შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხუთი ბინის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი ბოლნისში დააკავა. ბრალდება 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში, ბოლნისში 5 ბინაში უკანონოდ შეაღწია, რის შემდეგაც ბინების მეპატრონეების კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულები მოიპარა.

"ნაქურდალი ძვირფასეულობის საერთო ღირებულება 18 000 ლარია. პოლიციამ მოპარული ძვირფასეულობის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო", — ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.