ტეხასის გენერალურმა პროკურორმა, კენ პაქსტონმა, Netflix-ის წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო. ის პლატფორმას ტეხასელებზე, მათ შორის ბავშვებზე, ფარულ თვალთვალსა და მათი პერსონალური მონაცემების უნებართვოდ შეგროვებაში ადანაშაულებს.

პაქსტონის განცხადებით, კომპანია მომხმარებლებს ჰპირდებოდა, რომ არც ზრდასრულების და არც ბავშვების ანგარიშებიდან მონაცემებს არ გამოიყენებდა. თუმცა, მისი მტკიცებით, Netflix-მა "ჩუმად შექმნა უზარმაზარი მასშტაბის თვალთვალის სისტემა".

"სისტემის მიზანია, ტეხასელები და მათი შვილები ეკრანებს მიაჯაჭვოს, რათა შემდეგ მათგან ყოველგვარი შესაძლო ინფორმაცია მიიღოს," — აღნიშნულია ორშაბათს შეტანილ სარჩელში, — "როდესაც თქვენ უყურებთ Netflix-ს, Netflix თავად გითვალთვალებთ თქვენ."

კენ პაქსტონი — რესპუბლიკელი პროკურორი, რომელიც აშშ-ის სენატორობისთვის იბრძვის — აცხადებს, რომ Netflix-ის ეს ქმედებები უხეშად არღვევს "ტეხასის მომხმარებელთა მოტყუებით ვაჭრობისგან დაცვის შესახებ" კანონს.

ის სასამართლოსგან ითხოვს, Netflix-ს დაუყოვნებლივ აეკრძალოს ტეხასელი მომხმარებლების მონაცემების შეგროვება, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა ფორმით გამოყენება. პროკურორი ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ კომპანიამ სრულად წაშალოს უკვე მოპოვებული ინფორმაცია და მომავალში პერსონალური მონაცემები რეკლამისთვის მხოლოდ მომხმარებლის მკაფიო, წინასწარი თანხმობის საფუძველზე გამოიყენოს.

პაქსტონმა კომპანია "ფარული მახეების" გამოყენებაშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ავტომატური ჩართვის ფუნქცია მომხმარებელს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას ართმევს და აიძულებს ეკრანს არ მოწყდეს.

თავად Netflix ბრალს არ აღიარებს. კომპანიის წარმომადგენელმა გამოცემა Time-თან საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ პოზიციას სასამართლოში დაიცავენ.

"ეს სარჩელი უსაფუძვლოა და მცდარ, დამახინჯებულ ინფორმაციას ეყრდნობა. Netflix-თვის მომხმარებელთა კონფიდენციალურობა პრიორიტეტია და ჩვენ სრულად ვიცავთ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას ყველგან, სადაც ვმუშაობთ," — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

სარჩელში ნახსენებია Netflix-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, რიდ ჰასტინგსის 2020 წლის განცხადებაც, სადაც ის ირწმუნებოდა, რომ კომპანია მომხმარებელთა მონაცემებს არ ამუშავებდა.

"ჩვენ არაფერს ვაგროვებთ. ჩვენი მთავარი მიზანი მომხმარებელთა კმაყოფილებაა და სარეკლამო სფეროსთან დაკავშირებულ სკანდალებში არ ვეხვევით," — აცხადებდა ჰასტინგსი.

ტეხასის პროკურორი ითხოვს, რომ თითოეული დარღვევისთვის Netflix $10 000 დაჯარიმდეს.