კვლევა: გენდერული სტერეოტიპების გავლენა ბავშვებზე ნელ-ნელა მცირდება
მეცნიერებმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისში ჩატარებული კვლევა, ბავშვებზე გენდერული სტერეოტიპების გავლენის შესახებ, უახლეს კვლევებს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ ამ სტერეოტიპების ქვეშ ბავშვების სულ უფრო და უფრო მცირე ნაწილი ექცევა.
1966-1977 წლებში, მკვლევრებმა სკოლის მოსწავლეებს მარტივი დავალება მისცეს - დაეხატათ მეცნიერი. კვლევა 1983 წელს გამოქვეყნდა, სახელად დახატე მეცნიერი [Draw-A-Scientist].
მოსწავლეების ნახატები ერთმანეთს არ ჰგავდა - ზოგ მეცნიერს თეთრი ხალათი ეცვა, ზოგი მიკროსკოპში იყურებოდა, ზოგს წვერები ჰქონდა. თუმცა მთავარი ის იყო, რომ კვლევაში მონაწილე 5 000 ბავშვიდან მხოლოდ 28-მ, ანუ 1%-ზე ნაკლებმა, დახატა ქალი მეცნიერი.
უახლესი მეტა-ანალიზი, რომელიც ამერიკელ ბავშვებზე ჩატარებულ 78 კვლევას აერთიანებდა, აჩვენებს, რომ ვითარება შეცვლილია. კვლევებიდან რამდენიმე 2017 წელსაა დამთავრებული. მეტა-ანალიზი ბავშვთა განვითარების ჟურნალში გამოქვეყნდა.
"დღეს, ეს ბავშვები მეცნიერებაში მნიშვნელოვან ქალ ფიგურებს ხშირად ხედავენ ბავშვებისთვის განკუთვნილ მედიაში. ამიტომ, გადავწყვიტეთ, გაგვეგო, ეს კულტურული ცვლილებები ახდენდა თუ არა გავლენას ბავშვების წარმოსახვაზე; შეიცვალა, თუ არა მათი შეხედულებები სტერეოტიპებთან ერთად? ჩვენი აღმოჩენები ამ კითხვას დადებით პასუხს სცემს", - ამბობს დევიდ მილერი, ნორზვესტერნის უნივერსიტეტის სადოქტორო კანდიდატი და კვლევის ერთ-ერთი ავტორი.
1985 წელს ჩატარებულ კვლევაში, გამოკითხული 21 000 ბავშვიდან 28%-მა დახატა მეცნიერი ქალი. ქალ მეცნიერებს უფრო ხშირად გოგოები [45%] ხატავდნენ, ვიდრე ბიჭები [5%].
"ამით ბავშვებს პირდაპირ არ ეკითხებოდნენ, მეცნიერება ქალებისთვის იყო თუ კაცებისთვის, ასე რომ, ეს ამ სტერეოტიპს პირდაპირ არ პასუხობდა, თუმცა ეს მათ ასოციაციებს უსვამდა ხაზს", - ამბობს მილერი.
კვლევის მიხედვით, იცვლება ეს ასოციაციებიც. მილერმა და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ 6-წლამდე ასაკის ბავშვები ქალ და კაც მეცნიერებს თითქმის თანაბარი მაჩვენებლით ხატავდნენ. ხოლო 6-დან 13-წლამდე ბავშვები, უფრო ხშირად, კაც მეცნიერებს ხატავდნენ.
მილერი მიიჩნევს, რომ ეს ფენომენი ვიზუალური გამოსახულებების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
"რაღაც სფეროებში ქალ წარმომადგენლებს კვლავ იშვიათად აქცევენ ყურადღებას, ბავშვებმა კი, ეს სტერეოტიპული გარემო "ამხილეს". მნიშვნელოვანია, რომ ამ სტერეოტიპებმა მეცნიერებით დაინტერესებულ გოგოებზე უსამართლო გავლენა არ მოახდინოს", - ამბობს მკვლევარი და დასძენს, რომ იმ გოგოებს, რომლებიც საკუთარ მომავალს მეცნიერებაში ხედავენ, ხელი უნდა შევუწყოთ.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ თაობების შეხედულებების ფორმირება სწორედ ამ გოგოებზეა დამოკიდებული.
კომენტარები