კატალონიის კრიზისი - დეტალები მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

2017 წელი ესპანეთისთვის კრიზისული აღმოჩნდა, რადგან კატალონიის ავტონომიურმა გაერთიანებამ მისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი სახელწიფოს შექმნა გადაწყვიტა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კატალონიამ ცალკე სახელმწიფოდ ჩამოყალიბება სცადა, მაგრამ წელს რეგიონმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონსტიტუციურად გამოცხადებული რეფერენდუმი ჩაატარა, რომლის მიხედვითაც კატალონიის მოსახლეობა დამოუკიდებლობას ითხოვს.

ესპანეთის ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს რეფერენდუმის შედეგებს. რეგიონის ხელისუფლების დაუმორჩილებლობის გამო მადრიდმა გადაწყვიტა, რომ კატალონიაში პირდაპირი, ცენტრიდან კონტროლირებული მმართველობა დაეწყო, რითაც რეგიონს ავტონომიის სტატუსი შეუჩერდებოდა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი, მარიანო რახოი

ფოტო: Reuters

სწორედ 27 ოქტომბერს, როდესაც ესპანეთის სენატი კატალონიაში პირდაპირი მმართველობის დაწესებას განიხილავდა, რეგიონის ხელისუფლებამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ კატალონიის პარლამენტი და მთავრობა დაშალა. ასევე უფლება-მოსილება ჩამოერთვა კატალონიის პრეზიდენტს, კარლეს პუჩდემონის, რომლის ფუნქციებიც ქვეყნის ვიცე-პრემიერმა, სორაია საენს დე სანტამარიამ დაიკავა. გარდა ამისა, კატალონიაში ხელახლა ჩატარდება არჩევნები ავტონომიის ახალი მთავრობისა და პარლამენტის ჩამოსაყალიბებლად.

როგორ იმართება კატალონია?

ესპანეთის სამეფო დაყოფილია 17 რეგიონად, რომელთაგან თითოეულს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობა მართავს. კატალონია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა განლაგებული და სხვა რეგიონებთან შედარებით ყველაზე ფართე ავტონომიით სარგებლობს.

ფოტო: On.ge

კატალონიას აქვს საკუთარი ენა, დროშა, გერბი, ჰიმნი, პარლამენტი და პრეზიდენტი. რეგიონის ოფიციალური ენებია კატალონიური, ესპანური და ოქსიტანური. 32 ათას კმ2-ზე 7,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

ავტონომიის განსაკუთრებული სტატუსიდან გამომდინარე, მას ბევრ სფეროში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, დაწყებული კულტურითა და ეკოლოგიით, დამთავრებული კომუნიკაციით, ტრანსპორტითა და საზოგადოებრივი წესრიგით. მადრიდის კომპეტენციაში შედის საერთაშორისო ურთიერთობები, სამხედრო ძალები, ასევე საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხები. რეგიონული და ცენტრალური ხელისუფლებების უთანხმოების დროს ესპანეთის კონსტიტუცია პრიორიტეტს წარმოადგენს, რითაც, ხშირ შემთხვევაში, უკმაყოფილოა კატალონია.

კატალონიას 12 მინისტრი ჰყავს. კატალონიის პარლამენტში, ჟენერალიტეტში, არის 135 დეპუტატია ექვსი პარტიიდან, აქედან სამი კატალონიის დამოუკიდებლობას ითხოვს.

კატალონიას ჰყავს საკუთარი პოლიცია "მოსოს დესკუადრა" (Mossos d'Esquadra). მათ მოვალეობაში შედის ადგილობრივი წესრიგის დაცვა და გამოძიებების ჩატარება. გარდა ამისა, კატალონიაში არის საზოგადოებრივი მაუწყებელი Catalan Media Corporation.

როგორი იყო კატალონიის ისტორიული გზა დამოუკიდებლობისკენ?

ისტორიული კატალონიის ტერიტორია შედგება ესპანეთში კატალონიის ავტონომიური გაერთიანებისა და ჩრდილოეთ კატალონიისგან საფრანგეთში. კატალონიის პირველი მაცხოვრებლები იბერები იყვნენ.

რეგიონის ისტორია, რომელსაც შემდგომში კატალონია ეწოდა, ძვ.წ. 575 წელს დაიწყო, როდესაც ბერძენმა კოლონიალისტებმა ზღვის სანაპიროზე კოლონია ემპორიონი შექმნეს. შემდგომში, რეგიონში გამოჩნდნენ ბერძნები და კართაგენელები. მეორე პუნიკური ომის შემდეგ კი, ძვ.წ. მესამე საუკუნეში, ეს ადგილი რომის იმპერიის პროვინციად იქცა. იბერების ნაწილი თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერი სახის მმართველობას და ოდითგანვე დამოუკიდებლობას ითხოვდა. საუკუნეების განმავლობაში კატალონიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ როგორც ბარბაროსები და გერმანული ტომები, ისე - არაბები.

985 წელს, ტერიტორიიდან არაბების გაძევება, კატალონიელების აზრით, "კატალონიი დაბადებად" მიიჩნევა. სამსაუკუნოვანი დამოუკიდებლობის შემდეგ, ბარსელონის საგრაფოდ წოდებული რეგიონი, დინასტიური ქორწინების გზით, ჯერ არაგონის სამეფოს, შემდეგ კი კასტილიას შეუერთდა. ამ ორი სამეფოს გაერთიანებას კი ერთიანი ესპანეთის შექმნა მოჰყვა.

XVII საუკუნეში კატალონია ოფიციალურად გაიყო ორ რეგიონად და ისტორიული ტერიტორიების ძირითადი ნაწილი ესპანეთში მოხვდა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ ნაწილს ეწოდება დღეს კატალონია.

ჯერ კიდევ 1871 წელს სცადა კატალონიამ ესპანეთიდან გამოყოფა, მაგრამ მოლაპარაკებების შედეგად ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში დარჩა. დამოუკიდებლობის კიდევ ერთი ტალღა იყო 1930-იან წლებში, თუმცა ეს მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა. ფრანკოს რეჟიმის დროს, განხორციელებული რეპრესიების შედეგად, კიდევ უფრო მეტად იმატა კატალონიურმა სეპარატიზმმა.

ფრანკოს დიქტატურის დროს, 1939-1975 წლებში, კატალონიაში შეიზღუდა დემოკრატიული თავისუფლება, იდევნებოდნენ მემარცხენე იდეოლოგიის მქონე ადამიანები და იყო ტოტალური ცენზურა. გარდა ამისა, რეგიონს ჩამოერთვა ავტონომიის სტატუსი, ასევე აიკრძალა კატალონიური პრესა. მკაცრად იყო აკრძალული კატალონიური ენაც.

ფრანკოს სიკვდილთან და დიქტატურის დასრულებასთან ერთად, ესპანეთმა მიიღო ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, 1979 წელს კატალონიას ავტონომიის სტატუსი აღუდგა. ამას მოყვა კატალონიური ენის ოფიციალური აღიარებაც. ამავე პერიოდიდან კატალონიას აქვს საკუთარი პარლამენტი, ჟენერალიტეტი და მთავრობა, რომელსაც მთავარი რეზიდენცია ბარსელონაში აქვს.

2006 წელს ესპანეთისა ცენტრალურმა და კატალონიის ავტონომიის ხელისუფლებებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, რეგიონს მნიშვნელოვანი დამოუკიდებლობა ენიჭებოდა ადმინისტრაციულ, ფინანსურ, იურიდიულ და საიმიგრაციო სფეროებში. თუმცა 2010 წელს ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე დადგენილება გააუქმა, რითაც კატალონიელების უკმაყოფილება გამოიწვია.

2014 წელს ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე ჩატარდა საყოველთაო გამოკითხვა, რა დროსაც მოსახლეობის 80-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 2015 წელის ოქტომბერში, კატალონიის ხელისუფლებაში მოსულმა კოალიციამ შეიმუშავა საპარლამენტო პროექტი დამოუკიდებლობის შესახებ. ერთი თვის შემდეგ კატალონიის პარლამენტმა, 73 ხმით 62-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ესპანეთიდან გამოყოფის რეზოლუციას. დოკუმენტის მიხედვით, 18 თვის განმავლობაში უნდა ჩამოყალიბებულიყო სახელმწიფო სტრუქტურები და დაწერილიყო კატალონიის ახალი კონსტიტუციის ტექსტი.

ორი წლის შემდეგ, 2017 წლის 9 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ ამავე წლის პირველ ოქტომბერს ჩატარდებოდა რეფერენდუმი ესპანეთიდან გამოყოფის თაობაზე. რეფერენდუმზე გაიტანდნენ საკითხს კითხვას "გსურთ თუ არა, რომ კატალონია გახდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო რესპუბლიკის სახით?". სწორედ ამ რეფერენდუმის ჩატარებამ გამოიწვია მთავარი პოლიტიკური კრიზისი ესპანეთში.

რა პირობებში ჩატარდა რეფერენდუმი?

რეფერენდუმის შესახებ კანონის მიხედვით, ოფიციალური შედეგების გამოცხადებიდან ორ დღეში პარლამენტს უნდა გაემართა სხდომა, რათა დამოუკიდებლობის გამოცხადება განეხილა. ეს კანონი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და რეფერენდუმი დაბლოკა.

ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კატალონიის იმდროინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმის ჩატარება მაინც გადაწყვიტა. ხმის მიცემის დღეს, პირველ ოქტომბერს, ამომრჩევლები საარჩვენო უბნებთან კარვებს შლიდნენ და დილიდანვე იკავებდნენ რიგებს. ზოგ საარჩევნო უბანთან მძიმე ტექნიკაც კი დააყენეს, რათა პოლიცია შენობაში ვერ შესულიყო.

ფოტო: Reuters

საბოლოოდ, რეფერენდუმი დაპირისპირების ფონზე წარიმართა. ესპანეთის პოლიცია საარჩევნო უბნებში შევიდა, დაიკავა საარჩევნო ყუთები და ამომრჩეველს ბიულეტენები ჩამოართვა. ჟირონას საარჩევნო უბანზე, სადაც ხმა კატალონიის იმდროინდელ პრეზიდენტ კარლეს პუჩდემონის უნდა მიეცა, პოლიციამ ფანჯარა ჩატეხა და შენობაში შევიდა. პუჩდემონი იძულებული გახდა, ხმა სხვა უბანზე მიეცა.

კატალონიის იმდროინდელი ხელისუფლების განცხადებით, პოლიციასთან შეტაკებების დროს 800-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა, ბარსელონაში დემონსტრანტების დასაშლელად კი პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა.

ხმის მიცემის დროის გასვლის შემდეგ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ განაცხადა, რომ არ აღიარებს რეფერენდუმს და კატალონიის ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა, რადგან რეფერენდუმში მონაწილეობა შესთავაზა.

როგორ გამოაცხადა კატალონიამ დამოუკიდებლობა?

მარიანო რახოის მოწოდებების მიუხედავად, კარლეს პუჩდემონიმ განაცხადა, რომ კატალონიამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. შედეგების მიხედვით, რეფერენდუმში ხმის მისაცემად მივიდა კატალონიის ამომრჩეველთა 42,3 პროცენტი, საიდანაც 90-მა პროცენტმა დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი. პუჩდემონის თქმით, რეფერენდუმის გამართვის შემდეგ დარჩენილი იყო ადგილობრივი პარლამენტის მიერ ამ შედეგების დამტკიცება და დამოუკიდებლობის ოფიციალურად გამოცხადება. .

14 ოქტომბერს რეგიონის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა, მაგრამ პარლამენტს დამოუკიდებლობის გამოცხადების გადადება სთხოვა. მისივე თქმით, ამის მიზეზი მადრიდთან მოლაპარაკებების გამართვის სურვილი იყო. პუჩდემონის ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობისა და მისი თანამებრძოლეების მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათი აზრით, ეს დათმობებზე წასვლას ნიშნავდა.

ესპანეთის მთავრობამ პუჩდემონის მიერ დამოუკიდებლობის ხელმოწერილი დოკუმენტი არ მიიღო და მედიაციისკენ მოწოდებებიც უგულვებელყო.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა რეგიონს რამდენიმედღიანი ულტიმაუტი წაუყენა, რათა არალეგიტიმურ ქმედებაზე უარი ეთქვა. 19 ოქტომბერს კი, ულტიმატუმის გასვლამდე ერთი დღით ადრე, რახოიმ განაცხადა, რომ თუ რეგიონის ხელმძღვანელი დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ გადაიფიქრებს, კატალონია ავტონომიის სტატუსს დაკარგავდა.

ცენტრალური ხელისუფლება კონსტიტუციის 155-ე მუხლის შესაბამისად დაიწყებდა მოქმედებას. 155-ე მუხლი, რომელიც 1978 წელს მიიღეს, მადრიდს უფლებას აძლევს, რომ კრიზის სიტუაციაში პირდაპირი მმართველობა გამოიყენოს. დემოკრატიული ესპანეთის არსებობის განმავლობაში, კატალონიის კრიზისამდე, ეს მუხლი არასდროს გამოყენებულა.

კარლეს პუჩდემონი

ფოტო: Reuters

ავტონომიურმა გაერთიანებამ დათმობებზე უარი განაცხადა, რასაც რეგიონისთვის სტატუსის შეჩერების დაწყება მოჰყვა. კატალონიის პრეზიდენტი პუჩდემონი მზად იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაეტარებინა, თუ მადრიდი სტატუსის შეჩერების პროცესს შეაჩერებდა, თუმცა გარანტიების არქონის გამო თავის შეთავაზებაზე უარი თქვა.

27 ოქტომბერს, როდესაც ესპანეთის სენატი კატალონიისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავდა, კატალონიის საკანონმდებლო ორგანომ, ჟენერალიტეტმა, 70 ხმით 10-ის წინააღმდეგ, დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ ნაბიჯიდან მალევე, ესპანეთის პრემიერმა მარიანო რახოიმ კატალონიის ავტონომიის ლიდერი და მთავრობა დაითხოვა, ვადამდელი არჩევნები კი 2017 წლის 21 დეკემბერს დანიშნა.

როგორია კატალონიის კრიზისის ეკონომიკური მხარე?

კატალონიის გარშემო შექმნილ კრიზისში მნიშვნელოვანი კითხვაა, შეძლებს კი კატალონია, გახდეს ფინანსურად დამოუკიდებელი სახელმწიფო?

სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი ლოზუნგი არის "მადრიდი ჩვენ გვძარცვავს". მიიჩნევა, რომ კატალონია უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს ესპანეთისგან. რეალურად, სხვა რეგიონებთან შედარებით, კატალონია მართლაც ყველაზე მდიდარია.

ესპანეთის მოსახლეობის 16 პროცენტი კატალონიაში ცხოვრობს. ავტონომიური გაერთიანების წილი ესპანეთის ეკონომიკაში არც თუ ისე მცირეა - მთლიანი შიდა პროდუქტის 19 პროცენტი სწორედ კატალონიაზე მოდის, ასევე, ექსოპრტის თითქმის მესამედიც ამ რეგიონს უკვაშირდება. უცხო ქვეყნებიდან შემოსული ინვესტიციების 30 პროცენტი კატალონიაში მიდის.

2016 წლის მონაცემებით, 75 მილიონი ტურისტიდან 18 მილიონი კატალონიას სტუმრობდა. ბარსელონის პორტი ერთ-ერთი ყველაზე დიდია ევროპაში. ასევე, ტარაგონაში მდებარეობს ყველაზე მნიშვნელოვანი ქიმიური საწარმო ევროპაში. გარდა ამისა. კატალონიაში დასაქმებული მოქალაქეების მესამედს უმაღლესი განათლება აქვს.

ესპანეთის მთავრობის დაანგარიშებით, 2014 წელს კატალონიის გადასახადებმა 10 მილიონი ევროთი მეტი შეადგინა, ვიდრე რეგიონზე დახარჯულმა თანხებმა. ფაქტობრივად, რეგიონი იმაზე მეტს გასცემს ცენტრალური ხელისუფლებისთვის, ვიდრე იღებს.

ყველაზე რთული საკითხი - კატალონიის ვალებია. ბოლო მონაცემებით, რეგიონს 77 მილიარდი ევრო ვალი აქვს, აქედან 52 მილიარდი ესპანეთს უნდა დაუბრუნოს.

2012 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ, ესპანეთმა სპეციალური ფონდი შექმნა, რომელიც რეგიონებისთვის, რომლებსაც საგარეო ვალის აღება არ შეეძლოოთ, თანხების გაღებას ითვალისწინებდა. კატალონია ყველაზე კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან 67 მილიარდი ევრო ერგო. თუმცა მთავარი საკითხი ის არაა, რომ გამოყოფის შემთხვევაში რეგიონი დაფინანსების წყაროს დაკარგავს, არამედ ის, მიღებული თანხის თუ რა ნაწილის დაბრუნებას შეძლებს ის.

ეს საკითხიც კი უკვე ართულებს მოლაპარაკებებს. კატალონიის კეთილდღეობა ევროკავშირში დარჩენითაც განისაზღვრება ან თავისუფალი ვაჭრობის ქონით მაინც, რადგან მისი ექსპორტის მესამედი სწორედ ევროპის ქვეყნებში მიდის.

ევროკავშირთან ვაჭორბისთვისაც ორგანიზაციაში შემავალი ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო, მათ შორის, ესპანეთის. ასევე, სანამ კატალონია შენგენის ზონის ქვეყანა გახდება, სასაზღვრო რეგულაციების დაწესება მოუწევს, რითაც მკვეთრად შემცირდება ტურისტების ნაკადი.

დამოუკიდებლობის შემდეგ კატალონიას საკმაოდ დიდი თანხების გაღება მოუწევს იმისათვის, რომ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურა ჩამოაყალიბოს. მან უნდა შექმნას სასაზღვრო პოლიცია, ერთიანი სამხედრო ძალები და უკვე დამოუკიდებლად იზრუნოს თავდაცვისუნარიანობაზე.

როგორია საერთაშორისო გამოხმაურება?

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კატალონიას დამოუკიდებლობა გამოცხადებული არ ჰქონდა, ევროკავშირმა ესპანეთის ერთიანობას დაუჭირა მხარი.

ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა ტვიტერზე დაწერა, რომ ესპანეთი ევროკავშირის ერთადერთ მოკავშირედ რჩებოდა.

"ევროკავშირისთვის არაფერი შეცვლილა. ესპანეთი ჩვენს ერთადერთ მოკავშირედ რჩება. ვიმედოვნებ, რომ ესპანეთის მთავრობა აირჩევს არგუმენტის ძალას და არა ძალას, როგორც არგუმენტს".

ესპანეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურნენ ევროპის სხვა ქვეყნებიც. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით, ის მტკიცედ უჭერს მხარს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და კატალონიას განიხილავს ესპანეთის განუყოფელ ნაწილად.

გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა უარი განაცხადეს კატალონიის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აღიარებაზე. ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭირა ევროკომისიის პრეზიდეტნმა, ჟან-კლოდ იუნკერმაც.

არაერთგვაროვანი განცხადება გააკეთა შოტლანდიამ. მათი თქმით, კატალონიელებს უფლება აქვთ, მომავალი თვითონვე განკარგონ.

"დღევანდელი განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დიალოგისკენ ყველა მოწოდება უგულებელყვეს. ახლა ისე, როგორც არასდროს, ესპანეთის მოკავშირეებისა და მეგობრების პრიორიტეტი დიალოგისკენ მოწოდება უნდა იყოს, რათა გამოინახოს გზა, რომელიც პატივს სცემს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. პირდაპირი მმართველობის დაწყება ვერ იქნება გამოსავალი და ყველა დემოკრატის შეშფოთების მიზეზი უნდა გახდეს. ევროკავშირს აქვს პოლიტიკური და მორალური ვალდებულება, დიალოგს დაუჭიროს მხარი, რათა სიტუაცია დემოკრატიულად და მშვიდობიანად მოგვარდეს", - განაცხადა შოტლანდიის კულტურის, ტურიზმისა და საგარეო საკითხების მინისტრმა ფიონა ჰისლოპმა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირა მხარი, ადგილობრივი სახელმწიფო მედიასაშუალებები საკმაოდ დადებითად აშუქებენ "კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას" და მას ხშირად ყირიმის ოკუპაციასაც კი ადარებენ (მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარი ყირიმში შეიჭრა, იქ რუსეთის ხელისუფლებამ ჩაატარა ე.წ. რეფერენდუმი და აღნიშნული ტერიტორია მიიერთა, რასაც საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს).

რა მოხდება, თუ კატალონია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარეს?

ჯერ კიდევ ზუსტად უცნობია, რა შედეგები მოჰყვება 21 დეკემბრის ვადამდელ არჩევნებს. თუმცა ვარაუდი შეიძლება, რომ რეგიონის სათავეში ესპანეთის ერთიანობის მომხრე პარტია მოვა, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციას მხარს არ დაუჭერს.

მოსახლეობაც ორ ნაწილად არის გაყოფილი. არც თუ ისე მცირე ნაწილი კატალონიას ესპანეთის ნაწილად განიხილავს და ქვეყნის შემადგენლობაში დარჩენას მოითხოვს. 29 ოქტომბერს ბარსელონაში ესპანეთის ერთიანობის მომხრეებმა საპროტესტო აქციაც კი გამართეს. ისინი პუჩდემონის გასამართლებასა და ციხეში ჩასმას მოითხოვდნენ.

თუმცა თუ დავუშვებთ იმას, რომ ესპანეთი დათმობაზე წავიდა და კატალონიის დამოუკიდებლობა აღიარა, რეგიონს საკმაოდ რთული და გრძელი გზის გავლა მოუწევს.

ფოტო: Getty Images

დამოუკიდებლობის დეკლარაციის ამჟამინდელი დოკუმენტის მიხედვით, დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, ადგილობრივი ხელისუფლება დაიწყებს კატალონიური პასპორტებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემას. ასევე, რეგიონს სურს, რომ ესპანეთმა მათთან ორმაგი მოქალაქეობა აღიაროს.

ყველა კატალონიელი საჯარო მოხელე, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ცენტრალურ ხელისუფლებას, უნდა დაემორჩილოს კატალონიას, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა დატოვოს თანამდებობა.

გარდა ამისა, კატალონიის სურვილია, დარჩეს ევროკავშირის შემადგენლობაში. ახალ სახელწმიფოს მოუწევს, რომ თავიდან გააფორმოს ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება პარტნიორობაზე, ვაჭრობასა და კავშირებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. Yandex-მა გამოაქვეყნა რუკა, რომელზეც ოკუპირებული ტერიტორიები ხინკლითა და პიცითაა დაფარული
  2. ივანიშვილს, თელავში სიტყვით გამოსვლისას, შაჰ-აბასი და აღა-მაჰმად-ხანი ერთმანეთში აერია
  3. Edison Research: "ოცნება" — 32%, "ერთიანობა" — 20%, "კოალიცია ცვლილებებისთვის" — 11.9%, გახარია — 11.9%
  4. ირანის სულიერი ლიდერი: გამარჯვება მოდის ალაჰისგან და ის ახლოსაა
  5. პრემიერის თქმით, გიორგი ამილახვრის გადადგომა, მმართველი გუნდისთვის, დიდი დანაკლისია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჰელსინკის კომისია: "ქართული ოცნების" მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული

ქართული ოცნების მთავრობა რუსეთისკენ და არალიბერალური ორიენტაციისკენაა მიმართული, როგორც ჩანს, გვერდი აუარა თავისი…