როგორ "გამოიყურება" სუნი — ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ყნოსვის რუკა შექმნეს
ფოტო: Datta Lab/Harvard
ყნოსვა ძლიერი გრძნობაა. ის თქვენს სხეულს ანიშნებს, ექნება თუ არა რამეს კარგი (თუ საშინელი) გემო. ყნოსვით შეგვიძლია გაზაფხულის დადგომაც კი ვიგრძნოთ. ალბათ, წვიმის სუნიც გიგრძნიათ, აღარაფერს ვამბობ თქვენს ძაღლზე, რომელსაც შეიძლება დაბანა სჭირდებოდეს.
რიგ შემთხვევებში ყნოსვამ შეიძლება ჩვენი სიცოცხლეც კი იხსნას. მეორე მხრივ, ყველა გრძნობიდან, ყნოსვა ალბათ, ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი.
და, აი, ახლა მეცნიერებმა ამ გრძნობის უკეთ გაგებასთან უფრო ახლოს არიან. მათ ამისთვის სპეციალური რუკა შეადგინეს, რომელიც თაგვების ცხვირში ჩაშენებული ათასობით სხვადასხვა ტიპის სუნის რეცეპტორის განლაგებას აჩვენებს.
შედეგი ძალიან საინტერესოა:
თაგვის ცხვირის განივი კვეთის მიკროსკოპული ფოტო. თაგვი გენმოდიფიცირებული იყო ყნოსვით ნეირონებში მწვანე ფლუორესცენტული ცილის გამოსახატავად. მომაკვდავი ნეირონების მცირე ქვეჯგუფი წითლად არის მონიშნული.
ფოტო: Datta Lab/Harvard
"ყნოსვის შეგრძნება ზედმეტად იდუმალია", — ამბობს კვლევის უფროსი ავტორი, ნეირობიოლოგი სანდიპ დატა. "ეს არის გრძნობა, რომელიც კარგად არ გვესმის".
რუკა 300-ზე მეტი თაგვის მონაცემებს ეფუძნება.
თაგვის ცხვირში დაახლოებით 20 მილიონი ყნოსვითი ნეირონია, რომელთაგან თითოეული ათასობით სახის უჯრედულ რეცეპტორს გამოხატავს. თითოეული ეს ნეირონი სუნის შესახებ ინფორმაციას ცხვირიდან ტვინში გადასცემს.
დატამ და მისმა კოლეგებმა დაახლოებით 5 მილიონი ინდივიდუალური (ცხვირის) ქსოვილის უჯრედის გენები დაადგინეს, რამაც მათ დაახლოებით 2.3 მილიონი ყნოსვითი სენსორული ნეირონის მონაცემთა ნაკრები მისცა.
შემდეგ მათ დაადგინეს, თუ სად იყო განლაგებული სუნის რეცეპტორებთან დაკავშირებული აქტიური გენები.
ყნოსვითმა რუკამ ცხვირში რეცეპტორების მაღალორგანიზებული განლაგება გამოავლინა.
ფოტო: Brann et al., Cell, 2026
"ჩვენს შედეგებს წესრიგი შემოაქვს სისტემაში, რომელიც აქამდე წესრიგს მოკლებული ეგონათ, რაც კონცეპტუალურად ცვლის ჩვენი წარმოდგენის პრინციპს მისი მუშაობის შესახებ", — ამბობს დატა.
ადრე მეცნიერებს რეცეპტორების აღმოჩენა უჭირდათ და ვარაუდობდნენ, რომ მათი განლაგება შემთხვევითი უნდა ყოფილიყო: ერთ ყნოსვით სენსორულ ნეირონს შეეძლო 1100 შესაძლო ყნოსვითი რეცეპტორიდან ნებისმიერის გამოხატვა.
მეორე მხრივ, ახალი რუკა ავლენს, რომ ამ ნეირონების მიერ გამოვლენილი რეცეპტორების ტიპი დიდწილად დამოკიდებულია მათ განლაგებაზე. ამის გამო, ისინი ქმნიან რეცეპტორების გრადიენტს ვიწრო ჰორიზონტალურ ზოლებში, რომლებიც გადაჭიმულია ცხვირის ზემოდან ძირამდე.
როგორც დატა და მისი კოლეგები თავიანთ ნაშრომში წერენ, ყნოსვით სისტემაში სივრცითი წესრიგი "წარმოიშობა უწყვეტად ცვალებადი ტრანსკრიფციული კოდიდან, რომელიც ზუსტად აწყობს სუნზე პასუხისმგებელ მრავალ დისკრეტულ არხს".
ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ეს განლაგება მოდულირებულია ბუნებრივად წარმოქმნილი რეტინოინის მჟავით, მოლეკულით, რომელსაც შეუძლია უჯრედებში გენების ექსპრესიის რეგულირება.
თაგვებში რეტინოლის მჟავის დონის დასარეგულირებლად მედიკამენტების გამოყენებით, გუნდმა შეძლო ცხვირში ყნოსვის რეცეპტორების გრადიენტის გადანაცვლება. მათ ასევე აღმოაჩინეს, რომ ცხვირში რეცეპტორების განლაგება შეესაბამება იმას, თუ როგორ არის ორგანიზებული ტვინის ყნოსვის ბოლქვი.
მკვლევრები იმედოვნებენ, რომ თაგვებში ყნოსვის ანატომიის უკეთესი გაგებით, ისინი შეძლებენ უკეთ გაიგონ, რა ხდება ადამიანის ცხვირშიც.
"ყნოსვას მართლაც ღრმა და ყოვლისმომცველი გავლენა აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამიტომ მისი აღდგენა არა მხოლოდ სიამოვნებისა და უსაფრთხოებისთვისაა, არამედ ფსიქოლოგიური კეთილდღეობისთვისაც", — თქვა დატამ. "ამ რუკის გაგების გარეშე, ჩვენ განწირულნი ვართ მარცხისთვის ახალი მკურნალობის მეთოდების შემუშავებაში".
კვლევა გამოქვეყნდა ჟურნალში Cell.
კომენტარები