კორეული ტექნოლოგიური გიგანტი Samsung და კორეაში მდებარე Chung-Ang University Gwangmyeong Hospital თანამშრომლობენ სისტემის შემუშავებაზე, რომელსაც შეუძლია ვაზოვაგალური გონების დაკარგვის ადრეული ნიშნები დაახლოებით 85%-იანი სიზუსტით წინასწარ გამოავლინოს.

ვაზოვაგალური გონების დაკარგვა ყველაზე გავრცელებული ტიპის დროებითი გონების დაკარგვაა. თავისთავად, ის საშიში არ არის, თუმცა მოულოდნელმა დაცემამ შეიძლება თავის ტვინის სერიოზული დაზიანება, მოტეხილობა და შერყევა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ, წინასწარი გამოვლენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"ხშირია შემთხვევები, როდესაც გონების დაკარგვისას პაციენტები ტრავმას იღებენ, ზოგ შემთხვევაში კი ძალიან მძიმე დაზიანებებს: მოტეხილობებს ან თავის ტვინში სისხლჩაქცევებს", — განაცხადა Chung-Ang University Gwangmyeong Hospital-ის კარდიოლოგიის პროფესორმა ჯუნხვან ჩომ — "ამ ტექნოლოგიის მიერ გაგზავნილი ადრეული გაფრთხილება პაციენტს საშუალებას მისცემს, გონების დაკარგვამდე დაჯდეს, დაწვეს ან დახმარება გამოიძახოს".

Samsung-ისა და საავადმყოფოს ერთობლივი კვლევა წამყვან სამეცნიერო ჟურნალ European Heart Journal – Digital Health-ში გამოქვეყნდა. ეს არის მსოფლიოში პირველი კვლევა, რომელმაც წარმატებით დაამტკიცა კომერციული ჭკვიანი საათის შესაძლებლობა, გონების დაკარგვა ადრეულად განჭვრიტოს.

ეს მოვლენა ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზმი გარკვეულ გამღიზიანებლებზე (სისხლის დანახვაზე ან ძლიერ სტრესზე) მწვავედ რეაგირებს, რაც გულისცემისა და არტერიული წნევის მკვეთრ დაცემას იწვევს. მკვლევართა თანახმად, სიცოცხლის განმავლობაში ეს მოვლენა ადამიანების 40%-ს შეიძლება შეეხოს.

პროფესორ ჩოს ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში 132 პაციენტი გამოიკვლიეს, რომლებიც ვაზოვაგალური გონების დაკარგვისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებდნენ. Galaxy Watch 6-ში ჩაშენებული PPG სენსორი, რომელიც გულისცემასა და პულსის ცვალებადობას ზომავს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმთან ერთად მონაცემებს რეალურ დროში აანალიზებდა. შედეგებმა აჩვენა, რომ სისტემამ 84.6%-იანი სიზუსტით, 5 წუთით ადრე განჭვრიტა გონების დაკარგვა.

Samsung ამ კვლევას სამედიცინო სფეროში გარდამტეხ ნაბიჯად და მკურნალობიდან პრევენციულ მედიცინაზე გადასვლის მაგალითად მიიჩნევს. კომპანიას ჯერჯერობით არ განუცხადებია, როდის იქნება ეს ფუნქცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. რეგულირების და სამართლებრივი სირთულეების გამო, კომერციულ გაშვებამდე კომპანია განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. Samsung აცხადებს, რომ განაგრძობს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობას და მიზნად ისახავს პერსონალიზებული, პრევენციული ჯანდაცვის გადაწყვეტილებების დანერგვას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.