ცნობილია, რომ ზოგ სახეობას მთლიანი კიდურების რეგენერაციაც შეუძლია, ადამიანები კი მსგავსი უნარით დაჯილდოებულნი არ ვართ. დაზიანების მიღებისას უბრალოდ ნაიარევი გვიჩნდება. ახალი ნაშრომის ავტორების აზრით, ეს შეზღუდვა შეიძლება აბსოლუტური სულაც არ იყოს. შესაძლოა, ქსოვილის რეგენერაციის აქამდე უცნობი უნარი ძუძუმწოვრებშიც არსებობდეს, მაგრამ ორგანიზმის განკურნების რეაქციაში იყოს დამალული.

მეცნიერებმა ახალი ორსაფეხურიანი მკურნალობა აღწერეს, რომელმაც ძვლის, სახსროვანი სტრუქტურებისა და იოგების ხელახალ ზრდას შეუწყო ხელი. მეორე მხრივ, აღდგენილი ქსოვილები სრულყოფილი ფორმით არ ჩამოყალიბებულა.

ზოგადად, ძუძუმწოვრებში სხვადასხვა სახის დაზიანებებს ორგანიზმი ფიბროზის გზით პასუხობს. ამ პროცესში ფიბრობლასტის უჯრედები ჭრილობას ხურავენ და ნაიარევის ქსოვილს ქმნიან. სწრაფად დახურვა ორგანიზმს მართლაც ეფექტიანად იცავს, თუმცა დაკარგული სტრუქტურების აღდგენას უშლის ხელს.

რეგენერაციის უნარის მქონე ცხოველებში (მაგალითად, სალამანდრებში) მსგავსი უჯრედები ბლასტემას წარმოქმნის. ეს დროებითი სტრუქტურაა, რომელიც ახალი ქსოვილის ზრდის საფუძველს წარმოადგენს.

იმის დასადგენად, თუ რამდენად შეიძლება ძუძუმწოვრებში შეხორცების პროცესი რეგენერაციისკენ მივმართოთ, მკვლევრებმა თანმიმდევრული მკურნალობა შექმნეს. ამისთვის ზრდის ორი ფაქტორი გამოიყენეს, რომლებიც უკვე კარგადაა შესწავლილი.

პირველ ეტაპზე ჭრილობაზე დახურვის შემდეგ ე.წ. ფიბრობლასტის ზრდის ფაქტორი 2 (FGF2) დაიტანეს. შედეგად ორგანიზმმა შეხორცების ეტაპი ჩვეულებისამებრ გაიარა.

FGF2-მა ბლასტემის მსგავსი სტრუქტურის ფორმაციას შეუწყო ხელი. როგორც წესი, ეს ძუძუმწოვრებში ამგვარი ტრავმის შედეგად არ ჩნდება. რამდენიმე დღის შემდეგ მკვლევრებმა მეორე ეტაპი გამოაცხადეს, რომელიც ძვლის მორფოგენეტიკური ცილა 2-ის (BMP2) გამოყენებას გულისხმობს. ამან უჯრედების მიერ ახალი ქსოვილური სტრუქტურების წარმოქმნას შეუწყო ხელი.

ახალი ნაშრომის ერთ-ერთი მთავარი მიგნება ისაა, რომ რეგენერაციას შეიძლება გარეგანი ღეროვანი უჯრედების დამატება არ დასჭირდეს. ზოგადად, ეს რეგენერაციულ სამედიცინო სტრატეგიებში ძირითად მიზნად მიიჩნევა. როგორც ნაშრომის ავტორი განმარტავს, ღეროვანი უჯრედები უკვე საჭირო ადგილასაა. მთავარია ის ვისწავლოთ, თუ როგორ ავამოქმედოთ ისინი ჩვენს სასარგებლოდ.

გარდა ამისა, უჯრედების ისე მიმართვაც ყოფილა შესაძლებელი, რომ თავიანთი საწყისი მდებარეობიდან მოშორებით შექმნან გარკვეული სტრუქტურები. ამას პოზიციურ რესპეციფიკაციას უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ორგანოსთვის განკუთვნილი უჯრედებით შეიძლება სულ სხვა სტრუქტურაც ჩამოყალიბდეს.

როგორც აღვნიშნეთ, რეგენერირებული სტრუქტურები საწყის ანატომიას სრულყოფილად არ შეესაბამება. ამის მიუხედავად, მკვლევრებმა ამპუტაციისას ამოკვეთილი ყველა ძირითადი კომპონენტი აღადგინეს, მათ შორის, ძვალი, მყესი, იოგი და სახსროვანი ქსოვილი.

მეცნიერები განმარტავენ, რომ თავდაპირველად ეს მიგნება უფრო სწრაფი შეხორცებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ. რასაკვირველია, მთლიანი ორგანოების რეგენერაცია გაცილებით რთული პროცესია. გარდა ამისა, ნაშრომის ავტორებმა ისიც დაამტკიცეს, რომ ძუძუმწოვრებში რეგენერაცია არცთუ ისე შეუძლებელი საქმე ყოფილა.

კვლევა გამოცემაში Nature Communications გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.