გიორგი გიგაშვილი

27 Sep. 2023, 13:20

დღეს ყველანი შევიკრიბეთ გრიბოედოვის ქუჩაზე კონსერვატორიის წინ. და იმ კონსერვატორიის წინ, რომელიც გვეგონა რომ დამოუკიდებელი იყო, არ ვღელავდით, მაგრამ გუშინდელმა განცხადებამ გვაჩვენა, რომ თურმე უნდა გვენერვიულა. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს და მეტიც, ახლა მგონია რომ ეს გვიან არის ზუსტად ის სწორი დრო, რომელიც უნდა მიეძღვნას ამ პრობლემას. მოკლედ, გუშინ გვითხრეს ასეთი რაღაც, რომ 10 ოქტომბერს დანიშნული რექტორის არჩევნები გააუქმა კულტურის სამინისტრომ და დღეს უკვე დაწერა უშუალოდ მინისტრმა, მისი კაბინეტიდან ვინმემ, ალბათ, იმიტომ რომ თუ მის სიტყვას დავესესხები, რაღაც 'ხარვეზები' იყო სამართლებრივად. დღეს მე რასაც ვიტყვი, ტრიბუნა საერთოდ არ არის და არც მოწოდებაა რამის და არც დამოძღვრა იმიტომ, რომ გუშინ ამ პოსტის წაკითხვის მერე პირველი რაც გამახსენდა არის ის, რომ უნდა გავიდეთ გარეთ და როგორც მე ვდგავარ აქ, ისე ვდგავართ ყველა აქ. რასაც მე ვფიქრობ, იმას ფიქრობთ თქვენც. რასაც ვიტყვი დღეს, შეიძლება ყველაფერს არ ჰქონდეს გენიალური დედააზრი ან ისეთი, რომელიც ჯერ არ მოგვისმენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი, ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი უნდა გაჟღერდეს. ყველაფერი უნდა დავღეჭოთ, გავიაზროთ და შემდეგ გადავყლაპოთ ან გადავაყლაპვინოთ ვინმეს. ჰოდა, ლოგიკურად რომ გავაგრძელო, თუ ვინმე ჩემი ნათქვამიდან გამომდინარე იფიქრებს, რომ რა სისულელეებს ლაპარაკობსო, მინდა იცოდეთ, რომ კონკრეტულად ეს გამოსვლა ეხება ყველას და თან კონკრეტულად არავის, იმიტომ რომ გვეხება ჩვენ — ყველას, ანუ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ყველამ. როგორც კი ეს პოსტი დაიდო გუშინ კონსერვატორიის გვერდზე, მანამდე, ერთი დღით ადრე, მიიღო ეს წერილი და ალბათ უფრო მეტი ინფორმაციაც კონსერვატორიის ადმინისტრაციამ. იქიდან მოყოლებული, უკვე 48 საათია თავაუწევლად მუშაობს ეს ორგანო, რომ სამართლებრივად იმოქმედონ. იმოქმედონ და დაამტკიცონ, რომ ეს ასე არ შეიძლება და ასევე იხედებიან წინ მომავალში, რა უარესი რაღაცები შეიძლება მოხდეს.

ახლა რას გავუსვამ ხაზს: ჩვენ ვნახეთ ბევრი დაუგეგმავი აქცია, ბევრი აქცია, რომელსაც ლოგიკური განვითარება არ მოჰყოლია, მხოლოდ იმის გამო, რომ კარგად არ ვიცოდით, არ გვქონდა გააზრებული რა გაგვეკეთებინა და ძირითადად ეს აქციები და დემონსტრაციები იმართებოდა ცხელ გულზე გამოსული ადამიანების მიერ და იქ მისული ადამიანებიც ასევე გაბრაზებულები ვიყავით. ამიტომ ჩვენ დღეს, ხვალ, ზეგ უნდა ვიყოთ ძალიან თანმიმდევრულები, გავიაზროთ და გადავხარშოთ, მოვიფიქროთ და განვახორციელოთ ის გეგმები, რომლებიც საბოლოო წერტილამდე მიგვიყვანენ. თუ კულტურა დამოუკიდებელია, ცოცხალი და პოლიტიკური, მაშინ უნდა ვიცოდეთ რატომ და როგორ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ცოცხალი და პოლიტიკური.

ამ ტექსტში წერია ზუსტად რაზე შეიძლება ვიფიქროთ, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ჩემი და ვინმეს გადასაწყვეტი არ არის, სამოქმედო გეგმა უნდა გადავწყვიტოთ ყველამ ერთად და სანამ ამას გადავწყვეტთ, უნდა ვიცოდეთ, რაზე ვამახვილებდეთ ყურადღებას. ახლა მე ჩამოვთვლი ნელ-ნელა პუნქტებს, რისი თქმაც მინდა, მანამდე კი ალბათ ყველას გეყოფათ ეს ფურცლები, სადაც ეს ყველაფერი ისედაც ეწერება.

პირველი — უნდა ითქვას და ხაზი გაესვას, რომ ოპოზიცია არ არის რომელიმე პარტია. ოპოზიცია ვართ ჩვენ, ხალხი, და კონკრეტული ადამიანები. დღეს აქ მდგომი ადამიანები ოპოზიციად ვითვლებით. ამიტომ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვეკუთვნით. (როგორც თავში ვახსენე, ზოგიერთი თქვენგანისთვის სისულელე შეიძლება იყოს ამის ვერბალურად გაჟღერება, მაგრამ ყველაფერი უნდა ითქვას). თუ ჩვენ ვართ ოპოზიცია და არ ვეთანხმებით მთავრობას, ესე იგი უნდა ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ, ამიტომ კონსერვატორიის ადმინისტრაციას, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს, უნდა დაველოდოთ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კიდევ ერთხელ, ორჯერ, 10-ჯერ ან იქამდე, სანამ ჩვენი ერთობლივი, დაგეგმილი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ვიყოთ გარეთ, მაგრამ უკვე გეგმით, აქ, კონსერვატორიასთან, ან ნებისმიერ სხვა ადგილას.

მეორე საკითხი შეეხება იმას, რომ როგორც კონსერვატორიის ადმინისტრაცია ამ ყველაფერს, ამ დოკუმენტს, ამ განცხადებას თუ ამ პოსტს სამართლებრივად იხილავს, ჩვენი პროტესტი უნდა გაგრძელდეს და და უნდა გვახსოვდეს ის, რომ ამ ბრძოლაში მარტოები, ცოტანი და იდიოტები არ ვართ და ვერავინ ვერ გაგვასულელებს.

მესამე, რაც უნდა ითქვას, დღეს შეიძლება ჩვენ შორის აღმოჩნდეს ადამიანი, ვინც ნანა შარიქაძის მმართველობას არ ეთანხმება და კი ბატონო, უბრალოდ იმ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ნანა შარიქაძის გამო, არ არის ჩემ გამო და არ არის მხოლოდ კონსერვატორიის კეთილდღეობისთვის. ეს არის ჩვენთვის, სახელმწიფოებრიობისთვის და სამართლიანობისთვის, რომლისთვისაც ყველა ვიბრძვით და ამ სამართლიანობას დიდი ხანია უკვე, საფრთხე ემუქრება და გუშინ კიდე კონსერვატორიას შეეხო.

მეოთხე — ყველას დაგირიგდებათ ფურცელი, რომელზეც მინდა, რომ ყველამ დაწეროთ თქვენი აზრი, რა უნდა იყოს ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ხალხმა. შემდეგ ეს ფურცლები ჩაგვაბაროთ და ერთად განვიხილოთ ეს იდეები.

მეხუთე: დღევანდელი აქცია არის სტუდენტების, იმ ადამიანების, ვისაც პირდაპირ ეხება გუშინდელი განცხადება. ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან კონსერვატორიას. მიმოიხედეთ გვერდით და დაიმახსოვრეთ თქვენ გვერდით მდგომი ადამიანები, ამ ადამიანების იმედზე უნდა ვიყოთ ჩვენც და ჩვენი სახელმწიფო და მადლობას გიხდით, რომ დღეს ჩვენთან მოხვედით.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ აქ მდგომ ადამიანებში არიან კინოს სფეროში მოღვაწე ადამიანები, არიან თეატრიდან, მწერალთა სახლიდან და ბევრი იმ დაწესებულებებიდან, რომელთაც უკვე შეეხოთ უდიდესი პრობლემები და ვისაც როგორ შეუძლია, ისე მოქმედებს ამ უსამართლობის და ამ თავზეხელაღებული სისტემის წინააღმდეგ. და მინდა ვთქვა, რომ ყველანი ვართ ერთად. ყველას მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და დღეიდან, როგორც ერთი, ისე ვართ ყველა, ყველა ვდგავართ ერთად და ვიდგებით ერთად, სანამ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს.

მეექვსე — გუშინ გამოითქვა აზრი, რომ სტუდენტები აღარ შევიდეთ ლექციებზე, და სიტყვა 'გაფიცვაც' გამოიკვეთა, ოღონდ სტუდენტების, რაც მგონია რომ ჩვენ სასწავლებელში ამის გაკეთება უფრო გააძლიერებს ჩვენს კულტურის მინისტრს, თქვენს ადგილას სხვას მოიყვანს და თქვენ ჩაგანაცვლებთ, რომელთანაც ბრძოლა ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ. მათი სისტემა ნელ-ნელა ინგრევა და ამას ვშვრებით ჩვენ და თქვენ, ახალგაზრდები და გულანთებული ადამიანები, რომლებსაც უსამართლობა არ გვიყვარს, არც ნაცები ვართ და მითუმეტეს არც ქოცები, არ ვეკუთვნით არავის და უსამართლობა გულიდან და ტვინიდან არის ნაკარნახევი და არა — რომელიმე კონკრეტული ჯგუფისგან.

მეშვიდე — არ წამოეგოთ რამე მახეს, არ ვიყოთ ძალადობის მომხრე, არ ვიყოთ ადამიანები, რომლებიც რაღაცასთან, და ამ შემთხვევაში კულტურის სამინისტროსთან და სიტყვა 'კულტურასთან' ყველაზე შორს მდგომ მინისტრთან ბრძოლაში საკუთარ სახეს ვკარგავთ. ვიყოთ ადამიანები, რომლებიც გონებით, თანმიმდევრულობით და არა — ცეცხლითა და მახვილით მივაღწევთ ჩვენ საწადელს. დაბოლოს, მინდა რომ ვიდგეთ ერთად, არ შევცოტავდეთ შემდეგ შეკრებაზე ხალხი, და პირიქით — ვიყოთ მეტი. ამ ყველაფერზე ველაპარაკოთ ჩვენს მშობლებს, ბებია-ბაბუებს, მეზობლებს. არ არის ეს პრობლემები მხოლოდ კულტურის სფერო, სამართალი უნდა აღდგეს ყველა ადამიანთან და ადამიანისთვის. და ვიცი, რომ უეჭველად გავიმარჯვებთ. იმიტომ რომ კულტურა არის დამოუკიდებელი და ჩვენ ვართ დამოუკიდებლები, არის ცოცხალი და ჩვენ ვართ იმაზე ცოცხალი, ვიდრე აქამდე.

ასე გამოეხმაურა ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, კონსერვატორიაში მიმდინარე მოვლენებს. 26 სექტემბერს, კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები შეწყდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. საბა 2024-ის გამარჯვებულები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ხორუმით ევროპისკენ" – ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოცეკვავეები ხორუმის მწკრივით მსვლელობას მართავენ

"ხორუმით ევროპისკენ" - ამ ლოზუნგით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან ქართველი მოცეკვავეები…