ზოგ პაციენტს უნდა, პლასტიკური ოპერაციის გზით ხელოვნური ინტელექტით გენერირებულს დაემსგავსოს
ფოტო: Getty Images
პლასტიკური ქირურგები ამბობენ, რომ მათ უჩვეულო სურვილით სულ უფრო და უფრო მეტი პაციენტი აკითხავს. ბევრს სურს, რომ საკუთარი თავის AI-გენერირებულ ვერსიას დაემსგავსოს, რომელსაც მულტფილმის პერსონაჟის მსგავსი არარეალისტური ნაკვთები ექნება.
რეიჩელ უესტბეი კოსმეტიკური დერმატოლოგია ნიუ-იორკიდან. ის ჰყვება, თუ როგორ მიუტანა ერთმა ქალმა ChatGPT-ის მიერ გენერირებული სურათი, რომელიც კარიკატურას ჰგავდა. ნაკვთები არარეალისტური იყო: მეტისმეტად დიდი ტუჩები, კიდევ უფრო დიდი თვალები და უჩვეულოდ გამოკვეთილი ყბა.
თავისთავად, AI პირველი ციფრული ტექნოლოგია არაა, რომელიც არაჯანსაღი სილამაზის სტანდარტებში იღებს მონაწილეობას. ამის მაგალითი წლების წინ Snapchat-ის ფილტრები და ინფლუენსერებით სავსე სოციალური მედიაცაა.
მეორე მხრივ, შეიძლება AI ამ მიმართულებით კიდევ უფრო საშიში იყოს. ჩვეულებრივი ფილტრებისგან განსხვავებით, AI-ის ჩვენზე მორგება კიდევ უფრო მარტივია. თანაც, ჩატბოტს შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ ეს არარეალისტური ნაკვთები ჯანსაღი და განხორციელებადია.
გასულ წელს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, იმ პაციენტებს, რომლებიც თავიანთ ფოტოებს AI-ით ამუშავებენ, პლასტიკური ქირურგების მიმართ გაცილებით მეტი და არარეალისტური მოთხოვნა აქვთ.
ერთ-ერთი მანჰეტენელი პლასტიკური ქირურგი იხსენებს, რომ 70 წლის ქალმა საკუთარი თავის AI-გენერირებული ფოტო მიუტანა და მოითხოვა, რომ ექიმს "ქირურგიული დროის მანქანა" შეექმნა, რათა ქალი თავის 40 წლით უმცროს შვილიშვილს დამსგავსებოდა. ქირურგმა ბევრჯერ აუხსნა, რომ ეს შეუძლებელი იყო, თუმცა ქალი მაინც იმავეს მოითხოვდა.
მეორე მხრივ, ზოგი ქირურგის აზრით, AI-ის გამოყენება ამ დარგში ეფექტიანადაც შეიძლება. მაგალითად, ვაშინგტონის უნივერსიტეტის პლასტიკური ქირურგი, ჯასტინ საქსი, განმარტავს, რომ AI შეიძლება პროცედურის რეალისტურად სიმულირებისთვის გამოვიყენოთ.
აღსანიშნავია, რომ გარკვეული რისკები ამ მიდგომასაც ახლავს. AI ჯერაც არაა სრულყოფილი ტექნოლოგია, ამიტომ ექიმები მასზე ზედმეტად დამოკიდებულნი არ უნდა გახდნენ.
კომენტარები