ადამიანთა ნეშტები კანიბალიზმის შესაძლო მოტივებზე გვიყვება — მტრობა ნეოლითის ხანაში
ფოტო: IPHES-CERCA
ესპანეთში, ნეოლითის ხანის გამოქვაბულში, 11 ადამიანის ნეშტი აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ძვლების ფრაგმენტები მთლიან ოჯახს ეკუთვნის, კვლევის მიხედვით კი, ეს ადამიანები კანიბალებმა შეჭამეს. მეცნიერების ვარაუდით, ამის მოტივი კონფლიქტი და მტრის კლანის სრულად განადგურება უნდა ყოფილიყო.
ძვლები ელ მირადორის გამოქვაბულში, ატაპუერკის მთებში, აღმოაჩინეს. ამ არეალში კანიბალიზმის შემთხვევები აქამდეც დაფიქსირებულა, მათ შორის ნეანდერტალელებამდე პერიოდშიც.
"ახალი აღმოჩენის ჩათვლით, ატაპუერკაში უკვე პრეისტორიული კანიბალიზმის სამი შემთხვევაა დაფიქსირებული. ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ გრან დოლინაში, დაახლოებით 900 ათასი წლით თარიღდება. იგი ისტორიაში ყველაზე ძველი ჩვენთვის ნაცნობი მაგალითია", — IFLScience-თან საუბრისას აცხადებს ფრანჩესკ მარჯინედასი, ადამიანის პალეოეკოლოგიისა და სოციალური ევოლუციის ინსტიტუტის მეცნიერი.
დაახლოებით 4 100-4 600 წლის წინ ელ მირადორში ბრინჯაოს ხანის 6 ინდივიდიც შეჭამეს. შესაბამისად, კანიბალიზმი არაერთ ათასწლეულში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. 11 ადამიანის შემთხვევაში ეს 5 709-5 573 წლის წინ უნდა მომხდარიყო.
მკვლევრებმა 11 ადამიანის 650 კარგად შემონახული ფრაგმენტი შეისწავლეს. ძვლები ბავშვებსა და ზრდასრულებს ეკუთვნოდათ. კრემაციის კვალი სულ 222 ძვალზე აღმოაჩინეს, ხოლო 69-ზე კი ხორცის დამუშავების ნიშნები დაინახეს. 132 ფრაგმენტზე დაჭრისა და დაჩეხის ნიშნები აღმოჩნდა, რამდენიმეზე კი — ადამიანის კბილებისგან დატოვებული კვალი.
"ფაქტები სრულფასოვანი დამუშავების პროცესზე მიანიშნებს, რომელიც ხორცის, შინაგანი ორგანოების, ძვლის ტვინისა და თავის ტვინის ამოღებას მოიცავს", — წერენ ნაშრომის ავტორები.
მკვლევრების აზრით, კანიბალიზმი დაკრძალვასთან დაკავშირებული ტრადიცია არ იქნებოდა. ამას იმით ასაბუთებენ, რომ ეს ცალკეული შემთხვევა იყო და მანამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა, სანამ ამ გამოქვაბულით სარგებლობა შეწყდებოდა. კანიბალიზმის მოტივებიდან გამორიცხავენ შიმშილსაც, რადგან რეგიონში იმ დროს საკვების დეფიციტის კვალი არ არსებობს; გარდა ამისა, ტერიტორიაზე აღმოჩენილ სხვა ნაშთებზე არც რაიმე მეტაბოლური პათოლოგია შეუნიშნავთ, რომელსაც შიმშილი გამოიწვევდა.
კვლევის ავტორების ვარაუდით, ეს შეიძლება ბრძოლასთან დაკავშირებული კანიბალიზმის შემთხვევა იყოს, "რა დროსაც მსხვერპლები, სავარაუდოდ ნუკლეარული ან დიდი ოჯახი, შეიძლება ერთად ამოეხოცა მეზობელ ან გარე ჯგუფს". ამ იდეას სხვა ნეოლითური ხოცვა-ჟლეტის შემთხვევები ამყარებს, რომლებიც გერმანიაში, საფრანგეთსა და იტალიაში მოხდა. ამ დროსაც ოჯახებს ჭამდნენ — როგორც ზრდასრულებს, ისე ბავშვებს, ეს კი ელ მირადორში აღმოჩენილ ნეშტთა ასაკობრივ ფარგლებს ემთხვევა.
ანტონიო როდრიგეს-იდალგო, ნაშრომის ავტორი, ამბობს, რომ ასეთი მოვლენები შეიძლება ნეოლითის ხანაში ფართოდ გავრცელებულ ჯგუფთაშორის კონფლიქტს ასახავდეს, რა დროსაც მტრებს სრული ლიკვიდირების მიზნით ჭამდნენ.
"ისიც მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროპაში ნეოლითის ხანა ცალსახად მშვიდი არ ყოფილა", — ამბობს მარჯინედასი — "ელ მირადორის გარდა, ომთან დაკავშირებული კანიბალიზმის შემთხვევები ორ სხვა ნეოლითურ კონტექსტშიც აღმოუჩენიათ, კერძოდ ჰერქსჰაიმსა (გერმანიაში) და ფონტბრეგუაში (საფრანგეთი)".
ავტორების აზრით, ამ პერიოდში ძალადობა და კანიბალიზმი შეიძლება სოციალური არეულობის შედეგი ყოფილიყო, რომელიც, თავის მხრივ, ნადირობიდან და შემგროვებლობიდან ფერმერობაზე გადასვლას მოჰყვა.
ნაშრომი ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.
კომენტარები