ბოლო 14 წელიწადში სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა — ინფლაცია 90-იანი წლებიდან დღემდე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ინფლაცია — სამომხმარებლო ფასების ზრდა, საბაზრო ეკონომიკის დამახასიათებელი მოვლენაა, მაგრამ მაღალი ინფლაცია პრობლემაა, რომელიც უპირველესად დაბალშემოსავლიანი ადამიანის ეკონომიკურ მდგომარეობას აუარესებს. საქართველოს შემთხვევაში მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტიც, რომ 2013 წლის იანვრიდან, 2026 წლის მაისამდე მთლიანი სამომხმარებლო ფასები 79%-ით, ხოლო სურსათის ფასები 122%-ით გაიზარდა. 2025 წლის დეკემბერში დაანონსებული ფასების კლების შემდეგ, ოთხ თვეში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა.

ჰიპერინფლაცია 90-იან წლებში

საქსტატი ინფლაციას 12 ჯგუფში გადანაწილებულ 305 დასახელების პროდუქციისა და მომსახურების ფასების ცვლილებით ითვლის. თითოეულ მათგანს თავისი ხვედრითი წონა გააჩნია. ჩვეულებრივ, ადამიანის მატერიალურ მდგომარეობაზე ნეგატიურად პურის ან ზეთის 10%-იანი გაძვირება უფრო აისახება, ვიდრე ლურსმნის ან ასლის გადაღების სერვისის ღირებულების 50%-იანი ზრდა.

90-იან წლებში საქართველომ ჰიპერინფლაცია გამოიარა. ინფლაციის განაკვეთმა 1992 წელს 1200%-ს, 1993 წელს — 8900%-ს, ხოლო 1994 წელს დამატებით — 6400%-ს გადააჭარბა. ოფიციალური მონაცემებით 1991-1994 წლებში სამომხმარებლო ფასები 120 000-ჯერ გაიზარდა, რეალური სურათი შესაძლოა უფრო მძიმეც ყოფილიყო. 15-20 მლნ კუპონი ოჯახს 1 კვირის პურის ფულად არ ჰყოფნიდა.

1991-1994 წლებში სამომხმარებლო ფასები 120 000-ჯერ გაიზარდა"

გაუფასურების პიკზე კუპონის კურსმა დოლართან მიმართებით 2.4 მლნ-ს მიაღწია. ჰიპერინფლაციის მიუხედავად, ფასები მილიონჯერ არ გაზრდილა. ვალუტის კურსი და სამომხმარებლო ფასები ერთმანეთთან კავშირშია, თუმცა ერთი და იგივე არაა. გარდა ამისა, ემისიის მომენტში, 1993 წლის აპრილში კუპონი ასევე გაუფასურებულ რუსულ რუბლს უტოლდებოდა და, შესაბამისად, არც თავად კუპონის კურსი გაუფასურებულა მილიონჯერ.

1995 წლის მეორე ნახევრიდან, სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა, თუმცა ლარის ემისიის შემდეგ, ინფლაციამ ორნიშნა მაჩვენებელს 30 წელიწადში მაინც ხუთჯერ მიაღწია.

იწვევს თუ არა ინფლაციას ფულის მასის ზრდა?

მტკიცება, რომ ინფლაციას მხოლოდ ფულის ბეჭდვა იწვევს სიმართლეს არ შეესაბამება. ფულის მასა ცხადია ფასებზე ახდენს გავლენას, მაგრამ ის ერთადერთი ფაქტორი არაა. ძალიან გამარტივებულ მოდელში, თუ ეკონომიკაში სულ 100 ვაშლი და 100 ლარია, 1 ვაშლი 1 ლარი ღირს, თუ მთავრობა 50 ლარს კიდევ დაბეჭდავს, ვაშლის ფასი 1.5 ლარი გახდება, მაგრამ რეალურ ეკონომიკაში ფასებზე გავლენას, მონეტარულთან ერთად, ფისკალური პოლიტიკა, საგარეო ფაქტორები, მოსავლის ოდენობა და სხვა მრავალი გარემოება ახდენს.

მტკიცება, რომ ინფლაციას მხოლოდ ფულის ბეჭდვა იწვევს, სიმართლეს არ შეესაბამება"

1997 წელს ფულის მასა — M2 (გასაშუალოებული) 26.7%-ით, ხოლო სამომხმარებლო ფასები 7.1%-ით გაიზარდა, 1999 წელს — 2.3%-ით, სამომხმარებლო ფასები კი — 19.2%-ით.

2009 წელს ფულის მასა 16.2%-ით შემცირდა, მაგრამ სამომხმარებლო ფასები 1.7%-ით გაიზარდა. 2012 და 2013 წლებში ფული მასა 23.1%-ითა და 18%-ით გაიზარდა, სამომხმარებლო ფასები ზედიზედ ორჯერ 0.9%-ითა და 0.5%-ით შემცირდა;

2022 წელს ფული მასის 16.7%-იან ზრდას 11.9%-იანი ინფლაცია მოჰყვა, 2023 წელს ფულის მასის 29.5%-იან ზრდას სამომხმარებლო ფასების 2.5%-იანი ზრდა.

ფულის მასისა და ინფლაციის კორელაცია

ფულის მასისა და ინფლაციის კორელაცია

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ფულის მასა მოქმედებს ფასებზე, მაგრამ ის არაა ერთადერთი მიზეზი. სხვა შემთხვევაში ვერ მოხდებოდა ისე, რომ ხან ფულის მასის ზრდის ტემპს გაესწრო ინფლაციისთვის, ხან ინფლაციას ფულის მასის ზრდის ტემპისთვის და ხანაც ერთის ზრდას მეორის კლება მოჰყოლოდა.

ინფლაციის გამომწვევი სხვა მიზეზები

2017 წელს ბენზინზე აქციზი გაორმაგდა, ხოლო დიზელზე 167%-ით გაიზარდა. ცვლილებამდე 1 ტონა ბენზინზე (1300 ლიტრი) აქციზის საფასური 250 ლარს შეადგენდა, ცვლილების შემდეგ, 500 ლარი გახდა, 150-დან 400 ლარამდე გაიზარდა დიზელზე აქციზის საფასურიც. 1 ლიტრი ბენზინის ფასი მხოლოდ აქციზით 19 თეთრით გაიზარდა, მაგრამ რადგან დღგ ბოლოს ემატება, რეალურმა ზრდამ 23 თეთრი (19*1.18) შეადგინა.

კოვიდის დროს, მოთხოვნის კლების გამო ბარელი ნავთობის ფასი 20 დოლარზე ჩამოვიდა, 2026 წლის გაზაფხულზე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვისას 100 დოლარს გადასცდა.

უმოსავლო წელს მიწოდების სიმცირე ხილსა და ბოსტნეულზე ფასებს ზრდის, უხვმოსავლიანობის დროს კი პირიქით, სიჭარბის გამო ფასები მცირდება.

რეალურად ფასებს მოთხოვნა-მიწოდება არეგულირებს და მიზეზები ამ მოთხოვნა-მიწოდების უკან დგას.

ინფლაცია "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში

ქართული ოცნების მმართველობის დროს, ფასები განსაკუთრებით 2021-2022 წლებში "გაიქცა". 2021 წელს ინფლაციის განაკვეთმა 9.6%-ს, ხოლო 2022 წელს 11.9%-ს მიაღწია.

ზოგადი ინფლაცია და ინფლაცია სასურსათო პროდუქტებზე

ზოგადი ინფლაცია და ინფლაცია სასურსათო პროდუქტებზე

ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

უმეტეს შემთხვევაში ინფლაცია სურსათზე ზოგად ინფლაციას აჭარბებდა. თუ ჯამურ ინფლაციას ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ 2013 წლის იანვრიდან 2026 წლის მაისამდე სამომხმარებლო პროდუქტი ზოგადად 79%-ით გაძვირდა, ცალკე აღებული სურსათი კი 122%-ით. რისი შეძენაც 2012 წელს 100 ლარად იყო შესაძლებელი, იმავე პროდუქტის ყიდვას 2026 წელს 179 ლარი დასჭირდება, საკვების შემთხვევაში — 222 ლარი. თუ პირიქით ვიანგარიშებთ, დღევანდელი 100 ლარი მსყიდველუნარიანობით 2012 წლის 56 ლარს უთანაბრდება, მხოლოდ საკვების შეძენის შემთხვევაში — 45 ლარს.

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი

სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი

ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, პროცენტულად კვებაზე თავისი სახსრების უფრო დიდ წილს ხარჯავს, შესაბამისად მისთვის პერსონალური ინფლაცია საშუალოზე მაღალია.

რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ადამიანი, კვებაზე თავისი სახსრების უფრო დიდ წილს ხარჯავს და მისთვის პერსონალური ინფლაცია საშუალოზე მაღალია"

საკვების გარდა, მნიშვნელოვან კომპონენტს ჯანდაცვის ხარჯებიც წარმოადგენს. 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვა 80%-ით, იმდენით გაძვირდა, რამდენითაც სამომხმარებლო ფასები. 2023 წელს თურქული ბაზრის გახსნამ ჯანდაცვის ხარჯები 6%-ით, მედიკამენტების ხარჯები კი 16%-ით შეამცირა.

ერთი პროდუქტის გაძვირება ხშირ შემთხვევაში კიდევ სხვა პროდუქტსაც აძვირებს, ზოგ შემთხვევაში კი გავლენას პროდუქტების საკმაოდ დიდ ჩამონათვალზე ახდენს. თუ ყველი გაძვირდა, მოსალოდნელია, რომ გაძვირდეს ხაჭაპურიც, ხორცის გაძვირება, ხინკლისა და ჰამბურგერის გაძვირებას იწვევს, ენერგომატარებლების ფასის ზრდა კი, იქნება ეს ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი თუ საავტომობილო საწვავი, ინფლაციაზე უფრო მოცულობით გავლენას ახდენს.

2012 წელს ქართული ოცნების ერთ-ერთი დაპირება ტარიფების განახევრება იყო. როგორც ელექტროენერგიაზე ასევე ბუნებრივ გაზზე ტარიფები დროებით მართლაც შემცირდა, თუმცა შემდეგ რამდენჯერმე გაიზარდა. ელექტროენერგია ბოლოს 2026 წლის აპრილში კვტ/სთ-ზე 5 თეთრით გაძვირდა. იმ აბონენტებისთვის, რომლებიც 100 კვტ/სთ-მდე მოიხმარდნენ, გაძვირება 33%-იანი აღმოჩნდა, 101-დან 300 კვტ/სთ-მდე მომხმარებლებისთვის — 26%-იანი და 301 კვტ/სთ-ზე მეტი მომხმარებლებისთვის — 21%-იანი. მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი 101-დან 301 კვტ/სთ-ს მოიხმარს. მათთვის ელექტროენერგია წინა წლის აპრილთან შედარებით 26%-ით, ხოლო 2012 წელთან შედარებით 50%-ითაა გაზრდილი.

წლიურად 26%-იანი ზრდის მიუხედავად, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, ელექტროენერგია ბოლო 14 წელიწადში სხვა დასახელების პროდუქტებთან შედარებით ნაკლებად გაძვირდა.

ელექტროენერგიის გარდა აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ოქრო, საავტომობილო საწვავი, ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ხორცეულიც გაძვირდა. საქსტატი საშუალო შეწონილს ითვლის და ელექტროენერგიის გაძვირებაც ამიტომაა 25%-ად შეფასებული.

ზოგიერთი სამომხმარებლო პროდუქტის ფასის ზრდის ტემპი 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

ზოგიერთი სამომხმარებლო პროდუქტის ფასის ზრდის ტემპი 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით

ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახურ

საქსტატი დაკვირვებას ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვამდე აწარმოებს. 20 აპრილის შემდეგ, 10 მაისამდე ბენზინის ბრენდირებულ ქსელში 20 თეთრით და დიზელი 30 თეთრით გაძვირდა. თუ 2026 წლის მაისის ფასებს 1 წლის წინანდელ ფასებს შევადარებთ აღმოჩნდება, რომ ბენზინი 25%-ით, ხოლო დიზელი 50%-ითაა გაძვირებული. მაისის ინფლაციას საქსტატი 3 ივნისს გამოაქვეყნებს. გასული წლის მაისში 10-დან 20 რიცხვამდე საცალო ქსელში საწვავის ფასი არ შეცვლილა. ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული ვითარების გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში ფასების კლება ნაკლებადაა მოსალოდნელი. თუ საანალიზოდ უფრო გრძელვადიან პერიოდს ავიღებთ, 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, ბენზინი 72%-ითა და დიზელი 94%-ით გაძვირდა.

ფასების შემსწავლელი კომისია და მისი შედეგები

2025 წლის დეკემბერში ირაკლი კობახიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც სამომხმარებლო ფასებზე საუბრობს. მაშინ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ისეთი პირველადი მოხმარების პროდუქტები, როგორებიცაა: კარაქი, ზეთი, ყველი, შოკოლადი, მაკარონი და ბრინჯი საქართველოში საფრანგეთთან შედარებით 30%-180%-ით უფრო ძვირი ღირდა. იმავე ვიდეოში ირაკლი კობახიძე ფასნამატისა და მოგების მარჟის სიდიდეზეც საუბრობს.

მისივე ინიციატივით 2026 წლის დასაწყისში ფასების შემსწავლელი ჯერ სამთავრობო და შემდეგ საპარლამენტო კომისია შეიქმნა.

კარტელურ გარიგება საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებშიც იკრძალება. სხვა შემთხვევაში მეწარმეს უფლება აქვს ფასნამატი საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს. თავისუფალი ბაზარი და რეალური კონკურენცია ე.წ. ზემოგებას გამორიცხავს, რადგან თუ სუბიექტი ძალიან მაღალ მარჟაზე მუშაობს, მას აუცილებლად გამოუჩნდება კონკურენტი, რომელიც გასაყიდ ფასს შედარებით შეამცირებს, შემდეგ ახალი კონკურენტი გამოჩნდება კიდევ უფრო დაბალი ფასით და ეს ჯაჭვი გაგრძელდება იქამდე, სადამდეც ახალ სუბიექტს პოტენციური მოგება გაწეულ შრომად და რისკად ეღირება.

კარტელური გარიგების დადასტურების შემთხვევაში, გარიგების მონაწილეები ჯარიმდებიან. ამ საკითხს საქართველოში კონკურენციის შესახებ კანონი არეგულირებს.

ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნა ზოგადი აღმოჩნდა. მან ვერც ფასების ზრდის ერთი კონკრეტული მიზეზი დაასახელა და ვერც პრობლემის გადაჭრის გზებს მიაგნო"

როგორც მოსალოდნელი იყო, კომისიის დასკვნა ზოგადი აღმოჩნდა. მან ვერც ფასების ზრდის ერთი კონკრეტული მიზეზი დაასახელა და ვერც პრობლემის გადაჭრის გზებს მიაგნო. რეალურად მსგავსი მექანიზმი, საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ბაზარზე უხეში ჩარევის გარდა, პრაქტიკულად არც არსებობს. უხეში ჩარევა კი სარგებელზე მეტად ზიანის მომტანია.

ფასების კონტროლის მცდელობების შედეგები სხვა სახელმწიფოებში

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბაზარზე ზედმეტი ჩარევა უკუშედეგს იძლევა. ბელარუსში, სადაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფორმაცია მხოლოდ სანახევროდ შეიცვალა, ბოლო 25 წელიწადში ორნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი 14-ჯერ დაფიქსირდა, უფრო ადრე 1999-2000 წლებში კი ზედიზედ ორჯერ ინფლაციამ სამნიშნა მაჩვენებელსაც მიაღწია. 2022 წელს ლუკაშენკომ "ფასების ზრდა აკრძალა", მაგრამ 2023-2025 წლებში ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მაინც 19%-ით გაიზარდა.

სიტუაცია ვენესუელაში ბევრად უარესია, სადაც 2014 წლის შემდეგ ორნიშნა ინფლაცია აღარ ყოფილა, ოღონდ ამ სიტყვების ძალიან ცუდი გაგებით. 2018 წელს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები 65 370%-ით და 2019 წელს 19 910%-ით გაიზარდა. ვალუტა ისე გაუფასურდა, ადგილობრივები კუპიურებისგან დამატებითი ღირებულების შესაძენად და ტურისტებზე გასაყიდად ჩანთებსა და სხვა სუვენირებს ამზადებდნენ.

ფასების კონტროლის მცდელობა საქართველოშიც საზიანო შედეგის მომტანი იქნება. უფრო ეფექტიანი რეგულაციების შემცირება, კონკურენციის გახსნაა"

ფასების კონტროლის მცდელობა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, საქართველოშიც საზიანო შედეგის მომტანი იქნება. უფრო ეფექტიანი რეგულაციების შემცირება, კონკურენციის გახსნაა, რისი მაგალითიც უკვე გვაქვს მედიკამენტებისა და თურქული ბაზრის გახსნის მაგალითზე.

2026 წლის ინფლაციის მიზეზები და მოლოდინები

პროდუქტის საბოლოო სარეალიზაციო ღირებულებაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის: შესყიდვის ფასი, ტრანსპორტირების ღირებულება, საგადასახადო ტვირთის ოდენობა, სახელფასო ხარჯები, კომუნალური ხარჯები, იჯარის ღირებულება, მოგების მარჟა და ა.შ.

მარტიდან მოყოლებული საწვავი გაძვირდა, რამაც ტრანსპორტირების ღირებულება გაზარდა, აპრილიდან გაძვირდა ელექტროენერგიაც. საბოლოო ფასის დაანგარიშებისას კომუნალური გადასახადებისა და ტრანსპორტირების ხარჯის წილი განსაკუთრებულად მაღალი არ უნდა იყოს, მაგრამ სხვა თანაბარ პირობებში მათი ზრდა ინფლაციურ პროცესებს მაინც აჩქარებს.

ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ მაღალი ალბათობით, არსებული რეალობის გათვალისწინებით ინფლაცია გასული სამი წლის მაჩვენებლებზე მეტი იქნება.

ინფლაციას ზოგჯერ დაფარულ გადასახადსაც უწოდებენ. ვისი შემოსავალიც ინფლაციაზე დაბალი ტემპით იზრდება, ის რეალურად ღარიბდება. როცა ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს, საშუალო ხელფასის ან პენსიის ზრდაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ინფლაციის გათვალისწინებაც.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. პაატა ბურჭულაძე: ჩემი ასაკიდან გამომდინარე ამ ორმა “დიდად პატივცემულმა” პროკურორმა ხელმოსაწერად მოგართვათ ჩემი ნეკროლოგი
  2. იაპონელი მოგზაურს ქობულეთში ველოსიპედი მოჰპარეს, რომლითაც მსოფლიო შემოიარა
  3. მიტროპოლიტი ისაია: "ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს, განწირულის სულისკვეთება"
  4. შალვა ნათელაშვილი: პატრიარქის არჩევას ესწრება, ქვეყნის მთავარი ოკუპანტის, პრეზიდენტ პუტინის მთელი სპეცსამსახური
  5. თბილისის მეტროს პირველი ხაზი გაჩერებულია — მეტრო "300 არაგველის" ლიანდაგებში მგზავრი ჩავარდა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა კირ სტარმერს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა

ლონდონის სამეფო ოპერის თეატრმა ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, კირ სტარმერს მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძის საქმეში…