დახმარებით თბილისში ბინა იქირავა. დიდი ხანი ეძებდა უკიბო ბინას პირველ სართულზე, თუმცა ვერ იპოვა. საბოლოოდ, ბინაში შესასვლელად ცხრა კიბის ავლა უწევდა. სამსახურში მისვლაში თანამშრომლები და მეგობრები ეხმარებოდნენ. იხსენებს, რომ მის სახლთან ახლოს მდებარე სილამაზის სალონის ადმინისტრატორი ნატო ასვლაში და სახლის საქმეებში ხშირად ეხმარებოდა.

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

"ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სალონიც არ ყოფილა ღია, ნატოსაც ვერ ვუკავშირდებოდი და დიდი ხანი დავრჩენილვარ გარეთ მანამ, სანამ ვინმეს არ გამოუვლია და არ მითხოვია. ან პირიქით, სახლში დავრჩენილვარ, როდესაც არავის ეცალა ჩემთვის. ყველა თავისი პრობლემა აქვს".

ოფისმენეჯერად მუშაობის შემდეგ ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მოსწონდა მუშაობა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან ურთიერთობა. მაშინ გაიგო რა იყო პარასპორტიც.

ისეთი მაგარი გარემო დამხვდა, რომელსაც ხშირად ვნატრობდი

"ერთი წელი ვიმუშავე, მაგრამ მაინც ვერ ვგრძნობდი, რომ იმ ორგანიზაციაში იყო ჩემი ადგილი. მომწონდა, მაგრამ მაინც რუტინულია. სიახლე კარგია, მაგრამ როცა უკვე ვისწავლე, როცა უკვე გავითავისე და აღარ მაინტერესებს იმის გავრცობა, მაშინ სულზე მომისწრო ჩემი მეგობრის შემოთავაზებამ".

ხუთი წლის წინ მისთვის მოულოდნელად მეგობარმა შესთავაზა, პარაფარიკაობით დაკავებულიყო. იმ პერიოდში პარასპორტის განვითარებისთვის სხვადასხვა ადამიანს ეძებდნენ, ძირითადად თბილისიდან, რადგან რეგიონებიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. პარაფარიკაობის შესახებ მხოლოდ კომიტეტში მუშაობისას გაიგო.

თავიდან იდეით არ აღფრთოვანდა, სკეპტიკურადაც კი უყურებდა. შემოთავაზებაზე უარი თქვა, თუმცა აზრი მალევე შეიცვალა. როგორც იხსენებს, ფარიკაობით დარბაზში პირველი მისვლისთანავე მოიწამლა.

"ჯერ დარბაზში რომ მივედი, ისეთი მაგარი გარემო დამხვდა, რომელსაც ხშირად ვნატრობდი, ეს გარემო და ეს დამოკიდებულება ყველგან ყოფილიყო. რაღაცნაირად დიდი ოჯახია ფარიკაობის ოჯახი. განსხვავდება ყველა სპორტის სახეობისგან, რადგან "მე წინ" კონკურენცია ნაკლებად არის. თუ გაქვს შედეგი გაქვს, თუ არა და მაშინ უნდა გააუმჯობესო შენი შესაძლებლობები. სხვაგან ხდება მსგავსი, რადგან სხვადასხვა სპორტის სახეობაში ერთფეროვანია რაღაც მოძრაობა და იმ მოძრაობის გაუმჯობესება გიწევს. იქ კიდევ ბევრი რაღაცის გაუმჯობესება გიწევს, რომ ვიღაცას დაეწიო".

პარაფარიკაობა ცოტა ადამიანმა თუ იცოდა. პოპულარიზაცია, როგორც ამბობს, ორმა ეტლით მოსარგებლემ მოუტანა, მან და ნიკოლოზ ხატიაშვილმა. მაშინ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არა მხოლოდ შედეგისთვის მიეღწია, არამედ სხვისთვის მაგალითი ყოფილიყო და სპორტში მოსვლის სურვილი გასჩენოდა.

ფარიკაობამ ბევრი შინაგანი სამკურნალო თერაპია ჩამიტარა

დასწყისში არც შესაბამისი აღჭურვილობა და არც პირობები ჰქონდათ. სკამებზე ჯდომით ან მანევრირებად ეტლებში ვარჯიშობდნენ. როგორც ამბობს, ფარიკაობამ შეცვალა შინაგანად და სამყაროსადმი დამოკიდებულებაც შეუცვალა.

"ფარიკაობამ ბევრი შინაგანი სამკურნალო თერაპია ჩამიტარა. იმიტომ, რომ ბევრი ნარჩენი იყო შინაგანი, სრულფასოვნების კომპლექსი მაინც მქონდა. გარეთ კი არ ვითრგუნებოდი, მაგრამ რაღაცები რომ მესმოდა, მაინც ვუშვებდი ჩემში. როდესაც შევცვალე დამოკიდებულება თვითონ სამყაროს აღქმის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც დღემდე თვლიან, რომ მე ასე ხელით მოსაფერებელი მცენარე ვარ, აღარ ვაქცევ დიდი მნიშვნელობას ამ ყველაფერს. მივედი იქამდე, რომ ჩემი ეს დღევანდელი მოცემულობა მისაღებია. შემიყვარდა ის მდგომარეობა, რომელიც მაქვს, რადგან უარყოფას აზრი არ აქვს, სხვა გზა კიდევ არ არის".

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

როდესაც ფარიკაობამდე პერიოდსა და განვლილი გზა იხსენებს პირდაპირ ამბობს, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში იყო. არ იცოდა სად შეეძლო თავისი შესაძლებლობები გამოეცადა და თავი დაემკვიდრებინა. მეთექვსმეტე წელია ეტლში ზის და პირველ ცხრა წელს დაკარგულ წლებს უწოდებს.

"მაშინ მე ვიბრძოდი, ყველაფერს ვაკეთებდი, ოღონდ რამენაირად იმ ჭაობიდან ამომეწია თავი. მე რომ იქ დავრჩენილიყავი, არ ვიცი დღეს ვინ ან როგორ ვიქნებოდი, რას გავაკეთებდი. ალბათ, ისევ დედაჩემი მომივლიდა, ოჯახის წევრები ხელს გადამისვამდნენ და მკითხავდნენ სასეირნოდ გასვლა ხომ არ მინდა".

დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა დროს, როდესაც ვინმესთვის საჭირო გახდებოდა და აქამდე რომ თავი მიეყვანა, ბევრი ენერგია და ძალისხმევა დასჭირდა. ამბობს, რომ ადამიანმა სირცხვილისა და საცოდაობის რეჟიმი უნდა დაძლიოს, რათა რეალობის აღქმა შეძლოს.

რომ მეცოდებოდა და მრცხვენოდა საკუთარი მდგომარეობის, ძალიან დათრგუნული ვიყავი

"მე რომ მეცოდებოდა და მრცხვენოდა საკუთარი მდგომარეობის, ძალიან დათრგუნული ვიყავი. ყველაფერი მოქმედებდა ჩემზე, უაზრო აზრებამდე მივდიოდი, ძალიან ცუდ აზრებამდე. მცდელობა სუიციდს არ მქონია, მაგრამ ფიქრები ხომ მქონდა?

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ როცა ქუჩაში გაღიმებული სახით გავდიოდი, იგივე დამიბრუნდა მე. ვიღაცამ შესაძლოა, მდგომარეობის გამო რაღაცა მომაძახა, მაგრამ როცა სახეს ხედავს, უკვირს რა აცინებს. იმან არ იცის რა მაცინებს, მაგრამ რატომ რა მაცინებს? რა მაქვს სატირალი? კი, მაქვს განსხვავებული მდგომარეობა, მაგრამ ამ განსხვავებული მდგომარეობაშიც შეიძლება, რაღაცნაირად საკუთარი თავის პოვნა. ფარიკაობა ყველაფერი ამის სრულყოფაში დამეხმარა. ფარიკაობამ საერთოდ სხვა განზომილებაში, სხვა პლანეტაზე წამიყვანა".

პირველობა არ იყო მიზანი

თავიდან პირველობისთვის არ მიილტვოდა. თავის საქმეს სიყვარულის გამო აკეთებს და პასუხისმგებლობასაც გრძნობს, მაგრამ აღიარებს, რომ ბოლომდე არ აქვს გააზრებული რა გააკეთა ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

ფოტო: პარაოლიმპიური კომიტეტი

"პირველი არ იყო ჩვენი გუნდის მოწოდება. დაემთხვა ასე, რადგან ხარისხის დავდეთ ფარიკაობაში. ჩემთვის, ჩემი მწვრთნელისთვის და ზოგადად გუნდისთვის, ძირითადი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ხარისხი. რადგან მე რომ მოვიგო და ცუდად ვიფარიკაო, როცა გამოვალ საფარიკაო ველიდან, ჩემი მწვრთნელი :"გამლანძღავს". ეს არის ყველაზე ცუდი შეფასება რაც კი არსებობს".

ხუთი წელი პატარა დროა იმ წარმაატებისთვის, რომელსაც მან მიაღწია. პირველი ორი წელი სასოწარკვეთის გრძნობაც კი ჰქონდა, რადგან ეგონა, რომ ფარიკაობა არ გამოსდიოდა.

"მწვრთნელს ვეუბნებოდი გამიშვი, არაფერში გჭირდები, რატო მიჭერ? ჩემი მწვრთნელი დამცინოდა, გინდა ფარიკაობა ორ წელში ისწავლო, როცა ბავშვები ორი წელი მხოლოდ დგომს სწავლობენო. მაგრამ ასეთი ვარ ზოგადად, თუ მე ვთქვი, რომ მე ამას ვაკეთებ, მე ამას ვაკეთებ მაღალი ხარისხით".

ხალხის ცნობიერება შეიცვლება, თუ ჩვენ შევიცვლით ცნობიერებას

ამბობს, რომ საზოგადოების ცნობიერება შშმ პირების მიმართ შეიცვალა, მაგრამ მაინც ერთ წრეზე დადიან. საზოგადოებას ბოლომდე არ ადანაშაულებს და სჯერა, რომ ხალხის ცნობიერება შეიცვლება, თუ შშმ პირებიც შეიცვლებიან.

"გვგონია, რომ პანდუსი თუ გაკეთდა, ო, წინსვლაა. კარგია, რომ გაკეთდა, მაგრამ ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ ნელ-ნელა ჩვენ ვიცვლებით შინაგანად. ჩვენ აღარ გვრცხვენია საკუთარი მდგომარეობის და აღარ ვეთანხმებით, რომ "ინვალიდები" ვართ. ეს ცვლილებაა ყველაზე კარგი".

არ მოსწონს ეტლით მოსარგებლეებისთვის ცალკე გამოყოფილი საპირფარეშოები. არც ის დამოკიდებულება მოსწონს, როცა საზოგადოება "ფრთიან ანგელოზად" აღიქვამს.

"არ მინდა ვიყოთ სულ ვიღაცის დაიკოები. შეიძლება, ვიღაცას მოეწონოს ეტლით მოსარგებლე, მაგრამ "დაიკოა და იმის იქით ვერ გადახვალ". ჩვენ, ეტლით მოსარგებლეებს, ქალი იქნება ეს, კაცი თუ ბავშვი, ყველას გვაქვს ჩვეულებრივი განცდები და ემოციები. ხვალ მე ვირბენ თუ ეტლში ვიჯდები, ეს არავინ იცის. სოციუმისთვის კარგი ნიადაგი ვართ, რომლებიც ვაძლევთ შანსს ხვალ ჩვენთან შემოერთებულ ადამიანს, გააგრძელოს ცხოვრება ინფორმაციით".

მაქვს ხოლმე მომენტები, როგორ მინდა, უკიბო სამყაროში ვიცხოვრო

სპინალურ დაზიანებაზე საუბრისას იხსენებს, რომ რეაბილიტაციისთვის უკრაინაში უწევდა სიარული. ქვეყანაში სრულად აღჭურვილი სარეაბილიტაციო ცენტრი ამ დრომდე არ არის.

დროთა განმავლობაში სახელმწიფოს დამოკიდებულებაც შეიცვალა. წლების წინ არ იყო ინფრასტრუქტურა და არც იმის ინტერესი, რომ შშმ პირები სადმე დასაქმებულიყვნენ.

"მაქვს ხოლმე მომენტები, როგორ მინდა, უკიბო სამყაროში ვიცხოვრო. ვიღაცა გამოგითქვამს დახმარებას, მაგრამ ვიღაცას ეს დახმარება უნდა, ვიღაცას — არა. ზოგი ძალიან მძაფრად აღიქვამს და ამბობს, რომ მე იქ ჩემით უნდა შევიდე. სწორადაც ფიქრობს".

რატომღაც ფიქრობენ, რომ ნაკლები ძალისხმევა გვაქვს

სურს, რომ პარასპორტი და სპორტი ერთმანეთს გაუთანაბრდეს და ერთ სივრცეში აღიქმებოდეს. საქართველოში წლის სპორტსმენის დაჯილდოებაზე პარასპორტისა და სპორტის ერთმანეთისგან განცალკევება მისთვის უსიამოვნო იყო.

ირმა ხეცურიანი 2018 წლის საუკეთესო პარასპორტსმენ ქალად დაასახელეს.

ფოტო: პარაოლიმპიური კომიტეტი

"არავინ ფიქრობს, რომ ვინმე ვინმეს წინააღმდეგია. მე არ მომეწონა ორგანიზატორების მხრიდან, რომ რაღაც მხრივ გამოყოფილები ვართ. ხომ შეიძლებოდა ყველა სპორტსმენი აეყვანათ სცენაზე და მერე გაეხსნათ ლენტები. ესეც არ არის კარგი ჟესტი, როცა ერთ ადამიანზე იხსნება ლენტები. ჯერჯერობით არ ვართ მისულები იქამდე, რომ ერთი ვიყოთ... რატომღაც ფიქრობენ, რომ ნაკლები ძალისხმევა გვაქვს".

შშმ პირების უფლებების დასაცავად პირველი ნაბიჯები კოალიციასთან ერთად გადადგა. სჯერა, რომ თავისი საქმიანობით ისევ შშმ პირებისთვის იბრძვის. ვარჯიშებისა და შეჯიბრებების გამო სოციალურ კამპანიებში აქტიურად ვერ ერთვება, თუმცა თუ შესთავაზეს უარს არ ამბობს.

"რომ არ დავთანხმდე არის სისულელე, ეს ჩემი საქმეა. ამის მონაწილე მე ვარ. მე თუ არა, აბა, ვინ უნდა დათანხმდეს. უარი როგორ უნდა ვთქვა?"

ახლა მთელი ყურადღება და იმედები 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადაზეა. მომდევნო ორი წლის განმვალობაში ექვსი საპასუხისმგებლო ტურნირი უწევს, მათ შორის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები. ყველა ტურნირის მოგებას და ოლიმპიადიდან მედლის ჩამოტანას აპირებს.