რაზე ისაუბრა ანგელა მერკელმა — მთავარი გზავნილები
დღეს, 23 აგვისტოს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი ოკუპაციის თემით დაიწყო და გაიხსენა თუ როგორ "მკაფიოდ" მოუწოდა 10 წლის წინ რუსეთს ჯარების გაყვანისკენ. ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესაც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:
"რაც შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ჩვენ ჩვენს წვლილს შევიტანთ ამაში".
კანცლერმა ოკუპაციის თემაზე საუბარი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის კითხვის პასუხადაც გააგრძელა და "უსამართლობა" უწოდა არსებულ სიტუაციას:
"რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე, მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია".
ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს "დიდი უსამართლობა". კანცლერის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია ყოველდღიურობად არ უნდა იქცეს და ამ სიტუაციას არავინ უნდა შეეგუოს:
"ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე".
თავის შესავალ კითხვაში გერმანიის კანცლერი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა ეკონომიკური თანამშრომლობა რკინიგზის სფეროში.
მერკელის თქმით, ვიზიტის დროს ორ შეთანხმებას მოეწერება ხელი, რაც დაახლოებით 199 მილიონ ევროს ოდენობის ინვესტიციას, რაც გაზსაცავს, წყლის მომარაგებასა და კანალიზაციის სისტემებისთვის გამოიყოფა.
"მნიშვნელოვანია, მცირე და საშუალო ბიზნესს შორის იყოს ურთიერთობა და ერთმანეთს ხშირად შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრები, ის ხალხი, ვინც ეკონომიკაზეა პასუხისმგებელი რომ ჩვენი ურთიერთობები ეკონომიკაში უფრო ინტენსიური გავხადოთ და გავცვალოთ გამოცდილება. შეგვიძლია, საქართველომ ექსპორტი გააკეთოს თავისი აგრარული პროდუქციისა ევროკავშირში", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
კანცლერმა Ipress-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონტექსტში მნიშვნელოვანი როლი აქვს:
"ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება, გაფართოება, გამსხვილება, ჯერჯერობით ჩვენ იმ ინსტრუმენტების გამსხვიულებაზე ვმუშაობთ, რაც არსებობს. ჩემი ვიზიტი ხელს უწყობს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას".
მერკელმა ვიზალიბერალიზაციის შედეგებიც შეაფასა და თქვა, რომ ჯერ კიდევ ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებიდან ძალიან მალე ბევრი თავშესაფრის მაძიებელი პირი ჩავიდა გერმანიაში საქართველოდან. თუმცა, მისივე თქმით ეს მაჩვენებელი მალევე შემცირდა:
"საქართველოს პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კიდევ უფრო შემცირდება ასეთი პირების რაოდენობა".
კანცლერმა თავის განცხადებაში ახსენა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სადაც საქართველო იქნება საპატიო სტუმარი:
"ძალიან გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ".
კომენტარები