მეცნიერებმა ანტარქტიდის ყინულში ვარსკვლავური მტვრის კვალი აღმოაჩინეს
ფოტო: B. Schröder/HZDR/ NASA/Goddard/Adler/U.Chicago/Wesleyan
ანტარქტიდაზე მოპოვებულ ყინულში მეცნიერებმა რადიოაქტიური ვარსკვლავური მტვრის ნარჩენი აღმოაჩინეს, რომელიც მნათობის აფეთქებამ წარმოქმნა. ისინი ამბობენ, რომ ეს მზის სისტემის ისტორიის უკეთ გაგებაში დაგვეხმარება.
ვარსკვლავებს შორის აირის კოლოსალური ღრუბლები, მტვერი და პლაზმაა. ჩვენი სისტემა ახლა სწორედ ასეთ რეგიონში გადაადგილდება, რომელსაც ლოკალური ვარსკვლავთაშორისი ღრუბელი ეწოდება. ზოგჯერ მსგავს არეალებში მატერია გროვდება, რომელიც შეიძლება დედამიწაზეც მოხვდეს (იქ გავლისას).
ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ყინულში სწორედ ამგვარი მატერიის კვალს მიაგნეს. ეს ვარსკვლავის აფეთქების მეორეული პროდუქტია — რკინის რადიოაქტიური იზოტოპი, რკინა-60. ის ჯერ კოსმოსურ ღრუბელში იყო, შემდეგ კი ჩვენს პლანეტაზე, ანტარქტიდის ყინულში, აღმოჩნდა.
"თუ რკინა-60 ვარსკვლავური მტვრის ნაწილაკებშია კონდენსირებული, ასეთ მტვერს მზის სისტემის დამცავი გარსის გარღვევა და დედამიწაზე მოხვედრა შეუძლია", — აცხადებენ ავტორები.
მეცნიერებმა ანტარქტიდის თოვლში ამ იზოტოპს ჯერ კიდევ 2019 წელს მიაგნეს. მეტის გასაგებად მათ კვლევა განაგრძეს და 40 000-80 000 წლის წინანდელი ყინულის ნიმუშები შეისწავლეს, ჯამში 300 კილოგრამზე მეტი. სწორედ ამ პერიოდში უნდა აფეთქებულიყო მნათობი და კოსმოსში სპეციფიკური მატერია გაეფრქვია, რომელიც ღრუბელს შეუერთდა.
ყინულის გალღობის, ქიმიურად დამუშავებისა და იონების აჩქარების ტექნოლოგიის მეშვეობით ნიმუშებში არსებული იზოტოპები ერთმანეთისგან განაცალკევეს და ატომები დაითვალეს. შემდეგ თოვლში ნაპოვნი ნიმუშები ყინულისას შეადარეს. შედეგად დადგინდა, რომ ძველ მატერიაში რკინა-60 უფრო ნაკლები იყო, ანუ 40 000-80 000 წლის წინ ის ჩვენს პლანეტაზე მცირე ოდენობით მოხვდა.
აქედან დაასკვნეს, რომ ამ პერიოდში დედამიწამდე ნაკლები ვარსკვლავთაშორისი მტვერი აღწევდა. შესაბამისად, ივარაუდეს, რომ იზოტოპის უფრო მცირემასშტაბიან და ადგილობრივ წყაროსთან ჰქონდათ საქმე — მნათობის აფეთქებასთან ლოკალური ვარსკვლავთაშორისი ღრუბლის მიმდებარედ.
ეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის იმ ღრუბლის წარმოშობაზე, რომელშიც მზის სისტემა 40 000-124 000 წელია, გადაადგილდება. მას რამდენიმე ათასი წლის შემდეგ გავცდებით.
ნაშრომი გამოცემაში Physical Review Letters გამოქვეყნდა.
კომენტარები