2012 წელს საქართველოს ხელისუფლების სათავეში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მრავალჯერ მოიცვა. ანტისამთავრობო დემონსტრაციების უკანასკნელი სერია 2024 წლის გაზაფხულზე "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის დამტკიცების შემდეგ დაიწყო, ხოლო განსაკუთრებით გამწვავდა ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების გაყალბებისა და ირაკლი კობახიძის მიერ ნოემბერში გაკეთებული განცხადების ("დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან") შემდეგ.

აქციების დაწყების დღიდან, პროტესტის დისკრედიტაციის მიზნით, ხელისუფლება შემდეგ ნარატივებს იყენებს:

აქციის მიზანია სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივება, ამბოხის ხელშეწყობა, სახელმწიფოს დესტაბილიზაცია, გადატრიალებისა და რევოლუციის მოწყობაქართული ოცნება ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ დემონსტრანტების მიზანი — არა "რუსული კანონის" და/ან 2028 წლის ბოლომდე ევროპის კავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის გამო პროტესტის გამოხატვა, არამედ ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობა და "მაიდნის" მოწყობაა.

რეალურად კი ქუჩაში გამოსული მოქალაქეები ხელისუფლების მიერ ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას აპროტესტებენ, რადგან ევროინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა და ნებისმიერი რამ (მათ შორის 'რუსული კანონი"), რაც ქვეყანას ევროპულ ოჯახთან დააშორებს, ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 11 მაისს იმის საჩვენებლად, რომ საქართველო ირჩევს ევროპულ მომავალს, თბილისში ე.წ. "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე ათეულობით ათასმა ადამიანმა "ევროპის მარში' მოაწყო. ეს იყო ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია, რომელიც უკანასკნელ წლებში საქართველოში გაიმართა — სხვადასხვა დათვლით, მარშზე სულ ცოტა 140 000 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო Visioner-ის შეფასებით, მთელი დღის განმავლობაში დემონსტრანტების რიცხვი საშუალოდ 300 000 იყო.

პროცესი არაორგანული და გარედან მართულიაქართული ოცნების ხელისუფლების მტკიცებით, ანტისამთავრობო დემონსტრაციების უკან დგანან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და "გლობალური ომის პარტია", რომლებიც, საპროტესტო მუხტის ხელშეწყობით, მიზნად რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლების დამხობას ისახავენ.

სინამდვილეში კი ხელისუფლება აქციის მონაწილეების ლეგიტიმური მოთხოვნების დისკრედიტაციის მიზნით, პროტესტს გარე/უცხო ძალებთან აკავშირებს, რაც ავტორიტარული რეჟიმების მიერ ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებას არ წარმოუდგენია არანაირი სადაზვერვო მასალა, საგამოძიებო დასკვნა, ფინანსური გადარიცხვების დოკუმენტი და ა.შ., რაც დაადასტურებდა, რომ მიმდინარე პროტესტის უკან საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოები და/ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

მოსახლეობის უმრავლესობა ქართული ოცნების ხელისუფლებას მხარს უჭერს და ანტისამთავრობო გამოსვლებს არ უერთდებაქართული ოცნება ირწმუნება, რომ პარლამენტის წინ შეკრებილი ადამიანები უმცირესობას წარმოადგენენ. ასევე, იმას, რომ რუსთაველის გამზირზე მდგარი მომიტინგეები არ წარმოადგენენ "ნამდვილ" და "ჯანსაღ" ახალგაზრდობას, და რომ "უსამშობლოები" საკანონმდებლო ორგანოს წინ ძირითადად "გასართობად" იკრიბებიან.

რეალურად კი IPM-ის და ISSA-ს კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმა ოპოზიციას მისცა. გარდა ამისა, აღნიშნული გამოკითხვებით დასტურდება, რომ პროტესტს მოსახლეობის ნახევარზე მეტი უჭერს მხარს.

საპროტესტო აქციები არ არის მშვიდობიანი — ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები პროტესტს მშვიდობიანი ფორმებით არ გამოხატავენ. ხელისუფლების თქმით, "ექსტრემისტები" და "მოძალადეები" ანადგურებენ სახელმწიფოს ქონებას და თავს ესხმიან საპოლიციო ძალების წარმომადგენლებს.

ქუჩაში გამოსული ათიათასობით დემონსტრანტი ფუნდამენტურ დემოკრატიულ უფლებას - მშვიდობიან პროტესტს იყენებს, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში არა ხელისუფლების დამხობის მცდელობად, არამედ საზოგადოების პოლიტიკური ნების გამოხატულებად აღიქმება. ხშირია სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შემთხვევები, თუმცა მსგავს ფაქტებზე ამ დრომდე არ დაწყებულა გამოძიება.

სამთავრობო პროპაგანდის მიხედვით, აქციის მონაწილეები არიან: გარედან მართულები, მოძალადე კრიმინალები, რადიკალები, უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ექსტრემისტები, დესტაბილიზაციის ხელშემწყობები, უცხოეთის მიერ დაფინანსებულები, ოპოზიციის ინტერესების გამტარებლები, უსამშობლოები, გლობალური ომის პარტიის დაფინანსებულები, აგენტები, მოღალატეები, სახელმწიფოს მტრები, მოსყიდულები, გაყიდულები, მოძალადეები, უსამშობლო "NGO-შნიკები", რადიკალი მოძალადეები, ყველაფერზე წამსვლელი რადიკალები.

როგორ ცდილობს ხელისუფლება საპროტესტო მუხტის გაქრობას?

საქართველოს ხელისუფლება საპროტესტო მუხტის გასაქრობად, ანტისამთავრობო დემონსტრაციების სულისკვეთების დისკრედიტაციის გარდა, მომიტინგეების წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომს აწარმოებს, ძალისმიერ მეთოდებსა და სამართლებრივ რეპრესიებს იყენებს.

საყოველთაო შიშის დათესვის მიზნით, რეჟიმის პოლიცია აქტივისტების საცხოვრებელ სახლებსა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს; ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული სასამართლო ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენების საფუძველზე აჯარიმებს და აკავებს; ქართულ ოცნებას, სავარაუდოდ, იმედი აქვს, რომ დემონსტრანტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებით ყოველდღე სულ უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს გაუჩნდება პროტესტის გამოხატვის სურვილი.

რა მეთოდებით ახშობს პროტესტს ავტორიტარული რეჟიმი? — სერბეთის მაგალითი

ავტორიტარული რეჟიმების საერთო ხელწერა

სერბეთში გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე სახურავის ჩამონგრევას 15 ადამიანი ემსხვერპლა, რამაც ქვეყანაში მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლების დაწყება გამოიწვია.

სერბეთის (Freedom House-ის შეფასებით, აღნიშნული ქვეყანა ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბების გზაზე იმყოფა) ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მსგავსად, ირწმუნება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არსებული მმართველობით კმაყოფილია, ანტისამთავრობო დემონსტრაციები გარედანაა მართული და მიზანი სახელმწიფოს დესტაბილიზაცია/ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობაა. როგორც საქართველოში, ასევე სერბეთში, მმართველი პარტია საპროტესტო მუხტის გაქრობას, ფსიქოლოგიური ომის წარმოებით, სამართლებრივი რეპრესიებითა და ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით ცდილობს.

დასკვნა

საქართველოს ხელისუფლება, აქციის მონაწილეების ლეგიტიმური მოთხოვნების დისკრედიტაციისა და საპროტესტო მუხტის ჩახშობის მიზნით, სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

სამართლებრივ დევნას, ეკონომიკურ ზეწოლას, საპოლიციო ძალების მობილიზებას, ფსიქოლოგიურ ომს, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შეზღუდვას, ციფრულ კონტროლს, საზოგადოებაში განხეთქილების შეტანას და ა.შ. ძალაუფლების შესანარჩუნებლად აბსოლუტურად ყველა ავტორიტარული რეჟიმი იყენებს, შესაბამისად, ქართული ოცნების მიერ გამოყენებულ მეთოდებში ახალი და განსაკუთრებული არაფერია.

როდესაც მოსახლეობის სოლიდური ნაწილი არსებულ ხელისუფალს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მოქალაქეების უმრავლესობა პროტესტის სულისკვეთებას იზიარებს, ქვეყნის სათავეში დასარჩენად ავტორიტარ მმართველს ერთადერთი გზა რჩება — სპონტანურად წარმოქმნილი საყოველთაო მღელვარება, "გარე ძალებს" დააბრალოს.


*მასალა მომზადებულია ForSet-ის მონაცემთა კომუნიკაციის პროგრამის ფარგლებში.