2026 წლის მაისში თიბისი ტექსკოლას უკვე 3 წელი შეუსრულდა!

თიბისის გუნდმა ქართული ბაზარი და საერთაშორისო ტენდენციები იკვლია, საზოგადოების წუხილი და საჭიროებები შეაფასა, 2023 წლის მაისიდან კი უკვე ტექსკოლის პროექტიც ჩაეშვა — ამ დროიდან მოყოლებული გუნდი უფროსკლასელ მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ტექნოლოგიური მიმართულებით მოთხოვნადი ცოდნა სრულიად უფასოდ მიიღონ საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, ხოლო პარალელურად ისეთი პრაქტიკული უნარებიც შეიძინონ, პირველი სამსახურის დაწყებაში რომ დაეხმარებათ.

ცნობისთვის: თუ მე-9-მე-12 კლასის მოსწავლე ხარ, ტექსკოლაში შემდეგი მიმართულებების სწავლა შეგიძლია: ვებგვერდების აწყობა (Front-end) შენივე ინტერაქციული ვებგვერდების შესაქმნელად; პროგრამირება Python-ზე, რომელიც ლოგიკურ აზროვნებასა და ალგორითმებს გაგაცნობს ნებისმიერი ტექნოლოგიური კარიერისთვის; მობილური აპლიკაციების შექმნა; ციფრული დიზაინი (UI/UX), რომ პროდუქტის იმ მხარის შექმნა იცოდე, რომელსაც მომხმარებელი ხედავს; ციფრული მარკეტინგი, რომელიც ბრენდის კომუნიკაციის მართვას გასწავლის ციფრულ არხებში. და, რაც არ უნდა გამოგრჩეს, დაემატა ხელოვნური ინტელექტის ახალი კურსები, რომლებიც მის პრაქტიკულ გამოყენებაში დაგეხმარება, თუნდაც ვებსაიტების ასაწყობად. სხვათა შორის, კურსების დასრულების შემდგომ უკვე ტექსკოლის ელჩობასაც შეძლებ.

ეს მხოლოდ პოტენციალი არ არის — თიბისი ტექსკოლის კურსდამთავრებულებზე არაერთი მსგავსი ამბავი მოვისმინე. მარიამ თევზაძემ, თიბისის საგანმანათლებლო პროექტების ლიდერმა, ჩემთან საუბრისას გაიხსენა, რომ პირველი გამოშვების ზოგიერთი კურსდამთავრებული უკვე თიბისიშიც დასაქმდა, ზოგმა თავიანთი სტარტაპები შექმნეს ერთად, სკოლის ზოგიერთმა მოსწავლემ კი ფრილანს პროექტები და პირველი შემოსავალიც მიიღო.

3 წლის თავზე თიბისი ტექსკოლის წარმატებით — ამას მონაწილეების უკუკავშირიც მოწმობს, პროექტს 93%-იანი NPS აქვს — დავინტერესდით და პროექტის სულისჩამდგმელებს გავესაუბრე. როგორც მარიამ თევზაძემ მითხრა, ტექსკოლას უკვე 4500 მონაწილე ჰყავს, საიდანაც 40% რეგიონებიდან არის, 52% კი — მდედრობითი სქესისაა.

ჯერ იმას მოგიყვებით, რა კავშირშია ეს ტექსკოლის მისიასთან.

ტექსკოლის მისია: ტექნოლოგიური განათლება ყველასთვის

"დავისახეთ მიზნად, რომ უნდა ყოფილიყო საყოველთაო. საერთოდ ყველა უფროსკლასელისთვის უნდა მიგვეცა შესაძლებლობა, რომ ესწავლათ", — მითხრა მარიამმა, როცა ტექსკოლის შექმნის მიზნებზე ვკითხე.

ფოტო: თიბისი

პროექტის შემუშავებისას საზოგადოების საჭიროებებზე როცა ფიქრობდნენ, კვლევა-ძიებითა და ექსპერტებთან საუბრით დაინახეს, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერება ჯერაც საკმაოდ დაბალი იყო. ეს მაშინ, როცა საქართველოშიც და საზღვრებს გარეთაც ტექპროფესიები დღითიდღე უფრო მოთხოვნადი ხდება.

ამის ფონზე ისიც შენიშნეს, რომ ტექნოლოგიური განათლება პრივილეგიას ჰგავდა — მასზე წვდომა არა ყველას, არამედ მხოლოდ ძალიან ცნობისმოყვარე მოზარდებს, კერძო სკოლების მოსწავლეებს ან ბავშვებს ჰქონდათ შესაბამისი ფინანსური რესურსის მქონე ოჯახებიდან. გარდა იმისა, რომ მშობლებს ხშირად არ შეუძლიათ ტექნოლოგიური განათლების დაფინანსება, გეოგრაფიული ბარიერიც გამოიკვეთა: სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობა თბილისში გვხვდება. შესაბამისად, ტექნოლოგიური განათლების ეკოსისტემისგან რეგიონები მეტწილად მოწყვეტილია.

"მივხვდით, რომ ახალ თაობას ძალიან სჭირდება ტექპროფესიებში გარკვევა, სჭირდება სფეროს წამყვან ექსპერტებთან პირდაპირი კავშირი და სჭირდება, რომ ყველაფერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში ისწავლოს — სადაც არ უნდა იყოს, მაღალმთიან აჭარაში იქნება ეს, რაჭაში თუ დუშეთში".

ასე განისაზღვრა ტექსკოლის მისია და ფორმატი: ტექნოლოგიური განათლება უფასოდ და ონლაინ, ფინანსური და გეოგრაფიული ბარიერების გარეშე, ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის — იმ ასაკის ადამიანებისთვის, იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც კარიერის არჩევანზე ახლა იღებენ გადაწყვეტილებას და საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება განსაკუთრებით სჭირდებათ.

"რეალურად საოცარი ტალანტები არსებობენ, რომელთაც გეოგრაფიული მდებარეობისა თუ ფინანსური რესურსების სიმწირის გამო არ აქვთ ფუფუნება თუ შესაძლებლობა, რომ ცოდნა გაიღრმაონ", — აღნიშნა მარიამმა.

მოზარდებისთვის შექმნილი კურსები მოზარდებს

მარიამს ტექსკოლის უნიკალურ ღირებულებაზე ვკითხე და მითხრა, კურსებს მხოლოდ კი არ ვაფინანსებთ, თავად ვქმნითო.

"თიბისი თვითონ არის ტექნოლოგიური ეკოსისტემა და ფინანსური ინსტიტუტი. ცოდნა, რომელსაც გავცემთ, დიდწილად ჩვენთანაც არის დაგროვილი, ანუ თიბისი ასწავლის იმას, რაშიც თვითონ აქვს დაგროვილი ექსპერტული ცოდნა", — მითხრა მარიამ თევზაძემ — "ხშირად ჩვენივე ლექტორები თიბისელები არიან და ის ცოდნა, რომელიც ჩვენთან დაგროვდა, გვინდა, რომ მთელს საზოგადოებასა და ახალ თაობაზე გავცეთ".

ფოტო: თიბისი

პროექტის დაგეგმვისაც იმაზეც ბევრი იფიქრეს, ტექნოლოგიური მიმართულებები მოზარდებისთვის როგორ უნდა ესწავლებინათ, ამაში კი დახმარების ხელი ჯეოლაბისგან მიიღეს — აღსრულებაში სანდრო ასათიანი ჩაერთო. როგორც სანდრომ მითხრა, ჯეოლაბს დიდი გამოცდილება აქვს რთული საკითხების მარტივად გადმოცემაში. მათი დახმარებით პროგრამა სპეციალურად ამ ასაკობრივ კატეგორიაზე ააწყვეს, პრაქტიკულ სწავლებაზე აქცენტით. ეს იმ სტანდარტების დანერგვის პარალელურად, რომლებიც "ინდუსტრიაში რეალურად მუშაობს".

"სწავლება ეფუძნება პროექტზე ორიენტირებულ მიდგომას — კურსის ბოლოს მოსწავლეები ქმნიან რეალურ ნამუშევარს, რომელიც მათი პორტფოლიოს საფუძველი ხდება. გარდა ტექნიკური უნარებისა, დიდ ყურადღებას ვუთმობთ პრეზენტაციის, გუნდური მუშაობისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებას", — მითხრა სანდრომ.

"ვთვლით, რომ წიგნიდან ამოკითხულ ინფორმაციაზე უფრო მნიშვნელოვანია ის რეალური პროექტი, რომელსაც მოსწავლე საკუთარი ძალებით ქმნის", — დაამატა მან.

მენტორობისა და კავშირების კულტურასაც ორივემ მკაფიოდ გაუსვა ხაზი. კურსების ფასეულობას, მათი ინფორმაციული ღირებულების მიუხედავად, ამაში უფრო ხედავენ. სწავლებას თანამშრომლობის ფორმა აქვს მენტორებსა და მონაწილეებს შორის, სანდროს თქმით კი: "ეს არის გარემო, სადაც არ ხარ მარტო შენს ინტერესებთან და შეგიძლია ნებისმიერ დროს გაუზიარო გამოწვევები მათ, ვისაც შენი კარგად ესმის".

ამ გარემოში ამ მიდგომებით, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ბაზარზე მოთხოვნადი მიმართულებები ისწავლება. ტექსკოლაში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც გააძლიერეს და ამიერიდან სამი ახალი პრაქტიკული კურსი იქნება ხელმისაწვდომი. უფროსკლასელები ისწავლიან, როგორ ესაუბრონ AI-ს სწორად; როგორ დაიხმარონ ეს ხელსაწყოები თავიანთი მიზნების მიღწევაში, თუნდაც ვებგვერდების კოდირების გარეშე შესაქმნელად სამომავლო სტარტაპებისთვის ანდა დიზაინების ასაწყობად; ასევე, როგორი გამოყენებაა ეთიკური ან უსაფრთხო და როგორი — არა.

ასევე იხილეთ: თიბისი ტექსკოლა — მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები

"ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მომავალი, ის აწმყოა. ამ პროგრამის მიზანია, მოზარდებს ვასწავლოთ არა ხელოვნური ინტელექტით ჩანაცვლება, არამედ ამ ახალი ინსტრუმენტის, ხელოვნური ინტელექტის სათანადოდ გამოყენება", — მითხრა სანდრომ და დაამატა:

"მინდა მოზარდებმა გააცნობიერონ: ხელოვნური ინტელექტი არის ინსტრუმენტი, მაგალითად, როგორც ფუნჯი მხატვრისთვის".

ხელი "მომავლის პულსზე"

პროექტის დაწყებიდან სამი წელი გავიდა და შედეგებიც თვალსაჩინოა.

რეგიონებიდან 42%-იანი ჩართულობა უკვე ადასტურებს, რომ ტექსკოლა ხელმისაწვდომობის მისიას პირნათლად ასრულებს, თანაც ამას ამიერიდან ტექსკოლის ელჩების პროექტითაც შეუწყობენ ხელს — ამის მსურველი კურსდამთავრებულები უკვე დამატებით გადამზადებას გაივლიან და მიღებულ ცოდნასა თუ უნარებს სხვებს გაუზიარებენ თავიანთ სკოლებსა და რეგიონებში. ამას გარდა, როგორც აღმოჩნდა, ტექნოლოგიური მიმართულებით პროექტმა არაერთი მოზარდის დამოკიდებულება შეცვალა კარიერის ერთ-ერთ გადამწყვეტ ეტაპზე — დააჯერა იმაში, რომ ტექნოლოგიები მათთვისაა.

"ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სულ სხვა მიმართულებით აპირებდა სწავლას და ამ პროგრამის გავლის შემდეგ გადაწყვიტა, ამ სფეროს გაჰყოლოდა", — მითხრა მარიამ თევზაძემ.

დასაქმების მაჩვენებლის გაზომვა სკოლის მოსწავლეებში რთულიაო, თუმცა მარიამმა კურსდამთავრებულთა წარმატების ბევრი შემთხვევა გაიხსენა: სტარტაპებიც შეუქმნიათ ერთად, გრანტებიც მოუგიათ, ფრილანს სამსახურები თუ პირველი შემოსავალი მიუღიათ და ზოგი თიბისიშიც კი დასაქმდა.

ახლანდელ შედეგებს არ სჯერდებიან, ცხადია. ბავშვების უკუკავშირსაც ითვალისწინებენ და პროგრამებს ყოველ ნაკადზე აახლებენ, რომ ბაზრისა და საგანმანათლებლო საჭიროებებს არ ჩამორჩნენ. როგორც მარიამი ამბობს, მუდმივად აკვირდებიან და ითვალისწინებენ მსოფლიო ტენდენტციებსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს.

გასული სამი წლის განმავლობაში უამრავი ნიჭიერი ადამიანი აღმოაჩინეს და მათ პოტენციალზეც უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ. შესაბამისად, ტექსკოლის გუნდი მეტად მოტივირებულია, რომ ამ პოტენციალის რეალიზებისთვის მოზარდებს სწორი გარემო შეუქმნან და თითოეული მოსწავლე დაარწმუნონ: მთავარია გჯეროდეს, რომ გლობალური პროდუქტის შექმნა 16 წლის ასაკშიც შეგიძლია. საბოლოოდ საქართველო ტექნოლოგიურ ჰაბად უნდათ აქციონ, რომლის შენებაშიც ახალგაზრდებიც მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც სანდრო ამბობს, თავად იქნებიან "ის ძალა, რომელიც მათ ამ გზაზე მხარს დაუჭერს" — მაგალითად მონაწილეების იმაში დარწმუნებით, რომ "მათი იდეები აქაც ისეთივე პოტენციალის მატარებელია, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში". სანდრომ კიდევ ერთი რამის თქმა მოისურვა:

"და ბოლოს, რაც შეიძლება გამოგვრჩა: ტექნოლოგიების სწავლისას ყველაზე მნიშვნელოვანია არა ტექნოლოგია, არამედ ადამიანი. ჯეოლაბშიც და ტექსკოლაშიც ჩვენ ვინარჩუნებთ ადამიანურ კავშირებს", — მითხრა სანდრო ასათიანმა და დასძინა:

"მოსწავლეებს კი ვურჩევ, რომ არ შეეშინდეთ შეცდომების — შეცდომა არის ყველაზე მოკლე გზა აღმოჩენამდე".

და მაინც, ალბათ, შეცდომების შიშთან გამკლავებაც მარტივი უნდა იყოს, როცა მხარდამჭერი მენტორები გყავს და გარშემო საერთო ინტერესების მქონე თანატოლებიც შემოიკრიბე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ხელოვნური ინტელექტის სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ხელოვნურ ინტელექტზე.