ნამარხების ანალიზმა 300 მილიონი წლის წინანდელი 3 ეკოსისტემა გამოავლინა
ფოტო: Kimberly Boyles/Shutterstock.com
დაახლოებით 300 მილიონი წლის წინ ჩიკაგო ტროპიკული ჭაობებით, მდინარეების დელტებითა და წყალმარჩხი ზღვებით იყო დაფარული. იმ დროიდან ბევრი მცენარე და ცხოველი, კერძოდ მათი ნაშთები, თითქმის უვნებლადაა შემონახული მაზონის მდინარის ტერიტორიაზე. აღნიშნულ არეალში ათასობით ასეთი ნამარხი გვხვდება.
ეს ადგილი მორისშია, ჩიკაგოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. იგი მე-19 საუკუნეში მაღაროელებმა აღმოაჩინეს. ისინი ქვანახშირს ეძებდნენ, ნაცვლად ამისა კი ათასობით ნამარხი იპოვეს.
აქ ათასობით ნამარხი კარბონის პერიოდით, დაახლოებით 300 მილიონი წლით, თარიღდება. ამ დროს ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლემ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა; ამ პერიოდში გაჩნდნენ პირველი რეპტილიებიც. სიცოცხლის ნაშთები მეტ-ნაკლებად უვნებელი შემორჩა, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი სიდერიტის (რკინის კარბონატი) კონკრეციებით იყო გარშემორტყმული.
მკვლევრები ვარაუდობდნენ, რომ სიცოცხლის ფორმები აქ ორ ჯგუფად იყოფოდა: ბრაიდვუდისა და ესექსის ჯგუფებად. პირველი სანაპიროდან დაშორებული წყლის ეკოსისტემაა, რომელიც მცენარეებით არის მდიდარი; მეორე მდინარის დელტის ეკოსისტემაა, სადაც მტკნარი წყლის უამრავი სახის ორგანიზმი, ასევე ხმელეთიდან ჩამორეცხილი მცენარეები გვხვდება. აღმოჩნდა, რომ საქმე ასე მარტივადაც არ არის.
ახალი კვლევის ფარგლებში მისურის უნივერსიტეტის მეცნიერება ხელახლა შეისწავლეს სიდერიტის 300 ათასამდე კონკრეცია. ნიმუშები მაზონის მდინარის 350 სხვადასხვა ადგილიდან იყო მოპოვებული. შედეგები მიანიშნებს, რომ ესექსის ჯგუფი ორ ცალკეულ ქვეჯგუფად უნდა დაიყოს: უილ-ესექსად და კანკაკი-ესექსად.
უილ-ესექსის ზონა ნაპირთან ახლო და ნაპირისგან დაშორებული წყლების შუალედურ არეალში იყო, ფსკერზე კი უამრავი მოლუსკი ცხოვრობდა. უფრო შორს კანკაკი-ესექსის ზონაა, რომელშიც კნიდარიები (ეს ცხოველთა ტიპია, რომელიც მედუზებს, ჰიდროიდებს, ზღვის ანემონებსა და მარჯნის პოლიპებს აერთიანებს) ჭარბობდნენ.
გამოდის, ტერიტორია რეალურად სამ სხვადასხვა უძველეს გარემოს აერთიანებს — მტკნარი წყლის, ზღვის გარდამავალ და სანაპიროსგან დაშორებული წყლის ეკოსისტემებს — თითოეულ მათგანში კი განსხვავებული ცოცხალი ორგანიზმები ბინადრობდნენ.
"თითოეულ ამ უძველეს გარემოში ცხოველების კონკრეტული ჯგუფები დომინირებდა. მაგალითად, ნაპირთან ყველაზე ახლოს მტკნარი წყლის ცხოველები ჭარბობდნენ, სანაპიროსგან დაშორებით — მედუზები და ზღვის ანემონები, გარდამავალ ზონაში კი — ზღვის მოლუსკები და ჭიები", — განმარტა ჯიმ შიფბაუერმა, კვლევის ხელმძღვანელმა და მისურის უნივერსიტეტის მეცნიერმა.
სამომავლოდ მეცნიერებს იმის გაგება სურთ, თუ როგორ უკავშირდება მაზონის მდინარის ეკოსისტემები ქვეშ არსებულ "კოლჩესტერის ქვანახშირის შრეებს" — დანალექებს, რომელთა გამოც მე-19 საუკუნეში ტერიტორიას მაღაროელები ეწვივნენ. კვლევის ავტორები კერძო სექტორთან და ტორონტოს უნივერსიტეტთან თანამშრომლობენ, რათა ამ უძველეს გარემოთა რეკონსტრუქცია შეძლონ.
ნაშრომი ჟურნალ Paleobiology-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები