ბეილორის სამედიცინო კოლეჯის (აშშ) მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანის ტვინს რთული ენობრივი დამუშავების განხორციელება ზოგადი ანესთეზიის ქვეშაც კი შეუძლია.

ეპილეფსიის ოპერაციების დროს მეცნიერებმა ჰიპოკამპუსში მდებარე ასობით ცალკეული ნეირონის აქტივობა ჩაწერეს. ცნობისთვის, ტვინის ეს რეგიონი მეხსიერებასთანაა დაკავშირებული.

ნეიროპიქსელური ზონდების დახმარებით (ეს ხელსაწყო აქამდე ჰიპოკამპუსის შესასწავლად არასდროს გამოუყენებიათ) მკვლევრებმა გაზომეს, თუ როგორ რეაგირებს უგონო მდგომარეობაში ჰიპოკამპუსი ხმებსა და ენაზე.

პირველ ექსპერიმენტში პაციენტებს განმეორებადი ბგერითი ტონები მოასმენინეს, რომლებსაც შიგადაშიგ განსხვავებული ხმა ენაცვლებოდა. აღმოჩნდა, რომ ჰიპოკამპუსის ნეირონებს უჩვეულო ტონების ამოცნობა შეუძლია. გარკვეული დროის შემდეგ რეაქციაც გაძლიერდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ტვინს ანესთეზიის პირობებშიც კი შეუძლია სწავლა.

ამის შემდეგ მკვლევრებმა უფრო რთული ცდა ჩაატარეს: პაციენტებს მოკლე ისტორიები მოასმენინეს, რა დროსაც ნეირონულ აქტივობას მიადევნეს თვალყური. აღმოჩნდა, რომ ჰიპოკამპუსი ენას რეალურ დროში ამუშავებდა. ნეირონის გააქტიურებასთან დაკავშირებული კანონზომიერებებით გამოვლინდა, რომ ტვინს მეტყველების ნაწილების (არსებითი სახელების, ზმნების, ზედსართავი სახელების) გარჩევა შეუძლია.

მკვლევრებმა იმის მტკიცებულებაც იპოვეს, რომ ტვინს წინადადებაში მომდევნო სიტყვების პროგნოზირებაც შეუძლია.

ეს მიგნებები იმაზე მეტყველებს, რომ ენის დამუშავებისა და პროგნოზის უნარები ცნობიერ გამოცდილებას შეიძლება პირდაპირ არ მოითხოვდეს. შესაძლოა, ცნობიერება ტვინის სხვადასხვა რეგიონს შორის უფრო ფართო კოორდინაციაზე იყოს დამოკიდებული და არა კონკრეტულად ჰიპოკამპუსის აქტივობაზე.

ნაშრომი შეიძლება სამომავლოდ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დასახვეწად გამოიყენონ, მათ შორის, მუნჯებისთვის სამეტყველო პროთეზების დასამზადებლად.

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს საკითხები დამატებით კვლევას საჭიროებს. ისიც საგულისხმოა, რომ შედეგები ანესთეზიის მხოლოდ ერთ ფორმას ეხებოდა და შეიძლება სხვა არაცნობიერ მდგომარეობებზე არ გავრცელდეს, მაგალითად, ძილსა და კომაზე. გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ტვინის მხოლოდ ერთი უბანი შეისწავლეს.

ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.