რატომ გახდა მარჯვენა ხელი დომინანტური — მეცნიერებს ახალი ჰიპოთეზა აქვთ
ფოტო: PLOS Biology
შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მთელს მსოფლიოში ადამიანების 90% მემარჯვენეა მაშინ, როცა სხვა პრიმატებში მსგავს ფენომენს არ ვაწყდებით. მეცნიერები უკვე ათწლეულებია ამ თემას იკვლევენ, მაგალითად, როგორ აისახება ეს ყველაფერი ტვინზე, გენეტიკაზე ან საერთოდ როგორ ვითარდება რომელიმე ერთი ხელით წერისადმი უპირატესობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. მიუხედავად ამისა, ამ ფენომენის მიღმა არსებული ევოლუციური მექანიზმები დღემდე უცნობია.
ოქსფორდის უნივერსიტეტის ახალი კვლევის თანახმად, ამ შეკითხვაზე პასუხი ადამიანის ევოლუციის ორ თვისებაში შეგვიძლია ვიპოვოთ: ორფეხზე სიარულში და ჩვენი ტვინის ზომის მასშტაბურ ზრდაში.
კვლევის ფარგლებში მაიმუნთა 41 სახეობის 2025 ინდივიდის მონაცემები შეისწავლეს. ბეიესის მოდელირების გამოყენებით გუნდმა ამ ფენომენის ასახსნელად არსებული ძირითადი ჰიპოთეზები გამოცადა: ხელსაწყოებით სარგებლობა, კვება, ჰაბიტატი, სხეულის მასა, სოციალური ორგანიზაცია, ტვინის ზომა და გადაადგილება.
აღმოჩნდა, რომ უმეტესი ფაქტორით ადამიანები სხვა პრიმატებს ვგავართ. გამონაკლისი მხოლოდ ტვინის ზომა და მკლავისა და ფეხის სიგრძის თანაფარდობა აღმოჩნდა. ეს უკანასკნელი ორფეხა გადაადგილების სტანდარტული ანატომიური მარკერია.
ამავე მოდელების გამოყენებით გუნდმა ისიც განსაზღვრა, რომელი ხელი უნდა ყოფილიყო დომინანტური ადამიანების გადაშენებულ წინაპრებში. ადრეულ ჰომინიდებში (მაგალითად, არდიპითეკები და ავსტრალოპითეკები) მარჯვენა ხელის გამოყენება სულ ცოტათი თუ დომინირებდა. უფრო გვიანდელ ჰომინიდებში კი, მაგალითად, ჰომო ერგასტერებში, ჰომო ერექტუსებსა და ნეანდერტალელებში, ეს უპირატესობა საგრძნობლად გამოიკვეთა. ხოლო ჰომო საპიენსებში პიკს მიაღწია.
არსებობს გამონაკლისიც: ფლორესის ადამიანები. ეს ინდონეზიაში მცხოვრები სახეობა იყო, რომელიც პატარა ზომის ტვინით გამოირჩეოდა. ფლორესის ადამიანებში მარჯვენა ხელისადმი უპირატესობა გაცილებით ნაკლებად იყო გამოკვეთილი. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენილ კანონზომიერებას შეესაბამება: ამ სახეობას პატარა ზომის ტვინი ჰქონდა, თანაც ორფეხზე სრულყოფილად ვერ დადიოდა.
ახალ ნაშრომში წარმოდგენილი მიგნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯერ გამართული სიარული გაჩნდა, რამაც ხელები "გაათავისუფლა". ამით შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ხელები სხვა საქმის კეთებაზე გამხდარიყო ორიენტირებული. ხოლო ტვინის ზომა უფრო გვიან გაიზარდა, თანაც ამ ორგანოს სტრუქტურული თავისებურებებიც შეიცვალა. საბოლოოდ მარჯვენა ხელისადმი უპირატესობა ჩამოყალიბდა. ეს იმისთვისაა ხელსაყრელი, რომ ტვინის ნახევარსფეროებს შორის საქმე უფრო ეფექტიანად გადანაწილდეს.
აღსანიშნავია, რომ ეს კვლევა ზოგ შეკითხვას მაინც ვერ სცემს პასუხს, მაგალითად, რატომ დომინირებს მაინცდამაინც მარჯენა ხელი ან საერთოდ რატომ შემოგვრჩა მარცხენა ხელით წერის უნარი. ნაშრომი გამოცემაში PLOS Biology გამოქვეყნდა.
კომენტარები