ნახეთ — ბრწყინვალე ფოტოები ბუნებას ახლებურად გვაჩვენებს
მომდევნო შესანიშნავი კადრის ძიებაში ფოტოგრაფი ჯონ მაკორმაკი ჩასულა ნორვეგიის სვალბარდის ყინულოვან მღვიმეებში, ჩაუყვინთავს ბრიტანული კოლუმბიის ყინულივით ცივ წყლებში და სამხრეთ კენიის თავზე მფრინავი ვერტმფრენის კარებიდან გადმოკიდებულა.
თუმცა ყველა ამ დიდი თავგადასავლის მიუხედავად, სწორედ სახლთან ახლოს, სულ რაღაც ერთი კილომეტრის მოშორებით გადაღებულმა ფოტოებმა დაუდო დასაბამი მრავალწლიან ძიებას: როგორ დაენახა ბუნება სულ სხვა, ახალი თვალით.
2020 წელი იდგა და პანდემიამ მაკორმაკის სამყარო გააჩერა. მაშინ ახალი ჩვევა შეიძინა: ყოველ საღამოს სეირნობა სანაპიროზე, სახლთან ახლოს, კალიფორნიაში. კამერა მუდამ თან ჰქონდა.
ერთი კვირის შემდეგ მაკორმაკმა შეამჩნია, რომ ლანდშაფტი ყოველდღე იცვლებოდა. "მოქცევის, სინათლისა და ქარის ეს ჯადოსნური შერწყმა ქმნიდა პატარა კომპოზიციებს, რომლებიც თითქოს მხოლოდ ერთხელ არსებობს", — განუცხადა მან CNN-ს ინტერვიუში — "გავიგე, რა მნიშვნელოვანი იყო დეტალები, როგორ იცვლებოდა ყველაფერი ყოველ საღამოს, როგორ ჩნდებოდა ახალი ფორმები იქ, სადაც ადრე არაფერი იყო".
როდესაც სამყარო კვლავ გაიხსნა, მაკორმაკის ფოტოგრაფია სრულიად შეიცვალა. "ამ დროისთვის უკვე სხვა ფოტოგრაფი გავხდი", — თქვა მან. დიდი ლანდშაფტებისა და ფართო ხედების ნაცვლად, მას ახლა "ბუნების ეს პატარა მოხაზულობები და პატარა ლამაზი სცენები" იზიდავდა.
"უბრალოდ ყველგან დავიწყე მათი შემჩნევა", — გაიხსენა მან.
მაკორმაკის მიერ დაფიქსირებული ფორმები ავსებენ მის ახალ მონოგრაფიას — ფორმები: ბუნებრივი სამყაროს ხელოვნება. წიგნში მკითხველი იპოვის განსაცვიფრებელ, ფერად ფოტოებს, სადაც სუბიექტები ერთდროულად ნაცნობი და სრულიად გაუცნობიერებელია. ქვიშის დიუნები ხაზოვან ნახატებადაა ქცეული, მიკროსკოპული ორგანიზმები — ძვირფასეულობად, ხოლო მდინარეები საქსოვს ძაფს უფრო ჰგავს, ვიდრე გამდინარე წყალს.
მაკორმაკის შეფასებით, წიგნში არსებული ფოტოების ორი მესამედი პანდემიის დროს და შემდეგ გადაიღო; დანარჩენი კი არქივში ნაპოვნი ძველი ნამუშევრებია.
"40 წელია ფოტოგრაფი ვარ და გამოდის, რომ ამ ხნის განმავლობაში ბუნების კვალს ვიღებდი", — თქვა მან — "ეს არასდროს ყოფილა განზრახული. ეს უბრალოდ ჩემი იდენტობის ნაწილი იყო".
მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების დიდი ნაწილი დედამიწის შორეულ კუთხეებიდანაა, მაკორმაკი ხაზს უსვამს: "ბუნება არასდროს არის ისე შორს". წიგნში შედის მეგობრის ბაღის ჰიბისკუსის ყვავილის მაკრო სურათი და პასიფიკ გროუვის სანაპიროზე პირველ დღეებში გადაღებული ფოტოები.
საბოლოოდ, მაკორმაკი იმედოვნებს, რომ მისი წიგნი, რომელიც განზრახ "არ არის სახვითი ხელოვნების წიგნი", ადამიანებს დაეხმარება იგრძნონ, რომ ბუნება მათთან ახლოსაა.
"ეს შექმნილია ისე, რომ ყველგან წაიღო და ყველასთვის გასაგები იყოს, ერთი მთავარი გზავნილით: ჩვენი სამყარო საკმაოდ განსაცვიფრებელი ადგილია", — თქვა მაკორმაკმა. "გადი და ნახე. და მერე, იქნებ დაიცვა კიდეც".
მზის ჩასვლიდან დიდი ხნის შემდეგაც, სიკვდილის ველის წითელი საღამოს შუქი ქვიშის დიუნებზე ვარდისფერ ელფერს ჰფენს. როდესაც ამდენად დიდ სუბიექტს იღებს, მაკორმაკი ამბობს, რომ სცენის გამარტივებას ცდილობს და იმაზე კონცენტრირდება, რაც კონკრეტულად იზიდავს. "ამ შემთხვევაში ეს იყო ეს მკვეთრი, ქარისგან ნაქარგი ნაოჭები, ხაზები და კიდეები", — თქვა მაკორმაკმა — "და მერე უბრალოდ კომპოზიციის ძიება დარჩა. შემდეგ კი სინათლის ლოდინი".
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
სწორედ კალიფორნიის მონტერეი ბეის ეს ფოტო გახდა მრავალწლიანი პროექტის დასაბამი. "სწორედ ამ სურათმა გადამიყვანა პირდაპირი ფოტოგრაფიის იდეიდან იქით, სადაც ჩემ წინ არსებული ლანდშაფტის თამაში და ინტერპრეტაცია შემეძლო", — განუცხადა მაკორმაკმა CNN-ს.
ისლანდიის ვატნაიოკულის მყინვარის ყინულოვანი მღვიმის იატაკქვეშ გაყინული ჰაერის ბუშტები დელიკატური რგოლების სახით ჩანს
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
"ზოგი სურათი საკმაოდ ეგზოტიკურ ადგილებშია გადაღებული, ზოგი კი არა", — თქვა მაკორმაკმა თავისი წიგნის ფოტოებზე. ეს ჩინური ვარდის ფურცელი მეგობრის ბაღში გადაიღო.
კანდელაბრის ხის კაქტუსისებური შტოები ცოცხალ სკულპტურად იქცევა
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
ბოტსვანას ოკავანგოს დელტის ჭაობიან ადგილებში ბეჰემოთების დატოვებული კვალის დახლართული ბილიკები.
ფორმების ძიებისას ძირითადად 600 მილიმეტრიანი ტელეფოტო ობიექტივით იღებს. ზოგჯერ იყენებს ტელეკონვერტერებსაც, რაც ობიექტივს კიდევ უფრო აგრძელებს და მას 840 ან 1200 მილიმეტრიანად აქცევს. სხვა სიტყვებით, შეუძლია ძალიან შორიდან გადაიღოს. თუმცა ამის მიუხედავად, ზოგიერთ სუბიექტთან, როგორიცაა აქ გამოსახული ჟირაფი, მაინც საჭიროა მიახლოება. "ამ მოხაზულობის გამოსაყოფად ცხოველიდან 18-27 მეტრის მანძილზე უნდა ვიყო", — თქვა მაკორმაკმა.
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
ისლანდიის ქვიშაში წყალი მეწამულ ფორმებს ქარგავს.
სიკვდილის ველის პანამინტის ქედს ბინდი ეფინება.
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
კენიაში გადაღებული ციცრის ბუმბული თამამ და აბსტრაქტულ მოხაზულობებს ქმნის.
კენიის დიდი რიფტის ველში ფლამინგოები ტბებსა და მდინარეებზე დაფრინავენ და ლანდშაფტს სიცოცხლისა და ფერის აფეთქებას მატებენ. სურათი მშვიდია, მაგრამ მისი გადაღება, მაკორმაკის თქმით, "ქაოსი" იყო. მისი შეფასებით, ექვსი საათი გაატარა ველზე ფრენაში, სანამ ამ სურათის ფონად გამოყენებულ მდელოებს მიაგნო. დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე მფრინავი ვერტმფრენის ღია კარებიდან გადმოკიდებულმა დაიწყო გადაღება. "პირველი რაც გავაკეთე, მხოლოდ მდელოები გადავიღე", — თქვა მაკორმაკმა. "და მერე უცებ გამოჩნდა ეს მოულოდნელი ფლამინგოების გუნდი…"
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
მყინვარული წყალი მიედინება ისლანდიის ვულკანურ ქვიშაში.
წითელი და ოქროსფერი ზოლები ციმციმებს ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის ვეფხვის თვალის ქვის ამ მაკრო ფოტოგრაფიაში.
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
დინების მიერ გამოძერწილი მდინარის დელტის ნალექი უზარმაზარი მარაოს მსგავსად იშლება.
დიატომები — კაჟმიწის მინისებური ნაჭუჭიანი ერთუჯრედიანი წყალმცენარეები — მიკროსკოპის ქვეშ დახვეწილ ძვირფასეულობებს ჰგვანან. მაკორმაკმა ეს სურათი სამეცნიერო ხარისხის მიკროსკოპით გადაიღო, რომელსაც უსარკო კამერა მოარგო. მალევე შეამჩნია, რომ ამ მეთოდით გადაღებისას სიღრმის არე უკიდურესად მცირეა, ანუ მხოლოდ უმცირესი ნაჭერი ჩანს ფოკუსში. მაკორმაკს მოუწია ციფრული გამოსახულების ტექნიკის გამოყენება, რომელსაც "ფოკუსის დაწყობა" ეწოდება, სხვადასხვა სიღრმეზე გადაღებული მრავალი სურათი ერთ, სრულად ფოკუსირებულ სურათად ერწყმის. აქ წარმოდგენილი საბოლოო ფოტო 25 სურათის შეერთების შედეგია.
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
ცეცხლისფერი მინერალები განსაცვიფრებელ სანახაობას ქმნიან ისლანდიის ყინულოვან მდინარეებში დინებისას.
ფოტო: ჯონ მაკორმაკი
კომენტარები