ორდღიანი ვიზიტის დასაწყისი

ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყო. აეროპორტში მერკელს საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დახვდა.

ოფიციალური დახვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საზეიმო დახვედრის ცერემონია გაიმართა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ანგელა მერკელს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ უმასპინძლა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

ოფიციალური დახვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში მამუკა ბახტაძე და ანგელა მერკელი დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ, რის შემდეგაც მხარეებს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

საერთო პრესკონფერენცია

23 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი ოკუპაციის თემით დაიწყო და გაიხსენა, თუ როგორ "მკაფიოდ" მოუწოდა 10 წლის წინ რუსეთს ჯარების გაყვანისკენ. ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

"რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში".

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

კანცლერმა ოკუპაციის თემაზე საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხადაც გააგრძელა და "უსამართლობა" უწოდა არსებულ სიტუაციას:

"რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია".

ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს "დიდი უსამართლობა". კანცლერის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ყოველდღიურობად არ უნდა იქცეს.

"ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე".

თავის შესავალ კითხვაში გერმანიის კანცლერი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა რკინიგზის სფეროში.

მერკელის თქმით, ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი, რაც დაახლოებით 199 მილიონ ევროს ოდენობის ინვესტიციას, რაც გაზსაცავს, წყლის მომარაგებასა და კანალიზაციის სისტემებისთვის გამოიყოფა.

"მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესს შორის იყოს ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი რომ ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავცვალოთ გამოცდილება. შეგვიძლია, საქართველომ ექსპორტი გააკეთოს თავისი აგრარული პროდუქციისა ევროკავშირში", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

კანცლერმა Ipress-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი აქვს:

"ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება, ჯერჯერობით ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვიულებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს. ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას".

მერკელმა ვიზალიბერალიზაციის შედეგებიც შეაფასა და თქვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ძალიან მალე ბევრი თავშესაფრის მაძიებელი პირი ჩავიდა გერმანიაში საქართველოდან. თუმცა, მისივე თქმით ეს მაჩვენებელი მალევე შემცირდა:

"საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა".

კანცლერმა თავის განცხადებაში ახსენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო იქნება საპატიო სტუმარი:

"ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ".

შეხვედრა პრეზიდენტთან

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს გერმანიის სახით საუკეთესო მეგობარი ყავს და მის მაგალითს უნდა მიბაძოს.

"როდესაც ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ მომავალზე და ჩვენს ყველაზე პრობლემურ საკითხებზე, გვახსოვს, რომ გერმანია გაყოფილი იყო და ის გახდა ერთიანი, ძლიერი ერი, ევროპული პროცესების ლიდერი და ხედვის განმსაზღვრელი. ჩვენ საქართველოსათვის იგივე მომავალს ვიმედოვნებთ და ვიცით, რომ ამ გზაზე გერმანიის სახით გვყავს საუკეთესო მეგობარი", - განაცხადა მარგველაშვილმა.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

როგორც ანგელა მერკელმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველო დემოკრატიისა და ეკონომიკური გაუმჯობესების გზაზეა. მისი თქმით, ქვეყანამ ბოლო ათ წელში დიდ პროგრესს მიაღწია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის მთავარი თემა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება, უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკა იყო. მათივე თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საკითხებს.

ანგელა მერკელმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გმირთა მოედანზე მემორიალი გვირგვინით შეამკო, 2018 წელი

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, გერმანიის კანცლერი გმირთა მოედანზე მივიდა და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. ამის შემდეგ კანცლერი ოფიციალურ ვახშამზე წავიდა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ორგანიზებით ფუნიკულიორზე გაიმართა.

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

დეტალები ოფიციალური ვახშმიდან წაიკითხეთ აქ.

ვიზიტის მეორე დღე - კანცლერისა და ოპოზიციის შეხვედრა

ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტის მეორე დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაიწყო. ის ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრებს სასტუმრო "შერატონში" შეხვდა.

გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, გაცილებით უფრო გულწრფელი და პროდუქტიული საუბარი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა.

"ქალბატონი კანცლერი ძალიან დაინტერესებული იყო ჩვენი შეფასებებით – უპირველეს ყოვლისა, რა ხდება საქართველოში, რა ხდება საქართველოს დემოკრატიულ პროცესში, რა არის იმ პოლიტიკური ძალების განლაგება, რომელიც ახლა აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და შემდგომ ამის გაგრძელებას, როგორც ვუყურებთ ჩვენ მდგომარეობას რეგიონში და როგორ ვუყურებთ იმას, რა გავლენას ახდენს რუსეთი საქართველოსა და რეგიონზე, როგორ ვაფასებთ ევროპის კავშირთან, ევროპასთან და პოლიტიკურ დასავლეთთან ჩვენს ურთიერთობებს", – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

რაც შეეხება ნატოს, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ანგელა მერკელმა გულწრფელად დააფიქსირა იგივე პოზიცია, რა პოზიციაც მას ყოველთვის ჰქონდა.

ფოტო: ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატის დავით ბაქრაძის თქმით კი ანგელა მერკელთან შეხვედრით ორი მნიშვნელოვანი შედეგი მიიღეს.

ბაქრაძის განცხადებით, მან მიიღო მხარდაჭერა კანცლერისგან, რომ გერმანია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და სანქციებს ხმარს დაუჭერს.

"მეორე ჩემი დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც კანცლერისგან მივიღე დაპირება, რომ ის არის თანახმა დაიწყოს მუშაობა ამ თემაზე და გერმანიის მთავრობა შეიმუშავებს იმ პროფესიების სიას, სადაც ქართველებს მიეცემათ მუშაობის საშუალება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეხვედრა სტუდენტებთან

ფოტო: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტო

ანგელა მერკელი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მივიდა და სტუდენტების 14 კითხვას უპასუხა. ანგელა მერკელმა ისაუბრა საქართველოს პერსპექტივაზე გაერთიანდეს ევროკავშირსა და ნატოში და რუსეთის როლზე მსოფლიოსა და საქართველოს პოლიტიკაში.

ანგელა მერკელმა სტუდენტებთან საუბარი გერმანიის აღმოსავლეთ პოლიტიკაზე საუბრით დაიწყო. მისი თქმით, საქართველო დანამდვილებით არის ქვეყანა, რომელსაც უკრაინასთან ერთად აქვს დიდი ევროპული პერსპექტივა და ამას საერთაშორისო ასპარეზზე გამოხატავს.

"ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობის დალაგება. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი მიმართ", - განაცხადა კანცლერმა.

მერკელის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჯერ საუბარი არ არის.

"ჯერჯერობით არ არის საუბარი გაწევრიანებაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივიდეთ საუბარზე, რომ ვისაუბროთ გაწევრიანებაზე. ვერ ვიტყვი, რომ 5 წელიწადში ეს პროცესი დასრულდება, თუმცა ჩემი ვიზიტის მიზანია მათ შორის ამაზეც საუბარი გახსნილად", - განაცხადა მან.

გერმანიის კანცლერმა მხოლოდ მესამე ჯერზე დასმული კითხვის პასუხად ახსენა ტერმინი "ოკუპაცია".

კითხვის ავტორმა, კონსტანტინე შუბითიძემ მერკელს ამ სიტყვის ხსენების თავიდან არიდების მიზეზი ჰკითხა, კანცლერის პასუხს კი დამსწრე აუდიტორია ტაშით შეხვდა:

"დიახ, ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია, დაკავებული ტერიტორია, 20% და ეს რჩება უდიდეს უსამართლობად".

მანამდე, სტუდენტებთან შეხვედრისას კიდევ ორი კითხვა დაისვა კანცლერის მისამართით, მიიჩნევდა თუ არა ის საქართველოს ტერიტორიებს ოკუპირებულად, პასუხად კი კანცლერმა მხოლოდ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება შეაფასა.

მერკელის განცხადებით, NATO-ში საქართველოს სწრაფ გაწევრიანებას ვერ ხედავს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, სწრაფ გაწევრიანებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება", – განაცხადა კანცლერმა.

მისივე თქმით, გერმანიაში მუშავდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება.

ანგელა მერკელის ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან

ფოტო: EUMM

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ის სოფელ ოძისიდან საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ტერიტორიებს დააკვირდა.

ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებმა მერკელს ადგილზე არსებული ვითარება გააცნეს. მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა.

ვიზიტის ეკონომიკური მხარე

გერმანიის კანცლერის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა €193 მილიონი ევროს დაფინანსების ხელშეკრულება, რომლის ეშვეობითაც საქართველოში აშენდება მიწისქვეშა გაზსაცავი და მოწესრიგდება წყალმომარაგების სისტემა.

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დავალებით გამოყო 150 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის. მთლიანი საინვესტიციო თანხა წარმოადგენს 220-250 მილიონ ევროს.

მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით 400 მილიონი კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15 პროცენტია.

ფოტო: საქართველოს ფინანასთა სამინისტრო

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დავალებით გამოყო 150 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტი საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობისათვის. მთლიანი საინვესტიციო თანხა 220-250 მილიონი ევროა და KfW-სთან ერთად მის დაფინანსებაში მონაწილეობას იღებენ ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (GOGC). მომავალი გაზსაცავი თბილისის მახლობლად განთავსდება და მისი მოცულობა იქნება დაახლოებით 400 მილიონი კუბური მეტრი, რაც საქართველოში გაზის წლიური მოხმარების 10-15 პროცენტია.

გარდა ამისა BMZ-ის დავალებით KfW-მ საქართველოს მთავრობასთან ხელი მოაწერა 40 მილიონი ევროს ოდენობის კრედიტის ხელშეკრულებას და ასევე თანმდევ ღონისძიებას (სუბსიდია 3 მილიონი ევროს ოდენობით), რომლითაც უნდა გაუმჯობესდეს წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ამ ღონისძიების თანადაფინანსება 7 მილიონი ევროთი მოხდება ევროკავშირის დანამატების ფონდიდან.

ვიზიტის დასასრული

გერმანიის კანცლერის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა. თვითმფრინავის აფრენამდე კანცლერი "ღირსეული პარტნიორი 2018-ის" გერმანელ ჯარისკაცებს შეხვდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღო.

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

ანგელა მერკელი თბილისიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააცილა.

კანცლერი საქართველოდან სომხეთში უკვე გაემგზავრა. 25 აგვისტოს კი იგი აზერბაიჯანის დედაქალაქს, ბაქოს ესტუმრება.

ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია