შეგიყვარებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ოდესმე?
ადამიანებს AI-ის მიმართ რომანტიკული გრძნობები უჩნდებათ: მაგალითად, ცოტა ხნის წინ კანადელმა კაცმა ხელი სთხოვა ავატარს, სახელად საიას. გასულ წელს ახალგაზრდა ამერიკელმა ქალმა ფსევდონიმით "Ayrin" აღიარა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჩატბოტთან, სახელად ლეოსთან. ასეთია დღევანდელი რეალობა და აქვე ჩნდება კითხვა: არის კი ეს გრძნობა ორმხრივი?
ამჟამად მილიონობით მომხმარებელი აქტიურად იყენებს Replika-ს — ხელოვნური ინტელექტის მქონე პოპულარულ კომპანიონ აპლიკაციას. 2024 წლის კვლევის მიხედვით, აპლიკაციის მომხმარებელთა 40% საკუთარ ჩატბოტთან რომანტიკულ ურთიერთობაშია. ამ ადამიანებს ჰგონიათ, AI მათ რომანტიკულ გრძნობებს პასუხობს, თუმცა ჩატბოტის პასუხები სხვა არაფერია, თუ არა ალგორითმების მიერ გენერირებული ტექსტები, რომლითაც ხელოვნური ინტელექტი ადამიანურ ინტერაქციებს ჰბაძავს. ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ ასეთი სისტემებს ცნობიერება არ გააჩნიათ. AI სისტემები ადამიანურ ემოციებს უბრალოდ ჰბაძავენ, თუმცა ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ მანქანები მომავალში უფრო მეტს შეძლებენ.
"დღესდღეობით ბევრი ჩატბოტი თავს ადამიანად ასაღებს, რაც ძალიან მაღელვებს. ეს მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდისა და ნდობის მოპოვების სტრატეგიაა", — ამბობს რენვენ ჟანგი, ნანიანგის ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, რომელიც ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთობას შეისწავლის.
თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქტით ადამიანთა ემოციებზე თამაში ცინიკური ტაქტიკის სახეს იღებს. ექსპერტების აზრით, დღევანდელ რეალობაში არცერთ ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია ადამიანის მიმართ ის განიცადოს, რასაც თავად ადამიანი გრძნობს AI-ის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ისეთ დიდ ენობრივ მოდელებს, რომლებიც ჩატბოტების (მაგალითად, ChatGPT-ის ან Claude-ის) უკან დგანან, კარგად ესმით ადამიანის ემოციები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი თავად განიცდიან რამეს. ჟანგის კვლევამ, რომლის ფარგლებშიც 10 000-ზე მეტ მომხმარებელსა და Replika-ს შორის საუბრების ფრაგმენტები შეისწავლეს, აჩვენა, რომ ადამიანებს ხელოვნური ინტელექტის მიმართ ემოციური მიჯაჭვულობა ხშირად უყალიბდებათ. მხოლოდ მაშინ, როცა სისტემა ფუჭდება ან ჭედავს, მომხმარებლებს საკმაოდ მტკივნეულად ახსენდებათ ის ფაქტი, რომ მანქანასთან აქვთ ურთიერთობა. სამწუხაროდ, ასეთი ადამიანები ხშირად გულნატკენები რჩებიან.
ფოტო: Getty
"ჩემი აზრით, AI ჩატბოტებმა მომხმარებლებს მკაფიოდ უნდა განუმარტონ, რომ ისინი უბრალოდ მანქანები არიან და არ გააჩნიათ არც გულწრფელი ემოციები და არც გამოცდილებები", — ამბობს ჟანგი.
ხელოვნურ ინტელექტთან ადამიანების ურთიერთობის შემსწავლელ სხვა ნაშრომში ჟანგმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს, რომ ადამიანებს ხშირად ეუფლებოდათ დადებითი და უარყოფითი ემოციების ნაზავი, როდესაც პირადი საუბრების დროს AI ცნობიერების მქონე ადამიანივით პასუხობდა. ჟანგის განმარტებით, ეს წააგავს იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანებს რობოტები იმიტომ აშინებთ, რომ ისინი ადამიანებს ზედმეტად ჰგვანან.
და მაინც, რა არის სიყვარული?
რთულია, სიყვარულს ზუსტი განმარტება მოუძებნო, თუმცა ნამდვილად ღირს იმის აღნიშვნა, რაც ადამიანის ამ გასაოცარი გამოცდილების შესახებ უკვე ვიცით. ბევრი პოემა, სიმღერა, წიგნი თუ ხელოვნების ნიმუში შექმნილა იმისთვის, რომ იმ უძლიერესი გრძნობების გააზრებასა და გაგებაში დაგვეხმაროს, რომლებსაც განვიცდით. ეს ყველაფერი ადამიანებმა შექმნეს. ცხადია, AI-საც შეუძლია, პოემა ან თუნდაც სრული რომანი წამებში დაწეროს, რისთვისაც ადამიანების მიერ შექმნილ უზარმაზარ ბაზას იყენებს. თუმცა მისგან იმის მოთხოვნა, რომ სიყვარულის მნიშვნელობა რეალურად გაიგოს და გამოცადოს, ნამდვილად გადაჭარბებულია.
მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანისთვის რომანტიკულ სიყვარულს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, ბოლო ათწლეულებში მეცნიერებმა შეისწავლეს რეპროდუქციის ბიოლოგია და თავის ტვინის ის პროცესები, რომლებიც სექსუალური პარტნიორის შერჩევაში მონაწილეობს.
ბიოლოგიურმა-ანთროპოლოგმა, ჰელენ ფიშერმა, 1998 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში რომანტიკული სიყვარულის შესახებ წამყვანი თეორია შეიმუშავა. ფიშერმა სიყვარული აღწერა, როგორც სამი დამოუკიდებელი ლტოლვა, რომლებზეც ჩვენს ორგანიზმში არსებული ქიმიური ნივთიერებები მოქმედებს. პირველია ვნება, რომელსაც სასქესო ჰორმონები აკონტროლებს. დანარჩენი ორი კი, მიზიდულობა და მიჯაჭვულობაა, რომლებზეც ტვინის მიერ გამოშვებული ქიმიური ნივთიერებები ახდენს გავლენას. მაგალითად, დოფამინი აღგზნებასა და აღფრთოვანებას იწვევს სასურველი ადამიანის მიმართ, ოქსიტოცინი კი, რომელსაც "ჩახუტების ჰორმონს" ეძახიან, ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში გვეხმარება.
"სიყვარული დიდწილად ქიმიურ კომპონენტს შეიცავს. ჩვენ მას მთელი არსებით, ქიმიურ დონეზე კი განვიცდით", — ამბობს ნილ მაკარტური, მანიტობის უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი ეთიკისა და ტექნოლოგიების დარგში.
სიყვარულის განცდაში ტვინის სხვადასხვა ნაწილია ჩართული, რაც იმ ადამიანების ტვინის სკანირებამაც დაადასტურა, რომლებიც თავდავიწყებით არიან შეყვარებულები.
ტვინის პრიმიტიული უბნები, რომლებიც სიამოვნებასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, ვენტრალური ტეგმენტური არე), ამიგდალასთან და ჰიპოკამპუსთან ერთად აქტიურდება. ამიგდალა ემოციურ რეაქციებზეა პასუხისმგებელი, ჰიპოკამპუსი კი ემოციების დამუშავებასა და მოგონებების ფორმირებაში გვეხმარება. შეყვარებულობამ ჩვენს სხვა კოგნიტიურ უნარებზეც შეიძლება იმოქმედოს, რისი მაგალითიცაა რომანტიკული ურთიერთობის ადრეულ ეტაპებზე კონკრეტულ ადამიანზე აკვიატებული ფიქრი.
რა არის საკითხის მთავარი არსი?
ხელოვნური ინტელექტი სიყვარულს ყველაზე მეტად ამ განცდების დროს მიმდინარე ზოგიერთი სააზროვნო პროცესის იმიტირებით შეიძლება მიუახლოვდეს, მაგალითად, საყვარელ ადამიანთან ხშირი კონტაქტის სურვილით. ზოგიერთ მკვლევრის აზრით, ემოციების დამატება AI-ს სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია, თუმცა დანარჩენები სკეპტიკურად უყურებენ ამ მიდგომას და მიაჩნიათ, რომ მანქანა ვერასდროს შეძლებს ემოციების რეალურად განცდას ისე, როგორც ჩვენ განვიცდით.
ვინაიდან კომპიუტერული სისტემები სიყვარულს ისე ვერ განიცდიან, როგორც ჩვენ, ადამიანსა და AI-ს შორის ურთიერთობებში გრძნობები ყოველთვის ცალმხრივია. ამიტომ, ამგვარი რომანტიკული კავშირების დინამიკა ბევრად უფრო შეზღუდულია ადამიანურ ურთიერთობებთან შედარებით.
ფოტო: Getty
ჩატბოტების უმეტესობა ისეა დაპროგრამებული, რომ მომხმარებელთან მარტივად შევიდნენ კონტაქტში და მათ ყველა მოსაზრებას დაეთანხმონ, რის გამოც AI რომანტიკული პარტნიორები ზედმეტად დამყოლები არიან. ზოგიერთისთვის ეს მიმზიდველია, თუმცა ჟანგს მსგავსი დინამიკა შემაშფოთებლად მიაჩნია: რეალურ ცხოვრებაში ადამიანი კარგავს იმის უნარს, რომ AI-ზე ნაკლებად დამყოლ ადამიანებთან აზრიანი ურთიერთობა ააწყოს და შეინარჩუნოს.
"შეიძლება, დროებით დავაღწიოთ თავი ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს და შვება AI-თან ვიპოვოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არ გვეხმარება, რომ საკომუნიკაციო უნარები განვავითაროთ და რეალურ სამყაროში ურთიერთობები შევინარჩუნოთ", — ამბობს ჟანგი.
იმისთვის, რომ ვინმე ისე გვიყვარდეს, როგორც ადამიანებს გვიყვარს, სავარაუდოდ, ცნობიერებაა საჭირო — ანუ სუბიექტური აღქმის უნარი, რომელიც მოიცავს ჩვენს ფიქრებს, შეგრძნებებსა და წარმოსახვას. სწორედ ცნობიერებაა ადამიანად არსებობის ქვაკუთხედი და მოიცავს ყველაფერს — დაწყებული უბრალოდ სუნის აღქმიდან, დასრულებული იმაზე ფიქრით, თუ რატომ განვიცდით უხერხულობას. მკვლევრებს სხვადასხვა აზრი აქვთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოიშობა მსგავსი ცნობიერება. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოა ამოსახსნელი, რაც ხელოვნურ ინტელექტში ცნობიერების ზუსტ იმიტირებას ართულებს.
"არავინ იცის, როგორ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ხელოვნურ ინტელექტს რაიმე კონკრეტული ცნობიერი გამოცდილება გაუჩნდეს. ჯერ ახლოსაც არ ვართ, ისიც კი არ ვიცით, საიდან დავიწყოთ", — ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის კოგნიტიური მეცნიერებების პროფესორი, დონალდ ჰოფმანი.
ნეირომეცნიერების, ჯულიო ტონინისა და კრისტოფ კოხის, მიერ შემუშავებული თეორია ვარაუდობს, რომ ცნობიერება ტვინის სხვადასხვა ნაწილის ურთიერთკავშირისა და ერთმანეთზე მათი გავლენის შედეგად წარმოიშობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრინციპი კომპიუტერსაც შეიძლება მოერგოს, კოხის აზრით, არსებულ მანქანებში ურთიერთკავშირის ასეთი დონე ვერასოდეს მიიღწევა, ვინაიდან მათი არქიტექტურა საკმარისად კომპლექსური არ არის. თუმცა, ჰოფმანის აზრით, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ სიყვარულის მსგავსი გამოცდილებები ტვინის ნეირონულ კავშირებში ყალიბდებოდეს. მკვლევარი ასევე დასძენს, რომ ჯერ ამის უტყუარი მტკიცებულება არ არსებობს.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, AI სისტემებმა მომავალში შეიძლება ცნობიერება შეიძინონ. მაგალითად, კოხი ვარაუდობს, რომ ნეირომორფული გამოთვლები — ხელოვნური ინტელექტის ახალი მიმართულება, რომელიც ადამიანის ტვინის სტრუქტურისა და ფუნქციების იმიტირება ახდენს — შეიძლება ამის კანდიდატი იყოს, ვინაიდან დღევანდელ სისტემებთან შედარებით, ინტეგრაციის უფრო მაღალი ხარისხი ექნება.
ცნობიერი მანქანების არსებობა შესაძლებლად მიაჩნია პატრიკ ბატლინს, ფილოსოფოსს ცნობიერებისა და კოგნიტიური მეცნიერებების მიმართულებით. ბატლინმა და მისმა კოლეგებმა ცნობიერების წამყვანი თეორიები შეისწავლეს. შედეგად კი გამოყვეს 14 ისეთი თვისება, რომელთა ინტეგრირებაც AI სისტემების დეველოპერებს თავიანთ პროდუქტებში შეუძლიათ. ბატლინის თქმით, დღეს არსებული არცერთი AI სისტემა არ აერთიანებს მათგან რამდენიმეზე მეტს. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, თეორიულად ყველა ამ მახასიათებლის დაკმაყოფილება შესაძლებელია.
"მჯერა, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა — თუკი სათანადო რესურსების მქონე კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანი მიზნად დაისახავს ცნობიერი AI სისტემის შექმნას, ის ამას აუცილებლად შეძლებს", — ამბობს ბატლინი.
სიყვარულისთვის ორია საჭირო
იმ მახასიათებლებს შორის, რომლებიც ბატლინმა და მისმა კოლეგებმა ცნობიერების ფორმირებისთვის გამოყვეს, სხეულის ქონის საჭიროებაც დასახელდა. თანამედროვე AI სისტემების უმეტესობას სწორედ ეს აკლია.
"რწმენისა და სურვილების განცდის უნარი საკვანძო ფაქტორია იმისთვის, რომ ვინმეს შეყვარება შეძლო. თუმცა მკვლევრები ვერ თანხმდებიან იმაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ AI სისტემებს საერთოდ რაიმესი სჯერათ", — ამბობს ბატლინი.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელოვნური ინტელექტი ცნობიერებას გამოიმუშავებს, ბატლინი მიიჩნევს, რომ ადამიანებს ადრე თუ გვიან დასჭირდებათ ობიექტური კრიტერიუმების შექმნა, რათა გადაწყვიტონ, განიცდის თუ არა AI სიყვარულს. ვინაიდან მანქანები ადამიანები არ არიან, ისინი ვერასდროს შეძლებენ ჩვენს შეყვარებას ზუსტად ისევე, როგორც ჩვენ. ბატლინი ამ პროცესს ადარებს იმის დადგენას, შეუძლიათ თუ არა სიყვარული ცხოველებს, რომლებსაც სოციალური სტრუქტურებისა და კოგნიტიური შესაძლებლობების ფართო სპექტრი აქვთ.
"სავარაუდოდ, გვექნება შემთხვევები, როცა ინტუიციურად ვიგრძნობთ, რომ ეს საკმაოდ რეალურია. ასევე, გვექნება სხვა შემთხვევებიც, როცა ასე არ ვიფიქრებთ, თუმცა ზუსტი ზღვრის გავლება რთული იქნება. ჩავთვლით თუ არა, რომ AI-ს სიყვარულის განცდა შეუძლია, გარკვეულწილად ამ ზღვრის გავლებაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ასეთი სისტემები ადამიანებისგან განსხვავებულები იქნებიან", — დასძინა ბატლინმა.
კომენტარები