რატომ არ შეიძლება ზღვის წყლის დალევა?
ფოტო: de.wallpapers.com
წარმოიდგინეთ, რომ შუა ზღვაში ხართ. გარშემო უამრავი წყალია, თქვენ კი საშინლად გწყურიათ. შეიძლება გამოსავალი ნათელი ჩანდეს, თუმცა ნურას უკაცრავად...
იმის გარდა, რომ ზღვის წყალი მლაშეა და უსიამოვნო დასალევია, დიდი რაოდენობით მისი მიღება შეიძლება მომაკვდინებელიც კი აღმოჩნდეს. მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი ორგანიზმი "სიცოცხლის მთავარ სითხეს" ვერ უმკლავდება, ზღვის წყლის მარილიანობაში იმალება.
ოსმოსი და მარილის ბიოლოგია
ორგანიზმი წყალს კონკრეტული ბიოლოგიური პროცესების გავლით ითვისებს, რომელთა შორისაა ოსმოსი. ჩვენს უჯრედებს ნახევრად გამტარი გარსი აქვს, რომელიც წყალს ატარებს, მაგრამ მარილს — არა. წესი შემდეგნაირია: წყალი ყოველთვის იქით მიისწრაფვის, საითაც მარილის უფრო მაღალი კონცენტრაციაა, რომ ბალანსი დამყარდეს. სწორედ ამ პროცესს ეწოდება ოსმოსი.
NOAA-ს მიხედვით, ზღვის წყალში მარილის კონცენტრაცია დაახლოებით 3.5%-ია (ანუ მისი მასის 3.5% მარილია), როცა ჩვენს სისხლში ბუნებრივად დაახლოებით 3-4-ჯერ ნაკლები მარილი გვხვდება. შესაბამისად, ზღვის წყლის დალევისას უჯრედებს ზედმეტად მლაშე გარემო ექმნება.
იმის ნაცვლად, რომ უჯრედმა წყალი შეიწოვოს, პირიქით ხდება: ოსმოსის გამო უჯრედიდან წყალი გარეთ გამოდის, რათა გარემოში მარილის ბალანსი დამყარდეს. შედეგად უჯრედების გაუწყლოება (დეჰიდრატაცია) იწყება — სხვა სიტყვებით, რაც მეტ ზღვის წყალს სვამთ, მით უფრო შრება უჯრედები.
რატომ ვერ გვშველის თირკმელები?
წესით და რიგით, თირკმელები ორგანიზმის მთავარი ფილტრებია და ზედმეტი მარილიც მათ უნდა გამოდევნოს შარდის სახით. მეორე მხრივ, ამ ორგანოებს ფიზიკური ლიმიტიც აქვს: NOAA-ს მიხედვით, თირკმელებს მხოლოდ ჩვენს სისხლზე ნაკლებად მლაშე შარდის წარმოქმნა შეუძლია.
საბედისწერო მათემატიკაც აქ იწყება: ზღვის წყლის თითოეული ლიტრის გამოსაყოფად თირკმელებს იმაზე მეტი სუფთა წყალი სჭირდება, ვიდრე ახლახან მიიღეთ. შეიძლება ითქვას, იმაზე მეტი უნდა მოშარდოთ, ვიდრე დალიეთ. ორგანიზმი იძულებული ხდება, სითხე საკუთარი ორგანოებიდან და ქსოვილებიდან "ისესხოს". შედეგად ზღვის წყლის დალევა დეჰიდრატაციას აჩქარებს, წყურვილის მოკვლის ნაცვლად.
ასეთი მარილიანი წყლის დალევამ შეიძლება მალევე გამოიწვიოს დეჰიდრატაციის სიმპტომები, მათ შორის:
- ძლიერი წყურვილის შეგრძნება, როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს;
- გულისცემის აჩქარება და არტერიული წნევის მატება;
- მძიმე შემთხვევებში ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა ანდა თირკმელების უკმარისობა.
და ზღვის ბინადრებთან როგორღა ხდება?
შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: თუ ზღვის წყალი ასეთი სახიფათოა ჩვენთვის, მაშ, ზღვის ბინადრები როგორ ცოცხლობენ?
საქმე ისაა, რომ მათი ორგანიზმი სწორედ მარილიან გარემოზეა მორგებული. მაგალითად, Audubon Society-ს მიხედვით, პინგვინებს, თოლიებსა და ალბატროსებს (მათ ხშირად ზღვის წყლის სმა უწევთ) მარილის სპეციალური ჯირკვლები და ღარები აქვთ, რომლებიც მიღებული წყლიდან ზედმეტ მარილს გამოდევნის, სანამ იგი მუცელსა და შემდეგ სისხლში მოხვდება. სპეციფიკური მექანიზმებით არიან ადაპტირებულნი ვეშაპები, დელფინები და სელაპებიც.
ცხადია, ადამიანებს მსგავსი "ბიოლოგიური ტუმბო" არ გაგვაჩნია — ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჩვენი უძველესი წინაპრები ხმელეთზე უმეტესად მტკნარ წყალს სვამდნენ და ევოლუციურად საჭირო არ გამხდარა მარილიან წყალთან ორგანიზმის ადაპტაცია. მეტიც, მისი დალევა ახლა სახიფათოც კია, ამიტომ თუ რაიმე მიზეზით ზღვის ან უბრალოდ მარილიანი წყლის დალევა მოგიწიათ, შეიძლება ექიმი დაგჭირდეთ.
მოკლედ... ზღვის არა, თუმცა მთის წყალი შეგიძლიათ მშვიდად დალიოთ!
კომენტარები