მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია სამეცნიერო საზოგადოების მოსაზრებას აქვეყნებს პროფესორ ჯეფრი საქსის ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუსთან და ასევე ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ნარატივებთან დაკავშირებით.

მოსაზრებაში განხილულია პარტიის მიერ ნაწარმოები იმგვარი პროპაგანდისტული საკითხები, რომელიც საქართველოს მხოლოდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს, ხოლო ქართველი ხალხის მისწრაფებას არ შეეგუონ მზარდ ავტორიტარიზმს, სრულად უგულებელყოფს;

თითქოს ქართველები მხოლოდ ღვინის მწარმოებელი, სტუმართმოყვარე ხალხია და მათ ნაკლებად აინტერესებთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა დემოკრატია, დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა, ეკონომიკა და ეკონომიკასთან დაკავშირებული სოციალური თემები.


პროპაგანდა, ჯეფრი საქსი და ჩვენი ბრძოლა: ქართული სამეცნიერო საზოგადოების მოსაზრება

ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია: ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბებით შერყეულ ლეგიტიმაციას ჯერ პარლამენტის არაკონსტიტუციური წესით მოწვევა დაამატა და მერე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაწყვეტით დაასხა ცეცხლზე ნავთი. კობახიძის განცხადების საპასუხოდ აზვირთებულ მასშტაბურ პროტესტს ოცნებამ ისეთი არაადამიანური ძალადობა დაუპირისპირა, რომ ის მყიფე მორალური უპირატესობაც მოშალა, რაც მას თითქოს აღმატებულს ხდიდა წინა ხელისუფლების რეპრესიულ რეჟიმზე. ამასობაში ოცნება დაჩქარებული საკანონმდებლო ცვლილებებით, პროპაგანდითა თუ არაფორმალური ძალადობრივი ჯგუფების დაგეშვით ცდილობს, გატეხოს საზოგადოების ურყევი წინააღმდეგობა. უკმაყოფილებას დღითი-დღე ამწვავებს პოლიტიკური ნიშნით მიმდინარე საკადრო წმენდებიც, იქნება ეს მერიისნაირ საჯარო სამსახურებში თუ ტყიბულის საქნახშირისნაირ კერძო კომპანიებში.
ეს ბრძოლა დიდი ხანია გასცდა ევროკავშირთან დაახლოება-არდაახლოების საკითხს და იქცა ეროვნული ღირსების საქმედ: ან საქართველოში დამყარდება მშიერი დიქტატურა, ან შევდგებით წელგამართულ დემოკრატიულ საზოგადოებად.

რას სთავაზობს ამ დროს ოცნება თავის წევრებსა თუ ამომრჩევლებს? ოცნება მომხრეებს გეოპოლიტიკური გადალაგების შესახებ ესაუბრება და ცდილობს, ასე გადაიტანოს ყურადღება დემონსტრანტების დასისხლიანებიდან თუ დემოკრატიის ეროზიიდან. ოცნება ირწმუნება, რომ ერთპოლუსიანი სამყაროდან მრავალპოლუსიანზე გადასვლის მტკივნეულ პროცესში, რაშიც საქართველომაც უნდა იპოვოს კუთვნილი ადგილი, სწორედ, ოლიგარქი და მისი ქვეშევრდომები არიან ყველაზე სანდო მესაჭეები და ქვეყანაში მშვიდობის ერთადერთი გარანტორები.

"ომი და მშვიდობა"

ტრაგედიაა, რომ მშვიდობის საჭიროება ასე მწვავედ გვიდგას და ყველა ვხვდებით, რომ სიფრთხილეც და ლავირებაც გვმართებს. ამ დროს გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ საფრთხით ვაჭრობს და შიშებს გვიღვივებს, რათა პარალელურად სულ უფრო არადემოკრატიული მეთოდებით გაიდგას ფესვები ძალაუფლებაში. რაც უფრო მეტს საუბრობს ოცნება ომის თავიდან არიდებისა და მსოფლიო ისტორიული გეოპოლიტიკური კომბინაციების შესახებ, მით უფრო ადვილი დასავიწყებელი ხდება ადგილობრივი პრობლემები.

ოცნებას შეეძლო, გაეტარებინა სასამართლო რეფორმა, შეექმნა სამართლიანი სოციო-ეკონომიკური სისტემა, არ გაეღვივებინა სიძულვილი, დავეახლოებინეთ ევროკავშირთან, მაგრამ რადგან მას ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი აინტერესებდა, ყველაფრით ივაჭრა, ყველაფერი შებღალა და ახლა უკვე ღიადაც გვაშანტაჟებს, რომ თუ მის კორუმპირებულ რეჟიმთან შეწინააღმდეგება გავბედეთ, რუსეთი აუცილებლად გადაგვივლის.

ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა და რუსეთის შეჭრა უკრაინაში


ოცნება თავისი ანტიდასავლური შემობრუნების მომენტად უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას სახავს, როცა ვითომდა დასავლეთმა საქართველოს ჩათრევაც სცადა ომში. სინამდვილეში, ეს შემობრუნება 2022 წლის თებერვლამდე დაიწყო და ამის ერთადერთი საფუძველი "ოცნების" უსურვილობა იყო, გაეტარებინა ევროკავშირთან დაახლოებისთვის აუცილებელი რეფორმები. ეს არის რეფორმები, რომლებიც ქვეყნის ინსტიტუციურ მოწყობასა და სამართლებრივ გარემოს გაჯანსაღებას ემსახურება, ოცნებისთვის კი მისი აბსოლუტური ძალაუფლების დაკარგვის ან შესუსტების ტოლფასია. ამ რეფორმებისა და ევროინტეგრაციის მთელი პროცესის დისკრედიტაციისთვის ოცნებამ“ შაბლონად გადმოიღო რუსეთში აწ უკვე კარგად გამოცდილი ნარატივი. დასავლეთისგან თავის დაცვისა და მოწამეობის საფარქვეშ ოცნება ცდილობს, დაამყაროს ავტორიტარული მმართველობა და ქვეყნის მთავარი ოლიგარქისა და არაფორმალური მმართველის დასანქცირება მთლიანად სახელმწიფოს დასჯად გაასაღოს.

დასავლეთთან ამ დაპირისპირებას ოცნება დეკოლონიზაციად და სუვერენიტეტის გაძლიერებად ნათლავს. მაგრამ განა აქვს სუვერენულობაზე საუბრის უფლება ძალას, რომელმაც, ერთი მხრივ, ძირი გამოუთხარა ლეგიტიმურ, ე.წ. სახალხო სუვერენულობას, მეორე მხრივ, კი თავისი 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ვერ და არ შეძლო პოლიტიკური ან ეკონომიკური სუვერენიტეტის გაძლიერება? საქართველო ისევ (და ალბათ კიდევ უფრო) მოწყვლადია რუსული აგრესიის წინაშე, მისი ეკონომიკა კი კვლავ რჩება დამოკიდებული უცხოურ კაპიტალზე, ვალუტასა და საქონელზე. ჩვენი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს კი ისევ რუსული და/ან ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები განკარგავენ. წიაღისეულით მიღებული ეკონომიკური სარგებელი არათუ არ ხმარდება საქართველოს მოსახლეობას, არამედ მისი მოპოვება ჯანმრთელობისა და საარსებო გარემოს დაკარგვის ფასად უჯდებათ ოჯახებსა და მთელ სოფლებს. ქართული ოცნება სუვერენიტეტის დაცვაში საკუთარი იმუნიტეტის გაძლიერებას მოიაზრებს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყნის შიგნით ჩაახშობს კრიტიკულ ხმებს, აღარც გარედან უსაყვედუროს ვინმემ ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ღირებულებების შელახვის თაობაზე.

"ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს"


ყველაზე პარადოქსული ისაა, რომ მუდმივად სუვერენულობასა და თვითმყოფადობაზე აპელირების ფონზე ოცნება თავის წევრებსა და მომხრეებს მთლიანად საზღვარგარეთის — და პირველ რიგში დასავლეთის თვალებში შემყურედ ტოვებს. ამისათვის, ხან კიმბერლი ლოუს მსგავს კურიოზს მოიშველიებენ, ხან ისეთ ცნობად ფიგურას, როგორიც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსია და ხანაც უბრალოდ მოლოდინით შეჰყურებენ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას იმის მოლოდინში, რომ "როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება". გამართლებული ხდება ქვეყანაში მიმდინარე არნახულ საზოგადოებრივ ძვრებზე წაყრუებაც. განა რამე შეიძლება იყოს ამაზე უფრო კოლონიური?

გაუგებარი რჩება, რისთვის სჭირდება დასავლური იმპერიალიზმის წინააღმდეგ ამხედრებულ ქართულ ოცნებას მუდმივი ლეგიტიმაცია დასავლეთიდან. ის ხალხი კი, რომელიც აგერ უკვე თვენახევარია ქუჩაში ეწინააღმდეგება ქვეყანაში სრულმასშტაბიანი ავტორიტარიზმის დამყარებას, არ ერიდება, მტკიცე უარით გაისტუმროს ნებისმიერი, მათ შორის ევროკავშირის მაღალჩინოსნები, ვინც კი შეიძლება იოტისოდენად მაინც საფუძველი მისცეს ოცნების არადემოკრატიული მმართველობის ლეგიტიმაციას.

ამ შეკითხვას დავუტოვებთ საფიქრელად ოცნების ჯერაც შემორჩენილ მხარდამჭერებს და გვსურს, ქართული საზოგადოების ეს შიდა დისკუსია, ამ წერილის ინგლისური თარგმანის გავლით, პროფესორ ჯეფრი საქსის ყურამდეც მივიდეს.

პროფესორი საქსის გზავნილები ნიუ იორკიდან

პროფესორი საქსის მოსაზრებებს განვიხილავთ როგორც ტიპურს იმ მკვლევრებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყნის ცოდნის გარეშეც შეუძლიათ ქედმაღლური ყოვლისმცოდნეობის პოზიციიდან ილაპარაკონ. ბატონმა საქსმა ალბათ არც კი იცის ჩვენ მიერ ზემოთ მოხაზული იმ ატმოსფეროს შესახებ, რომელშიც მოაქცია ოცნებამ მთავარ პროპაგანდისტულ ტელეარხ "იმედთან" მისი ვრცელი ინტერვიუ. მაგრამ შეიძლება ეს მას არც ანაღვლებდეს, რადგან პროფესორი საქსი, რბილად რომ ვთქვათ, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დიდად გათვითცნობიერებულია საქართველოს დღევანდელობასა ან ისტორიაში, მისი საზოგადოების სურვილებსა თუ შიდა პოლიტიკურ დინამიკაში. საერთოდაც, იგი მხოლოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის გადმოსახედიდან განიხილავს კონკრეტულ ქვეყნებს და რეგიონებს. უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი თუ სხვა ქვეყნები, რომელთა შესახებაც გამოთქვამს ხოლმე მოსაზრებას, მის ამ სათქმელში ერთგვარად ურთიერთჩანაცვლებადი ცვლადებია.

საქართველოში მიმდინარე პროტესტს, უკრაინული "მაიდნის" მსგავსად, ბატონი საქსი ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მართულ პროცესად აცხადებს და ამტკიცებს, რომ ყველაფერი ამერიკასა და რუსეთს შორის პაექრობის გამოძახილია. ამ თამაშში საქართველო მხოლოდ ამერიკის პაიკია; ქართველ ხალხს პროფესორ საქსის თვალში არავითარი საკუთარი ინიციატივა არ გააჩნია. ის არ იცნობს წინააღმდეგობის დინამიკას, მის სტრუქტურას და არ იცის, რომ პროტესტს არათუ გარე ძალები არ მართავენ, არამედ საერთოდ არ ჰყავს ლიდერი. ეს წინააღმდეგობა გაშლილია როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებზე, ისე სივრცულად, და მას მთელი საქართველო აქვს მოცული. გასული კვირების განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ არაერთი გაერთიანება, რომლებიც ქვემოდან წამოსულ ინიციატივებს ეფუძნება და ჰორიზონტალურად იმართება. სწორედ ეს დეცენტრალიზებული წინააღმდეგობა, რომელიც საჭირო დროს და ადგილას შეკავშირდება ხოლმე არის ის ძალა, რომელსაც ქართული ოცნება ვერ უმკლავდება თავისი ნაცადი ხერხებით.

პასუხი ჯეფრი საქსს — ჩვენ პირველ რიგში დემოკრატიისთვის ვიბრძვით

პროფესორ საქსის მსჯელობის ამოსავალი წერტილი გეოპოლიტიკური კონსტელაციები და გადალაგებებია. მის მსჯელობაში არსებობენ მხოლოდ სახელმწიფოები, ხელისუფლებები, და საერთოდ არ ჩანს, რა როლს შეიძლება ასრულებდნენ საზოგადოებები, მით უმეტეს, თუ ისინი თავიანთ ხელისუფლებებთან უთანხმოებაში არიან. საქსი საუკეთესოდ მიიჩნევს ისეთ მსოფლიოს, სადაც სახელმწიფოები ერთმანეთთან მხოლოდ თანამშრომლობენ და სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებიან, რაც, სამწუხაროდ, საკმაოდ შორსაა რეალური გეოპოლიტიკური სურათისგან. ამასთან, საქართველოს მსგავს ქვეყანას არ გააჩნია გავლენის არანაირი ბერკეტი გლობალური მშვიდობის დამყარებაზე; იგი მხოლოდ და მხოლოდ მიმღებია გლობალური ტენდენციების. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მოწყობის საოცნებო სცენარები არ გვეხმარება რეალობასთან გასამკლავებლად.

პროფესორი საქსი მოგვიწოდებს, არ შევიქმნათ ილუზია, რომ ამერიკა დაგვეხმარება და, შესაბამისად, წინდახედულობა გამოვიჩინოთ ჩვენს დიდ მეზობელთან მიმართებით და ორგზის დავფიქრდეთ, სანამ ნატოში გაწევრიანებას მოვისურვებთ ან იმის მტკიცებას შევუდგებით, რომ საქართველო ევროპაა. სანაცვლოდ, პროფესორი საქსი გვთავაზობს 3+3 ფორმატს, რომელიც ჩვენს მეზობელ სამხრეთ კავკასიურ ქვეყნებთან, რუსეთთან, ირანთან და თურქეთთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. მოგვეხსენება, საქართველოს მთავრობა ამ დრომდე უარს აცხადებს ამ შეხვედრებში მონაწილეობაზე, რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის ჩართულობის გამო. საინტერესოა, როგორ წარმოუდგენია პროფესორ საქსს იმ ქვეყანასთან გეოპოლიტიკურ თუ გეოეკონომიკურ ალიანსში შესვლა და მისთვის ნდობის გამოცხადება, რომელსაც დაპყრობილი აქვს ქვეყნის 20%?

მართალია, მშვენიერია პროფესორ საქსის მსგავსად, ისეთ მრავალპოლუსიან სამყაროზე ოცნება, რომელშიც ჩინეთის აბრეშუმის გზა ევროკავშირის პროექტებთან ერთად ვითარდება და თბილისი ამ პროექტების შეხვედრის ადგილია. მაგრამ რამდენად რეალისტურია ეს ხედვა? მითუმეტეს, რომ ქართული ოცნება სულაც არ ცდილობს ბალანსის პოლიტიკის გატარებას. იგი ღიად და შეუფარავად აწარმოებს ანტიდასავლურ პროპაგანდას და მიზანმიმართულად ცდილობს, ჩაშალოს დასავლურ სტრუქტურებთან ყველა აქამდე ნაშენები თანამშრომლობა.

აშკარაა ისიც, რომ ამის მიზეზი გეოპოლიტიკური გადათამაშებისგან ქვეყნისთვის მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღება კი არ არის, არამედ ქართული ოცნების განზრახვა, ჩამოიშოროს დემოკრატიზაციის ის მოთხოვნები, რაც თან სდევს დასავლურ სტრუქტურებთან თანამშრომლობას. მრავალპოლუსიანობის რიტორიკაზე აგებული გეოპოლიტიკა მხოლოდ საბაბია ავტორიტარული ძალისთვის, რათა მას აღარავინ მიუთითოს სასამართლოს რეფორმის აუცილებლობასა თუ ადამიანის უფლებების დაცვაზე. და აღარც ადგილობრივ სახალხო მოძრაობებს უნდა შეეძლოთ ხმის ამაღლება "განვითარების" ისეთი პროექტების წინააღმდეგ, რომელთა განხორციელებასაც მთავრობა ხალხის ინტერესების სრული უგულებელყოფით მოისურვებს.

ქართული საზოგადოება, რომელიც დღეს წინააღმდეგობას წევს, დასავლურ სივრცეში ასოცირებას იმიტომ ირჩევს, რომ ბატონი საქსის მიერ შემოთავაზებული ყველა სხვა პოტენციური მოკავშირე ავტოკრატების სათარეშოა. ევროკავშირია ის სივრცე, რომელიც სოციო-ეკონომიკური კეთილდღეობის გარდა, პოლიტიკური ცხოვრების დემოკრატიულად მოწყობის ჰორიზონტსაც გვისახავს, რაგინდ ცხადი იყოს ჩვენთვის, თუ რამხელა სისტემური გამოწვევების წინაშე დგას თავად ევროკავშირი. ამასთან, ევროკავშირის სივრცის ინსტიტუციურ ნაწილად ყოფნა სულ არ გამორიცხავს, ივაჭრო და კავშირი გქონდეს დანარჩენ სახელმწიფოებთან; მათ შორის ქართული ოცნების მიერ ტირაჟირებული მოსაზრება, თითქოს ევროინტეგრაცია ყველა სხვა სივრცისგან დეზინტეგრაციას გვაიძულებს, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.

ამავდროულად, საქსის მსგავს მეცნიერებს არ ესმით, რომ დასავლეთისკენ სწრაფვა საქართველოსთვის მხოლოდ გეოპოლიტიკა არ არის. ეს არც რომელიმე მთავრობის და ადამიანთა ჯგუფის ახირებაა. ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული მოცემულობაა, რომელიც, პირველ რიგში, მისი რუსეთის მსგავს სახელმწიფოსთან სიახლოვითაა განპირობებული — რუსეთისგან გადარჩენის ინსტინქტით. გარდა იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის სწორედ ევროპასთან დაახლოება ასოცირდება სოციო-ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, რუსეთი არის ევროპისკენ ლტოლვის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი.

ჩვენთვის საკითხი ასე დგას და არა როგორც ამას პროფესორი საქსი გვთავაზობს, თითქოს, პირიქით, საჭიროა მოვერიდოთ დასავლეთს, რათა არ გავაღიზიანოთ რუსეთი. გასაგებია, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, დიდი თუ პატარა, საკუთარ გადაწყვეტილებებში უნდა ითვალისწინებდეს მისი მეზობლების ინტერესებს, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეს პატარა ქვეყნის საზოგადოება, თუ მისივე კორუმპირებული ხელისუფლება გიგანტი მეზობლის "ინტერესების გათვალისწინებად" მას დემოკრატიაზე უარის თქმას აიძულებს?

საგულისხმოა, რომ სწორედ დემოკრატიაა ის "სპილო ოთახში", რომელზეც რატომღაც არაფერს ამბობს პროფესორი საქსი. იგი არც იმას ახსენებს, რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. არადა, დემოკრატიაა ის მთავარი მიზანი, რისთვისაც საქართველოში ქუჩაში გამოსული ხალხი იბრძვის უკვე თვეზე მეტია. ამ ადამიანებისთვის ცხადზე უცხადესია, რომ თუ არ იქნება დემოკრატია, თუ არ დასრულდება საპოლიციო რეჟიმი და არ აღდგება სამართალი, ვერცერთი მიმზიდველი გეოპოლიტიკური მონახაზი და გადათამაშება (თუნდაც ეკონომიკური დოვლათის გარანტიით) ვერ მოიტანს კეთილდღეობასა და მშვიდობას. ავტორიტარი ოლიგარქის კეთილ ნებას ნამდვილად ვერ მივანდობთ იმას, რომ ეკონომიკური დოვლათი თანაბრად გადანაწილებულ კეთილდღეობად იქცეს. შესაბამისად, ჩვენთვის მსჯელობისა და ქმედების ამოსავალი წერტილიც ავტორიტარიზმთან ბრძოლაა და არა გეოპოლიტიკური სიმპათიები, რაც არ უნდა აცდენილი იყოს ეს პროფესორი საქსის მიერ დახატულ მსოფლიოსთან, სადაც სავაჭრო თანამშრომლობა აპრიორი კარგად ცხოვრების გარანტიაა.

პროფესორი საქსს მხოლოდ შეგვიძლია ვურჩიოთ, დაინტერესდეს საქართველოში მიმდინარე პროტესტით და პატივი სცეს ათი და ასი ათასობით ადამიანის სურვილებს და მისწრაფებებს. არავის მიუცია მისთვის უფლება, ერთი ხელის მოსმით მოაქციოს ეს ადამიანები სადღაც ნიუ იორკიდან დანახული მრავალპოლუსიანი სამყაროს ჩარჩოში და ისინი 35 წლის წინ მომხდარ ისტორიაში ჩაკეტოს.

პროფესორი საქსი დიდად მოწადინებულია, გააკრიტიკოს აშშ-ს იმპერიალიზმი. მაგრამ განა რა შეიძლება იყოს უფრო კოლონიალისტური ან აროგანტული, ვიდრე იმის მტკიცება, რომ 1990 წელს ბეიკერმა და გორბაჩოვმა უკვე გადაწყვიტეს ისეთი ქვეყნების მისწრაფებები, როგორიც საქართველოა, და ახლა ამ გარიგებას, როგორც ბედისწერას, უნდა დაემორჩილონ ის თაობებიც კი, რომლებიც იმ დროს დაბადებულიც კი არ იყვნენ.

საქსის მიერ შემოთავაზებულ მსოფლიოს სურათში საქართველო მხოლოდ პასიური სივრცეა და მისი ერთადერთი თვითმყოფადი წვლილი აწმყოში კარგი ღვინო და ტურისტების გამასპინძლება თუ იქნება. საქსი საქართველოს როგორც "ძირძველი კულტურის" კლიშეს გვაჩეჩებს იმის ნაცვლად, რომ აქ და ახლა ქართველების ბრძოლის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოს. იგი მზადაა, წაშალოს ქართველი ხალხის თავისუფალი ინიციატივა და ადგილზე მიმდინარე ყველა პროცესი აშშ-ს და რუსეთის ჭიდილით ახსნას. რატომაა "ძირძველი მეღვინეობა" ქართული კულტურის მთავარი განმსაზღვრელი და არა დემოკრატიული თვითორგანიზების ის კულტურა, რომელიც მე-19 საუკუნიდან მოგვდგამს და რომლის წიაღიდანაც იშვა ყველაფერი ის, რაც საუკეთესოა და ყველაზე ცოცხალია დღევანდელ ქართულ საზოგადოებაშიც?

ნუ გაუკვირდება ბატონ საქსს, რომ ქართველებში დალექილი და დღეს არნახული ენერგიით გააქტიურებული თვითორგანიზების ეს უნარი თავისი არსით ანტიიმპერიული და ანტიავტორიტარულიცაა და დიდად არც ისეთ ავტორიტეტებს წყალობს, რომლებიც, საეჭვო პოლიტიკურ და მორალურ წანამძღვრებზე დაყრდნობით, ანტიდემოკრატიული ძალების წინაშე ქედის მოდრეკას გვირჩევენ. სწორედ ჩვენი ისტორია — დემოკრატიულ საზოგადოებად შედგომისთვის ბრძოლის ისტორია და არა ის ეგზოტიკური ანტიკვარი, როგორადაც ნიუ იორკიდან მოვჩანვართ — არ გვაძლევს უფლებას, დავთმოთ პოლიტიკური თავისუფლება, სახელმწიფოებრიობა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლა, — ნათქვამია ქართული სამეცნიერო საზოგადოების მოსაზრებაში, რომელსაც მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია ავრცელებს.