16 თებერვალს ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ სისხლის სამართლის კოდექსს ახალი მუხლები დაემატება, კერძოდ

"სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს [სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები] დამამძიმებელ გარემოებად ემატება კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა;

კოდექსს ემატება 316-ე პრიმა მუხლი – ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ:

საქართველოს მოქალაქის ან ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ, საქართველოს ხელისუფლების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება, ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად წარმოჩენა ან ამავე პირის მიერ სხვა სისტემატური მოქმედება, თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ქმედება მიმართულია საქართველოს კონსტიტუციის, კონსტიტუციური წყობილების, ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.

სასჯელის სახით ითვალისწინებს 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ჯარიმა ან სასარგებლო შრომა", — განაცხადა გორდულაძემ.

ქართული ოცნების ახალ საკანონმდებლო ცვლილებაზე NEWS.On.ge საია-ს ყოფილ თავმჯდომარეს, იურისტ ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი

"ქართულ ოცნებაში" ხშირად გერმანიის მაგალითი მოჰყავთ, რომ ეს გერმანული ნორმის ანალოგია სისხლის სამართლის კოდექსიდან. რამდენად რელევანტურია ეს შედარება საქართველოსთან?

ნიკა სიმონიშვილი, იურისტი: ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ თითქოს ეს ნორმა არის გერმანული ნორმის ანალოგი სისხლი სამართლის კოდექსიდან, მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ, ეს კანონი ისევე არის გერმანული, როგორც FARA-ზე ამბობდა ქართული ოცნება, რომ ამერიკულ კანონს ვიღებთო. თუმცა, ერთ და მეორე შემთხვევაშიც ამას ქართული ოცნება მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოიყენებს.

გერმანიაში ეს ნორმა გამოყენებული იყო ისეთი ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ, როგორიც ფაშისტური გერმანიის მხარდამჭერი ორგანიზაციები და გაერთიანებები არიან. ეს ჯგუფები საერთოდ გერმანიის სახელმწიფოს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის არსებობას არ აღიარებენ და მხოლოდ მესამე რაიხის ანუ ფაშისტური გერმანიის სჯერათ.

აქ არ არის საუბარი რომელიმე პოლიტიკური პარტიის არჩევნებში გამარჯვებასა და არ გამარჯვებაზე, ისინი ამბობენ, რომ არსებობს მხოლოდ მესამე რაიხი, ანუ ფაშისტური გერმანია, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალურად განსხვავებულ კონტექსტს ქმნის.

საქართველოში საუბარია იმაზე, რომ გვაქვს ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ თავიდან გვაქვს არჩევნები ჩასატარებელი, 2024 წლის არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში არ ჩატარებულა და ჩვენ მოცემულობა გვაქვს, რომ ქართული ოცნების ლეგიტიმაცია არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მხრიდან, ფაქტობრივად აღიარებული არ არის.

გრანტებისა და პარტიების კანონში დაგეგმილი ცვლილებით ხელისუფლების არაღიარების შემთხვევაში ვის შეიძლება დაემუქროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და რა შემთხვევაში?

რა წერია სსკ-ის ინიციირებულ კოდექსში 316-ე პრიმა მუხლში, რომელიც გვესაუბრება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმისკენ? ამ ნორმას აქვს 3 კომპონენტი და იმისთვის, რომ გარკვეული ქმედება ჩაითვალოს დანაშაულად, სამივე კომპონენტს უნდა აკმაყოფილებდეს.

  1. აკრძალული ქმედება უნდა იყოს ჩადენილი;
  2. აკრძალულ ქმედებას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს;
  3. აკრძალულმა ქმედებამ შედეგი უნდა გამოიღოს;

რა იგულისხმება აკრძალული ქმედების ჩადენაში? ნორმაში მოცემულია აკრძალული ქმედებების ჩამონათვალი. ესენია:

  • უნდა ხდებოდეს, საჯაროდ, სისტემატური მოწოდება კანონმდებლობის დარღვევისკენ;
  • უნდა ხდებოდეს, საჯაროდ, სისტემატურად სახელისუფლებო ორგანოების დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება;
  • უნდა ხდებოდეს, სისტემატურად და საჯაროდ ალტერნატიული სახელმწიფო ორგანოების შექმნისკენ მოწოდება;
  • უნდა ხდებოდეს, გარკვეული პირის მიერ საკუთარი თავის ან სხვისი წარმოჩენა ლეგიტიმურ პიროვნებად ან ლეგიტიმურ ორგანოდ.

ამ ოთხი ქმედებიდან ერთ-ერთი მაინც თუ არის გარკვეული მიზნით ჩადენილი და ეს მიზანი არის, ჩანაწერის მიხედვით, რომ უნდა ხდებოდეს არალეგიტიმურობის შესახებ კონსტიტუციის, კონსტიტუციური ორგანოების, ან კონსტიტუციური წყობილების არალეგიტიმურობის შექმნის მიზნით ამ ქმედებების ჩადენა, რამაც გამოიწვია საქართველოს ინტერესების შელახვა ან დაზიანება ან ამის რეალური საფრთხე თუ გააჩინა — ქმედება დანაშაულად ჩაითვლება.

ჩანაწერის ბუნდოვანება, რომელსაც "ოცნების" ეს ინიციატივა გვთავაზობს, მისი ფართოდ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა"

პირდაპირ თუ წავიკითხავთ ჩანაწერს — მაგალითად, ერთმა პირმა რომ თქვას: "მე არ ვაღიარებ ქართული ოცნების ლეგიტიმაციას", ეს პირდაპირ არ უნდა ჯდებოდეს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ინიციირებულ ვერსიაში, მაგრამ ჩანაწერის ბუნდოვანება, რომელსაც ოცნების ეს ინიციატივა გვთავაზობს, მისი ფართოდ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ამბობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილება ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა, სად ხედავთ ბუნდოვანებებს?

როცა საუბარია კანონმდებლობის მასობრივად დარღვევაზე, ან სახელისუფლებო ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობაზე ხშირად ვიყენებთ ისეთ ტერმინებს, როგორიცაა "ქართული ოცნების პარლამენტი", "ქართული ოცნების მთავრობა", "ივანიშვილის მთავრობა" ან "არალეგიტიმური მთავრობა, ან პარლამენტი" — ცალკე აღებული ასეთი ტერმინების გამოყენება არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსის ამ ინიციატივის შემადგენლობას. თუმცა, თუ ქართულ ოცნებაში ჩათვლიან, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ახდენს დიდ გავლენას, განსაკუთრებით, მაგალითად, მედიაში თუ არის ეს ყველაფერი ხშირად, სისტემატურად გამოყენებული და თუ ჩათვლიან, რომ საზოგადოებაზე დიდ გავლენას ახდენს, შეიძლება ეს დაუმორჩილებლობისკენ მოწოდებად ჩათვალონ.

ეს არ არის, რა თქმა უნდა, პირდაპირი მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ამიტომ, ეს ახალი ნორმა, მით უმეტეს, მისცემს ქართულ ოცნებას უფრო ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას.

ეს ჩანაწერი ახალი ინსტრუმენტია ქართული ოცნების ხელში, რომ დაუმორჩილებლობის საჯარო, სისტემატური მოწოდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების ან გარკვეული ჯგუფების მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს, თუ ქართული ოცნება ჩათვლის, რომ ამ ორგანიზაციებსა და ადამიანთა ჯგუფებს აქვთ დიდი გავლენა საზოგადოებაზე და თუ აღიქვამენ, რომ სახელისუფლებო ორგანოების დაუმორჩილებლობას აქვს ადგილი. აქ ისევ მივდივართ იქამდე, რომ პოლიტიკური ინტერესის გამო აპირებს ქართული ოცნება ამ ცვლილებების მიღებას.

მეორე ბუნდოვანება, რომელიც ამ ნორმას აქვს, შეეხება მიზანს — რა მიზნით უნდა ხდებოდეს ამ ქმედებების ჩადენა. აქ არის საუბარი არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებაზე, რაც ფართო შინაარსის ჩანაწერია სსკ-ში. არალეგიტიმურობის აღქმის დამკვიდრება რას შეიძლება გულისხმობდეს აქაც სასამართლოს და პროკურატურას, რომელიც ქართული ოცნების პირდაპირი კონტროლის ქვეშაა, ფართო უფლებამოსილებას უტოვებს.

მესამე ბუნდოვანება ამ კანონში არის შედეგთან მიმართებით, რომ საქართველოს ინტერესების დაზიანება უნდა გამოიწვიოს ან ამის რეალურ საფრთხეს უნდა ქმნიდეს.

ჩვენ ვნახეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებზეც ამბობენ, რომ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დასანქცირების მოთხოვნა საქართველოს ინტერესების დაზიანება ყოფილა. აქაც ქართული ოცნება მსგავსი შინაარსის ნორმებს ფართოდ ინტერპრეტირებს. ახალი ჩანაწერის პირობებში ეს იძლევა ამის კიდევ უფრო მეტად ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

"ქართულ ოცნებას" საქართველოს ინტერესი საკუთარ ინტერესებთან აქვს გაიგივებული"

ქართულ ოცნებას საქართველოს ინტერესი საკუთარ ინტერესებთან აქვს გაიგივებული. ივანიშვილის გუნდი ამბობს იმას, რომ "სახელმწიფო ვართ ჩვენ და სხვა არავინ". აქაც ინტერესების დაზიანებად რა შეიძლება ჩაითვალოს, ესეც ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს შეიძლება იყოს მოწოდება: მათი დასანქცირებისკენ, მათთვის შეზღუდვების დაწესებისკენ, ან საზოგადოებაში თუ შეიცვლება ქართული ოცნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით აღქმა, ესეც შეიძლება საქართველოს ინტერესების დაზიანებად ჩათვალონ, იმიტომ, რომ ქართულ ოცნებაში ცვლიან, რომ საქართველოს და მათ ინტერესებს შორის ტოლობაა დასმული.

ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების მკვლელობასთან ერთად, დემოკრატიის მოკვლასთან ერთად, ქართული ოცნება გადადის იმ ფაზაში, რომ ფაქტობრივად სახელმწიფოსთან საკუთარ თავს აიგივებს და კანონში წერენ — თუ ვიღაც დააზიანებს ქართული ოცნების ინტერესებს, ის დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და ამის გამო შეიძლება გარკვეული შედეგი დადგეს.

კანონში წერენ — თუ ვიღაც დააზიანებს "ქართული ოცნების" ინტერესებს, ის დააზიანებს ქვეყნის ინტერესს"

შეეხება თუ არა საკანონმდებლო ცვლილება მედიას და ვინ შეიძლება დაისაჯოს?

ვის შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა — აქ საუბარია როგორც საქართველოს მოქალაქეზე, ისე მოქალაქეობის არმქონე სტატუსის პირებზე და იურიდიული პირის შემთხვევაში მის პასუხისმგებლობაზეცაა საუბარი. ამიტომ აქ შეიძლება ვიხილოთ, ერთ მხრივ, კონკრეტული ფიზიკური პირების პასუხისმგებლობა — შესაძლოა ჟურნალისტების ან მედიამენეჯერების და თავად იურიდიული პირის დასჯაც. მედიის შემთხვევაზე რომ ვილაპარაკოთ, შეიძლება ცალკეული ჟურნალისტის პასუხისმგებლობაც დადგეს, ან მენეჯერის და თუნდაც რედაქტორის.