ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ირანის ახალ სულიერ ლიდერად ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა აირჩიეს. სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ირანის ტერიტორიაზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, 1045 ადამიანი დაიღუპა.

რა მთავარი პრეტენზიები აქვთ ისრაელს და აშშ-ს ირანთან, მოვლენების განვითარების რა სავარაუდო სცენარები არსებობს, რამდენად რეალისტურია ირანის ბირთვული საფრთხე, რა გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი რეგიონზე — NEWS.On.ge ამ საკითხებზე ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორს, გიორგი კობერიძეს ესაუბრა.

როგორია აშშ-ისრაელისა და ირანის დაპირისპირების პრეისტორია და რა არის ის მთავარი პრეტენზიები, რასაც ეს ორი ქვეყანა ირანს უყენებ?

გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე, ჯიპას საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი: ირანი არის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელიც ტერორიზმს აფინანსებს. ჰეზბოლას, ჰამასის, ჰუსიტების, სახალხო მობილიზების რაზმების, ისევე როგორც აფრიკის და აზიის სხვადასხვა ტერიტორიაზე მცირე დანაყოფების, განსაკუთრებით კი შიიტების კვალი პირდაპირ ირანთან მიდის. ამ გაგებით ირანი ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახელმწიფოა. მან 1979 წელს მიზნად დაისახა ისლამური რევოლუციის ექსპორტი მთელ მსოფლიოში. ეს ვერ განხორციელდებოდა ბრძოლისა და განადგურების გარეშე და, შესაბამისად, მისი მთავარი მიზანი განხორციელებადი იყო ტერორისტული აქტივობებით. ამის ერთ-ერთი მაგალითი ყველაზე სისხლიანი სახელმწიფო ლიბანი იყო.

ირანი არის სახელმწიფო, რომელსაც თეირანის გასასვლელში ედგა ე.წ. აპოკალიფსის საათი, რომელიც დროს ითვლიდა ისრაელის განადგურებამდე"

ტრამპმა შემთხვევით არ გაიხსენა 1983 წლის ბეირუთის ტერორისტული აქტი, როდესაც ჰეზბოლას წარმომადგენლებმა მძინარე ამერიკელები ააფეთქეს. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც თეირანის გასასვლელში ედგა ე.წ. აპოკალიფსის საათი, რომელიც დროს ითვლიდა ისრაელის განადგურებამდე და ამ სახელმწიფოს სურვილ იყო ჰქონოდა ბირთვული შეიარაღება. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პოტენციურად აპოკალიფსური სცენარის განხორციელების წინაშე ვიყავით. იმიტომ, რომ ირანს გაცხადებული სურვილი ჰქონდა, შეექმნა შიიტური რკალი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც მოიცავდა ერაყს, სირიას, ლიბანს და, თავისთავად, ირანს. ამას გარდა, სურდა აეჯანყებინა შიიტური მოსახლეობა სპარსეთის ყურის აუზში. ამის მისაღწევად მას სჭირდებოდა პერმანენტული, მასშტაბური დაპირისპირებები და ომები და ამის წარმატებით განხორციელება შეძლო, როცა სირია, ერაყი, ლიბანი პრაქტიკულად შიიტური ძალების მიერ კონტროლდებოდა 2017-24 წლების შუალედში.

ირანი ეს არის სახელმწიფო, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოში ყველაზე აგრესორ სახელმწიფოსთან, საუბარი მაქვს რუსეთთან, რომელიც ომს აწარმოებს უკრაინის ტერიტორიაზე, მანამდე კი, ირანთან ერთად ჩაბმული იყო სირიის ტერიტორიაზე ასადის მხარდაჭერაში, მაგრამ ბომბავდა არა მხოლოდ რადიკალურ დაჯგუფებებს, არამედ სამოქალაქო ობიექტებს, მათ შორის ალეპოს პროვინციაში; ეს არის სახელმწიფო, რომელმაც კიევის დასაბომბად მიაწოდა დიდი რაოდენობით იაფფასიანი დრონები რუსეთს და შემდეგ ტექნოლოგია გადასცა და შეაქმნევინა ქარხანა თათრეთში ქალაქ ალებუგაში. აქედან გამომდინარე, ირანი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახელმწიფო ამ ღერძში, რასაც ჩინურ-რუსულ-ირანული ღერძი შეიძლება ეწოდოს, რომელიც ასევე სხვა ქვეყნებისგანაც შედგება.

ირანი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში სახელმწიფო ამ ღერძში, რასაც ჩინურ-რუსულ-ირანული ღერძი შეიძლება ეწოდოს"

ისლამური რეჟიმის განადგურება პრიორიტეტი უნდა იყოს ან მინიმუმ ირანის იმდაგვარი დასუსტება და დაჩოქება, რომ ამ სახელმწიფომ ვეღარ შეძლოს მსოფლიოში საფრთხის მოტანა.

ტრამპმა განაცხადა, რომ მისი იერიშის მიზანი ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაა, სურს, რომ ირანს ხელი შეუშალოს ბირთვული იარაღის შექმნაში. ეს ომის მთავარი მოტივია?

ირანი იტყუებოდა როცა ამბობდა, რომ მას უნდოდა ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის. პროგრამა თუ მხოლოდ მშვიდობიანი მიზნისთვის გინდა, 100 მეტრზე რატომ თხრი ფორდოს სადგურს და აშენებ 100 მეტრის სიღრმეში ბირთვულ ობიექტებს, რატომ აშენებ ნათანზის ობიექტს 50 მეტრის ქვეშ? როცა ამას აკეთებ, გათვლა გაქვს, რომ რაღაცას მალავ და ამ რაღაცის მალვა გამოჩნდა ძალიან მალე, როცა გაირკვა, რომ ირანს 60%-მდე გამდიდრებული 470 კილოგრამი ურანი ჰქონდა. საიდან? რატომ? რა მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს? 5%-ით გამდიდრება სრულიად გადაჭარბებულიც კია ენერგომოხმარებისთვის, მაგრამ 60%-მდე გამდიდრებას რაღაც სხვა მიზანი აქვს.

თუკი რეჟიმი არ შეიცვალა და არ მოხდა ირანის სამხედრო კაპიტულაცია, ეს გამდიდრებული ურანი და მთელი ეს ბირთვული ობიექტები თუ არ განადგურდა, არ შეწყდა ბალისტიკური რაკეტების წარმოება, ირანი შეეცდება, რომ გააგრძელოს ბირთვულ იარაღზე მუშაობა. მით უმეტეს იცის, რომ ბირთვული იარაღით გადარჩენისა და უსაფრთხოების მეტი შანსი აქვს. აშშ-ს გამოეპარა ჩრდილოეთ კორეა, რომელმაც ბირთვულ იარაღზე მუშაობა 1993 წლიდან აქტიურად დაიწყო და 2006 წელს გამოააშკარავა, რომ ჰქონდა ასეთი იარაღი. იგივე რომ არ მოხდეს და არ მივიღოთ უფრო საშიში ქვეყანა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა, არ არის საჭირო ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი. იმიტომ, რომ ჩრდილოეთ კორეა მაინც "განდგომილი სამეფოა", ტყუილად არ ეძახიან მას ამ ტერმინს. ირანი კი ექსპანსიონისტური სახელმწიფოა. აქედან გამომდინარე, მას რომ არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი, ეს არის პრიორიტეტი ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოსთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ჩვენგან 180 კმ-შია ირანის ისლამისტური რადიკალური რეჟიმი, რომელიც ისლამური რევოლუციის ექსპორტსა და მთელ მსოფლიოში მოცვაზეა ორიენტირებული და არანაირად არ გახლავთ უსაფრთხოების ლოგიკაზე დაფუძნებული.

რა ეტაპზეა ირანის ბირთვული პროგრამა და რამდენად რეალისტურია ირანის ბირთვული საფრთხე?

როცა 460 კილოგრამი 60%-მდე გამდიდრებული ურანი გაქვს, 60-დან 90%-მდე გასამდიდრებლად დიდი დრო აღარ არის დარჩენილი. აქ საუბარია თვეებიდან მაქსიმუმ რამდენიმე წელზე და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე 2025 წლის დაბომბვამ ფაქტია, რომ ზიანი მიაყენა ირანის ბირთვულ პროგრამას, მაგრამ არა კრიტიკული.

ახლო აღმოსავლეთში მოვლენების განვითარების რა შესაძლო სცენარებს ხედავთ?

მე მხოლოდ და მხოლოდ სამ სცენარს განვიხილავ: პირველი სცენარი არის რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი ცვლილება. სრული ცვლილება ნიშნავს იმას, რომ რეჟიმის ბოლომდე დემონტაჟი შიდა აჯანყებით ან მოსახლეობის ნაწილის აჯანყებით მოხდება. ეს ლიბიის სცენარია, თუ რეჟიმი შიგნიდან დაემხობა და სრულად მოხდება მისი დემონტაჟი. მხოლოდ დაბომბვებით ამის მიღწევა, რეჟიმის სრული დემონტაჟი, შეუძლებელია. ნაწილობრივი შეცვლა ვენესუელას სცენარია, როცა რეჟიმში შეიძლება გამოჩნდნენ კოლაბორაციონისტები, რეჟიმმა დაიწყოს თანამშრომლობა, დათმოს რაღაცები.

რეჟიმის ნაწილობრივი ცვლილება დაბომბვებით შეიძლება იყოს მიღწეული, მაგრამ რეჟიმის სრული დემონტაჟი ჯარის შეყვანით ან სამხედროების მიერ გადატრიალების მოწყობით იქნება შესაძლებელი. ამის გარეშე რეჟიმის სრული ცვლილების პრეცედენტი არ გვქონია. ეს არის პირველი სცენარი — "პოლიტიკური გამარჯვება".

მეორე სცენარი არის "სამხედრო გამარჯვება". ეს ნიშნავს იმას, რომ ბოლომდე ანადგურებ სამხედრო ობიექტებს, ბოლომდე ბომბავ ყველა ობიექტს, რომლის დაბომბვაც გსურს, შემდეგ სამხედრო ძალები დათანხმდებიან კაპიტულაციას, გადასცემენ შეიარაღებას და ბირთვულ ნარჩენებს აშშ-ს და რეჟიმი გააგრძელებს არსებობას, მაგრამ სამხედრო კაპიტულაცია დამდგარი იქნება.

მესამე არის პოლიტიკური გაგებით "ფაქტობრივი მარცხი". რაც გულისხმობს იმას, რომ დაბომბვები შეიძლება იყოს ძალიან დამანგრეველი და დამასუსტებელი ირანისთვის და მისი შეიარაღებისთვის, მაგრამ თუ არც რეჟიმი შეიცვალა და არც სამხედრო კაპიტულაცია გამოცხადდა, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მიზნები ვერ იქნა მიღწეული. სამხედრო თვალსაზრისით დეგრადირებული იქნება ირანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეჟიმი არ განაახლებს ბირთვულ იარაღზე მუშაობას, არ აწარმოებს ბალისტიკურ იარაღს მომავალში და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტი მოგვარებადია. პოლიტიკური გაგებით გამარჯვება ვერ შედგება, თუ არ მოხდგა რეჟიმის ნაწილობრივი ან სრული დემონტაჟი ან სამხედრო კაპიტულაცია.

მიიყვანს ტრაპის საქმეს ბოლომდე, თუ რაღაც მომენტში შეიძლება დავუშვათ, რომ სიფრთხილეს გამოიჩენს და უკან დაიხევს?

თუ უკან დაიხევს, ეს იქნება მისი და ამერიკის პოლიტიკური კატასტროფა იმიტომ, რომ თუ ირანს ესვრი რაკეტებს და ვერ ამარცხებ, ვერც სამხედრო კაპიტულაციას ვერ აღწევ, ეს არაფერს ნიშნავს... იმიტომ, რომ ამით შეგულიანებული ჩინეთი აუცილებლად დაარტყამს ტაივანს თუ დაინახავს, რომ აშშ ვერ უგებს ირანს. ეს იმის ინდიკატორი გახდება, რომ აშშ ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ჩინეთს. რაც შეაგულიანებს რუსეთსა და ირანს. ირანი უფრო თავდაჯერებული იქნება რეგიონში და მაშინ უკვე საიდუმლო სამსახურებმა უნდა დაიწყონ ფარული მუშაობა, რომ შიგნით ხალხი ააჯანყონ. ამას შეიძლება აშშ-ის სერიოზული დასუსტება მოჰყვეს და მოკავშირეებს გაუჩნდეთ კითხვები... მაგრამ ლოგიკურად თუ შევხედავთ, ამერიკა პირველ და მეორე სცენარზე აკეთებს აქცენტს. საუკეთესო მისთვის არის რეჟიმის სრული ან ნაწილობრივი ცვლილება ან პროგრამა მინიმუმია სამხედრო კაპიტულაციის გამოცხადება.

ხომ არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ამ კონფლიქტში ირანს მოკავშირეები გამოუჩნდებიან, მაგალითად რუსეთი?

რუსეთს სრულად გამოვრიცხავ, თავისი პრობლემები აქვს. პირიქით, რუსეთი აქეთ ყიდულობდა იაფფასიან რაკეტებსა და დრონებს ირანისგან. ამ შემთხვევაში რუსეთს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს? ცოცხალ ძალას ჩრდილოეთ კორეიდან ყიდულობს 2300$-ად თვეში უკრაინის ტერიტორიაზე რომ აომოს. ერთადერთი, ვინც შეიძლება შემდგომ პერიოდში ჩაერთოს კონფლიქტში, ჰიპოთეზურად თუ ომი გაიწელა, ჩინეთია. ეს უფრო რეალისტურია. რუსეთი ახლა არის ბოლომდე ჩაფლული და ჩაბმული უკრაინასთან ომში და არ აწყობს ამერიკის გადამტერება ისე, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ისევ უკრაინაზე გადმოერთოს.

ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბოლო დღეებში მოვისმინეთ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებები, ისიც ითქვა, რომ "მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი". თქვენი შეფასებით, ამ კონფლიქტში საქართველოსთვის მომგებიანი რა პოზიცია შეიძლება იყოს?

ისლამური რეჟიმის დატირება არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა რეჟიმმა"

ისლამური რეჟიმის დატირება არის ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება გააკეთოს ნებისმიერმა რეჟიმმა. ეს ნიშნავს, რომ ის საკუთარ თავს, სურვილებს, იდეებს უკავშირებს აი, ამ მკვლელ ტერორისტული ორგანიზაციების დამფინანსებელ ქვეყანას. ამ ქვეყნის სულიერი ლიდერი, პრეზიდენტი იყო 80-იან წლებში, როცა 10 ათასობით ადამიანი ამწეს სახრჩობელაზე ჩამოახრჩვეს. ზოგადად, ისლამისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ იმით, რომ კინოთეატრებში ხალხს წვავდნენ საავიაციო საწვავით იმიტომ, რომ დასავლურ კინოს უყურებდნენ და ამ ადამიანების მხარდაჭერა, თუნდაც მორალური, არის პოლიტიკური სიბეცე და პოლიტიკური სიბრიყვე და ანტისახელმწიფოებრივი განცხადება. ამ დროს ქვეყნის ლიდერი უნდა იყოს ჩუმად. აქ არ არის საჭირო, გამოვარდე და ვიღაცებს მხარი დაუჭირა. ჩვენ ნაკლებად გვეხება და რომ არ აისახოს ჩვენს ქვეყანაზე, ამიტომ სჯობს შევინარჩუნოთ სიჩუმე. მაგრამ შენ, როცა ხალხის მჟლეტავი რეჟიმის დროშებს აფრიალებ და ანთებ მის ფერებში ანძას და შემდეგ დატირებას იწყებ ისლამისტური რეჟიმის, ეს უკვე მათთან აფელირებაა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას მიათრევ ყოვლად დაუნდობელ ისლამისტური საშინელი რეჟიმის მხარდასაჭერად. ამ დროს არ არის საჭირო გამოვარდე დროშები აფრიალო ან ამერიკის ან ისრაელის. ამ დროს ერთადერთი სწორი არჩევანი არის დუმილი. კომენტარი არ უნდა გააკეთო.

ამ დროს ერთადერთი სწორი არჩევანი არის დუმილი. კომენტარი არ უნდა გააკეთო"

ფაშინიანმა და ალიევმაც გაავრცელეს ირანის მიმართ სამძიმრის განცხადებები. კავკასიის რეგიონის პოლიტიკური ორიენტაცია როგორ უნდა გავიგოთ?

ალიევისგან ყველაფერი გასაგებია. ალიევი პირდაპირ მიბმულია ირანთან, მას არ აქვს კარგი ურთიერთობა ირანთან, მაგრამ ფრთხილობს. არ უნდა მაინც და მაინც საკუთარი შიიტური მოსახლეობა გააღიზიანოს მაშინ, როცა შიიტური ისლამისტური რეჟიმის დამხობა და განადგურება ხდება. არ უნდა თავი ისე წარმოაჩინოს, როგორც მხოლოდ ისრაელის მოკავშირე. კარგად ვიცით, რომ აზერბაიჯანის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ისრაელია და ისრაელი აწვდის იარაღს. ასევე საინტერესო არის ის, რომ სულიერი ლიდერი ალი ხამენეი ეთნიკურად იყო აზერბაიჯანელი. ესეც კიდევ ერთი მიზეზია, რატომ მიუსამძიმრა ალიევმა ირანს. მაგრამ ალიევი უფრო მეტად ფრთხილობს ვიდრე ფაშინიანი. სომხეთს რაც შეეხება, საიდუმლო არ არის, რომ სომხეთი ყოველთვის, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყოველთვის იყო პროირანული სახელმწიფო. პრორუსული ხომ იყო და იყო პროირანულიც. ყარაბაღის ომის დროს აზერბაიჯანის წინააღმდეგაც იყო განწყობილი ირანი და ეხმარებოდა სომხეთს.

ჩვენ თუ სრულ რუკას შევხედავთ, სად სომხეთი და აზერბაიჯანი და სად საქართველო?! თუ რეგიონზე ვიმსჯელებთ, ჩვენ საერთოდ სხვა გეოპოლიტიკურ რეალობაში ვართ, სხვა ცივილიზაციური არჩევანი გვაქვს და სხვა კულტურულ სივრცეში ვიმყოფებით.